იოანე შავთელი XII-XIII საუკუნეების საქართველოში გამორჩეული ფილოსოფოსი, რიტორი და სასულიერო მოღვაწე გახლდათ.
სამწუხაროდ, მის შესახებ ძალზე მცირე რამ ვიცით, თუმცა, ზაქარია ჭიჭინაძის მიერ შედგენილ იოანეს ცხოვრებაში, კორნელი კეკელიძე "ფანტასტიკურ ბიოგრაფიად" რომ იხსენიებს, ძალზე საგულისხმო ინფორმაციას შეხვდებით: ზაქარია ჭიჭინაძის მოსაზრებით, იოანეს დაბადების ადგილი სოფელი შავთა უნდა იყოს.
კორნელი კეკელიძის მოსაზრებით კი, "სახელწოდება შავთელი უნდა იყოს შემოკლებული შავშეთელი, ეს კი ეთანხმება იმ ცნობას, რომელიც პლატონ იოსელიანს "აბდულმესიანის" ძველ ხელნაწერში ამოუკითხავს, რომ ის იყო "ადგილთაგან საათაბაგოსთა".
იოანე შავთელს მოიხსენიებს "ქართლის ცხოვრება", როგორც "ლექსთა გამომთქმელს და მოღუაწებათა შინა განთქმულს".
ზაქარია ჭიჭინაძის მიერ შედგენილი ბიოგრაფიითვე ირკვევა, რომ იოანეს განათლება ჯერ შიომღვიმეს მიუღია, შემდეგ - ათენში და ათონის აკადემიაში.
სწავლის გასრულების შემდგომ კი ეგვიპტე-ფინიკიაში უმოგზაურია და მერე სამშობლოში დაბრუნებულა.
სხვა წყაროს თანახმად კი იოანეს უმაღლესი განათლება საქართველოში, გელათის მონასტერთან არსებულ აკადემიაში მიუღია, სადაც წმინდა მამათა თხზულებანი, ანტიკური და არაბული ისტორია, ფოლოსოფია და ლი¬ტერატურა შეისწავლა, შემდეგ კი შემონაზვნებულა და დიდხანს მოღვაწეობდა ვარძიის მონასტერში.
იოანე შავთელის მოღვაწეობის ზუსტი დრო უცნობია, თუმცა, მკვლევარნი, სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით, მას თამარ მეფის თანამედროვედ მიიჩნევენ, მაგრამ ნიკო მარი ფიქრობს, რომ იოანე შავთელი დავით აღმაშენებლის თანამედროვე და შემამკობელია.
ნიკო მარს არ ეთანხმება კორნელი კეკელიძე და თვლის, რომ "არგუმენტაცია ნიკო მარისა, რომელიც მას "აბდულმესიანის" შინაარსიდან მოჰყავს, მთლად დამაჯერებელი ვერაა, ასე რომ, ტრადიციული შეხედულება ჯერჯერობით შეურყეველი რჩება".
პლატონ იოსელიანი კი მიიჩნევს, რომ "შავთელი იყო მდივანი თამარ მეფისა", ხოლო "შემდგომ იქმნა მონაზონ და უწოდეს სახელი იოანე, რომელმან მოიგო ცხო¬ვრება თვისი გელათისა მონასტერსა შინა".
ამ წმინდა მამის სასულიერო წოდებაზე მეტყველებს მისსავე თხზულებებში გამოვლენილი ღრმა საღვთისმეტყველო განათლება. ზოგ წყაროში მოხსენიებულია "ნეტარად", "წმინდანად". "აბდულმესიანში" იგი თავის თავს "მწირსა" და "მსხმებს" უწოდებს. ამ მოსაზრებას იზიარებს კორნელი კეკელიძე - მართლაც, შავთელი თვითონ მოიხსენიებს თავის თავს "მწირად და მსხმედ", მაშასადამე, ის მართლაც ბერი ყოფილაო.
საგულისხმო ცნობებს მოიცავს "წმინდანთა ცხოვრება": როდესაც ქართველთა სპა დავით სოსლანის წინამძღოლობით ბასიანისკენ გაეშურა იკონიის სულთანთან, რუქნადინთან საბრძოლველად, წმინდა კეთილმსახური მეფე თამარი ოძრხეში წარვიდა სალოცავად. მას თან ახლდა ქართლის კათალიკოსი თევდორე, კაცი წმინდა და სახიერი, მრავალ ეპისკოპოსთან და მონაზონთან ერთად, რომელთა შორის ბრწყინავდა "იოანე შავთელი, კაცი ყოვლად განთქმული და საკჳრველი მოღუაწებათა შინა და ლექსთა გამომთქმელი".
აქ ერთი სასწაული აღსრულდა: ღვთისაგან წინასწარმცნობელობის მადლით ცხებული ევლოგი სალოსი წირვის ჟამს სამგზის განერთხა მიწას, შემდეგ ხელნი აღაპყრო და ღაღადჰყო:
- აჰა, დიდება ღმერთსა! ქრისტე ძლიერ არს. ხელნო ევლოგისნო, სპარსთაგან არა გეშინით, განუტევეთ, რათა ვიდოდის მშვიდობით. წყალობა ღვთისა სახლსა ზედა თამარისსა მოიწია!
ღირსმა იოანე შავთელმა მეფეს უთხრა:
- უწყოდე, მეფეო, რომელ ჩვენება იხილა სულელსაგონებელმან, გარნა ჩვენებასა კეთილსა ვჰგონებ!
ევლოგი სალოსმა სწორედ იოანე შავთელს განუცხადა საიდუმლო. ღვთის შეწევნით, ქართველებმა ბასიანში მტერს სძლიეს.
იოანე შავთელი გახლდათ ავტორი რამდენიმე თხზულებისა, რომელთაგან დროებას ორი გადაურჩა: "გალობანი ვარძიის ღვთისმშობლისანი" და "საძიებელი და მასწავლებელი" ეგრეთ წოდებული "ასურული კვინკლოსისა". მასვე ეკუთვნის ცნობილი ოდა "აბდულმესიანი" (ქრისტეს, მესიის მონა).
ამათგან განსაკუთრებულად საყურადღებო "გალობანი ვარძიის ღვთისმშობლისანია" - ღვთისმშობლისადმი სამადლობელი იამბიკო, ბასიანის ომში ქართველთა გამარჯვების შემდგომ შექმნილი. კორნელი კეკელიძე თვლის, რომ "გალობანი ვარძიისა ღმრთისმშობლისანი" - ლიტურგიკული კანონის სახით დაწერილი სამადლობელი იამბიკოა ღვთისმშობლის პატივად იმ გამარჯვების გამო, ქართველებმა ბოლოსტიკის ომში რომ მიიღეს. ეს იამბიკო შენახულია გელათის ხელნაწერში, სადაც ის იოანე შავთელის ნაწარმოებადაა აღნიშნული".
იამბიკოს აკროსტიქი აქვს, სადაც ვკითხულობთ: "ზესთა დიდებისა აღმატებულო და ანგელოზთა და კაცთა დიდებად შენდა ვითარ შობისა და ქალწულებისა შემაერთებელო ყოვლადწმინდაო ღმრთისმშობელო ვარძიისა მოსახესა ტაძარსა შენსა შინა მგალობელი ვინმე შენი მაცხოვნე და მიჴსენ მე სულიერისა ტყუეობისაგან" (ფ. 209 - 212).
იამბიკო მეტად ორიგინალური ფორმის გახლავთ და როგორც ლიტურგიკული კანონი, რვა "გალობად" იყოფა. თითოეულ "გალობაში" მოცემულია ოთხი სტროფი, სტროფში - ხუთი სტრიქონი; სტრიქონი შეიცავს 12 მარცვალს, მაგრამ არა ყველა: ზოგი სტრიქონი გატეხილია ორად (5 - 7, ან 2 - 10), ზოგი - სამად (7 - 10 - 7 = 2 სტრიქონი), ზოგი - ოთხად (5 - 3 - 7 - 9 = 2 სტრიქონი). სტრიქონთა ამგვარი დანაწევრება იმან გამოიწვია, რომ იამბიკოში იმდენი სტრიქონი უნდა იყოს, რამდენი ასოც არის იმის აკროსტიქში. ასე რომ, სტროფში ყოველთვის 5 სტრიქონი კი არ გვაქვს, არამედ მეტიც: - 5, 6, 7, 8, 9. კანონზომიერება დაცულია მხოლოდ იმ მხრივ, რომ თითოეული "გალობის" სტროფს ახასიათებს ყოველთვის ერთი და იგივე რაოდენობა სტრიქონებისა".
იოანე შავთელის მთავარი ნაშრომი, "აბდულმესიანი", ძველი ქართული ლიტერატურის კლასიკური ეპოქის ძეგლი და სახოტბო ოდების კრებულია, რომელიც შექმნილი უნდა იყოს XIII საუკუნის პირველ ათწლეულში. თხზულება თამარ მეფესთან ერთად აქებს მის მეუღლეს, დავით სოსლანსაც. ნიკო მარს, სხვა მკვლევართაგან განსხვავებით, "აბდულმესიანი" დავით აღმაშენებლის ქებად მიაჩნდა, კორნელი კეკელიძეს კი მიაჩნდა, რომ თხზულებაში დავით აღმაშენებელთან ერთად შექებულია თამარ მეფე, ამასთან, იზიარებდა ძველ ქართველ მეცნიერთა (იოანე და თეიმურაზ ბაგრატიონების და სხვა) შეხედულებას, რომ "აბდულმესიანი" სხვა, დაკარგული ნაწარმოების სახელწოდებაა და არა ამ თხზულებისა. შალვა ნუცუბიძის აზრით კი, სხვადასხვა დროს მოღვაწეობდა ორი შავთელი, რომელთაგან პირველმა დავით აღმაშენებლის ქება შეთხზა, მეორემ კი - თამარ მეფისა და დავით სოსლანისა. ამ ორი თხზულების შერწყმის შედეგად კი შეიქმნა "აბდულმესიანის" სახელით ცნობილი, ჩვენამდე მოღწეული კრებული.
ყოველივეს ისიც ართულებს, რომ ხოტბათა ტექსტმა გვიანდელი (XVIII-XIX საუკუნეები) და საგრძნობლად შებღალული ხელნაწერებით მოაღწია. ალექსანდრე ბარამიძის თვალსაზრისით, "აბდულმესიანი" წარმოადგენს თამარისა და მისი მეუღლის, დავით სოსლანის ქებას.
თხზულებასთან დაკავშირებული ლიტერატურულ-ისტორიულ საკითხთა გარკვევა ერთობ რთული საქმეა, რადგან ძეგლი ძალზე დამახინჯებული სახით არის მოღწეუ¬ლი, - სულ მცირე, ორგზის გახლავთ გადამუშავებული. მეთვრამეტე საუკუნეში დავით დუმბაძემ ეს ხოტბა გადააკეთა და არჩილ მეფეს მიუძღვნა. XVIII - XIX საუკუ¬ნეების მიჯნაზე ქართველმა მწიგნობრებმა, განსაკუთრებით - დავით რექტორმა, ტექსტის ხელახალი აღდგენა სცადეს, ამიტომ, ძნელი სათქმელია, რა არის ამ თხზულების ტექსტში პირველქმნილი და რა - მერმინდელი, ამოღებული თუ დაკარგული. დღემდე მოღწეულ ჰიმნში აღარ ჩანს სახელი "აბდულ-მესია", რაც მკვლევართა ნაწილს აფიქრებინებს, რომ ეს თხზულება "აბდულმესიანად", ან "აბდულ-მესიად" არ უნდა წოდებულიყო.
იმის მიუხედავად, რომ იოანე შავთელის ცხოვრებისა და ღვაწლის თაობაზე ბევრი არაფერია ცნობილი, ჩვენამდე მოღწეული ინფორმაციაც ცხადყოფს, თუ რა მასშ-ტაბის მოღვაწეა იოანე. იგი ღრმად მოხუცი გარდაიცვალა და მალევე შეირაცხა წმინდანად.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ღირს იოანე შავთელს ორჯერ იხსენიებს: - 1-ელ აპრილს, ევლოგი სალოსთან ერთად და 9 ივნისს.
.............................................
ხატის წყარო
...........................
აქვე შეგიძლიათ წაიკითხოთ:
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი