ბერი ალექსანდრე სვირელი პეტერბურგთან ახლოს - სვირში ცხოვრობდა 500 წლის წინ და იყო ერთადერთი დიდი წმინდანი,
რომელსაც წმინდა სამება სამი ანგელოზის სახით გამოეცხადა. მას ეკლესია 30 აგვისტოს (12 სექტემბერს) იხსენიებს. ღირს ალექსანდრეს ერისკაცობაში ამოსი ერქვა. ის 1448 წლის 15 ივნისს დაიბადა, მდინარე სვირის შენაკადის, იოატის ნაპირას მდებარე სოფელ მანდერში, წინასწარმეტყველი ამოსის ხსენების დღეს და სახელიც მის პატივსაცემად დაერქვა. მისი მომავალი შობა ნეტარის მშობლებს სასწაულებრივ აუწყა ზეციურმა ხმამ: "გიხაროდენ, კეთილნო თანამეუღლენო, თქვენგან იშვება ძე, ვის მიერაც უფალი ნუგეშინისცემას მიმადლებს თავის ეკლესიას".
ამოსი მორჩილი და თავმდაბალი ბავშვი იყო, გაურბოდა სიცილსა და ბილწსიტყვაობას, უყვარდა ლოცვა და მკაცრად მარხულობდა. წმინდანმა იცოდა, რომ მშობლები მას დაქორწინებას უპირებდნენ, ამიტომ ცხრამეტი წლისა ფარულად წავიდა სახლიდან და ვალაამის სავანეს მიაშურა.
1474 წელს ამოსი ბერად აღიკვეცა ალექსანდრეს სახელით. რამდენიმე წლის შემდეგ მშობლებმა შეიტყვეს მათი შვილის ადგილსამყოფელი. მალე თავადაც მიჰბაძეს მას და მონასტერში დაასრულეს ამქვეყნიური ცხოვრება.
ხმა მოსაგრის ასკეტური ცხოვრების შესახებ შორს გავარდა, ამიტომ 1485 წელს მან დატოვა ვალაამი, ზეგარდმო მინიშნებით ტყეში დამკვიდრდა და შვიდი წლის განმავლობაში განმარტოებით ცხოვრობდა.
1508 წელს ღირსი მამა ცხოველმყოფელი სამების გამოცხადების ღირსი შეიქნა. ერთხელ, ღამით, როცა იგი უდაბნოში ლოცვად იდგა, უეცრად ძლიერი ნათელი გაბრწყინდა და წმინდანმა იხილა მისკენ მომავალი, მზეზე უბრწყინვალესი, სპეტაკი სამოსლით მოსილი სამი ჭაბუკი. სამივე მათგანს კვერთხი ეპყრა ხელთ. მოსაგრე ძრწოლამ მოიცვა, მაგრამ გონს რომ მოეგო, მიწამდე თაყვანი სცა სტუმრებს. მათ წამოაყენეს იგი და უთხრეს: "სასოებდი, ნეტარო, და ნუ გეშინინ!" ღირს მამას ებრძანა, ტაძარი აეგო და სავანე მოეწყო ყოვლადწმინდა სამების სახელზე. იმავე წელს აშენდა ხის ეკლესია ცხოველმყოფელი სამების სახელზე (1526 წელს მის ნაცვლად ქვითკირის ტაძარი ააგეს). მშენებლო¬ბის დამთავრებისთანავე საძმომ ნეტარს დაუწყო ვედრება, მიეღო სამღვდელო ხარისხი. ის დიდხანს უარობდა - თავს უღირსად თვლიდა. მაშინ ბერებმა ნოვგოროდელ მთავარეპისკოპოს სერაპიონს (+1516) სთხოვეს, დაეყოლიებინა უფლის რჩეული. იმავე წელს ღირსი მამა ნოვგოროდში გაემგზავრა და მღვდელმთავრის მიერ ხუცესად ეკურთხა. მალე ძმებმა წმინდა ალექსანდრე იღუმენობაზეც დაითანხმეს.
იტვირთა რა წინამძღვრობის მძიმე ჯვარი, ნეტარი მამა უწინდელზე მეტად თავმდაბალი გახდა. ერთხელ სავანეში შეშა შემოილია. იკონომოსმა იღუმენს სთხოვა, უქმად მყოფი ბერები გაეგზავნა საწვავის დასამზადებლად. "მე ვარ უქმად", - თქვა წმინდანმა და შეშის საჩეხად წავიდა; ნეტარი ხშირად სხვების ნაცვლად ფქვავდა ხორბალს ხელის დოლაბებით; ღამით შემოივლიდა ხოლმე სენაკებს, თუ ამაო საუბრებს გაიგონებდა, ფრთხილად დააკაკუნებდა და ჩაივლიდა.
მოწყალების მოსაკრებად ერში გასული წმინდა ალექსანდრე სვირელი ყველგან იღებდა მოწყალებას, მაგრამ ვინმე გრიგოლს, თუმცა კი იგი ძალიან ეცადა, მაინც არ გამოართვა ფული. გრიგოლი შეწუხდა და მიზეზი ჰკითხა. წმინდა ალექსანდრემ მიუგო: "ჩვენ გვამცნეს, რომ მშობლებს პატივი უნდა ვცეთ. შენ კი ამწარებ, სცემ კიდეც დედაშენს და ეს ერთხელაც არ მოგინანიებია". გრიგოლი მის წინ დაემხო, წმინდა ალექსანდრემ მას უთხრა: - წადი, შვილო, და შეირიგე შენი დამბადებელი და მისგან სინანულით ცოდვათა მიტევება გამოითხოვე. გაეცი მოწყალება, გამოზარდე ქვრივ-ობოლნი და ასეთი კეთილი საქმეების გამო ღმერთიც შეგიწყალებსო.
სიცოცხლის მიმწუხრზე ღირსმა ალექსანდრემ გადაწყვიტა, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის სახელობის ტაძარი აეგო. როცა საფუძველი ჩაყარეს, წმინდა მოსაგრეს თავად უბიწო ქალწული ეჩვენა, ტახტზე მჯდომარე, ყრმით ხელში, ანგელოზების თანხლებით და უთხრა: "საყვარელო ჩემო, ვინც ერთ აგურს მაინც მოიტანს ჩემი ტაძრის ასაშენებლად, ჩემი ძისა და უფლის, იესო ქრისტეს სახელით, არ წარუწყმდება სასყიდელი თვისი", თან სავანის მფარველობა აღუთქვა. ნეტარმა ალექსანდრე სვირელმა ოთხმოცდახუთი წელი იცხოვრა და 1533 წლის 30 აგვისტოს მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს. მისი ნეშთი არ გაიხრწნა - სად არ აპროწიალეს მისი წმინდა ნაწილები ბოლშევიკებმა- რა ანალიზები არ უკეთეს - ნეშთი არ იხრწნება. წირვის დროს კი მას ზოგჯერ მირონი სდის და ეკლესიაში, სადაც ის დასვენებულია - სურნელი დგება.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი