ეს მაღალღირსი მამა ქვეყნიერებას, დაახლოებით, 438 წელს მოევლინა. მისი დაბადება ხანდაზმულ მშობლებს ერთმა განდეგილმა, სახელად - მონტანმა უწინასწარმეტყველა.
საერო და სასულიერო მეცნიერებანი ყმაწვილობაშივე შეითვისა, შემდეგ კი ლანის სიახლოვეს მდებარე მცირე ქოხში განმარტოვდა და სულიერად მალე ისე წარემატა, სრულიად ახალგაზრდა, 22 წლისა, რეისელებმა და ქალაქის სასულიერო პირებმა ამ ქალაქის მღვდელმთავრად გამოარჩიეს.
ხელდასხმისას რემიგიოსს სახე ისე უბრწყინავდა, ტაძარი კი - არამიწიერი სურნელით აღივსო.
მოკლე ხანში ახალგაზრდა ეპისკოპოსი ჩრდილოეთ გალიის ყველაზე სახელგანთქმულ კაცად იქცა, თავისი ცეცხლოვანი ქადაგებით მრავალი არიანელი და წარმართი მოაქცია, არაერთი ეპარქია დააარსა, მრევლს სულიერი წინამძღვარნი დაუდგინა და ბარბაროსთა თარეშით ძალაგამოცლილ იქაურებს იმედის სული შთაბერა.
მისი მადლმოსილება ყველას მისწვდა: - სადაც ფეხი დადგა, თვისი სიტყვა მრავალრიცხოვანი სასწაულით დაამოწმა: - მისი ლოცვით ბრმათ თვალისჩინი უბრუნდებოდათ, შეპყრობილთაგან კი - დემონნი განისხმებოდა.
ერთხელ კი, დიდი ხანძრისას, ცეცხლმა მის წინაშე უკან დაიხია.
საიმდროოდ გალიის სამხრეთი ვესტგუთებმა და ბურგუნდიელებმა დაიპყრეს, არიანელთა მწვალებლობა რომ შეესისხლხორცებინათ, რეინის მიწები - წარმართმა ალემანებმა მიისაკუთრეს, ჩრდილოეთი კი - ფრანკებმა.
482 წელს ფრანკთა ხელმწიფედ თხუთმეტი წლის წარმართი ხლოდვიგი იკურთხა, რომელიც დიდად აღაფრთოვანა ქრისტიან ბერთა ღვაწლმა და სიწმინდემ, განსაკუთრებულ პატივს კი - სწორედ წმინდა რემიგოსს მიაგებდა და მის ყოველ რჩევას ითვალისწინებდა.
ხლოდვიგმა წმინდა დედოფალ კლოტილდაზე (ხსენება 3 ივნისს) იქორწინა, 496 წელს კი ალემანებთან ბრძოლაში მისმა ჯარმა უკან დაიხია. მაშინ კლოტილდასა და რემიგიოსის ღმერთს სთხოვა შეწევნა და მტერს სძლია.
უფალმა წმინდა რემიგიოსის ლოცვა ისმინა და ხლოდვიგმა ნათელ იღო. ამ დღეს ახალმოქცეული მეფისთვის რემიგიოსს თან წმინდა მირონი არ აღმოაჩნდა, მაშინ თვალნი ზეცად აღაპყრო, რის შემდეგაც ზეგარდამომავალმა მტრედმა წმინდა მირონით აღვსილი ჭურჭელი მიართვა.
ამ სასწაულის წყალობით ხლოდვიგთან ერთად მთელმა მისმა სახლეულმა, სამი ათასმა დიდებულმა და ჯარისკაცმა მიიღო ქრისტე და ეს ფაქტი ქრისტიანული საფრანგეთის ერთგვარ საძირკვლად იქცა.
წმინდა მამის წინამძღვრობით ხლოდვიგმა, - ამ ახალმა კონსტანტინემ, სხვა ბარბაროსული ტომებიც შემოიმტკიცა და ქრისტიანობას აზიარა.
დაახლოებით 533 წელს ღრმად მოხუცებული რემიგიოსი დაბრმავდა, ლოცვით კი - თვალისჩინი დაუბრუნდა, უკანასკნელად აღავლინა წირვა და შემდეგ მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.
ნეტარი მამა საფრანგეთის, გერმანიისა და იტალიის ერთ-ერთი გამორჩეული და საყვარელი წმინდანი გახლავთ.
ხატის წყარო
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი