მოსკოვის მიტროპოლიტისა და ალასკის მისიონერის, წმინდა მამის ინოკენტის ხსენების დღეა 31 მარტი (1879), თუმცა ეკლესია მას 23 სექტემბერსაც (6 ოქტომბერი) იხსენიებს.
წმინდა ინოკენტი 1797 წლის 26 აგვისტოს ციმბირის სოფელ ანზისკოიეში, ირკუტსკის ეპარქიაში, ღარიბი და ღმრთისმოსავი ევსევი და თეკლა პოპლოვების ოჯახში დაიბადა. ერისკაცობაში მას იოანე ერქვა, კონსტანტინოპოლის პატრიარქის წმინდა იოანე მმარხველის (2 სექტემბერი) პატივსაცემად.
მოგვიანებით იგი ირკუტსკის სემინარიაში სწავლობდა. სწავლის დასრულებამდე ერთი წლით ადრე, 1817 წელს, იოანემ მღვდლის ქალიშვილი ეკატერინე შეირთო ცოლად. იმავე წლის 13 მაისს დიაკვნად დაასხეს ხელი და ირკუტსკის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხარების სახელობის ტაძარში განაწესეს. 1821 წლის 28 მაისს წმინდანი პრესვიტერად გამოარჩიეს. 1823 წელს ოჯახთან ერთად ამერიკაში გაემგზავრა. მან ალასკაზე, კუნძულ უნალასკაზე დაიწყო მისიონერული მოღვაწეობა. საკმაოდ მოკლე დროში, იოანემ ალეუტთა ენა შეისწავლა და მალე ლიტურგიკული ტექსტები და საღმრთო წერილიდან ნაწყვეტები თარგმნა. შემდგომ ამისა, შეადგინა ადგილობრივთა ენის პირველი გრამატიკა და გააგრძელა მისიონერულ-მწერლური მოღვაწეობა. ალასკაზე, მისი მოღვაწეობიდან ათი წლის შემდეგ, თითქმის არც ერთი აბორიგენი არ დარჩენილა წარმართი. მისიონერმა თავისი მოღვაწეობა უფრო ვრცელ ტერიტორიებზეც განაგრძო. ამასობაში თითქმის თხუთმეტმა წელმაც განვლო.
1838 წელს წმინდანი ოჯახთან ერთად მოსკოვში დაბრუნდა და კრემლში ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხარების სახელობის საკათედრო ტაძარში განაწესეს. 1838 წლის 25 ნოემბერს, მისი დღესასწაულის დღეს, იმპერატ¬რი ეკატერინე გარდაიცვალა. წმინდანი მოსკოვის მიტროპოლიტის ფილარეტის რჩევით, 1840 წლის 27 ნოემბერს, მონაზვნად აღიკვეცა და მას ინოკენტი ეწოდა ირკუტსკის წმინდა ინოკენტის (26 ნოემბერი) პატივსაცემად. იგი მონაზვნად აღკვეცა მოსკოვის მიტროპოლიტმა ფილარეტმა. 1840 წლის 13 დეკემბერს კამჩატკის, კურილის და ალეუტის კუნძულების ეპისკოპოსად დაადგინეს, ამავდროულად მიენიჭა ასევე კანონიერი უფლება ყველა შორეულ მისიონერულ ადგილებზე. მისი რეზიდენცია ქალაქ სიტკაში მდებარეობდა.
სწორედ აქ არის მისი უზარმაზარი ღვაწლი. წმინდანმა დააარსა სასულიერო სკოლა. წარმოუდგენლად რთულ გარემოში უხდებოდა მას მუშაობა, კვეთდა გაყინულ მიწებსა და გამუდმებით საფრთხის ქვეშ იმყოფებოდა. სამი წლის განმავლობაში თავის ერთ-ერთ თანამზრახველთან ერთად, მარხილებით, ზოგჯერ კი ფეხითაც მოიარა კამჩატკის ყინულით დაფარული ტერიტორიების 5 ათასზე მეტი კილომეტრი. მისი მთავარი საზრუნავი იყო სკოლების დაარსება. სწორედ ამის შესახებ წერდა 1845 წელს, მოსკოვის მიტროპოლიტ ფილარეტს: "ვცდილობდი მესწავლებინა ღმრთის ყველა შვილისთვის. თუკი, ალეუტელებს მე ვუყვარვარ, ეს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მათ ვასწავლე".
იმავე პერიოდში, დაახლოებით 1850 წლისათვის, რუსეთის ეკლესიის წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, წმინდა ინოკენტის საეპისკოპოსო ფართოვდება და იგი მოიცავს მთელი იაკუტიის ფარგლებს. საეპისკოპოსოს რეზიდენცია კი ქალაქ სიტკიდან ციმბირის ქალაქ იაკუტსკში გადადის. გარდა ამისა, ენიჭება მთავარეპისკოპოსის ხარისხი და მის კომპეტენციაში 200000-ზე მეტი სული შედის. სწორედ ამ დროს, ახალი მისიონერული ბრძოლები იწყება. 1857 წელს, წმინდა ინოკენტი მონაწილეობს პეტერბურგში გამართულ ეპისკოპოსთა საერთო კრებაში, სადაც მას სამისიონერო საქმისთვის დამხმარედ კიდევ ორი ეპისკოპოსი გამოუყვეს.
უკვე 70 წლის წმინდა ინოკენტის, რომელიც ჯანმრთელობას უჩივის, განსაკუთრებით კი მხედველობას, თანამდებობიდან გადადგომა სურს, რათა რომელიმე მონასტერში განმარტოვდეს. თუმცა, უფალმა, რომელიც ზრუნავს სამყაროს ისტორიაზე, ყველაფერი სხვაგვარად ინება. 1868 წლის 25 მაისს, წმინდა ინოკენტი მოსკოვის მიტროპოლიტად აკურთხეს.
წმინდანი მეტად თავდაუზოგავად იღვწოდა. იგი დაბრმავდა, მან მეფისგან ვერ მიიღო თანამდებობის დატოვების ნებართვა, მიუხედავად ამისა, მაინც ენერგიულად აგრძელებდა საეკლესიო ცხოვრებაში მონაწილეობას, საღმრთო ლიტურგიასა და სხვა ღმრთისმსახურებების დროს ზეპირად წირავდა. 1879 წლის 31 მარტს, შაბათს, მიაბარა წმინდა სული უფალს. იგი 58 წელი მღვდელმსახურობდა. დაკრძალულია წმინდა სერგის წმინდა სამების ლავრაში.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი