წმინდა იოსები, ერისკაცობაში ივანე ლიტოვკინი, 1837 წელს დაიბადა ხარკოვის გუბერნიაში. მისი მშობლები უბრალო, მაგრამ ღვთისმოშიში ადამიანები იყვნენ.
ივანე მხიარული და ალერსიანი ყმაწვილი იყო. ერთხელ რვა წლისა ბავშვებთან ერთად თამაშობდა, უეცრად სახე შეეცვალა, ხელები და თავი მაღლა ასწია და უგრძნობლად დაეცა. როცა გონს მოვიდა, ჰკითხეს, რა მოხდაო. ზეცაში ზეციური დედოფალი დავინახე, რომლის სიახლოვესაც მზე ანათებდაო.
ერთხელ სოფელში დიდი ხანძარი მოხდა. ლიტოვკინების ოჯახი ცოტა ხნით ადრე ახალაშენებულ სახლში გადავიდა. ვანია შინაურების შიშს ხედავდა და საფრთხესაც გრძნობდა. არ იცოდა, დახმარებისთვის ვისთვის მიემართა, პატარა ხელები იქვე მდგარი ღვთისმშობლის საფარველის სახელობის ტაძრისკენ გაიშვირა და დაიწყო: "ყოვლადწმინდა ღვთისმშობელო, სახლი შეგვინარჩუნე, ის სულ ახალთახალია!" ბავშვის ლოცვა შესმენილ იქნა: გარშემო ყველაფერი დაიწვა, ლიტოვკინების სახლი გადარჩა.
ოთხი წლის ვანიას მამა გარდაეცვალა, თერთმეტისას - დედა. დარჩა უფროსი ძმის ხელში, რომელმაც სასმელში გაანიავა მთელი ქონება და იძულებული გახდა მუშად დასდგომოდა უცხო ხალხს. ივანეც თან წაიყვანა. გარყვნილმა და უხეშმა გარემომ ვერაფერი დააკლო პატარა ბიჭს. ამ მწუხარე ცხოვრებაში მისი ერთადერთი ნუგეში ლოცვა და ღვთის ტაძარი იყო. ბოლოს კარგი ადგილი იშოვა ვაჭარ რაფაილოვთან. ბატონს ისე შეუყვარდა ბიჭი, რომ გადაწყვიტა, მისთვის თავისი ქალიშვილი მიეთხოვებინა. ივანემ რაფაილოვს სთხოვა, მოსალოცად გამგზავნე და დანარჩენი ღმერთს მივანდოთო. კეთილმა პატრონმა, ხედავდა რა ყმაწვილის ღვთისკენ სწრაფვას, მისი შეჩერება ვეღარ გაბედა. ივანე კიევის სიწმინდეების მოსალოცად წავიდა. გზად ბორისოვოს დედათა მონასტერში შეიარა, სადაც მისი და მონაზვნად იყო აღკვეცილი. სავანე მკაცრი ტიპიკონით გამოირჩეოდა. სქემმონაზონმა აღაპიმ ურჩია, კიევის ნაცვლად ოპტელ მამებთან წასულიყო. ასეც მოიქცა. მამა ამბროსიმ ურჩია, ოპტაში დარჩენილიყო. ივანემ მოძღვრის ნათქვამი ღვთის ნებად მიიღო და დარჩა.
თავდაპირველად მას სამზარეულოში მიუჩინეს ადგილი. მალევე წმინდა ამბროსიმ დააფასა მისი კეთილი თვისებები: მორჩილება, თავმდაბლობა, მდუმარება და ივანე თავის მესენაკედ გადაიყვანა. მამა ამბროსის "ქოხში" მან 50 წელი გაატარა. თავდაპირველად მოძღვართან სიახლოვე ძალზე ანუგეშებდა, მაგრამ უამრავი მომსვლელისა და ხმაურის გამო ათონზე და კიევში წასვლაზე დაიწყო ოცნება. ერთხელ ფიქრისას წმინდა ამბროსი წამოადგა თავს, მისი აზრები წაიკითხა და უთხრა: "ძმაო ივანე, ჩვენთან უკეთესია, ვიდრე ათონზე, დარჩი აქ". ამ მოვლენამ განუმტკიცა რწმენა მამა ამბროსის მიმართ. მისთვის კანონი იყო მოძღვრის ყოველი სიტყვა.
ივანე 1872 წელს მონაზვნად აღკვეცეს იოსების სახელით. ამის მერე მისი სერიოზული განწყობა უფრო განკრძალული და ღრმა გახდა. ხუთი წლის მერე ბერდიაკვნად აკურთხეს, ხოლო 1884 წელს მღვდლად დაასხეს ხელი.
ავადმყოფობის გამო წმინდა ამბროსი ეკლესიაში სიარულს ვეღარ ახერხებდა, ამიტომაც მამა იოსებმა მამა ამბროსის კელიაში იწყო ღვთისმსახურება. იგი, როგორც მამა ამბროსის უფროსი მესენაკე, მამა ამბროსის სიმშვიდეს თვლიდა თავის უპირველეს მოვალეობად. ამიტომაც ხშირად გამოდიოდა ქოხის მისაღებში ხალხთან, უსმენდა მათ სატკივარს, შეკითხვებს და მოძღვარს მოახსენებდა. ხოლო მის რჩევას ზედმიწევნით გადასცემდა მთხოვნელს. ხანდახან საუბრები მამა ამბროსისთან ღამის 11 საათამდე გრძელდებოდა. მაშინ მამა იოსები დელიკატურად საათის მომართვას იწყებდა და ამით შეახსენებდა სტუმარს, რომ მისი წასვლის დრო დამდგარიყო. მიუხედავად ბევრი საქმისა, მამა იოსები მაინც ახერხებდა წმინდა მამათა ნაწერების კითხვას და იესოს ლოცვის აღვლენას. ღირს ამბროსის უყვარდა იგი, თავის მარჯვენა ხელს ეძახდა და 30 წლის მანძილზე არ განშორებია. მოძღვრის სიკვდილის შემდეგ მამა იოსები ამბობდა: "რა ვარ მოძღვრის გარეშე? ნული და მეტი არაფერი". სიცოცხლის ბოლოს წმინდა ამბროსისთან იმდენი ხალხი მოდიოდა, რომ ყველას ვერ იღებდა და ზოგს მამა იოსებთან გზავნიდა. 1891 წელს წმინდა ამბროსი გარდაიცვალა, ხოლო როცა სკიტის წინამძღვარი მამა ანტონიც წარვიდა უფლისა მიმართ, მამა იოსები გახდა ოპტის მონასტრის სულიერი მამა. მამა ამბროსის ქოხი არ დაცარიელებულა, მისი სულიერი შვილები ღირს იოსებში ხედავდნენ ღირსეულ მემკვიდრეს. თორმეტი წელი დაჰყო მან სკიტის ხელმძღვანელად და ძმათა მოძღვრად. ავადმყოფობის და უძლურების გამო უარი თქვა ამ პატივზე. ღირსი იოსები 1911 წელს გარდაიცვალა.
ბევრი რამ შეიძლება ითქვას მის მადლმოსილებაზე. უნახავთ ნათლითმოსილი და ზეითგან ღვთაებრივი სხივმოსილი. ჰქონდა მადლი დაფარულმცოდნელობისა და კაცთა კურნებისა.
ერთ მდიდარ მემამულე ქალს ორი ქალიშვილი ჰყავდა. მან ღირსი ამბროსის ცხოვრების წაკითხვის შემდეგ შვილებს, რომელთაც ახალი დამთავრებული ჰქონდათ ინსტიტუტი, ოპტაში წასვლა შესთავაზა. უმცროსი ხალისით დათანხმდა, უფროსმა კი შინ დარჩენა ამჯობინა, რადგან სტუმრებს ელოდნენ და კარგად გაერთობოდა.
დედა და უმცროსი შვილი წავიდნენ ოპტაში, მოეწონათ იქაურობა, დიდხანს აპირებდნენ დარჩენას და კურთხევისთვის მივიდნენ მამა იოსებთან. მან მკვეთრად უთხრა: "არა, სასწრაფოდ შინ უნდა წახვიდეთ". მეორე დღეს ისინი კვლავ ოპტაში რომ იხილა, მკაცრად უთხრა: - ისევ აქ ხართ? სასწრაფოდ წადით, - მერე თავისი სენაკის კიბეს აუყვა და თავისთვის ჩაილაპარაკა, - თორემ კუბოსაც ვერ მიუსწრებთო. აღელვებული დედა-შვილი მაშინვე გაემგზავრა. სახლთან უამრავი ხალხი დახვდათ. მალე კუბოც გამოასვენეს. აღმოჩნდა, რომ უფროსი ქალიშვილი, რომელმაც ოპტაში წასვლაზე უარი თქვა, სეირნობისას ცხენს ჩამოეგდო და გარდაცვლილიყო.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი