წმინდა ევგენი 1595 წელს, ეტოლიის ერთ-ერთ სოფელში დაიბადა. მოგვიანებით იმავე სოფელში იშვა მისი მოწაფე, ახალმოციქულად წოდებული,
წმინდა კოზმა ეტოლიელი (ხსენება 24 აგვისტოს).
დედინაცვლისაგან ძალზე შევიწროებული წმინდანი ყმაწვილობისასვე განერიდა მამისეულ სახლს და ვლოხის მონასტერს შეერთო, სადაც მღვდელ-მონაზონ არსენის დაემოწაფა.
მოგვიანებით არსენმა ტროვატს, ღვთისმშობლის სახელობის მცირე მონასტერში თან წაიყვანა, გარკვეული ხნის შემდგომ კი - ათონზე.
არსენიმ, რომელმაც წმინდა ადგილთა მოლოცვა გადაწყვიტა, მოწაფე, რომელიც მანამდე დიაკვნად ქსეროპოტამის მონასტერში დაასხეს ხელი, ეპისკოპოს ხარლამპეს დაუტოვა, რომლის ხელშეწყობითაც ბერძნულს სრულყოფილად დაეუფლა, ხოლო როდესაც სულიერი მამის გარდაცვალების შესახებ შეიტყო, რომელიც არაბებს მოეკლათ, კვლავ ტროვატის სავანეს დაუბრუნდა.
წმინდა მიწის მოლოცვისას ევგენი ალექსანდრიაში შეჩერდა, სადაც 1619 წელს პატრიარქ კირილეს ხელით ეკურთხა მღვდელ-მონაზვნად, პირველი წირვა კი სინაის მთაზე აღავლინა, შემდეგ კი მცირე ხნით იერუსალიმს, წმინდა კონსტანტინეს სახელობის ტაძარში იმსახურა.
სამშობლოში მობრუნებულმა (1622 წელს) კვლავ ისურვა განათლების სრულყოფა, რაც საიმდროოდ საკმაოდ ძვირი ღირდა, რამდენადაც საბერძნეთი თურქეთის უღელქვეშ გახლდათ. ამის მიუხედავად, ევგენიმ მაინც განაგრძო სწავლა ჯერ ტრიკალასა და კეფალონიის სკოლებში, შემდეგ კი - ზეკინთს, სახელგანთქმულ მასწავლებელ თეოფილე კორიდალევსთან, ყმაწვილში ღვთის რჩეული ჭურჭელი რომ განჭვრიტა და საცხოვრებლად საკუთარი ბინა შესთავაზა.
გავიდა რვა წელი და კორიდალევსს პატრიარქმა კირილემ (რომელიც მეხუთედ აირჩიეს პატრიარქად) უხმო კონსტანტინოპოლს, კორიდალევსმა კი თან გენადიც იახლა.
იხილა რა პატრიარქ კირილეს დევნა, რომელიც 1638 წელს მისი სიკვდილით დასჯით დასრულდა, რასაც თან ახლდა მავანთა პოლიტიკური ინტერესებით გახლეჩილი ეკლესია, ევგენის მართლმადიდებლობის დაცვის დიდი სურვილი გაუჩნდა, რის გამოც ახალი, პრილათინურად განწყობილი პატრიარქის, კირილე კონდარისის სიძულვილი დაიმსახუ¬რა. ამას ისიც ერთვოდა, რომ ევგენი წინამორბედ პატრიარქ კირილეს მოწამედ მიიჩნევდა და მხურვალედ იცავდა, რის გამოც განრისხებულმა პატრიარქმა სამღვდელო პატივი აჰყარა და განდევნა.
თუმცა, მოკლე ხანში თავად ეწია განსაცდელი და თურქთა ხელით მოიკლა.
კონსტანტინოპოლის ახალმა პატრიარქმა, პართენმა ნეტარი ძველ პატივში აღადგინა, თუმცა, საპატრიარქო ტახტის გარშემო არსებულმა შუღლმა და სასულიერო პირთა ნაწილის უპრინციპობამ ნეტარი აიძულა, იქაურობა დაეტოვებინა და კვლავ სამშობლოს დაბრუნებოდა.
გაასრულა რა საღვთისმეტყველო და ფილოსოფიური განათლება, მზად იყო, თავისი ცოდნა ძმათათვის მოეხმარებინა და არავითარ პატივს არ ეძიებდა.
პედაგოგიური მოღვაწეობა არტეში დაიწყო, შემდეგ - ეტოლის ციხესიმაგრეში გადავიდა, სადაც სკოლა დააფუძნა. იქ მის გარშემო მალე უამრავმა მოწაფემ მოიყარა თავი, რომელთაც არა მხოლოდ ნეტარის განათლება, წმინდა და უმწიკვლო ცხოვრებაც იზიდავდა.
არავინ იყო მისებრ მოწყალე, როდესაც ციხიდან ტუსაღთა გამოხსნას მიაღწია, რომელნიც შემდგომ გაიქცნენ, ევგენი შეიპყრეს და თითოეულისთვის გამოსასყიდი მოსთხოვეს.
ამ უსამართლობით გულმოსულმა ხალხმა თურქი გუბერნატორი ლამის ჩაქოლა, რის შემდგომაც, სისხლისღვრა თავიდან რომ აეცილებინათ, ქალაქის უხუცესებმა თანხა შეკრიბეს და ევგენი გამოიხსნეს.
მოკლე ხანში ნეტარი იქაურობას გაეცალა და პედაგოგიური მოღვაწეობა მესოლინგს განაგრძო, 1645 წელს კი, თურქეთ-ვენეციის ომისას, ბერძნულ მოსახლეობას უთვალავი ჭირი რომ დაატეხა, ნამდვილ მამად ექცა სამწყსოს.
გამოხდა ხანი და ახალმა მოციქულმა კარპენისს მიაშურა, რომლის მკვიდრნიც სრულიად მოკლებულნი იყვნენ ქრისტეს ნათელს, იქ სკოლა დააარსა, რომელიც ორი საუკუნის მანძილზე განანათლებდა იმ მხარეს.
მამა, რომელიც განათლებას ღვთივსათნო საქმედ მიიჩნევდა, ძალას არ ზოგავდა, მოწაფეთათვის, უპირველესად, სახარებისეული სულით ცხოვრება ესწავლებინა.
კარპენისს ყოვლადწმინდა სამების პატივად ტაძარი ააგო, თავად უზომოდ მოწყალე სხვათაც აღძრავდა, უპოვართ შესწეოდნენ.
სამწუხაროდ, მის მოწაფეთა შორის აღმოჩნდნენ უმადურნიც, მოძღვრის უდიდესი მამობრივი სიყვარულისა და უანგარობის მიუხედავად, ნეტარს რომ დაუპირისპირდნენ, ცილი დასწამეს და მეტოქე სკოლები შექმნეს.
ამ განსაცდელის მიუხედავად, გული რომ განუგმირა, ნეტარმა მამამ მაცხოვრისეული მოთმინებით და სულგრძელებით დაითმინა ყოველი და იმგვარი სიყვარულით შეახსენა ძველი კავშირი, მოწინააღმდეგეებმა ერთურთის მიყოლებით სთხოვეს შენდობა და შემოურიგდნენ.
კარპენისს მოღვაწეობის მეთექვსმეტე წელიწადს, მიწიერი ცხოვრების მიმწუხრს, წმინდა მამამ მონასტერში დაბრუნება ისურვა, სოფელ ბრანიანის მკვიდრთა წინადადება მიიღო და 1661 წელს წმინდა პარასკევას სახელობის მცირე მონასტერში დაფუძნდა.
თუმცა, სანატრელ მყუდროებასა და სიმშვიდეს ვერც იქ ეწია, რამეთუ მალე არც იქ მოასვენეს მოწაფეობის მოსურნეებმა და ახალ სკოლას ჩაეყარა საფუძველი.
სამწუხაროდ, პედაგოგიურ მოღვაწეობაში ასაკი აღარ უწყობდა ხელს, ამიტომ ამ საქმისთვის მოწაფეებს განსწავლიდა და ჰმოძღვრიდა, იქაურ წარჩინებულთ კი მოუწოდებდა, ხშირად გაეცათ მოწყალება, ტაძრები აღეშენებინათ და, უპირველესად, ქრისტიანული სკოლები დაეარსებინათ.
კარპენისს ორი ხანმოკლე ვიზიტის შემდგომ, 1682 წლის 5 აგვისტოს, წმინდა ევგენიმ ღვთივ განისვენა.
მეოხ გვეყოს მისი მადლიანი ლოცვა ღვთის წინაშე!
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი