ღვთის ეს რჩეული კოსოვოში, პრიზრენში, კეთილზნეობით და განათლებით განთქმულ ოჯახში დაიბადა
და ადრეულ ასაკშივე ერგო სერბეთის ხელმწიფის, სტეფანე დუშანის (1331-1355 წლები) მდივნობის პატივი.
1334 წელს, მთავარეპისკოპოს დანიელ II-ის (ხსენება 20 დეკემბერს) გარდაცვალების შემდეგ სერბეთის ეკლესიის ადგილობრივმა კრებამ იოანიკეს მის მემკვიდრედ დაასხა ხელი.
საიმდროოდ იოანიკე ჯერაც ერისკაცი გახლდათ, ამიტომ დროის მოკლე მონაკვეთში გაიარა სამღვდელოების ყოველი საფეხური და 1338 წელს მთავარეპისკოპოსად იკურთხა.
შვიდწლიანი სამღვდელმთავრო მსახურებისას სამწყსოს მოსიყვარულე მამად ექცა, ეკლესიას კი - მხურვალე მოქადაგედ და მის კანონთა მცველად.
პეჩის ტაძარი დიდებული ხატებით შეამკო და მდიდრული საბოძვარიც შესწირა.
ისარგებლა რა ბიზანტიის იმპერიის დასუსტებით და იოანე მეხუთე პალეოლოგსა და იოანე მეექვსეს შორის დაპირისპირებით, ქვეყანა სამოქალაქო ომამდე რომ მიიყვანა, სტეფანე დუშანმა მაკედონიის ყველა მთავარი ქალაქი დაიპყრო (თესალონიკის გარდა) და თავისი სამფლობელო თითქმის გააორმაგა, სერის აღების შემდგომ კი თავი სერბთა და ბერძენთა იმპერატორად გამოაცხადა და რადგან იმპერატორის მირონცხება საიმდროოდ მხოლოდ პატრიარქს შეეძლო, 1346 წელს სკოპიეში ყველა სერბ მღვდელმთავარს მოუწოდა, რომელთაც კონსტანტინოპოლის გვერდის ავლით იოანიკეს პირველ პეჩელ პატრიარქად დაასხეს ხელი.
ერთი კვირის შემდგომ 1346 წლის 16 აპრილს, ბრწყინვალე აღდგომას, ახალმა პატრიარქმა სტეფანე დუშანი სზეიმოდ აკურთხა იმპერატორად.
განვლო სამმა წელმა და სკოპიეში უმაღლეს სასულიერო პირთა და წარჩინებულ ერისკაცთაგან შემდგარმა კრებამ დუშანის კანონთა კრებული დაამტკიცეს, რომელმაც ახალ სამეფოს და ავტოკეფალურ სერბულ ეკლესიას საფუძველი იურიდიულად გაუმყარა (1349 წელი).
როდესაც 1354 წელს სერბეთში უნგრელნი შემოიჭრნენ, სტეფანე დუშანმა მოხუცებულ პატრიარქს უხმო, რომელმაც ჟიჩში თავი შეუძლოდ იგრძნო და უკან წაყვანა ითხოვა და გზაშივე აღესრულა.
ნეტარი იოანიკეს წმინდა ნაწილნი დღემდე პეჩის ტაძარში განისვენებენ.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი