ღირსი ისააკ დალმატიელი ახალგაზრდობაშივე აღიკვეცა ბერად. ის წმინდა ილია წინასწარმეტყველის მსგავსად, თითქმის არ ეჩვენებოდა ამ სოფელს.
მაგრამ ერთხელაც ის ღმერთმა თავისი ეკლესიის დასაცავად გამოგზავნა, დევნა კი არიანელ იმპერატორ ვალენტის მიერ იყო აღძრული.
ვალენტი მონათლა არიანელმა ეპისკოპოსმა ევდოქსიმ და ფიცი ჩამოართვა, მხარი დაეჭირა არიანული სწავლებისთვის. ვალენტიმ სიტყვა შეასრულა და ტახტზე ასვლისთანავე განაახლა არიანელთა დროინდელი ზეობა.
მართლმადიდებელი ეპისკოპოსები უმალ არიანელებმა შეცვალეს; დაიხურა ან არიანელებს გადაეცა ტაძრები. გამოვიდა ბრძანება, რომლის თანახმად კონსტანციუსისგან განდევნილ და იულიანეს მიერ დაბრუნებულ ყველა ეპის¬კოპოსს კვლავ უნდა დაეტოვებინა თავისი კათედრა.
არიანელთაგან შევიწროებულმა ქრისტიანებმა გადაწყვიტეს, იმპერატორისთვის ეთხოვათ დახმარება და მასთან გაგზავნეს ოთხმოცამდე ეპისკოპოსი.
როდესაც მათი საჩივარი მოისმინა, ვალენტიმ საყოველთაო რისხვის შიშით აშკარად მოქმედება ვერ გაბედა, ბრაზი დაიოკა და ხელქვეითებს უბრძანა, ფარულად დაეხოცათ ისინი. მათაც ჯერ ეპისკოპოსების განდევნის ხმა დაჰყარეს, შემდეგ ისინი აიყვანეს ხომალდზე, რომელიც ღია ზღვაში გასვლისთანავე გადაწვეს.
ყველა მღვდელმთავარი მოწამებრივად აღესრულა. როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ვალენტის მიერ მართლმადიდებელთა ასეთი სასტიკი დევნისას ღირსმა ისააკმა უდაბნო დაუტევა და კონსტანტინოპოლს მორწმუნეთა სანუგეშებლად და განსამტკიცებლად წარვიდა.
ამ დროს იმპერიას დუნაის ნაპირზე მცხოვრები ბარბაროსი გუთები შემოესივნენ, დაიპყრეს თრაკია და კონსტანტინოპოლისაკენ გაემართნენ. როდესაც იმპერატორი ვალენტინი ლაშქართან ერთად დედაქალაქიდან გადიოდა, ღირსმა ისააკმა უთხრა:
- ხელმწიფეო, ნუღარ ებრძვი უფალს, გახსენი მართლმადიდებლური ტაძრები და ღმერთი აკურთხებს შენს ზრახვას!
მეფემ ეს სიტყვები ყურად არ იღო, მაგრამ განდეგილი უკან გაჰყვა; მეორე და მესამე დღესაც იმავე თხოვნით მიმართა და უფლის რისხვით დაემუქრა.
- ვერ იმძლავრებ მტერზე, ცეცხლი დაგღუპავს! - აფრთხილებდა იგი.
განრისხებულმა იმპერატორმა ისააკის საპყრობილეში ჩაგდება ბრძანა, რათა დაბრუნებისთანავე სიკვდილით დაესაჯა, თვითონ კი გზა განაგრძო. იმპერატორის ბრძანება მისმა ხელქვეითებმა სატურნიმ და ბიქტორმა შეასრულეს.
გავიდა ხანი და ერთხელ დატყვევებულმა ისააკმა იმპერატორის ხელქვეითებს უთხრა: "ის აღარ დაბრუნდება. უკვე ექვსი დღეა, რაც ცეცხლში ნაცრად ქცეული მისი ძვლების სიმყრალის სუნი მცემს".
და მოვიდა კიდეც ამბავი ვალენტის საშინელი აღსასრულისა... ადრიანოპოლისთან წარუმატებელი ბრძოლის შემდეგ დაჭრილმა გაქცევა სცადა და რამდენიმე მეომართან ერთად დაიმალა მინდორში მდგარ პატარა ქოხში.
გოთებს ეჭვიც არ აუღიათ, რომ იქ იმპერატორი იყო და ცეცხლი წაუკიდეს. ასე დაიღუპა ცამეტწლიანი მმართველობის შემდეგ ვალენტი. ღირსი ისააკი პატიმრობიდან გაათავისუფლეს.
მას სურდა, უდაბნოს დაბრუნებოდა, მაგრამ სატურნინმა და ბიქტორმა სთხოვეს, დარჩენილიყო ქალაქში და ლოცვით დაეფარა იგი.
კონსტანტინოპოლის გარეუბანში წმინდა მამას საცხოვრებელი აუშენეს, სადაც ბერები შეიკრიბნენ. ასე შეიქმნა სავანე, რომლის იღუმენი და სულიერი მოძღვარი გახდა ღირსი ისააკი.
383 წელს იგი მშვიდობით მიიცვალა.
ღირსი დალმატიც IV-V საუკუნის მიჯნაზე, წარჩინებულ ოჯახში იშვა, ჭაბუკობაშივე შეუდგა სამხედრო სამსახურს, ოფიცრის ხარისხი მიიღო და გარემოებათა მიუხედავად, ღრმა რელიგიურობით გამოირჩეოდა.
სწორედ მან მოახსენა იმპერატორ თეოდოსის, როგორ უწინასწარმეტყველა სირიელმა განდეგილმა, ისააკმა იმპერატორ ვალენტის გოთებთან დამარცხება და საშინელი აღსასრული.
ამ ამბავმა ისე შეძრა იმპერატორი, დალმატთან ერთად ეწვია ისააკს, რომლის მადლმოსილმა სიტყვამ და ნათლით მოსილმა სახიერებამ იმდენად განაკვირვა დალმატიც, მასთან კიდევ შვიდ დღეს დარჩა და საღვთო შურით აღვსილმა, შინ რომ მიბრუნდა, მეუღლეს აუწყა, - ღვთისთვის ცხოვრება მსურსო, მთელი საბადებელი ცოლს დაუტოვა და მცირეწლოვან ვაჟთან ერთად კვლავ წმინდა განდეგილს მიაშურა.
დალმატი მალე წმინდა ისააკის საუკეთესო მოწაფედ იქცა, 406 წელს, მოძღვრის ამქვეყნიდან გასვლის შემდგომ კი, მამების ერთსულოვანი თხოვნით, ეპისკოპოსმა იგი მის მემკვიდრედ დაადგინა.
დალმატი, რამდენადაც თავს ამ პატივის ღირსად არ თვლიდა, თავიდან იღუმენობა იუარა, შემდეგ კი მამათა ნებას დაჰმორჩილდა და მათი ნდობა რომ გაემართლებინა, ღვაწლი გააათმაგა.
იმ დროიდან სავანიდან აღარ გამობრძანებულა და სენაკი არც იმპერატორ თეოდოსი მეორის თხოვნით დაუტოვებია, ძლიერი მიწისძვრისას ქალაქის გარშემო ლიტანიობაში მონაწილეობა რომ შესთავაზა.
ამ ღვაწლმრავალმა ასკეტმა ღვთისგან კაცთა გულების ჭვრეტისა და სამართლიანობის აღდგენის მადლი მიიღო და მრავალი სული შესძინა სასუფეველს.
მისი ღვაწლი და სიმტკიცე განსაკუთრებით ნესტორიანული ერესის წინააღმდეგ ბრძოლაში გაბრწყინდა, - ის, რაც ღვთისგან ებოძა, ჭეშმარიტების სამსახურადვე დახარჯა.
ხოლო როდესაც მთავარეპისკოპოსად ხელდასხმული ნესტორი დიდ განდეგილს ეახლა, დალმატმა სენაკის კარი არ გაუღო და ოდენ ეს უთხრა:
- ჩემს სენაკში შემოსვლას მხოლოდ მაშინ ეღირსები, გულში რასაც მალავ, იმას რომ გამოასწორებო!
მისი წასვლის შემდეგ კი მამებს და სამწყსოს უთხრა:
- გაფრთხილდით, რამეთუ ქალაქს ბოროტი მხეცი დაეუფლა და მრავალთ წარიტაცებსო და ასეც მოხდა.
ღირსი მამა 440 წელს, ოთხმოცდახუთი წლის ასაკში აღესრულა. როგორც კი იქაურებმა მისი გარდაცვალების შესახებ შეიტყვეს, მთელი ქალაქი სანთლებით ხელში მიადგა სავანეს, დიდ ტაძარში წმინდა დალმატს წესი წმინდა პროკლემ აუგო, შემდეგ კი მისი სხეული კვლავ სავანეში გადააბრძანეს, სადაც სამი დღის შემდგომ მირონი დასდინდა და მრავალი სნეული განკურნა.
მთავარეპისკოპოსმა, წმინდა მამის ანდრეძის თანახმად, სავანის და იქაურ მონასტერთა იღუმენად და არქიმანდრიტად მის ვაჟს, ფავსტოს დაასხა ხელი, რომელიც არათუ ჩამოუვარდა ღვაწლსა და საღვთო მოშურნეობაში მამასა და სხვა მონაზვნებს, მათ მსგავსად განბრწყინდა და ღვთისგან სასწაულქმედების მადლიც მოიხვეჭა, მარკიანეს (450-457 წლები) იმპერატორობის ჟამს კი მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.
კონდაკი
ვითარცა სათნომან ღმრთისამან და სარწმუნომან, ქრისტეს ეკლესიისა შურითა აღტყინებულმან აღვირნი იგი ვალენტიანესნი იპყრენ და წინაისწარმეტყუელე მისა მიმართ დახშვისათვის ეკლესიისა წარსაწყმედელი იგი სიკუდილი, ვინაცა იოტე ჩუენ ყოველთათვის, ღირსო ისააკ, რომელიც პატივს გცემთ შენ.
კონდაკი
მარხვითა განბრწყინვებულსა, ვითარცა მნათობსა და მწვალებელთა სარწმუნოებად მომაქცეველსა, ღირსად ვაქებთ ისააკსა, დალმატის თანა და ფავსტოსსა, ვითარცა ქრისტეს სათნოთა, რამეთუ მას ევედრებიან ჩუენ ყოველთათვის.
................
ხატის წყარო
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი