ღირსი აკაკი დაიბადა დაახლოებით 1633 წელს ეპირში სოფელ გოლიცაში (ჩრდილო-დასავლეთ საბერძნეთში, დღევანდელ აგიოს-აკაკიოსში) უბრალო, მაგრამ ღვთისმოსავ ოჯახში.
ყმაწვილს ნათლისღებისას ანასტასი დაარქვეს. მისი ოჯახი ღარიბი იყო, მამა ადრე გარდაეცვალა და მას ჯერ კიდევ ყმაწვილს მოუხდა დედასა და უმცროს ძმაზე ეზრუნა. ყმაწვილს წერა-კითხვის სწავლა სურდა, მაგრამ ამის ნაცვლად იძულებული გახდა საშინაო მეურნეობისთვის მიეხედა. მაგრამ უფალმა ის ზეციურიი სიბრძნით განაბრძო და ღვთის შიშით შემოზღუდა.
ანასტასის განსაკუთრებით უყვარდა ტაძარში სიარული, ყურადღებით ისმენდა წმინდა სახარებას და სულისმარგებელ საუბრებს ქრისტიანულ ცხოვრებაზე, ღვთივსათნო ადამიანებზე და ცდილობდა მათთვის მიებაძა.
როცა ანასტასიმ სრულყოფილ ასაკს მიაღწია, დედამისმა მისი დაქორწინება გადაწყვიტა, მაგრამ ჭაბუკმა უარი უთხრა, რადგან ბერობა სურდა. როცა დროს მოიგდებდა, სადმე განმარტოვდებოდა და ლოცვას მიეცემოდა. ზოგჯერ ისეც ხდებოდა, რომ ლოცვის სიტკბოებისას სახლში დაბრუნება ავიწყდებოდა, რაც ძალიან აბრაზებდა დედას, რომელიც ხან დაემუქრა, ხან შეევედრა, ცოლი მოეყვანა. მაგრამ ანასტასის ყველაფერი მტკიცედ გადაეწყვიტა. 22 წლის ანასტასი ზაგორის საზღვრებში, სოფელ მაკრინიცას სიახლოვეს მდებარე სუროვიას წმინდა სამების სახელობის მონასტერში მივიდა, რომელიც წმინდა დიონისე ოლიმპიელის მიერ იყო დაარსებული და იქ ბერად აღიკვეცა, მას სახელად აკაკი უწოდეს.
ბერად აღკვეციდან პირველივე ღამეს ის ხილვის ღირსი შეიქნა: მას მოეჩვენა. თითქოს ხელში ანთებული სასანთლე ეპყრა, საიდანაც სინათლე ძალზე შორს მოეფინებოდა. ეს ხილვა მისი მომავალი ღვთივსათნო ცხოვრების მომასწავებელი იყო, იგი ხომ შემდგომში მაცხოვნებელ შუქურად გამოჩნდა, ამსოფლიური ცხოვრების ბობოქარ ტალღებში ჩავარდნილთათვის.
თუმცა მონასტრის ცხოვრება ვერ აკმაყოფილებდა აკაკის სულს, განმარტოება სურდა, ამიტომაც ხშირად გადიოდა უღრან ტყეებსა და მინდვრებში, სადაც ლოცვას მიეცემოდა, იქ ორი-სამი დღით რჩებოდა, მხოლოდ ბალახით იკვებებოდა. მისი ცხოვრების წესი აშფოთებდა ძმებს, ზოგი ფიქრობდა კიდეც, რომ ის ხიბლში იყო, ამიტომაც ურჩევდნენ დაეტევებინა განდეგილობა და ძმებთან ერთად საშუალო გზით ეღვაწა. აკაკიმ მოისმინა ღვთისმოშიში ძმების რჩევები, დაეთანხმა, მაგრამ განმარტოებული ცხოვრება არ ეთმობოდა. ამიტომაც, მან დატოვა მონასტერი და ათონის წმინდა მთას მიაშურა.
რამდენიმე დღე წმინდა ანას სკიტის სიახლოვეს მღვიმეში დაჰყო, შემდეგ კი შემოიარა სხვა სკიტები და გაესაუბრა იქ მცხოვრებ ღირს მამებს. როგორც ფუტკარი იღებდა მათგან სულიერ ნექტარს. გრიგოლის მონასტრის სიახლოვეს მან ერთ კელიაში მცხოვრები ორი მამა ნახა, და მათთან დარჩა, რათა ხის კოვზების გამოთლა ესწავლა.
ერთი წლის შემდეგ მან ეს ღირსი მამები დაუტევა და განმარტოებისთვის სასურველ ადგილს დაუწყო ძებნა. ამ ძიებაში მას ერთხელაც ხილვა მიეცა, დაინახა ბოროტი ეშმაკი, რომელიც კბილების ღრჭენით ემუქრებოდა. ამ დროს ტკბილი და ალერსიანი ხმა მოესმა, რომელიც აფრთხილებდა თავი დაეცვა ბოროტის საფრთხისგან. შეშინებული ბერი სულიერი რჩევისთვის ღირს მამა გალაქტიონ კატუნაკელთან მივიდა და მას თავისი გულისთქმები მოუთხრო. მან ურჩია, რომ კავსოკალივაში დასახლებულიყო, რაც ღირსმა აკაკიმ აღასრულა კიდეც.
