წმინდა ილია კალაბრიაში, ქალაქ რეგიაში მდიდარ ოჯახში დაიბადა, დაახლოებით 864 წელს.
ერთხელ, როცა ჯერ კიდევ ახალგაზრდა იყო, მასთან ტაძარში მივიდა ერთი მონაზონი და გაკიცხა მდიდრული სამოსისა და ქარაფშუტა ცხოვრების გამო. მისმა სიტყვებმა ძალზე იმოქმედა ყმაწვილზე და მოსაგრე ცხოვრებისა და ხორცის მოკვდინების გზას დაადგა.
18 წლისას მშობლებმა დაქორწინება დაუპირეს. მაგრამ მან მეგობართან ერთად დატოვა სამშობლო და სიცილიაში, ტაორმინში ჩავიდა. მამამისი დარდობდა შვილის დაკარგვას. მას ხილვით ეუწყა, რომ ილიამ ბერობის გზა ირჩია. ამ ხილვამ მას სიმშვიდე მოჰგვარა. ხოლო ილია მკაცრ მოსაგრეობას შეუდგა. მის მეგობარს შეეშინდა ასკეტური ცხოვრების და უკან დაბრუნდა. მაგრამ, სამწუხაროდ, გზაში სარკინოზებმა მოკლეს. მარტოდ დარჩენილი წმინდა ილია რომს ჩავიდა წმინდა მოციქულთა საფლავების თაყვანისსაცემად. იქ შეხვდა მონაზონ ეგნატეს, რომელსაც საკუთარ სულზე ზრუნვა მიანდო. ისინი ერთ პატარა ქოხში ცხოვრობდნენ, მოსაგრეობდენ და ერთად დაითმენდენ სიცივეს, შიმშილსა და წყურვილს. ღირსმა ეგნატემ იცოდა, თუ რა სავალალო სულიერ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ ქალაქის მცხოვრებნი და სასულიერო პირნი და ამიტომ ილიას ურჩია სამშობლოში დაბრუნებულიყო.
წმინდა ილია რეგიაში დაბრუნდა. აქ მან შეიტყო, რომ ქალაქის სიახლოვეს ღირსი არსენი მოღვაწეობდა. მივიდა და დაემოწაფა. არსენმა ილია მონაზვნად აღკვეცა და სათნოებათა მოხვეჭითაც იგი მისთვის ცოცხალ მაგალითად იქცა. ილიას ხელი ჰქონდა ბავშობისას დაზიანებული. მიუხედავად ამისა, ის გულმოდგინედ ასრულებდა ყველა ფიზიკურ სამუშაოს. ამასთან ის ღამის უმეტეს ნაწილს სინანულსა და ლოცვაში ატარებდა და უფალს ქების მსხვერპლს შეასხამდა. წმინდა ილია ამბოდა: "ის ვინც ხელებით მუშაობს და დილით ლოცულობს - ორგზის მდიდარია. რადგან გლახაკთა სახით უფალს ემსახურება, ვითარცა მართა და ღვთის სიტყვას სწვდება (შეიმეცნებს) ვითარცა მარიამი".
ერთხელ ამ ქალაქის გავლენიანმა მღვდელმა მოსამართლე მოისყიდა და ბერებს საუკეთესო მინდორი წაართვა. წმინდანები დავას გაექცნენ და მონასტერი დატოვეს. სოფელ არმონის სიახლოვეს წმინდა ევსტრატის ეკლესიასთან დასახლდნენ. აქ ამსოფლიურ შფოთს განშორებული მოსაგრეები მრავალი წელი მოღვაწეობდნენ. უფალმა ბერებს განუცხადა, რომ მალე მათ მიწას თავს არაბები დაესხმებოდნენ და სხვა მონაზონთან ერთად საბერძნეთში გაიქცნენ. მიაღწიეს პატრას, აქ ისინი ერთ მიტოვებულ კოშკში ცხოვრობდნენ. ლოცვით განდევნეს კოშკში დაბუდებული ეშმაკები, რომლებიც ადგილობრივ მოსახლეობას შიშის ზარს სცემდნენ. მალე ღირს მამებს ხმა გაუვარდათ ასკეტური ღვაწლისა და მოხდენილი სასწაულების გამო.
როცა არაბების საფრთხემ გადაიარა, არსენმა და ილიამ გადაწყვიტა სამშობლოში დაბრუნება, მიუხედავად პატრელი ეპისკოპოსის თხოვნისა და აკრძალვისა. მაშინ ნირწამხდარმა ეპისკოპოსმა წმინდა ილიას წმინდა ჭურჭლის მოპარვა დააბრალა და ციხეში ჩააგდებინა. წმინდა ილიას თავი არ უმართლია. ბოლოს, როგორც იქნა, ეპისკოპოსმა შეინანა და ღირსი მამები კალაბრიაში გაუშვა.
წმინდა ევსტრატის სკიტში დაბრუნებული მოსაგრენი, სხვა ღირს მამებს შეხვდნენ, დანიელ და ილია სიცილიელებს (ხს. 17 აგვისტოს), რომელთაც ამ ოლქში მონასტერი დააარსეს. მათ შორის სულიერი ნათესაობა გაიბა. ღირს ილია სიცილიელს წინასწარმეტყველების მადლი ჰქონდა, მან წმინდა არსენს უწინასწარმეტყველა, რომ მალე ამქვეყნიურ ცხოვრებას დასტოვებდა. შემდეგ კი მან დანიელს ურჩია, რომ ილია მღვიმელი თავის გარდაცვალების შემდეგ მონასტრის წინამძღვრად დაედგინა. როცა გარდაცვალების ჟამი დაუდგა, წმინდა არსენმა მოუხმო ილია მღვიმელს თავის საწოლთან, უკანასკნელად დამოძღვრა და მშვიდობიანად მიიცვალა (904 წელს).
მრავალი წლის შემდეგ არაბებმა ეკლესიაში დამალული საგანძურის პოვნის იმედით წმინდა არსენის საფლავი გახსნეს და როცა ღირსი მამის სხეული უხრწნელი იხილეს, მისი დაწვა სცადეს, მაგრამ ამაოდ. მაშინ წმინდანის სხეული საფლავში დააბრუნეს.
ღირსი ილია სიცილიელის გარდაცვალების შემდეგ დანიელმა აასრულა მისი ანდერძი და ილია მღვიმელს მოუხმო. როცა ილია მღვიმელი მონასტერს მოუახლოვდა, მაშინ სავანის კარები მამა დანიელის ბრძანებით ჩაკეტეს, რადგან ბერდიდს მისი გამოცდა სურდა. ილია უდრტვინველად იცდიდა საღამომდე, რის მერეც ის ძმებმა დიდი სიხარულით მიიღეს, როგორც მონაზონი, რომელსაც ჭეშმარიტი სიმდაბლე მოეხვეჭა. ილიას მთელი გზის მანძილზე პური არ ეჭამა და როცა დანიელმა საჭმელი შესთავაზა, უარი განუცხადა, რადგან ძმებთან ერთად ტრაპეზობის ღირსად არ თვლიდა თავს. ღამისთევის ლოცვისას ილიამ გაამხნევა მთვლემარე დანიელი.
რამდენიმე თვის შემდეგ ილიამ ახალ სულიერ მამას დაუწყო ძებნა და ნახა მამა კოზმა, რომელიც მამა ვიტალისთან ერთად ცხოვრობდა მიუდგომელ კლდეებში გამოთხრილ მღვიმეში. მაგრამ მალე სტუმრებმა მყუდროება დაურღვიეს კოზმას და ვიტალის და მათ იქაურობა მიატოვეს. ღირსი ილია კი უფლისადმი სიყვარულის ცეცხლით ავსებული მარტო განაგრძობდა სულიერ აღმასვლას. ერთხელ მან ძილში ფუტკრების გუნდი იხილა, რომლებიც მისი თავის გარშემო დაფრინავდნენ და ბზუოდნენ ტკბილი მელოდიით. მან ისინი ჭურჭელში შეაგროვა და ულამაზესი ყვავილებით სავსე ბაღის შუაში დადგა. გამოეღვიძა, ღირსი ილია მიხვდა, რომ ღვთის მინიშნებით მას ძმები უნდა შეეკრიბა და ისინი ზეციურ სასუფეველში შეეყვანა.
მამა ილიას მოწაფეეები გაუმრავლდნენ და პატარა მღვიმეში ვეღარ დაეტივნენ, უფრო ფართო მღვიმეში გადავიდნენ საცხოვრებლად. იქ მათ მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის ეკლესიაც მოაწყვეს. გარშემო მღვიმეებშიც უამრავი მონაზონი დასახლდა, რომლებიც ღირს მამა ილიას ბაძავდნენ და დაუღალავად იღვწოდნენ. ღირსი ილია კი ეშმაკის საფრთხეების დაძლევას ასწავლიდა თავის მოსწავლეებს და ყველაფრით უზრუნველყოფდა, რაც სჭირდებოდათ.
ღირსი მამის ლოცვით მრავალი სასწაული მომხდარა. ერთხელ კასრში, სადაც ევქარისტიისთვის გამზადებული ღვინო ესხათ, წვიმის წყალი ჩავიდა. მამები შეწუხდნენ, მაგრამ წმინდა ილიას ლოცვით ღვინო ადრინდელზე უკეთესი გახდა. მონასტერში დათვი შემოეჩვია, რომელიც მამებს სკიდან თაფლსა ჰპარავდა. წმინდა ილია მივიდა დათვთან, გალანძღა და მისვლა აუკრძალა. ის დღე და ის დღე დათვს მონასტრიდან აღარაფერი მოუპარავს. წმინდანის ლოცვით მონაზვნები თუ ერისკაცები სნეულებისგან იკურნებოდნენ. მან იწინასწარმეტყველა მონასტრის წყალს სამკურნალო თვისება ექნებოდა, რაც შემდგომში დამტკიცდა კიდეც. წმინდა ილია მრავალგზის უხილავად შესწევია ძმებს, როცა მათ საფრთხე ემუქრებოდა. ის წინასწარ ჭვრეტდა მათ შეცდომებსაც. ამასთან წმინდა ილიამ ადგილობრივ მოსახლეობას ზნე გამოუსწორა, ბევრი მათგანიდან ეშმაკი განდევნა. მის მიერ მოხდენილმა სასწაულებმა მრავალი სნეული და გლახაკი მოიზიდა მონასტერში და ყველას დიდი სიყვარულით იღებდა.
არაბთა ხშირი თავდასხმების დროს წმინდა ილია მხეცის ტყავს წამოისხამდა და იქ თითქმის უსმელ-უჭმელი ორმოც დღემდე რჩებოდა. ზოგჯერ ის ციხესიმაგრეში განმარტოვდებოდა და მოწაფეებსაც ევედრებოდა ცოდვები შეენანათ, რადგან მათ გამო უდიდესი განსაცდელი მოიწეოდა ერზე.
წმინდანი ღრმად მოხუცდა, ჭამა თითქმის შეწყვიტა და წყურვილს საკუთარი ცრემლებით იცხრობდა, რომლებიც მოუკლებლად სდიოდა თვალთაგან. მაგრამ დღესასწაულებზე ღამისთევით ლოცულობდა და ქების მსხვერპლს მხიარული გულით შესწირავდა უფალს. მან ერთი წლით ადრე იწინასწარმეტყველა საკუთარი გარდაცვალება და ღირსი ილია სიცილიელის საფლავის თაყვანისსაცემად გაემართა, მერე კი უკან დაბრუნებული თავის მღვიმეში დაეყუდა, სადაც მდუმარედ დაითმენდა თავის მძიმე ავადმყოფობას. ტანჯვიდან ოცდამეხუთე დღეს გარდაიცვალა. ეს მოხდა 960 წლის 11 სექტემბერს, მაშინ ის 96 წლის იყო. მან მონაზვნურ ღვაწლში 77 წელი გაატარა. მის გარდაცვალებას თან სდევდა ნიშ-სასწაულები. წმინდა ილია დაკრძალეს მღვიმეში, რომელიც მოწმე იყო მისი ღვაწლისა. მრავალი სასწაული აღესრულა წმინდა ილიას წმინდა ნაწილთაგან. მისი პატიოსანი თავი ინახება რეგიას ახლოს მდებარე ქალაქ სემინარაში.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი