წმინდა რომანოზი ტომით ასური იყო და ასურეთის ქალაქ ემესაში აღიზარდა და ქალწულობით და უმანკოებით სიყრმითგანვე სათნო ეყო უფალს.
თავიდან ქალაქ ბერითის (დღევანდელი ბეირუთის) ერთ-ერთ ტაძარში მნათედ მსახურობდა, შემდეგ კი, იმპერატორ ანასტასი პირველის მეფობის ჟამს, კონსტანტინეს ქალაქში ჩავიდა და კიროვიაში ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში იწყო მსახურება.
ეს დიდებული ტაძარი თეოდოსი დიდის მეფობისას კონსტანტინოპოლის პრეფექტმა, კიროსმა აღაშენა, შემდგომში, რომელიც სმირნის ეპისკოპოსი და ჰიმნოგრაფი გახდა.
ამ ტაძრის სიახლოვეს დაარსდა მონასტერი, რომელსაც კიროვიას უწოდებდნენ. აქ ცხოვრობდა წმინდა რომანოზი მარ¬ხვითა და ლოცვით და სხეულს ათასგვარი ღვაწლითა და უძილო ლოცვით მოაუძლურებდა, საღამოობით კი - ვლაქერნაში მიდიოდა და მთელ ღამეს ლოცვაში ატარებდა, შემდეგ კი - უკანვე ბრუნდებოდა.
მოგვიანებით რომანოზი წმინდა სოფიას ტაძარში მნათედ დაადგინეს. ნეტარმა წერა-კითხვა არ იცოდა, მაგრამ თავისი კეთილი საქმეებით ყოვლადბრძენი მწიგნობრების სიბრძნეს აღემატა.
ღვთივსათნო ცხოვრების გამო პატრიარქმა ექვთიმემ დიდად შეიტკბო. პატრიარქი ხედავდა, როგორი მონდომებით ემსახურებოდა უფალს და მგალობელთა და წიგნის მკითხველ¬თა ტოლ პატივს მიაგებდა, რის გამოც ისინი დრტვინავდნენ და იტყოდნენ, - ეს ტლუ როგორ გაგვიტოლაო!
შურით ფრიად შეიძულეს ყმაწვილი და ათასგვარი ხრიკით ამცირებდნენ და შეურაცხყოფდნენ.
ერთხელაც, მაცხოვრის შობის დღესასწაულის მწუხრზე, როცა ეკლესიაში მეფეც მოვიდა, რომანოზი კი სასანთლეებს დგამდა ეკლესიაში, შეიპყრეს, ამბიონზე აათრიეს და უთხრეს:
- შენ ჩვენი ტოლი პატივი მიიღე, ამიტომაც ქების მსხვერპლი შესწირე უფალსო!
მოკლედ, შურის გამო მეფისა და იქ შეკრებილი ხალხის წინაშე დაამცირეს წმინდა რომანოზი, მათ ხომ იცოდნენ, რომ მან კითხვა არ იცოდა.
წმინდანი სირცხვილისაგან ატირდა. ღვთისმსახურების შემდეგ, როცა ყველა გამოვიდა ტაძრიდან, წმინდა რომანოზი დაემხო ღვთისმშობლის ხატის წინ და ატირებულმა ლოცვა დაიწყო. კარგა ხნის შემდეგ დაბრუნდა შინ მწუხარებისგან პირში ლუკმა ვერ ჩაიდო, მიეძინა.
ძილში გამოეცხადა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი - ხელთ მცირე გრაგნილი ეპყრა. მან მშვიდი ხმით უთხრა:
- ბაგე გახსენი!
წმინდა რომანოზმა პირი გააღო. ღვთისმშობელმა გრაგნილი ჩაუდო ბაგეში და მისი შეჭმა უბრძანა. რომანოზმა ქარტია გადაყლაპა და მაშინვე გამოეღვიძა. გული სიტკბოებითა და სულიერი სიხარულით აევსო და ისევე, როგორც ერთ დროს მაცხოვარმა განაბრძნო უსწავლელი მოციქულები, ახლაც უფლის დედამ ერთ წამში სიბრძნით აავსო წმინდა რომანოზი, რომელიც ცრემლმორეული მადლობდა მას.
დადგა ღამისთევის ლოცვა. ღვთის მადლით ავსებული წმინდა რომანოზი ტაძარს წარვიდა. როცა დადგა ჟამი დღესასწაულის პატივად საგალობლის წარმოთქმისა, წმინდა რომანოზი ავიდა ამბიონზე და ტკბილი ხმით იგალობა თავისი შექმნილი კონდაკი, რომელიც იმწუთას შთააგონა უფალმა:
"ქალწული დღეს არსებად უზესთაესსა შობს ჩვენთვის,
და ქუეყანა ქვაბსა შეუხებელსა შესწირვენ, ანგელოზნი
მწყემსთა-თანა დიდების მეტყუელებენ, ხოლო მოგვნი
ვარკულავისა-თანა მოგზაურობენ, რამეთუ ჩუენთვის
იშვა ყრმა ახალი, პირველ საუკუნეთა ღმერთი".
ამის მხილველნი და მსმენელნი განცვიფრდნენ და დატკბნენ რომანოზის გალობით, ჩასწვდნენ რა მისი წარმოთქმულის სიღრმეს.
ოდეს გალობა დაასრულა, პატრიარქმა ჰკითხა, - საიდან გაქვს ასეთი სიბრძნე?
რომანოზმა არ დაფარა ღვთისმშობლის სასწაული, აღიარა მისი მოცემული მადლი და განადიდა თვისი განმაბრძნობელი.
სირცხვილეულ იქმნენ ისინი, ვინც აქამდე ამცირებდნენ რომანოზს, მის ფერხთა წინ განერთხნენ და შენდობა სთხოვეს. პატრიარქმა კი მაშინვე დიაკვნად ხელნი დაასხა.
მდინარესავით წარმოდინდა სიბრძნე წმინდა რომანოზის ბაგეთაგან. საუფლო, ღვთისმშობლის და წმინდანთა დღესასწაულებისთვის, ათასზე მეტი კონდაკი შექმნა (თავად სიტყვა კონდაკიც იმ გრაგნილის ბერძნული სახელწოდებიდან წარმოდგება, წმინდანს ღვთისმშობელმა რომ გადააყლაპა).
ამგვარ ღვაწლში გაატარა ნეტარმა ცხოვრება, შემდეგ კი - მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.
წმინდა რომანოზი V საუკუნის II ნახევარში მოღვაწეობდა და ამავე საუკუნის მიწურულს გარდაიცვალა.
კონდაკი:
საუფლონი მცნებანი სულიერნი, სიყრმითგან შემოიკრიბენ, ყოვლადბრძენო რომანოზ და ქრისტეს ეკლესიისა ბრწყინვალედ შემამკობელ იქმენ, რამეთუ გალობითა ყოვლად-შვენიერითა განაშვენე იგი, ნეტარო, ამით მიერ გევედრებით შენ: მოგვანიჭე მოსურნეთა საღმრთოსა ნიჭისა შენისათა, რათა გიგალობდეთ შენ, გიხაროდენ, მამაო ყოვლადსანატრელო, ეკლესიათა შვენიერებაო.
კონდაკი:
საუფლონი მცნებანი სულიერნი, სიყრმითგან შემოიკრიბენ, ყოვლადბრძენო რომანოზ და ქრისტეს ეკლესიისა ბრწყინვალედ შემამკობელ იქმენ, რამეთუ გალობითა ყოვლად-შვენიერითა განაშვენე იგი, ნეტარო, ამით მიერ გევედრებით შენ: მოგვანიჭე მოსურნეთა საღმრთოსა ნიჭისა შენისათა, რათა გიგალობდეთ შენ, გიხაროდენ, მამაო ყოვლადსანატრელო, ეკლესიათა შვენიერებაო.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი