ძველი სტილით 30 აგვისტოს (12 სექტემბერს) წმინდა ალექსანდრე ნეველის წმინდა ნაწილთა აღმოყვანებას ზეიმობს ეკლესია.
ალექსანდრე, ვლადიმირის დიდი მთავრის იაროსლავ II-ის ძე, 1220 წელს დაიბადა. მეფისწულმა სიყმაწვილიდანვე შეითვისა ქრისტიანული მოძღვრება. გამუდმებით წმინდა მამათა თხზულებებს კითხულობდა, გალობა, ღამისთევა და ლოცვა კი მისი საყვარელი საქმიანობა იყო.
1236 წელს ალექსანდრე ნოვგოროდის მთავრად აირჩიეს. სულ მალე, 1240 წელს, მის სამთავროს თავს დაესხნენ შვედები, რომლებიც ფინეთის ყურის სანაპიროს შემომტკიცებას და აქ კათოლიკური სარწმუნოების გავრცელებას ესწრაფოდნენ. ღვთის მსასოებელმა ალექსანდრემ ნევის ნაპირებზე მცირერიცხოვანი რაზმით სასტიკად დაამარცხა მტრის ურიცხვი ლაშქარი, რისთვისაც ხალხმა "ნეველი" უწოდა.
1242 წელს ალექსანდრე გერმანელ ჯვაროსნებს შეებრძოლა და უფლის შეწევნით კვლავ გაიმარჯვა.
ახალგაზრდა მთავარს კარგად ესმოდა, რომ იმ დროს თათარ-მონღოლებთან შებმას აზრი არ ჰქონდა და ოქროს ურდოსთან ურთიერთობისას ფრთხილ, შორს გამიზნულ პოლიტიკას ადგა. 1250 წელს მან ნოვგოროდის დიდი მთავრის წოდება მიიღო და მრავალი სიკეთე გააკეთა ეკლესიისა და ხალხისთვის. წმინდანმა ისიც კი მოახერხა, ხანებთან ეშუამდგომლა და ეპისკოპოსები და მღვდლები ტაძართა გადასახადებისგან გაეთავისუფლებინა, ხოლო ურდოს დედაქალაქში, ხანის ნებართვით, მართლმადიდებელი ეპისკოპოსი დაადგინა და უღმერთონი აიძულა, პატივი ეცათ ქრისტიანული სარწმუნოებისთვის.
თვით ალექსანდრე მართლმადიდებლობის მტკიცე აღმსარებელი იყო. როცა ის პირველად ესტუმრა თათართა ბანაკს, მონღოლებმა თავიანთი კერპების თაყვანისცემა მოსთხოვეს. უფლის რჩეულმა მტკიცედ იუარა და განაცხადა: "მე მხოლოდ ცისა და ქვეყნის შემოქმედს, სამებად წოდებულ ერთ ჭეშმარიტ ღმერთს ვცემ თაყვანს". ბათუ-ყაენი, რომელიც პატივს სცემდა რუსი მთავრის სიმამაცესა და სიბრძნეს, მის საქციელს შემწყნარებლურად შეხვდა.
პაპმა ინოკენტი IV-მ წმინდანს კათოლიკობის მიღება შესთავაზა, რაზეც ალექსანდრემ უპასუხა, ჩვენ მოციქულებისგან გადმოცემულ სწავლებას მოვდევთ და თქვენი მოძღვრების მიღება არ გვსურსო.
1262 წელს თათართა მძლავრობით შეწუხებული ხალხი აჯანყდა. განრისხებულმა ყაენმა ამბოხების ჩასახშობად ლაშქარი შეკრიბა. ალექსანდრე ურდოში წავიდა, რომ მონღოლთა მბრძანებლის გული მოელბო. მიაღწია კიდეც ამას, მაგრამ ხანგრძლივი ღვაწლით დაუძლურებული უკან მობრუნებისას მძიმედ დასნეულდა. სულთმობრძავმა მთავარმა ალექსის სახელით სქემა შეიმოსა, წმინდა საიდუმლოს ეზიარა და 1263 წლის 14 ნოემბერს, 43 წლისამ სული უფალს შეჰვედრა.
23 ნოემბერს კეთილმსახური მთავრის წმინდა ცხედარი პატივით დაკრძალეს ვლადიმირის ღვთისმშობლის შობის მონასტერში. გადმოცემით, როცა ნეტარ ალექსანდრეს წესს უგებდნენ, სასწაული მოხდა - მან შენდობის ბარათის მისაღებად ცოცხალივით გაშალა ხელი.
1380 წელს, კულიკოვოს ბრძოლის წინ, სასწაულებრივად გამოჩნდა კეთილმსახური მთავრის უხრწნელი ნაწილები.
1721 წლის 30 აგვისტოს ხანგრძლივი ომის შემდეგ პეტრე I-მა შვედებთან ზავი დადო. ამ დღეს დაუკავშირეს ნეტარი ალექსანდრეს უხრწნელი ნაწილების გადასვენება ვლადიმირიდან პეტერბურგში, ალექსანდრე ნეველის ლავრაში.
1724 წლის 30 აგვისტოს მოხდა წმინდა ნაწილთა აღმოყვანება.
...............................
აქვე წაიკითხეთ:
კეთილმორწმუნე მთავარი ალექსანდრე (სქემაში - ალექსი) ნეველი (+1263) - 23 ნოემბერი (6 დეკემბერი)
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი