წმინდა ექვთიმე კერესელიძე
1882 წელს თბილისის ქალაქში სცხოვრობდა მაქსიმე როსტომის ძე შარაძე.
იგი იყო გურიიდგან, ოზურგეთის მაზრის, სოფელ ეწრიდგან და მსახურებდა ექსპედიტორად გაზეთ "ივერიის" რედაქციაში (ჩვენ დიდ მგოსნის ილია ჭავჭავაძესთან). მან თავისი კეთილი ცხოვრებით, ყველასი გული მოიგო, და არ იპოვებოდა ქალაქში იმისი მომდურავი ან ძვირის მთქმელი კაცი; ყველა იმის მაქებარი იყო, როგორც მართალი, მოწყალე, კეთილმოქმედი და სხვისი დამხმარე, ყველასთან თავაზიანი, მშვიდობიანი და საქმის ერთგული. და რაცხდნენ მას ძლიერ სანდოდ და გონიერ კაცად, ამიტომ მთლად იმას ებარა გაზეთ "ივერიის" საექსპედიციო წარმოების საქმეები. და ისე სახელოვნად უძღოდა, რომ რედაქცია ხშირად მადლიერების წერილებს მიიღებდა გაზეთის გამომწერალთაგან, შეუფერხებლად გაზეთების მიღებისათვის.მაქსიმეს უყვარდა: ზნეობრივი წიგნების კითხვა და გატაცებული იყო ქართული გალობის სმენითა და სიყვარულით. ამისთვის ჯერ გაიცნო მდაბიო მოსამსახურეთა რიცხვი და ყველას თავისი გულის-პასუხი გადასცა, თუ რა კარგი იქნება უფასო წიგნთსაკითხავი დააარსონ, მდაბიო ხალხის სასარგებლოდ, და ამასათანავე შემოიღონ ქართული გალობის სწავლა. ყველას ეს აზრი ძალიან მოეწონათ და გულითადი თანხმობა გამოუცხადეს, მაშინ მაქსიმემ უთხრა მათ: თქვენ ხომ იცით, მე მაქვს თვეში 25 მანეთი ჯამაგირი, და ჩემ ჯამაგირს მთლად შევსწირავ და მოვანდომებ ამ კეთილ საქმესო, ოღონდ თქვენც დამეხმარეთ თვიურად, რამე შემოიტანეთ საძმოთ ამ კეთილი საქმისათვისო. ყველამ თანხმობა გამოუცხადეს და ფულიც შეაგროვეს ვისაც რა შეეძლო.
ამ ფულებით ჯერ ბინა დაიქირავეს ბაზრის ქუჩაზე (სასულიერო სემინარიის ქვემოთ), ერთი დიდი სუფთა ოთახი საკუთარის შესასვლელით, ეს იყო 1882 წ. ქირას თვეში აძლევდნენ 25 მანეთს. მასთან შეიძინეს შკაფები, სტოლები და ყოველგვარი ზნეობრივი წიგნები, და იმ დროის ჟურნალ-გაზეთები და სხვა... ამ რიგად მოაწყვეს უფასო წიგნთ-საკითხავი მდაბიო ხალხთათვის, და დაარქვეს "კაბინეთი". ექვსი თვის განმავლობაში, ეს ამბავი მივიდა ეგზარხის ყურამდე, თუ ამა და იმ ადგილას შემდგარან ქრისტიანობის მოწინააღმდეგე გუნდიო. ეგზარხმა მაშინვე მისწერა ადგილობრივ ბოქაულს. ბოქაული მივიდა და უთხრა: ვინ არის თქვენში მოთავეო? მაშინ წარმოსდგა მაქსიმე შარაძე და უთხრა: მე ვარ ამ საქმის მოთავე და გამგეო. წაიყვანეს მაქსიმე შარაძე და საპყრობილეში ჩასვეს; სამი დღის შემდეგ ეგზარხის ბრძანებით წარსდგა მაქსიმე მის წინაშე. ეგზარხმა დაწვრილებით გამოიძია-გამოიკითხა თუ რა აზრით, რა განზრახვით და რა სურვილით იყვნენ იგინი შეერთებულნი. ამ ნაირი გამოძიებით ეგზარხი დარწმუნდა, რომ ამათ კეთილი ტრფიალება და სურვილი ჰქონიათ გულში და არა სარწმუნოების გარდაქმნაო. ეგზარხმა მაქსიმეს ნება დართო, უფასო წიგნთსაკითხავის წარმოება გაეგრძელებინა მხოლოდ წეს-კანონით. წესდება შეადგინეს და მასვე დაამტკიცებინეს, მაშინ დანიშნა მათთვის ორი დეკანოზი ეგზარხმა ამ "კაბინეთის" ზედა-მხედველად.
წმინდა გიორგობის დღეს (10 ნოემბერს) შევიდა მაქსიმე ქვაშუეთის ეკლესიაში; იქ გალობდა მელქისედეკ ნაკაშიძე თავისი გუნდით, მაქსიმეს ძალიან მოეწონა მათი გალობა! სხვათა შორის, იგალობეს იმათ წმინდა გიორგის ტროპარი: "ტყვეთა განმანთავისუფლებელიო"... ამ გალობის დროს მაქსიმეს უკვე გული აუყუჩდა და ტირილი დაიწყო და ამბობდა: თურმე რა ტკბილი და კარგი გალობები ყოფილაო! გული დაიშოშმანა და ეკლესიიდგან რომ მგალობლები გამოვიდნენ, მივიდა მაქსიმე და გამოეცნაურა მელქისედეკ ნაკაშიძეს და სთხოვა: თქვენი კარგი გალობა ჩვენც გაგვიზიარე და გვასწავლე ჩვენცაო. მელქისედეკი დაჰპირდა მოსვლას და გალობის სწავლის დაწყებას. ეს იყო 1885 წ.
ეგზარხისაგან ნება-დართული წესდება მაქსიმემ სტამბაში დააბეჭდინა 1886 წ. და გვქონდა სახელმძღვანელოთ ყველა მასში შემავალთ. ჩვენ მდაბალ მოსამსახურეთა ახალი შემდგარი მცირე წრე შევსდგებოდით ათი-თორმეტი კაცისაგან და წესად გვქონდა, დილით 6 საათითგან 9 საათამდი ღია იყო კაბინეთი საგალობლო წიგნთ-საკითხავი და საღამოს 4 საათითგან 10 საათამდე. იმიტომ რომ სხვა დროებში არ ეცალათ მდაბიო მომსახურე ხალხს მოსვლა. კერძო შემომავალი ხალხი ბევრი შემოდიოდა, როგორც ქართველები, ეგრეთვე ოსებიც.
ერთ დროს მოსულა მ. ნაკაშიძე (როგორც დაპირება ჰქონდა), მოსდგომია გარედგან შემოსასვლელ კარებს, გაჩერებული ყურს უგდებდა, - აბა, რას შვრებიანო. შენიშნა რომ, გალობას რამდენს დაიწყებდნენ იმდენს შეეშლებოდათ. მაშინ მელქისედეკს გულმა აღარ მოუთმინა და შევიდა შიგნით; ყველას მშვიდობა და გამარჯვება უთხრა, შემდეგ შევიდნენ და გალობაზე ლაპარაკი დაიწყეს. მაქსიმემ უთხრა: ოღონდ გალობა გვასწავლე და ფულს, რამდენიც გნებავთ, მოგართმევთო. მელქისედეკმა უთხრა: მეც მინდა რომ დაგეხმაროთ და თქვენ რაც გინდათ, ის მომეცითო, და აღუთქვა საღამ-საღამობით ვივლი და თქვენც ეცადეთ ვისაც გალობის სწავლა სურს ყველა ერთად იყოთო.
მეორე დღის საღამოს მელქისედეკს თავისი გუნდი შეეგროვებია, მივიდნენ კაბინეთში საგალობოთ, მათ იგალობეს და ყველა იქ დამსწრეებმა ისმინეს და ძალიან აღტაცებაში მოვიდნენ. მაშინ ვისაც ხმა ჰქონდა ყველამ გალობის სწავლა მოინდომეს. შემდეგ დღეებში დაარჩია თუ რომლებს უფრო შეეძლო სწავლა.
გალობას ყველაზე უფრო ნიჭიერად და ჩქარა სწავლობდა მ. შარაძე, და მასვე ავალებდა მელქისედეკი რომ დილ-დილაობით მას დაესწავლებია სხვებისთვის. ამ რიგად დაიდვა წესად და ჩვეულებად მოსვლა და თავის დროზე წასვლა. ხშირად მოიყვანდა დეკანოზი პეტრე კონჭოშვილი ეპისკოპოს ალექსანდრეს (წმინდა ოქროპირიძე) და შემოსვლისთანავე გახარებული იტყოდა: გამარჯობა, ჩვენო საქართველოს შვილებო! ქართველებო, გურულებო, იმერლებო, მეგრელებო და ოსებო! ეცადეთ, ეცადეთ! ხოლო ჩვენ დამხდომი მგალობლები, მათ შემოსვლისთანავე, ღირსა არსს უგალობდით და მერე დასხდებოდნენ სამუსაიფოთ... ეპისკოპოსი ალექსანდრე მაშინვე წამოიძახებდა ხოლმე: აბა, გურულებო, იმერლებო, ერთი "სული-გული" მიგალობეთ, "სული-გულიო". მაშინვე ავსდგებოდით და ვიგალობებდით და შემდგომ ამისა, სხვა რამეებს გვაგალობებდა და ამით ძლიერ გახარებული იყო. ბოლოს, წასვლის დროს კიდევ "ღირს არსის" გალობის თქმით გავისტუმრებდით. ასე გრძელდებოდა ჩვენი ცხოვრება: და ოთხი-ხუთი წლის განმავლობაში, ბევრი საგალობლები დავისწავლეთ მისგან.
ეს დრო იყო, როდესაც იტალიის ოპერის მომღერალი ფილიმონ ქორიძე იტალიიდგან ჩამოვიდა ქალაქ თბილისში, რომელსაც ხალხი დიდის დიდებით და პატივით მიეგება.
შემდეგ დროში, მელქისედეკმა მოისურვა ფილიმონის გაცნობა, მივიდა მის ბინაზე და ერთმანეთის გაცნობით, ორივემ ფრიად ისიამოვნეს... მაშინ მელქისედეკმა ჰკითხა: ამბობენ, რომ ქართული გალობა ნოტებზე ვერ გადავა, ვერ დაიწერებაო, მაგრამ მე ვფიქრობ, თუ კი რუსულად არის და სხვა ტომთა ენებზე გადაღებული და დაწერილი, რატომ ქართულად არ შეიძლებოდეს? ფილიმონმა უთხრა, როგორ არა! ქართული სიმღერა და გალობა კარგად შეიძლება, რომ ნოტებზე გადავიღოთ და დავსწეროთო. მაშინვე კიდევაც უჩვენა ფილიმონმა ქართული სიმღერები ნოტებზე დაწერილი, უმღერა და დაარწმუნა, რომ ნოტებზე ყველა ნაირი ხმა და სიტყვები დაიწერებაო. მაშინ მელქისედეკმა განაგრძო: გურიის დიდი მგალობლები: ანტონ, გიორგი, დავით დუმბაძეები, და სხვები, რომელთაგან მისწავლია, დიდი სურვილი მაქვს, რომ ეს ეროვნული დიდება და ცოდნა ნოტებზე იქმნეს დაწერილიო, რადგან დროის განმავლობაში ემჩნევა, რომ სრული ქართული გალობის მოსწავლენი მცირდება და ბოლოს და ბოლოს, ეს დიდი მცოდნე მგალობლებიც დაიხოცებიან და გალობაც დაეკარგება ჩვენ მომავალ თაობასო.
მაშინ ფილიმონმა უთხრა: მართლაც რომ დიდად საჭირო არის, ჩვენი ეროვნული სიმღერა და გალობა ნოტებზე დაიწეროს. ამიტომ მე ჩემი მხრიდგან ძალიან ვეცდები, რომ ეს საკეთილო საქმე ფეხზე დავაყენოთო. მას დროსვე მოილაპარაკეს, თუ როგორ მოიქცნენ ამ საქმის შესახებ. ფილიმონმა უთხრა: შენ შენის გუნდით მოდით აქვე, აგერ დასაკრავი ფორტეპიანოა, თქვენ იგალობეთ, მე დავუკრავ და დავსწერო. დანიშნულ დროს მოიყვანა მელქისედეკმა თავისი თანაშემწე მგალობლები; ფილიმონმა უთხრა მელქისედეკს: დაიწყეთ გალობა, რომელიც უნდა დავსწეროთ ჯერ რამდენჯერმე სთქვით, რომ ვისმინო და დაუკრაო; მელქისედეკმა და მისმა ამხანაგებმა დაიწყეს ჭრელი საგალობელი: "განმანათლებელი ჩვენი". ფილიმონმა უყურა, უყურა და სთქვა: ჯერ-ჯერობით კრიმანჭულებს ნუ დასწერთ, სანამ გაუჩვეველები ვართ და როცა გავეჩვევით, მაშინ კრიმანჭულებიც შეიძლება და ქაჯურიც. ამიტომ ვფიქრობ, რომ ჯერ წირვის წესის საგალობლები დავსწეროთ პატარ-პატარა, და როცა რომ დავასრულებთ წირვის წესს, მაშინ ვიგალობოთ კიდეც და ამით დაუმტკიცოთ საზოგადოებას, რომ შესაძლებელ არის ქართული გალობის ნოტებზე დაწერა-გადაღება და გალობა. ეს რჩევა მოსაწონი გახდა, და დაიწყეს წირვის წესის გადაღება 1884 წ. სწერდნენ თავისუფალ დროებში და როცა დაასრულეს ერთი წირვის წესი, მაშინ ფილიმონმა სთქვა: ახლა მე ეს ჩემ ხოროს უნდა ვაგალობებიო, რომელთა არ იციან ქართული გალობა, თუმც ჩემს ხოროში რუსებიც არიან მომღერლები და ერთად რუსებთან რო ვიგალობებთ, მაშინ საზოგადოება უფრო დარწმუნდება, რომ რუსებმაც კი იგალობეს ნოტების საშუალებით ქართული გალობაო.
ამ რიგად გააწყო ფილიმონმა ახლად დაწერილი გალობა; ჯერ აგალობა აქ თბილისში, ყველასთან სასიამოვნო და გასაკვირველი გახდა და ფილიმონმა საზოგადოებისაგან დიდი მადლობა მიიღო.
გაგრძელება იქნება
წმინდა ექვთიმე კერესელიძეს
წმინდა ექვთიმე კერესელიძეს
წერილების მიხედვით