კავსოკალივში ის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის სიახლოვეს ერთ კელიაში დასახლდა და მღვიძარებასა და ლოცვას მიეცა, ის მარხვით მოაუძლურებდა საკუთარ სხეულს, პურსა და წყალს, ბალახსა და წაბლს ჭამდა, იმასაც ორ, ხან სამ დღეში ერთხელ. ასეთ ღვაწლში იცხოვრა მან ამ კელიაში ოცი წელი და თავს კოვზების თლით ირჩენდა. მაგრამ თავისი ძველი კაცის სრულიად მოსაკვდინებლად იგი ერთ მღვიმეში დასახლდა, სადაც ოდესღაც წმინდა მაქსიმე კავსოკალიველი მოსაგრეობდა. აქ წმინდა აკაკიმ გააძლიერა თავისი ღვაწლი, მუდმივად მღვიძარების, ლოცვის, სიცივისა და სიშიშვლის გარდა, მან პურის ჭამაზე უარი თქვა, და მხოლოდ ბალახს ჭამდა. ამგვარმა საჭმელმა მას სისხლისღებინება დააწყებინა. ეშმაკი ვერ დაითმენდა მის ამგვარ ღვაწლს და ათასგვარ განსაცდელს უვლენდა, მაგრამ წმინდა აკაკი საშველად უფალს უხმობდა და ისინიც შეშინებული ილტვოდნენ.
ბოლოს, უფალმა იხილა რა მისი ღვაწლი, მიჰმადლა მას ნიჭი გონებისმიერი ლოცვისა და საღმრთო გამოცხადებისა, გული მისი სულიწმიდის სამკვიდრებელად იქცა, და სულიე¬რი სიხარული სახეზეც აესახა. იგი ანგელოზს ჰგავდა, და სულის დამატკბობელი იყო მისი ხილვა და საუბრის მოსმენა.
ამ დროს ღირსმა მასთან რომან კარპონისიოტი (კარპონისიელი) მოვიდა, და დიდხანს იღვწოდნენ ერთად. მაგრამ, წმინდა რომანს ქრისტესთვის მოწამეობის სურვილი არ ასვენებდა. ამიტომაც მათ გააძლიერეს მარხვა, ლოცვა, უფალს თავისი ნების გამოჩინება სთხოვეს. ღმერთმა შეისმინა თავისი მონების ლოცვა და გამოუცხადა, რომ წმინდა რომანი მოწამეობით აღესრულებოდა და თავისი სიმტკიცით შეარცხვენდა ქრისტეს მტრებს. ამ გამოცხადების შემდეგ ღირსმა რომანმა დიდი სქემა შეიმოსა, დაემშვიდობა წმინდა აკაკის და კონსტანტინოპოლში ჩავიდა, სადაც ის ქრისტესთვის აწამეს თურქებმა, წმინდა აკაკი კი უფრო დიდი დაყუდებისა და ღვაწლისთვის წმინდა ათანასეს მღვიმეში გადავიდა.
ერთხელ ლოცვისას მას ღირსი მოწამე რომანი გამოეცხადა, სპეტაკი სამოსლით, ერთიანად ბრწყინავდა. ქრისტეს მოწამემ მას წმინდა მაქსიმეს მღვიმის დატოვება უსაყვედურა, სადაც მათ მრავალი ხანი ერთად იღვაწეს. წმინდა აკაკი მიხვდა თავის შეცდომას, დაემხო და შენდობა სთხოვა წმინდანს. ფეხზე რომ წამოდგა, წმინდა რომანი უჩინო შეიქნა. მაშინ ღირსი მამა დაუბრუნდა თავის მღვიმეს, სადაც მას კიდევ რამდენჯერმე გამოეცხადა წმინდა რომანი, რომელმაც ეტყობა, მხოლოდ ხორცით დატოვა თავისი მოძღვარი, ხოლო სულით არც კი განშორებია. შემდგომში მან ამ მღვიმის სიახლოვეს თავისი ხელით პატარა კელია აიშენა, სადაც სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა. კელიიდან იშვიათად გამოდიოდა, ისიც მხოლოდ ისეთი სტუმრების სანახავად, რომლებიც ახლოს იყვნენ მასთან სულიერი ცხოვრებით.
ამასობაში მისი მჭვრეტელი ცხოვრების შესახებ ხმა შორს გაუვარდა. ბევრი მიდიოდა მასთან სულიერი რჩევისთვის, ზოგს არ ეთმობოდა ღირსი აკაკის დატოვება, მღვიმის სიახლოვეს კელიებს იშენებდნენ და მისი ხელმძღვანელობის ქვეშ რჩებოდნენ.
წმინდა აკაკი განსაკუთრებულ სიახლოვეს გრძნობდა წმინდა მაქსიმე კავსოკალიველის მიმართ, წმინდანიც ყოველთვის შეეწეოდა მას, მრავალგზის გამოეცხადა და გაამხნევა ამ დიდი ღვაწლისას.
უფალმა სხვა საღრმთო ნუგიშინისცემაც მოუვლინა თავის წმინდანს და დაფარულმცოდნელობის მადლი უბოძა: მან ბევრს უწინასწარმეტყველა რაც შეემთხვეოდა. ის მათ დაფარულ გულისთქმებს ხვდებოდა. თვითონ ღირსი მამის შეხედვაც კი საოცრად მოქმედებდა სტუმარზე, უმშვიდებდა მათ სულსა და გულს. იესოს სახელი ყოველთვის გონებაში ჰქონდა და იმეორებდა, ხანდახან როცა ბაგეებით იესოს ლოცვის თქმა მოუხდებოდა, თითქოს მისი ბაგეებიდან ცეცხლი გამოვარდაო, ამ ხილვის ღირსი არაერთხელ შეიქნა ერთი ღვთისმოსავი მღვდელ-მონაზონი სილიბისტრო.
ამგვარად, წმინდად მცხოვრებმა წმინდა აკაკიმ მოწამეობრივი ღვაწლისთვის წმინდა რომანის გარდა წმინდა ნიკოდიმოსიც მოამზადა, გადასცა მას თავისი კვერთხი და უთხრა:
- წარვედ, შვილო, შენს არჩეულ გზაზე, აჰა, შენ ჩემი კვერთხი შესაწევნელად.
ამასობაში წმინდა აკაკის მოწაფეები გაუმრავლდნენ, ააშენეს კელიები, ასე ჩამოყალიბდა კავსოკალივის სკიტი. ძმებს წყალი არ ჰქონდათ და ამის გამო დრტვინავდა ზოგიერთი. წმინდა აკაკი გამოვიდა თავის კელიიდან, დადგა სკიტის შუაში, ილოცა, შემდეგ ერთ-ერთ ძმას, სახელად ტიმოთეს უბრძანა ერთ ადგილას მიწის თხრა დაეწყო. ტიმოთე საქმეს შეუდგა თუ არა, იქიდან წყარო წარმოდინდა, ისეთი გემრიელი, წყალუხვი, რომ ძმებიც ხომ დაარწყულა, ასევე შემდგომში მასზე წისქვილი გამართეს.
ღირსი აკაკი თავის ღვთივშეკრებილ საძმოს სახარებისეულ უპოვარებას ასწავლიდა. მან ძმებს კანონად დაუდო, რომ კელიაში საწოლი არ ჰქონოდათ და მხოლოდ ერთი სამოსით დასჯერებოდნენ. "ჭეშმარიტი მონაზონი, რომელმაც უფალი მთელი თავისი სულით და გულისთქმებით შეიყვარა, მას დასაძინებლად ნახევარი საათი ეყოფაო", - ამბობდა იგი.
წმინდა აკაკი უსწავლელი იყო, მაგრამ სულიწმინით გაბრძნობილმა წმინდა სახარება საფუძვლიანად იცოდა. ერთხელ ათონის მთაზე ჩასული, იერუსალიმის პატრიარქი ქრისანთე ეწვია და მასთან საუბრის შემდეგ ყველგან ამბობდა, რომ ღირსი შეიქნა ენახა ლამპარი რწმენისა, რომლისაგანაც ვითარცა ახალ ელიასგან და იოანე ნათლისმცემლისგან, მოისმინა სახარების საიდუმლოთა სიღრმეები.
თავისი სიცოცხლის მიწურულს წმინდა აკაკიმ უფალთან კიდევ ერთი მოწამე პახუმი რუსი გააგზავნა, რომელმაც თავისი დიდი მოძღვრის ლოცვით მხნედ დაასრულა მოწამეობრივი ღვაწლი. მისი მოწამეობიდან, მალევე წმინდა აკაკიც წარდგა ღვთის წინაშე, მაშინ ის 97 წლის იყო. ეს მოხდა 1730 წლის 12 აპრილს. რამდენიმე დღით ადრე მასთან მისული იყო წმინდა ანას სკიტის ბერი ათანასე. წმინდა აკაკიმ მას უთხრა: "ნახვამდის, ათანასე! შორ გზას უნდა დავადგე, ამიერიდან ერთმანეთს ვეღარ ვნახავთ!"
ხატის წყარო
...............................
წმინდა სილიბისტრო პერეიასლაველი (+1123); ღირსმოწამე სერგი კრესტნიკოვი, მორჩილი (+1938) მათ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია მოიხსენიებს.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი