ღირსი ანტონი პეჩორელი (ერობაში - ანტიპა) 983 წელს ჩერნიგოვის მახლობლად, დაბა ლიუბეჩში დაიბადა.
ღვთისმოშიშებით აღზრდილი, სიყმაწვილიდანვე ბერული ცხოვრების სიყვარულით იყო განმსჭვალული. მან მღვიმეც კი გამოკვეთა, სადაც დაყუდებით აპირებდა ცხოვრებას, მაგრამ მალევე დარწმუნდა, რომ ამგვარი ღვაწლისთვის გამოცდილი მოძღვრის წინამძღვრობა იყო აუცილებელი და ათონის მთას მიაშურა.
აქ წმინდანი ანტონის სახელით აღიკვეცა ბერად. ჭაბუკი მოსაგრე თავისი კეთილგონიერებით, თავმდაბლობით, მორჩილებით, მკაცრი მარხვითა და ღამისთევებით თვით წმინდა მთის მამებსაც კი აოცებდა. მხცოვანმა იღუმენმა განჭვრიტა სულიერებაში სწრაფად წარმატებული ბერის მომავალი, სამშობლოში დაბრუნება ურჩია მას და უთხრა:
- ანტონი! უფალი გწინამძღვრობდა შენს ღვაწლში! ახლა დროა, სხვებსაც უწინამძღვრო! დაუბრუნდი რუსეთის მიწას და ათონის მთის კურთხევა გაიყოლე: შენგან მრავალი მონაზონი იკურთხება!
ანტონი განმარტოებით დამკვიდრდა კიევის მახლობლად, ბერესტოვოს მთაზე, უღრან ტყეში, ხუცესი ილარიონის (შემდგომ კიევის მიტროპოლიტის) მიერ გამოკვეთილ მღვიმეში.
საკვირველმა მოსაგრემ მალე გაითქვა სახელი და ყოველი მხრიდან მოეშურებოდნენ მასთან კურთხევისა თუ რჩევა-დარიგების მიღების მსურველები. ზოგი სამუდამოდ იქვე რჩებოდა.
წმინდანის პირველი მოწაფეები იყვნენ ღირსი ნიკონი და ღირსი თეოდოსი. ძმები მკაცრი მოსაგრე ცხოვრებით ცხოვრობდნენ: ოდენ პურით იკვებებოდნენ, შაბათ-კვირას და დღესასწაულებისას კი - მოხარშულ ბარდას იხმევდნენ.
თავად ანტონი უხორცო არსების დარად ცხოვრობდა და მაგალითს აძლევდა მოწაფეებს.
ოდეს მამათა რიცხვმა თორმეტს მიაღწია, მიწის ქვეშ გრძელი გვირაბი გათხარეს, მის ორივე მხარეს კი მცირე სენაკები გამოკვეთეს და ტაძარი და სატრაპეზო მოაწყვეს.
მიწისქვეშეთის ბნელ მღვიმეებში დავანებული მამები გულმხურვალედ ლოცულობდნენ. ამის შემდეგ თავმდაბალმა და მარტოობის მოყვარე ანტონიმ იღუმენობა ნეტარ ბარლაამს გადააბარა, თავად კი სავანე დაუტევა და წინანდელი სამკვიდრებლიდან ასი საჟენის მოშორებით, ახალ გამოქვაბულში დაეყუდა.
გამოცდილი სულიერი მოძღვრის ხელმძღვანელობით მოღვაწეობის სურვილმა მალე აქაც მოამრავლა ბერები, დაფუძნდა ახლო და შორეულ მღვიმეთა მონასტრები.
ბარლაამი წმინდა დიმიტრის მონასტერში გადავიდა, მის ნაცვლად ღირსი ანტონის კურთხევითა და მამების ერთსულოვანი თანხმობით ნეტარი თეოდოსი იქნა დადგენილი. ამ დროისთვის ძმობა უკვე ას ბერს ითვლიდა.
წმინდა ცხოვრებისათვის უფალმა ნეტარ მამას წინასწარჭვრეტისა და სასწაულთქმედების ნიჭი მიჰმადლა, რაც განსაკუთრებული სიცხადით ღვთისმშობლის მიძინების სახელობის დიდი ქვითკირის ტაძრის მშენებლობისას წარმოჩნდა.
პეჩორის ლავრისგან განუშორებლად კონსტანტინოპოლში, ვლაქერნის ტაძარში აღმოჩენილ წმიდა მამებს, - ანტონისა და თეოდოსის, თავად ყოვლადწმიდა ქალწული წარმოუდგა და ოქრო უბოძა.
ძვირფასი მონეტებით ნეტარმა მამებმა კირითხუროები დაიქირავეს, რომლებიც ზეციური დედოფლის მითითებით ჩავიდნენ რუსეთში პეჩორის სავანის ტაძრის ასაშენებლად.
ამ გამოცხადების დროს ღვთისმშობელმა ნეტარ მამას მოახლოებული აღსასრული ამცნო.
ღირსი მამა 1073 წლის 27 მაისს, 90 წლისა მიიცვალა.
* * *
გადმოცემის თანახმად, პეჩორის მონასტერი, საქართველოს მსგავსად, ღვთისმშობლის წილხვდომილი ადგილია. ნიშნად მფარველობისა და წყალობისა, დედა ღვთისამ სავანეს თავისი ხატი გამოუგზავნა.
ღვთისმშობელმა ამ მონასტრის (წმინდა ანტონის "ცხოვრება" არ გვეუბნება, რომელ მონასტერში დაიწყო მან მოღვაწეობა. გადმოცემით, გახლდათ ეს ესთიგმენუს მონასტერი.
მაგრამ წმინდა კირიონ კათალიკოსის (საძაგლიშვილი) აზრით, ეს მონასტერი გახლდათ ივერონი, სადაც იმ დროს რამდენიმე სხვა რუსი მამაც მოღვაწეობდა) წინამძღვარს ღვთისაგან გამოცხადება ჰქონდა, რომ ანტონი ისევ რუსეთში უნდა გაეგზავნა. წმინდა ანტონმა მიმოიარა კიევის სავანეები, მაგრამ საცხოვრებლად არც ერთი არ მოეწონა და უკანვე დაბრუნდა.
მრავალი წლის შემდეგ, საღვთო გამოცხადებით, იღუმენმა ანტონი კვლავ კიევში გამოგზავნა. იქ ერთ ბორცვზე მან ღირსი ილარიონის მიერ გამოთხრილი მღვიმე ნახა, მოეწონა და მასში დასახლდა. გავიდა ხანი. გამრავლდა ანტონის საძმო. თორმეტი წლის ბიჭი, თეოდოსი, აქ რომ მოვიდა სამოღვაწეოდ, სრული მამაკაცი და სრული ბერი შეიქმნა.
ერთხელ ღირს ანტონთან ვარიაგი შიმონი მივიდა - ბიძამისს მამამისის სიკვდილის შემდეგ სამშობლოდან გამოეძევებინა. შიმონი კიეველ მთავრებთან ერთად ყივჩაღებს შეებრძოლა და სასიკვდილოდ დაჭრილი ღირსი ანტონისა და თეოდოსის ლოცვით გადარჩა.
ახლა სამადლობლად მოსულმა, ღირს ანტონს ოქროს სარტყელი და გვირგვინი გადასცა, რომელიც ერთ დროს მამამისმა მაცხოვრის ქანდაკებას წელზე შემოარტყა და თავზე დაადგა.
შიმონს ხმა მოესმა თურმე:
- ეს გვირგვინი არასოდეს დაიდგა თავზე, წაუღე ანტონს, რომელიც ჩემი დედის სახელზე ტაძარს ააგებსო!
ამავე გამოცხადებით, სარტყელი საზომად უნდა ჰქონოდათ წმინდა მამებს, როცა ეკლესიის მშენებლობას დაიწყებდნენ.
გამოხდა ხანი და კონსტანტინოპოლიდან ქვის მთლელები ჩამოვიდნენ, ისინი ტაძრებს აშენებდნენ კონსტანტინოპოლში. ერთხელ მათ შიკრიკებმა აუწყეს, ვლაქერნის ტაძარში დედოფალი გიხმობთო. ქვისმთლელებმა იქ დედოფალთან ერთად უამრავი მეომარი ნახეს.
დედოფალმა მათ წმინდა ნაწილები და ოქრო გადასცა და უთხრა:
- მსურს, ტაძარი რუსეთში, კიევში ავაგო, თქვენ გავალებთ ამ საქმეს, წაიღეთ ოქროს სამი წლის მარაგი, ტაძარს კი საფუძვლად ეს წმინდა ნაწილები დაუდეთო.
ღვთისმშობელმა მათ თან თავისი მიძინების ხატი გამოატანა, რომლის სახელობისაც ეს ტაძარი უნდა ყოფილიყო.
უფლის დედამ ბოლოს მათ თავისი სახელიც გაუმჟღავნა. კიევში ჩამოსული ქვისმთლელები ამტკიცებდნენ, - სწორედ ანტონისა და თეოდოსის ხელით გადმოგვცა დედოფალმა ღვთისმშობელმა ეს ოქროო.
ტაძრის მშენებლობაც იმ ადგილას დაიწყეს, სადაც უფალმა მინიშნებით გამოუცხადა ღირს ანტონს.
ტაძარი აშენდა, ღირსმა ანტონმა და თეოდოსიმ შეისვენეს. მამა ნიკონის წინამძღვრობისას მღვიმის მონასტერში კონსტანტინოპოლიდან მხატვრები მოვიდნენ და ამბობდნენ, - ორი ბერი, ანტონი და თეოდოსი, შეგვითანხმდა აქაური ტაძრის მოხატვაზე.
მცირე ეკლესია გვაჩვენეს, იმაზე მოვრიგდით და ეს ეკლესია ძალიან დიდია. ოქრო უკან დაიბრუნეთ, ჩვენ კი კონსტანტინოპოლში მივდივართო. მამა ნიკონმა ღირსი ანტონისა და თეოდოსის ხატები აჩვენა მათ.
- ესენი იყვნენო, - თქვეს მხატვრებმა.
- ესენი, შვილო, დიდი ხანია გარდაიცვალნენ, მაგრამ გვწამს, სიკვდილის შემდეგაც შეგვეწევიანო.
მხატვრებმა შეინანეს, დარჩნენ მონასტერში, ტაძარიც მოხატეს და ბერადაც აღიკვეცნენ მღვიმევის სავანეში.
ასევე სასწაულებრივად უპოვიათ დაკეტილ ტაძარში წმინდა ტრაპეზისთვის გამზადებული ქვის ფილა. ათონიდან გამოხმობილი წმინდა ანტონის მიერ კიევში დაარსებულმა მონასტერმა განამრავლა სლავთა მიწაზე ბერმონაზვნობის მსურველნი. კიევის მღვიმევის მამათა მონასტერი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მესამე წილხვედრ ადგილად ითვლება.
* * *
დედა ღვთისას მიერ გამოტანებული ღვთისმშობლის მიძინების ხატი დაბრძანებული იყო ტრაპეზის მთავარი შესასვლელის თავზე. ხუროთმოძღვრები ბერად პეჩორის სავანეში აღიკვეცნენ. მათი უხრწნელი, წმინდა სხეულები ლავრის მღვიმეებშია დაბრძანებული.
ღვთისმშობლის მიძინების ხატი შესრულებულია ძველი ბერძნული ხელწერით, კვიპაროსის დაფაზე.
ხატი მოთავსებულია მოოქრულ ვერცხლის რკალში, რომელსაც ყოველდღიურად, წირვის დასრულების შემდეგ, დაბლა უშვებენ, რათა მლოცველებს საშუალება ჰქონდეთ, ემთხვიონ ამ სიწმინდეს.
ღვთისმშობლის ხატს ემთხვეოდნენ ღირსი ანტონი და თეოდოსი, ასევე სხვა წმინდანები.
საბჭოთა პერიოდში ეს სიწმინდე დაიკარგა.
დღეს კი ახალდდაწერილი ღვთისმშობლის მიძინების ხატი ლავრაში მდებარე ჯვართამაღლების სახელობის ტაძრის სატრაპეზოს შესასვლელის თავზეა მოთავსებული. ამ ხატს დედა ხატის დარი მადლი და ძალა აქვს.
სიწმინდე მოოქროვილ, მრგვალ სახატეშია ჩაბრძანებული და ლიტურგიის შემდეგ, როგორც უწინ, მომლოცველთ დღესაც შეუძლიათ, თაყვანი სცენ.
იგი XIX საუკუნის I ნახევარში, ბიშევსკის მიერ დაიწერა.
* * *
ღირსი თეოდოსი - რუსეთის სამონასტრო წესდების დამაარსებელი და მონაზვნობის ფუძემდებელი, კიევთან ახლოს, ვასილიევოში დაიბადა.
სიყრმითგანვე ასკეტურად ცხოვრობდა, 14 წლისას მამა გარდაეცვალა და მკაცრი და ძალაუფლებისმოყვარე დედის ხელში აღმოჩნდა.
მოსაგრეობისკენ მიწრაფებისთვის მან არაერთხელ დასაჯა შვილი, მაგრამ ღირსი თეოდოსი მტკიცედ ადგა არჩეულ გზას. 24 წლისამ ფარულად დატოვა სახლი და ღირსი ანტონის კურთხევით კიევ-პეჩორის სავანეში ბერად აღიკვეცა.
4 წლის შემდეგ დედამ მიაგნო და ცრემლით შეევედრა, - შინ დაბრუნდიო, მაგრამ წმიდა თეოდოსიმ თავად დაარწმუნა დედა, კიევს დარჩენილიყო და მონაზვნად აღკვეცილიყო.
წმინდა თეოდოსი სავანეში სხვებზე მეტს შრომობდა. ტაძარში ყველაზე ადრე მიდიოდა და ღვთისმსახურების დასრულებამდე ადგილიდან ფეხს არ იცვლიდა.
1054 წელს ღირს თეოდოსის მღვდელმონაზვნად დაასხეს ხელი, 1057 წელს კი იღუმენად აირჩიეს. მისმა წმინდა ცხოვრებამ სავანეს მრავალი ანგელოზებრივი ცხოვრების მოსურნე შესძინა, მრავალი ბერი შეკრიბა სავანეში, გარკვეული ხნის შემდგომ იქ ტაძარი აღაშენა და ძმათა ნებით, მის იღუმენად იკურთხა.
შეუძლებელია იმ ღვაწლის აღწერა, რაც წმინდა მამამ იდო თავს: - ოდენ პურსა და ნედლ ბალახეულს სჯერდებოდა, ღამით კი ძილი არ იცოდა, რადგან გათენებამდე ლოცვად იდგა.
მის მოსიყვარულე გულს ყველაზე მეტად შეჭირვებულნი ეწყალვოდა და მათზე მამასავით ზრუნავდა.
ღირსმა მამამ საკუთარი აღსასრული გარდაცვალებამდე მცირე ხნით ადრე იწინასწარმეტყველა და 1074 წელს აღესრულა.
თეოდოსის წმინდა სხეული სიცოცხლეში მისივე ხელით გათხრილ მღვიმეში დაკრძალეს, სადაც დიდმარხვას ატარებდა ხოლმე. 1090 წელს, ღვთის ნებით, აღსრულდა მის წმინდა ნაწილთა აღმოყვანება, 1108 წელს კი წმინდანთა დასს შეერთო.
ამ წმინდა მამებს ეკლესია 10 ივლისს (წმინდა ანტონს) და 3 მაისსაც (წმინდა თეოდოსის) იხსენიებს.
* * *
ხსენება ღირსი თეოდოსი ტოტემელის წმინდა ნაწილთა აღმოყვანებისა
* * *
ხსენება მღვდელმოწამისა ბარსანოფისა (ლებედევი), კირილოვსკის ეპისკოპოსისა, მას თანა: იოანე ივანოვისა, პრესვიტერისა, ღირსმოწამისა სერაფიმასი (სულიმოვა), იღუმენიასი და მოწამეთა: ანატოლი ბარაშკოვისა, ნიკოლოზ ბურლაკოვისა, მიხეილ ტრუბნიკოვისა და ფილიპე მარიშევისა (+1918 წელი), მღვდელმოწამისა ნიკოლოზისა (ბირიუკოვი), პრესვიტერისა (+1920 წელი), მღვდელმოწამისა დამასკინესი (ცედრინკი0, სტაროდუბის ეპისკოპოსისა და მის თანა: ეფიმ გორიაჩევისა, იოანე მელნიჩენკოსი, იოანე სმოლიჩევისავლადიმერ მორინსკისა, ვიქტორ ბასოვისა, ვასილი ზელენსკისა, თეოდოტე შატოხინისა, პეტრე ნოვოსელსკისა, სტეფანე იაროშევიჩისა, პრესვიტერთა, და ღირსმოწამისა ქსენიასი (ჩერლინა - ბრაილოვსკაია), მონაზვნისა (+1937 წელი), მღვდელმოწამისა გერმანესი (რიაშენცევი), ვიაზნიკოვსკის ეპისკოპოსისა, სტეფანე ერმოლინისა, პრესვიტერისა, და მოწამისა პავლე ელკინისა (+1937 წელი)