ხსენება ძველი აღთქმის მართალი იოსებისა - 31 მარტი (13 აპრილი)
ხსენება ძველი აღთქმის მართალი იოსებისა - 31 მარტი (13 აპრილი)
31 მარტს (ახ სტ.13 აპრილს) ეკლესია იხსენებს ძველი აღთქმის მართალ იოსებს. ძველი აღთქმის მართალი იოსები იყო იაკობის ძე, ისააკის შვილიშვილი და აბრაამის შვილთაშვილი. ის იაკობს რახელისგან შეეძინა. იაკობს სულ თორმეტი შვილი ჰყავდა, იოსები მეთორმეტე იყო. იაკობს სხვებზე მომეტებულად უმცროსი შვილი უყვარდა. ეს იმიტომ, რომ იოსები იყო მეტად კეთილი ბავშვი, მართლის მთქმელი, გულწრფელი და მამას არაფერს უმალავდა. იაკობი არ ფარავდა თავის სიყვარულს იოსებისადმი: როცა დანარჩენი შვილები მთელ თვეებს სამწყემსურში ატარებდნენ, იოსები მამას მუდამ შინ ჰყავდა და ჭრელი ტანისამოსით მოსავდა. ძმებმა იოსების შური ჩაიდეს გულში. ეს შური მალე სიძულვილად ექცათ. თვითონ იოსებს არ სძულდა ძმები, უყვარდა ისინი და გულწრფელად ექცეოდა. რადგანაც გულში მას ეშმაკობა სრულიად არ ედო, ამიტომ ძმებისათვის არ დაუმალავს ორი სიზმარი, რომელნიც მოასწავებდნენ, რომ იგი თავის ძმებზე მომეტებული შეიქნებოდა.

აი, ეს რა სიზმრები იყო:

"მესიზმრა, - ეუბნებოდა იოსები ძმებს, - ვითომც ჩვენ ყველანი ყანაში ვიყავით და ვკრავდით ძნებს; უცებ ჩემი ძნა შუაში დადგა, თქვენი ძნები კი გარს შემოერტყნენ და თავის დაკვრა დაუწყეს".

ნუთუ ჩვენზე იმეფებ? ნუთუ პატრონად გაგვიხდები? - უთხრეს გაჯავრებულმა ძმებმა, როცა ეს სიზმარი მისგან მოისმინეს და კიდევ უფრო მეტად შეიძულეს.

შემდეგ იოსები მეორე სიზმარს მოჰყვა:

"მე მესიზმრა, ვითომც შუაში ვიდექი, გარს მეხვივნენ მზე, მთვარე და თორმეტი ვარსკვლავი და თავს მიკრავდნენ".

როცა იოსებმა ეს სიზმარი თქვა, მამაც კი გაუჯავრდა: "ნუთუ მეც, დედაშენმაც და შენმა ძმებმაც თაყვანი უნდა გცეთ?" თუმცა იაკობი გაუჯავრდა იოსებს, მაგრამ ეს სიზმრები კი ღრმად ჩაიმარხა გულში, რადგანაც იფიქრა, უთუოდ მომავალს მოასწავებენო.

ძმებმა ამის შემდეგ უფრო მომეტებულად შეიძულეს იოსები, მისი დაღუპვა მოინდომეს და კიდეც შეასრულეს თავიანთი ბოროტი განზრახვა.

წავიდნენ მისი ძმები შექემში მამის ფარის დასამწყემსად. მამამ უთხრა იოსებს: - შექემში არ მწყესავენ შენი ძმები? მოდი, გამეგზავნე მათთან. გაიგე, როგორ არიან შენი ძმები, როგორ არის ფარა, და მომიტანე ამბავი. იოსები დაეთანხმა მამას. იაკობმა იოსები შექემში გაგზავნა ხებრონის ველიდან მინდორში. გზააბნეულ იოსებს ერთი კაცი შემოხვდა და ჰკითხა:

- რას ეძებ?

- ძმებს ვეძებ. მიმასწავლე, სად მწყემსავენ, სთხოვა კაცს იოსებმა.

- წასული არიან აქედან. ყური მოვკარი, ამბობდნენ, დოთაინში წავიდეთო, - უთხრა კაცმა. იოსებიც გაჰყვა ძმების კვალს და დოთაინში მიაგნო მათ.

ძმებმა მათკენ მიმავალ იოსებს შორიდან მოჰკრეს თვალი და ვიდრე ახლოს მოვიდოდა, განიზრახეს მისი მოკვლა.

- შეხედეთ, მოდის ეს მესიზმრე, - უთხრეს ძმებმა ერთმანეთს, - მოდი, მოვკლათ და სადმე, ჭაში ჩავაგდოთ; ვთქვათ, ვითომ ნადირმა შეჭამა. მაშინ ვნახოთ, როგორ აუხდება სიზმრები.

გაიგონა ეს უფროსმა ძმამ, რეუბენმა და თქვა: - ნუ მოვკლავთ. ნუ დაღვრით სისხლს. უდაბნოში რომ ჭაა, იქ ჩააგდეთ; ნუ გაიმეტებთ სასიკვდილოდ. მას განზრახვა ჰქონდა, მერმე ჩუმად ამოეყვანა იოსები ორმოდან და მამასთან გაეპარებინა.

გაუგონეს უფროს ძმას, გახადეს იოსებს ჭრელი პერანგი და ჩააგდეს ღრმა ხაროში. შემდეგ დასხდნენ და სადილს დაუწყეს ჭამა. ამ დროს მათ დაინახეს აქეთ მომავალი უცხო ქვეყნის ვაჭრები, რომლებიც დატვირთული აქლემებით ეგვიპტეში მიდიოდნენ და ერთმანეთში ბჭობა დაიწყეს: "რას სარფას მოვიგებთ ძმის მოკვლით? უფრო ჯობს, ამ ვაჭრებს მივყიდოთ, ვიდრე მისი მკვლელები შევიქნეთ, რაც უნდა იყოს, მაინც ჩვენი ძმაა". თქვეს და აასრულეს კიდეც. ამოიყვანეს იოსები ხაროდან და მიჰყიდეს უცხო ვაჭრებს ოც ვერცხლად.

ამ დროს უფროსი ძმა სხვაგან იყო წასული და არ იცოდა, რა უყვეს ძმებმა იოსებს. როდესაც მობრუნდა უკან და ხარო ცარიელი დახვდა, გულს ელდა ეცა და დიდი მწუხარებით უთხრა ძმებს: "ბავშვი აქ აღარ არის! ახლა რაღა მეშველება?" როგორც უფროს შვილს, იაკობი მას მოჰკითხავდა უმცროსი შვილის დაკარგვას და ამიტომ წუხდა რუბენი.
მოხუცებული მამა რომ მოეტყუებინათ, ძმებმა დაკლეს თიკანი, მის სისხლში გასვარეს იოსების ჭრელი პერანგი, მიუტანეს მამას და ჰკითხეს: "ეს შენი შვილის ტანისამოსი ხომ არ არის? მინდროში ვიპოვეთ".

იაკობმა იცნო საყვარელი შვილის ტანისამოსი, იფიქრა, უთუოდ შეუბრალებელმა ნადირმა გაგლიჯა გზაზეო და მორთო საბრალომ მწარე ტირილი და გოდება. შვილები ცდილობდნენ, ნუგეში ეცათ, მაგრამ იაკობი საშინლად წუხდა, მათ ნუგეშს არც კი უსმენდა და ამბობდა: "სიმწუხარითა ჩემითა ჩავალ საფლავსა".

ვაჭრებმა მიიყვანეს იოსები ეგვიპტეში და მონად მიჰყიდეს ერთ დიდ კაცს, რომელსაც სახელად ერქვა პეტეფრე. იოსები ამ დროს იყო ჩვიდმეტი წლისა. ღმერთმა მას არ მოაკლო აქ თავისი მოწყალება. რა საქმესაც კი ჩააბარებდნენ, იოსები აკეთებდა სწრაფად, მოხერხებითა და სინდისიერად. ყოველ საქმეში მას ღმერთი ხელს უმართავდა და სხვებში ისე გამოირჩეოდა, როგორც დღე გამოირჩევა ღამისაგან.

პეტეფრე რომ დარწმუნდა იოსების მხნეობასა და პატიოსნებაში, მოუწოდა მას თავისთან და ჩააბარა მოურაობა მთელი სახლისა და ქონებისა. ამის შემდეგ ღმერთმა კეთილად წარმართა ყოველი საქმე პეტერფესი.

ბატონის ცოლმა თვალი დაადგა იოსებს და უთხრა: დაწექი ჩემთან! იუარა იოსებმა და უთხრა: - რაც მასთან ვარ, საზრუნავი არაფერი აქვს სახლში ჩემს ბატონს; მთელი თავისი საბადებელი მე ჩამაბარა. ჩემზე დიდი არავინ არის ამ სახლში, არაფერი აუკრძალავს ჩემთვის, გარდა შენი თავისა, რადგან შენ ცოლი ხარ მისი. როგორ ჩავიდინო ეს დიდი ბოროტება და შევცოდო ღმერთს?

ყოველდღე ელაპარაკებოდა ქალი იოსებს, მაგრამ ვერ დაიყოლია, რომ მის გვერდით დაწოლილიყო და მასთან ყოფილიყო. ერთ დღეს, როცა იოსები შევიდა სახლში თავის საქმეზე და სახლეულთაგან შინ არავინ იყო, ჩაებღაუჭა ქალი სამოსელში და უთხრა: დაწექი ჩემთან! იოსებმა ხელში შეატოვა სამოსელი და გარეთ გავარდა. როცა დაინახა ქალმა, რომ ხელში შეატოვა იოსებმა სამოსელი და გარეთ გაიქცა, დაუძახა თავის სახლეულებს და უთხრა: შეხედეთ, ჩვენთან საარშიყოდ მოუყვანია ეს ებრაელი კაცი; შემოვიდა, ჩემთან დაწოლა მოინდომა, მე ყვირილი მოვრთე. ნახა, რომ ხმას ავუმაღლე და ვიყვირე, ხელში შემატოვა თავისი სამოსელი და გარეთ გავარდა.

გვერდით დაიდო ქალმა იოსების სამოსელი და ასე იყო მისი ბატონის შინ დაბრუნებამდე.

ეს ამბავი ქმარს ასე უამბო მატყუარა ცოლმა:

- შემოვიდა შენი მოყვანილი ებრაელი მონა ჩემთან საარშიყოდ. როცა ყვირილი ავტეხე, შემატოვა თავისი სამოსელი და გარეთ გაიქცა.

ბატონი განრისხდა და იოსები იმ საპყრობილეში ჩააგდო, სადაც მეფის პატიმრები იყვნენ დამწყვდეულები.

მაგრამ მართალმა და უმანკო იოსებმა მშვენიერი ყოფაქცევით საპყრობილეშიც მოიპოვა ნდობა და პატივისცემა უფროსისა, რომელმაც იგი დამწყვდეულების ზედამხედველად დააყენა.

ამ დამწყვდეულებში ერია ორი კაცი, რომელნიც უწინ იყვნენ დაახლოებულნი კარისკაცნი ფარაონისა, ეგვიპტის მეფისა. ერთი იყო მეპურე, მეორე - მეღვინე. ერთხელ იოსებმა ნახა, რომ ორივე ძალიან დაღონებული იყო, და ჰკითხა: "რადა ხართ აგრე მწარედ დაფიქრებულნი?" იმათ მიუგეს: "ჩვენ ორივემ სიზმრები ვნახეთ და არ ვიცით, რას მოასწავებენ". ხოლო იოსებს ღვთისაგან ჰქონდა მიცემული იმისთანა ნიჭი, რომ შეეძლო გაეგო, ღვთისაგან იყო სიზმარი თუ არა. და თუ ღვთისაგან იყო, რას მოასწავებდა. იოსებმა სთხოვა მათ, ეთქვათ თავიანთი სიზმრები.

მეღვინემ უთხრა: "მესიზმრა, ვითომც წინ ვიდექი, ხელში მეჭირა სამი მტევანი ყურძნისა, ვწურავდი მათგან წვენს ჯამში და ვასმევდი ხელმწიფეს".

მეპურემ უთხრა: "მე მეჩვენა, ვითომც თავზე სამი კალათა მედგა, ერთი ერთმანეთზე, მაღლა კალათაში ეწყო სხვადასხვა საჭმელი, ფრინველები ასხდებოდნენ და კენკავდნენ".

როცა იოსებმა მოისმინა ეს სიზმრები, მეღვინეს უთხრა: "შენი სიზმარი კარგ რამეს მოასწავებს - შენ მეფე ისევ დაგაბრუნებს სასახლეში, დაგიახლოვებს და უწინდელსავე თანამდებობას ჩაგაბარებს". მეპურეს კი უთხრა: "სამწუხაროდ, შენი სიზმარი დიდ უბედურებას ნიშნავს - სამი დღის შემდეგ შენ მეფის ბრძანებით გაგიყვანენ აქედან, ჩამოგახრჩობენ და ფრინველნი დაუწყებენ შენს სხეულს გლეჯას".

როცა სიზმრების ახსნა დაამთავრა, იოსები მიუბრუნდა მეღვინეს და სთხოვა: "იმდენი სიკეთე მიყავ, რომ მომიგონე, როცა მეფე ისევ დაგიახლოვებს. შეაბრალე მას ჩემი თავი და დამიხსენ აქედან. მე მოპარული ვარ ჩემი ქვეყნიდან და აქაც სრულიად უდანაშაულოდ ვარ დამწყვდეული".

რაც იოსებმა იწინასწარმეტყველა, ყველაფერი ისე ასრულდა. მეპურე სიკვდილით დასაჯეს, მეღვინეს კი დანაშაული აპატიეს და უწინდელი ადგილი დაუბრუნეს. როცა მეღვინე ბედნიერებაში ჩავარდა, იოსები სრულიად დაივიწყა და აღარ ახსოვდა მისი თხოვნა, მაგრამ უფალი არ დაივიწყებს მართალთ არასდროს.

ორი წელიწადი კიდევ გავიდა და იოსები ჯერ ისევ საპყრობილეში ეწვალებოდა. ამ დროს ფარაონმა ნახა ორი სიზმარი, რომლებიც უბრალო სიზმრებისაგან ცხადად გამოირჩეოდნენ და თითქო რაღაც დიდ უბედურებას მოაწავებდნენ. ამიტომ ფარაონმა დიდი ყურადღება მიაქცია ამ სიზმრებს და შეყარა მთელი ეგვიპტის მეცნიერნი მათ ასახსნელად. მაგრამ ვერავინ გაიგო, თუ რას მოასწავებდნენ ისინი. მაშინ მეღვინეს მოაგონდა იოსები, წარდგა ფარაონის წინაშე და მოახსენა: "საპყრობილეში გახლავთ ერთი ყმაწვილი კაცი, რომელმაც ორი წლის წინ მე და მეპურეს საკვირველად სწორად აგვიხსნა სიზმრები. რაც გვითხრა, ყველაფერი ისე მოხდა. თქვენი სიზმრების ახსნა იმის მეტს არავის შეუძლია". მაშინვე გაგზავნეს კაცები საპყრობილეში და წარუდგინეს იოსები ფარაონს.

ფარაონმა უთხრა იოსებს: "მე ვნახე სიზმრები და მათი ახსნა ვერავინ შეძლო. მე მითხრეს, რომ შენ გაიგონებ თუ არა სიზმარს, მაშინვე ახსნი, თუ რას მოასწავებს".

იოსებმა მიუგო: "უღვთოდ ფარაონის პასუხის მიგება შეუძლებელია. მაგრამ არის ღმერთი ზეცაში, რომელიც თავის ერთგულთ უცხადებს საიდუმლოთ".

მაშინ ფარაონმა მოუთხრო იოსებს თავისი სიზმრები: "მე ვნახე, ვითომც მდინარის პირას ვიდექი, უცებ წყლიდან ნაპირს გამოვიდა შვიდი მშვენიერი და მსუქანი ძროხა და წავიდნენ ბალახის საძოვრად. მათ უკან მოჰყ¬ვა შვიდი გამხდარი და ისეთი მჭლე ძროხა, რომ მთელ ჩემს სახელმწიფოში მათი მსგავსი არსად მინახავს. და ამ გამხდარმა ძროხებმა მთლად დაჭამეს მსუქანი ძროხები და ამის შემდეგ მაინც ისეთივე გამხდრები დარჩნენ, როგორებიც ადრე იყვნენ. აქ მე გამომეღვიძა. მერმე, ისევ რომ დავიძინე, ახალი სიზმარი ვნახე: მე მესიზმრა, ვითომც ერთს პურის ღეროზე ამოვიდა შვიდი სავსე თავთავი. მერე ამათ ამოჰყვა შვიდი ფშუტა თავთავი და ამ შვიდმა ფშუტა თავთავმა ჩაყლაპა შვიდი სრული თავთავი და არაფერი კი მოიმატა".

იოსებმა მოახსენა ფარაონს: "ორივე შენი სიზმარი ერთსა და იმავე რამეს მოასწავებს. ამ სიზმრებით უფალი ატყობინებს ფარაონს მომავალს: შვიდი მსუქანი ძროხა და შვიდი სავსე თავთავი ნიშნავს შვიდ მოსავლიან წელიწადს. ხოლო შვიდი გამხდარი ძროხა და შვიდი ფშუტა თავთავი მოასწავებს შვიდ შიმშილობის წელიწადს. აი, დადგება ახლა შვიდი მოსავლიანი წელიწადი და გაივსება ეგვიპტე დოვლათით, მაგრამ ამ დალოცვილ დროს მოჰყვება შვიდი საშინლად მშიერი წელიწადი. ეს რომ უთუოდ აცხადდება და არ დაიგვიანებს იქიდან ჩანს, რომ ერთი და იმავე ფარაონს ორჯერ უნახავს. ამიტომ, - გააგრძელა იოსებმა, - ფარაონმა უნდა ინებოს ბრძენი და საზრიანი კაცის პოვნა და დაადგინოს იგი მთელი ეგვიპტის მზრუნველად. ამ მზრუნველმა შვიდი წლის განმავლობაში უნდა კრიფოს მთელ სახელმწიფოში მეხუთედი ნაწილი ყოველგვარი მოსავლისა და შეინახოს დიდ ბეღლებში, რომ შემდგომ მშიერ წლებში მთელი ქვეყანა შიმშილით არ დაიღუპოს".

ფარაონს მეტად მოეწონა სიზმრების ახსნა და ჭკუაში მოუვიდა იოსების წინადადება. ამიტომ თქვა: "სად ვპოვებთ იმისთანა გონიერ და საზრიან კაცს, როგორიც შენ ყოფილხარ? შენით ლაპარაკობს თვით უფალი და შენვე დაგადგენ მთელი ეგვიპტის უფროსად. ყველა შენს სიტყვას დაემორჩილება და უშენოდ არაფერი გაკეთდება ჩემს საბრძანებელში. მარტო მე ვიქნები შენი უფროსი".

ეს რომ თქვა ფარაონმა, გამოიძრო ხელიდან ბეჭედი და გაუკეთა იოსებს, აგრეთვე კისერზე ჩამოკიდა ოქროს ძეწკვი. უბრძანა, ჩაეცმიათ მისთვის ძვირფასი ტანისამოსი, ჩაესვათ მდიდრულ ეტლში, ეტარებინათ ქუჩებში და თავი დაეკრათ მისთვის.

ამის შემდეგ იოსები გახდა მეორე კაცი ეგვიპტეში და მართავდა მთელ სახელმწიფოს. ამ დროს იგი იყო ოცდაათი წლისა. ფარაონმა იოსებს ცოლად შერთო ასენათი, ონის (მზის ქალაქის) ქურუმის, ფოტიფერაყის ასული.

როგორც იოსებმა თქვა, ყველაფერი სწორედ ისე ასრულდა. შემდგომი წლიდან დაიწყო მშვენიერი მოსავალი მთელ ეგვიპტეში და მთელი შვიდი წლის განმავლობაში არ უკლია. იოსებმა მოიარა მთელი ეგვიპტე, შეაგროვა შვიდი მოსავლიანი წელიწადის საზრდო, რაც კი იპოვებოდა ეგვიპტის ქვეყანაში, და ქალაქებს ჩამოურიგა; თითოეულ ქალაქს თავის გარშემო მინდვრებიდან მოწეული საზრდო დაურიგა. დაახვავა იოსებმა ხორბალი ზღვის ქვიშასავით, ბევრზე ბევრი, ისე რომ, შეწყვიტა თვლა, რადგან აღარ იყო სათვალავი. მოუსავლიანი წელიწადის დადგომამდე შეეძინა იოსებს ორი ვაჟი, რომელნიც უშვა მას ასენათმა, ონის ქურუმის, ფოტიფერაყის ასულმა.

უწოდა იოსებმა პირმშოს სახელად მენაშე, რადგან თქვა: დამავიწყა ღმერთმა მთელი ჩემი ტანჯვა-წვალება და მამაჩემის სახლი. ხოლო მეორეს უწოდა ეფრემი, რადგან თქვა: ნაყოფიერმყო ღმერთმა ჩემი გაჭირვების ქვეყანაში.

გასრულდა შვიდი მოსავლიანი წელიწადი, ეგვიპტის ქვეყანაში რომ იდგა.

დაიწყო შვიდი მოუსავლიანი წელიწადი. გარშემო ქვეყნებში შიმშილობის პირველსავე წელს შემოაკლდა ხალხს პური და, რომ შეიტყვეს, ეგვიპტეში ბევრი ჭირნახული იყო შეგროვებული, იწყეს აქეთკენ დენა პურის საყიდლად. იოსები უარს არავის ეუბნებოდა, რადგანაც ჭირნახული იმდენი ჰქონდა მოგროვებული, რომ ეყოფოდა ეგვიპტესაც და სხვა ქვეყნებსაც. ასე გადაარჩინა იოსებმა ეგვიპტე შიმშილით დაღუპვასა და, მასთან, გაამდიდრა ფარაონის ხაზინა დიდძალი ფულით.

შიმშილობა მარტო ეგვიპტეში როდი დადგა. იგი მოედო ქანაანის ქვეყანასაც, სადაც ცხოვრობდა იაკობი თავის შვილებთან ერთად. იაკობმა რომ გაიგო, ეგვიპტეში პურსა ჰყიდიანო, გაგზავნა თავის შვილები პურის სასყიდლად. ათი უფროსი ძმა გაუდგა გზასა, მეთერთმეტე კი, სულ უმცროსი, რომელსაც სახელად ბენიამენი ერქვა, შინ, მამასთან დარჩა. როცა ეგვიპტეში მივიდნენ, ათივე ძმა გამოცხადდა იოსებთან, როგორც მთელი იმ ქვეყნის უფროსთანა და თავი მდაბლად მიწამდე დაუკრეს. ვერც ერთმა ძმამ იოსები ვერ იცნო, იმიტომ, რომ კაი ხანი გავიდა, რაც იგი გაყიდეს და იოსები მას შემდეგ გადაიქცა წარმოსადეგ კაცად. ამის გარდა, ძმებს არ მოუვიდოდათ ფიქრადა, თუ იმათი ძმა, მონად გაყიდული, ამისთანა დიდებას მოეწეოდა. იოსებმა კი მაშინვე იცნო ისინი და მოიგონა ის სიზმრები, რომლებიც მან პატარაობაში ნახა, მაგრამ ძმებს სრულიად არ აჩვენა, თუ ისინი იცნო. იოსებს სურდა, ჯერეთ გაეგო, ძმები გრძნობდნენ და ნანობდნენ თავიანთ ცოდვასა, თუ არა. ამ განზრახვით იოსები მოექცა მათ შემდეგის სახით: ძმები მიიღო მან, როგორც უცხონი, მისთვის სრულიად უცნობი. და ლაპარაკიც ეგვიპტურ ენაზე დაუწყო.

სადაურები ხართ? - ჰკითხა იოსებმა მთარგმნელის პირით. ქანაანის ქვეყნიდან გახლავართ, - მიუგეს მათ, - და პურის სასყიდლად მოვსულვართ. დამზვერავნი ხართ თქვენა და არა ვაჭარნი! - მრისხანედ უთხრა მათ იოსებმა და მოსულხართ ჩვენი ქვეყნის გზების გასაგებად. ძმებს შიშის თავზარი დაეცათ: არა, ბატონო, - მოახსენეს მათ, - ჩვენ ალალმართალი კაცები გახლავართ. ჩვენს ვინაობას ახლავე შეგატყობინებთ: ჩვენ ვართ თორმეტი ძმანი, ერთი დედ-მამის შვილნი, სულ უმცროსი შინ დარჩა მამასთანა, ერთი კი დიდი ხანია აღარ არის. იოსებმა ამ გამოკითხვიდან შეიტყო, რომ მისი მამა და უმცროსი ძმა, რომელიც ყველაზე მომეტებულად უყვარდა, ცოცხალნი არიან, მაგრამ ისე აჩვენა თავი, ვითომც მათი სიტყვები არა სჯეროდა და უთხრა: მაშ კარგი, მალე შევიტყობთ, მართალს ამბობთ თუ ტყუილსა: ერთი თქვენგანი გააგზავნეთ თქვენს ქვეყანაში და მან მოიყვანოს თქვენი უმცროსი ძმა; სხვანი კი აქ უნდა დარჩეთ ტყვედ, მანამ არ დაამტკიცებთ, რომ თქვენ ტყუილს არ მეუბნებით. ამის შემდეგ გაგზავნა ისინი საპყრობილეში და სამი დღე დამწყვდეული ჰყავდა. მესამე დღეს ბრძანა, რომ ძმები მეორედ მოეყვანათ მასთან და უთხრა მათ: მე მეშინიან ღვთისა და არავის წყენა არ მინდა. დეე, მარტო ერთი თქვენგანი დარჩეს საპყრობილეში და სხვანი კი წადით და მიიტანეთ თქვენს ოჯახობაში ნასყიდი პური. მაგრამ უმცროსი ძმა კი უთუოდ უნდა მომგვაროთ; თუ ამას არ იქმთ, სიკვდილი მოგელით.

მაშინ ძმებმა ერთმანეთში დაიწყეს ებრაულ ენაზე ლაპარაკი: შევცოდეთ ჩვენ, რომ დავღუპეთ უმცროსი ძმა. არ შევიბრალეთ მისი ხვეწნა და ტირილი გაყიდვის დროსა და აგერ, ჩვენ მისი ცოდვა გვეწია და გვსჯის. რას მოიფიქრებდნენ, თუ მათი ლაპარაკი კარგად ესმოდა იოსებსა, რომელმაც გული ვეღარ შეიმაგრა, წავიდა მეორე ოთახში და ატირდა. გული რომ მოიბრუნა, იოსები დაბრუნდა უკანვე და უბრძანა, ერთი მათგანი, სახელად სვიმონი, შეეკრათ მის თვალწინ და უკანვე საპყრობილეში წაეყვანათ, სხვებისთვის კი მიაცემინა პური და გაისტუმრა.

როცა ძმები დაბრუნდნენ შინა და უამბეს მამას თავიანთი თავგადასავალი, იაკობი ძალიან შეწუხდა და თქვა: თქვენ გინდათ, რომ მე სრულიად უშვილოდ დამაგდოთ. იოსები დამეღუპა, სვიმონიც არსადა სჩანს და ბენიამენიც გინდათ წამართვათ? არა, არასდროს ბენიამენს თქვენ არ გაგატანთ, გზაზე მას ხიფათი რამე შეემთხვევა და სიმწრით ჩამიყვანთ საფლავში.

ნაყიდი პური დაიხარჯა და შიმშილობა კი ისევ გრძელდებოდა. შიმშილით რომ არ დახოცილიყვნენ, იაკობის შვილები ხელმეორედ უნდა წასულიყვნენ ეგვიპტეში პურის საყიდლად. მოხუცებული იაკობისათვის მეტად სამძიმო საქმე იყო ბენიამენის მოშორება, მაგრამ უიმისოდ მის შვილებს არ შეეძლოთ ეგვიპტის უფროსს ჩვენებოდნენ. ბოლოს, როგორც იყო, შვილებმა დაიყოლიეს მამა ბენიამენის გატანებაზე.

იაკობმა გაამზადა შვილები სამგზავროდ, დაულოცა მათ გზა მშვიდობისა, ტირილით გამოემშვიდობა და გაისტუმრა.

იოსებმა ძმები მეორედ ძალიან ალერსიანად მიიღო. როცა მათი მისვლა მოახსენეს, მსახურთ უბრძანა, მის სახლში დაებინავებინათ ისინი, მიეყვანათ მათთან ის ძმა, რომელიც საპყრობილეში იყო და კარგად გამასპინძლებოდნენ. შემდგომ იოსებიც გამოვიდა მათთან და მეგობრულად დაუწყო გამოკითხვა: "მამათქვენი ხომ კარგად არის? მითხარით, მოხუცებულიაო. ჯერ ხომ კიდევ ცოცხალია? ეს არის თქვენი პატარა ძმა? ნუ მოგაკლოს, შვილო, ღმერთმა თავისი მოწყალება". - თქვა თუ არა ეს სიტყვები, საჩქაროდ გაბრუნდა და გავიდა სხვა ოთახში. მას ძალიან უყვარდა ბენიამენი, სიხარულისაგან გული ამოუჯდა, თავი ვეღარ შეიმაგრა და დაიწყო ტირილი. მერე, პირი რომ დაიბანა და გული გაიმაგრა, ისევ შევიდა თავის ძმებთან, მიიპატიჟა სუფრაზე და უბრძანა, საჭმელი მოერთმიათ. თვითონაც მათთან დაჯდა და სთავაზობდა საჭმელს, მეტადრე ბენიამენს.

ამასთან, ერთმა გარემოებამ მეტად გააკვირვა იოსების ძმები: მან ისინი დასხა წლოვანების რიგზე, თითქოს იცოდა, რომელი უფროსი იყო და რომელი - უმცროსი.

სადილზე იოსების ძმები ძალიან გამხიარულდნენ, რადგანაც სრულიად არ მოელოდნენ მეგობრულ მოქცევას და ალერსს. სადილის შემდეგ იოსებმა უბრძანა, მიეცათ მათთვის პური და ყველანი შინ გაისტუმრა.

იოსები კიდევ არ გაუტყდა ძმებს. იმიტომ, რომ უნდოდა, ჯერ გაეგო, ჰქონდათ თუ არა მათ შური უმცროსი ძმისა, რომელიც იოსების შემდეგ მამას მომეტებულად უყვარდა. მზად იყვნენ თუ არა, გამოსარჩლებოდნენ მას და ებრალებოდათ თუ არა მოხუცი მამა. ამ განზრახვით იოსებმა უბრძანა, ბენიამენის ტომარაში ჩუმად ჩაეტანებინათ თავისი ვერცხლის აზარფეშა.

როცა ძმები, რომელთაც ეს ამბავი ფიქრადაც არ მოუვიდოდათ, წავიდნენ თავიანთ გზაზე, იოსებმა გამოუყენა მათ თავისი ეზოსმოძღვარი.

- სიკეთისათვის ბოროტი რად გვიყავით? - დაუყვირა მათ სახლის გამგებელმა, როდესაც დაეწია და გააჩერა გზაზე.

ძმები სახტად დარჩნენ, ერთმანეთს დაუწყეს ცქერა და არ იცოდნენ, რაზე იყო ლაპარაკი.

- რად მოიპარეთ აზარფეშა ჩემი ბატონისა, ის აზარფეშა, რომლითაც იგი ღვინოსა სვამს?

- რას ბრძანებ, ბატონო? - მიუგეს შეძრწუნებულმა და შეშინებულმა ძმებმა, - ჩვენ იმისთანა ხალხი როდი ვართ, რომ მაგისთანა საქმე ჩავიდინოთ? თუ ჩვენგანს ვისმეს ის აზარფეშა უპოვეთ, სიკვდილით დაისაჯოს და ჩვენც ყველანი გავხდეთ მონანი შენის ბატონისა.

- კარგი, აგრე იყოს. ვისაც ვუპოვნი აზარფეშას, ის ჩემი მონა უნდა გახდეს.

ეს რომ თქვა ეზოსმოძღვარმა, დაუწყო გახსნა და ჩხრეკა ყველა ტომარას. აზარფეშა აღმოჩნდა ბენიამენის ტომარაში.

საშინელი თავზარი დაეცათ ძმებს. სიმწარით ტანისამოსი დაიგლიჯეს და სახედრებს უკანვე აქნევინეს პირი. როცა იოსების წინაშე წარდგნენ, მან სასტიკი საყვედურით მიიღო ისინი.

იუდა წინ წარდგა და მოახსენა:

- რაღა გვეთქმის, ბატონო, და რითიღა გავიმართლებთ თავს? ღმერთი უწინდელი შეცდომებისათვის გვსჯის. აი, ახლა ჩვენ, სულ ყველანი, შენს მონებად ვრჩებით.

- არა, - მიუგო იოსებმა, - მე მაგას არ ვიქმ. ჩემს მონად უნდა დარჩეს მარტო ის, ვის ტომარაშიც აზარფეშა იპოვეს. თქვენ კი ყველას, შეგიძლიათ მშვიდობით დაბრუნდეთ მამასთან.

მაშინ იუდამ ხვეწნა-ვედრება დაუწყო, რომ არ ექნა ეს იოსებს მათთვის: "მოხუცებულ მამაჩვენს ერთი დღეც არ შეუძლია იცოცხლოს უბენიამენოდ. თუ იგი მას დაკარგავს, უსათუოდ ჯავრით მოკვდება. როგორღა უნდა ვეჩვენო მოხუცებულ მამას, რა უნდა ვუთხრა, როგორ ვუცქირო მის საცოდაობას? არა, დამტოვე ამ ყმაწვილის მაგივრად შენს მონად და მას კი ნება მიეცი, წავიდეს შინ ძმებთან ერთად".

მაშინ კი იოსებმა ვეღარ შეიმაგრა თავი და ვეღარ დამალა თავისი ვინაობა. დაითხოვა ყველა მსახური და როცა ძმებთან მარტო დარჩა, მდუღარე ცრემლი წასკდა: "მე იოსები ვარ! ცოცხალია კიდევ მამაჩემი?"

ძმებს გონება სრულიად დაეკარგათ საშინელი განცვიფრებისაგან. მათ ერთი სიტყვაც ვერ მიუგეს, ისე შეეშინდათ. სირცხვილმა და შიშმა მოიცვა ისინი და ძმის წინ თავზარდაცემულნი იდგნენ.

მაშინ იოსებმა თქვა:

- ახლო მოდით ჩემთან.

მივიდნენ, მაგრამ ხმას კიდევ ვერ იღებდნენ.

- მე იოსები ვარ, - გაუმეორა, - თქვენი ძმა, სწორედ ის, რომელიც ეგვიპტელებს მიჰყიდეთ. მაგრამ ნუ სწუხართ ჩემს გაყიდვაზე. თვით უფალმა მომიყვანა აქ თქვენი სიცოცხლის გადასარჩენად. იჩქარეთ მამაჩემთან და ახარეთ ჩემი დიდება ეგვიპტეში. უთხარით ყველაფერი, რაც აქ ნახეთ და ჩქარა მომგვრეთ აქ.

მერე გაექანა, მოეხვია ყელზე ბენიამენს, ჰკოცნიდა და ორივე ტიროდა სიხარულით. მერე თვალცრემლიანმა ყველა ძმა დაჰკოცნა. ისინიც ტიროდნენ და ერთმანეთს ერწყმოდა მათი ცრემლები. მხოლოდ ახლა აეხსნათ მათ ენა და დაუწყეს იოსებს ლაპარაკი.

ფარაონმა რომ შეიტყო თავისი საყვარელი იოსების სიხარული, თვითონაც გაიხარა და უბრძანა, რომ მის მაგივრადაც მოეწვიათ იაკობი ეგვიპტეში. იოსებმა გაისტუმრა ძმები მრავალი საჩუქრით და მდიდრული ეტლები გაატანა მამის გადმოსაყვანად.

- იოსები ისევ ცოცხალია და უფლობს მთელ ეგვიპტეზე, - ახარეს იაკობს შვილებმა, როდესაც შინ დაბრუნდნენ ეგვიპტიდან და მამას ყელზე ეხვეოდნენ.

მოხუცებული მამის გული შეჩვეული იყო მწუხარებას საყვარელი შვილის დაკარგვის გამო და ამიტომ იაკობი არ ერწმუნებოდა მათ სიტყვას. მაგრამ როცა შვილებმა იოსების ყველა სიტყვა გადასცეს, დაწვრილებით უამბეს ყველაფერი და აჩვენეს იოსების გამოგზავნილი ეტლები, სულით გაცოცხლდა და თქვა:

- ჰოი, ბედნიერებავ! ნუთუ იოსები კიდევ ცოცხალია! წამიყვანეთ და მაღირსეთ მისი ნახვა, სანამ სიკვდილს არ უსწრია ჩემთვის.

ეგვიპტეში გამგზავრებამდე იაკობი მივიდა ბერშებაში და შესწირა მსხვერპლი თავისი მამის, ისააკის, ღმერთს.

იაკობს ღამით ღმერთი გამოეცხადა და უთხრა:

- იაკობ, იაკობ!

- აქა ვარ, - მიუგო იაკობმა

- მე ვარ ღმერთი, ღმერთი მამაშენისა. ნუ გეშინია ეგვიპტეში ჩასვლის, რადგან იქ გაქცევ დიდ ხალხად. მეც ჩაგყვები ეგვიპტეში, მევე ამოგიყვან იქიდან და იოსები დაგიხუჭავს თვალებს საკუთარი ხელით, - უთხრა ღმერთმა იაკობს.

იაკობი საჩქაროდ მოემზადა ეგვიპტეში წასასვლელად, ჩააბარგა მთელი თავისი ქონება, განძეულობა და შვილებით და შვილიშვილებით გაუდგა გზას. იაკობის მოდგმა, ეგვიპტეში რომ ჩავიდა, სულ სამოცდაათი სული იყო.

წინასწარ გაგზავნა იაკობმა იუდა იოსებთან, რომ იგი დახვედროდა მათ გოშენში. შეკაზმა იოსებმა თავისი ეტლი და დაიძრა მამის შესახვედრად გოშენისკენ. იხილა იგი, ყელზე მოეჭდო და დიდხანს ტიროდა.

- რაკიღა ცოცხალს გხედავ, ახლა თუნდაც მოვკვდე, - უთხრა მამამ შვილს.

- წავალ, ვამცნობ ფარაონს და ვეტყვი: ჩემი ძმები და მამისსახლი, ქანაანის ქვეყანაში რომ იყვნენ, ჩემთან ჩამოვიდნენ. მეცხვარეები არიან-მეთქი, მესაქონლეები; ცხვარ-ძროხა და ყველაფერი, რაც კი ებადათ, წამოასხეს-მეთქი. როცა მოგიხმობთ ფარაონი და შეგეკითხებათ, რა საქმეს მისდევთო, უთხარით, მეჯოგე ხალხი ვართ შენი მორჩილი სიყრმიდან დღემდე, ჩვენცა და ჩვენი მამა-პაპაც-თქო, რათა დაემკვიდროთ გოშენის მხარეში, რადგან ეგვიპტელს სძულს ყოველი მეცხვარე, - ურჩია იოსებმა მამას და ძმებს.

მივიდა იოსები და ამცნო ფარაონს: მამაჩემი და ჩემი ძმები თავიანთი ცხვარ-ძროხითა და მთელ საბადებლითურთ ჩამოვიდნენ ქანაანის ქვეყნიდან. აჰა, უკვე გოშენის მხარეში არიან. ძმათაგან ხუთი კაცი წამოიყვანა და წარუდგინა ფარაონს.

- რა საქმეს მისდევთ? - ჰკითხა ფარაონმა იოსების ძმებს.

- მეცხვარეები გახლავართ, შენი მორჩილნი, როგორც ჩვენი მამა-პაპები იყვნენ. მდგმურად მოვედით ამ ქვეყანაში, რადგან აღარ გვქონდა საძოვარი ცხვრისათვის თქვენ მორჩილთ; მძიმე გახდა შიმშილი ქანაანის ქვეყნად. დაგვასახლე შენი მორჩილნი გოშენის მხარეში, - მიუგეს იაკობის ვაჟებმა

- იოსებ, წინაშეა ეგვიპტის ქვეყანა. საუკეთესო მიწაზე დაასახლე მამაშენი და შენი ძმები; დაესახლონ გოშენის მხარეში. თუ გამოძებნი მათ შორის მარჯვე კაცებს, დაუდგინე სარქლებად ჩემს საქონელს, - უთხრა ფარაონმა იოსებს.

მიიყვანა იოსებმა თავისი მამა, იაკობი და წარუდგინა ფარაონს. დალოცა იაკობმა ფარაონი.


ფარაონმა იაკობს ჰკითხა:

- რამდენი წლისა ხარ?

- ას ოცდაათ წელს ითვლის ჩემი მდგმურობის ხანი; მცირეა, მაგრამ ტანჯვით არის სავსე ჩემი ცხოვრების წლები. ჯერ ვერ მივაწიე ჩემი წინაპრების ხანს, მდგმურობაში რომ გაუტარებიათ, - მიუგო ფარაონს იაკობმა.

დაასახლა იოსებმა მამა და ძმები, მისცა მათ სამფლობელოდ საუკეთესო მიწა ეგვიპტის ქვეყანაში, რამსესის მხარეში, როგორც ფარაონს ჰქონდა ნაბრძანები. ამარაგებდა იოსები მამას და ძმებს, მამის სახლს პურით. პური არ იყო მთელ ქვეყანაში, რადგან იმატა შიმშილობამ მეტისმეტად; მოუძლურდა ეგვიპტის ქვეყანა და ქანაანი შიმშილისგან. მთელი ვერცხლი, რაც კი ეგვიპტეში და ქანაანში იპოვებოდა, იოსებმა მოიხვეჭა გაყიდული პურის ფასად და შესძინა ფარაონის სახლს.

გამოილია ვერცხლი ეგვიპტესა და ქანაანში, და მოვიდა მთელი ეგვიპტე იოსებთან და უთხრა:

- მოგვეცი პური. ვერცხლი რომ გამოგველია, ამისთვის ხომ არ უნდა დავიხოცოთ შენ თვალწინ?

- მოასხით საქონელი და მოგცემთ საქონლის ფასად, ვერცხლი თუ გამოგელიათ, - უთხრა მათ იოსებმა.

მიჰყავდათ იოსებთან საქონელი და აძლევდა მათ იოსები პურს ცხენების, ცხვრის ფარის, ნახირის და სახედრების საფასურში; ამარაგებდა მათ იმ წელიწადს პურით მთელი მათი საქონლის საფასურად.

მიიწურა ის წელიც და მივიდნენ მასთან მეორე წელს და უთხრეს: არ დავუმალავთ ჩვენს ბატონს, რომ გამოგველია ვერცხლიცა და საქონლის ჯოგიც ჩვენი ბატონისთვის მისაცემად; არაფერი შეგვრჩა ჩვენი ბაგონის წინაშე, გარდა ჩვენი თავისა და ჩვენი მიწისა. რისთვის უნდა დავიხოცოთ შენს თვალწინ და განადგურდეს ჩვენი ყანები? გვიყიდე ბარემ ყანებიანად პურის საფასურში და მონებად გავუხდებით ფარაონს ჩვენცა და ჩვენი ყანებიც.

მოგვეცი მარცვალი, რომ ცოცხლები დავრჩეთ და არ ამოვწყდეთ, და მიწაც არ გაუკაცრიელდეს.

შეუსყიდა იოსებმა ეგვიპტის მთელი მიწა ფარაონს, რადგან გაყიდეს ეგვიპტელებმა თავიანთი ყანები გაუსაძლისი შიმშილის გამო. ასე დაეუფლა მიწას ფარაონი.

გადაჰყავდა ხალხი ქალაქებში ეგვიპტის ერთი კუთხიდან მეორე კუთხეში. უთხრა იოსებმა ხალხს: აჰა, ნაყიდი მყავხართ ახლა ფარაონისთვის თქვენცა და თქვენი მიწებიც. აჰა, თესლი და დათესეთ პური. მოსავლის აღებისას მეხუთედი ფარაონს მიეცით, ხოლო ოთხი წილი ყანის დასათესად და საკვებად დაიტოვეთ თქვენს სახლში მყოფთათვის და თქვენი წვრილშვილისთვის.

- შენ შეგვინარჩუნე სიცოცხლე! გვეპოვოს მადლი ჩვენი ბატონის თვალში და მონებად გავუხდებით ფარაონს, - მიუგო ხალხმა იოსებს.

ეგვიპტეში იაკობმა ჩვიდმეტი წელიწადი კიდევ იცოცხლა. სიკვდილის წინ აკურთხა ჯერ იოსების ორი შვილი, შერაცხა ისინი მემკვიდრეობის უფლებით თავის შვილებში; მერმე დაიბარა შვილები, დალოცა ისინი და აკურთხა. ამასთან, ერთ მათგანს, იუდას, უწინასწარმეტყველა, რომ მის შთამომავლობაში არ გამოილეოდნენ მთავარნი და მეფენი, სანამ არ მოვიდოდა ქვეყნად მაცხოვარი, რომელიც იქნებოდა მისივე შთამომავლობისა. შემდეგ იაკობმა სთხოვა შვილებს, რომ მისი ცხედარი წაეღოთ ქანაანის ქვეყანაში და დაესაფლავებინათ პაპასთან და მამასთან. ბოლოს, შეავედრა სული თვისი ღმერთს და მშვიდობით მიიძინა ასორმოცდაშვიდი წლისამ.

იოსებმა და სხვა შვილებმა მამის ანდერძი აღასრულეს და დაასაფლავეს იგი აბრაამსა და ისააკთან.

როცა დასაფლავების შემდეგ ეგვიპტეში დაბრუნდნენ, იოსების ძმები შეფიქრიანდნენ, ვაი, თუ ჩვენმა ძმამ ახლა გადაგვიხადოს სამაგიერო იმ ბოროტებისათვის, რომელიც დავმართეთო. მივიდნენ ერთად იოსებთან, თავი მდაბლად დაუკრეს და მოახსენეს: "გვაპატიე ჩვენი შეცოდება შენ წინაშე. ჩვენ ახლა შენი მონანი ვართ".

იოსებმა დააიმედა ისინი: "ნუ გეშინიათ, რაც თქვენ მე მიყავით, ღმერთმა სიკეთედ მიქცია. მე არამცთუ ცუდი არ მსურს თქვენთვის, არამედ სიკვდილამდე თქვენზე მზრუნველი და მფარველი ვიქნები".

დამშვიდებული ძმები დაბრუნდნენ სახლებში და კეთილად ცხოვრობდნენ იოსების მფარველობით. როცა იოსები კვდებოდა, ძმებს ანდერძად დაუბარა: "როცა უფალმა გაგიყვანოთ აქედან ქანაანის ქვეყანაში დასაბრუნებლად, ჩვენი ძმები ამოიღეთ საფლავიდან, წაიღეთ თან და დამარხეთ ჩემს მამა-პაპასთან".

ხატის წყარო


* * *

31 მარტს (13.04) ასევე აღესრულება წმინდა ინოკენტის, მოსკოველი მიტროპოლიტის (+1879 წ.), ვლას ამორიელის ხსენება

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.03.2024
წმინდა ათანასეს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია იხსენიებს 01 იანვარს (გარდაცვალების დღეს);
28.03.2024
1 (14 იანვარს), დიუსელდორფის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძრის მართლმადიდებლური მრევლი აღნიშნავს წმიდა ბერის კლარუს სელიგენშტადტელის ხსენებას.
28.03.2024
წმინდანი დაიბადა პატარა სოფელში, რომელსაც ახლა უწოდებენ სენ-კლერ-დიუ-რონს (Saint-Clair-du-Rhone), ისერში (Isère),ვენის სამხრეთით, საფრანგეთში.
28.03.2024
ღირსი კუან ირლანდიელი (მოკუა, მონკანი, მონკაინი, კლაუნი; ირლანდიური. Cuan, Mochua, Moncan, Moncain, Claunus) ცხოვრობდა მე-6 საუკუნის ირლანდიაში.
28.03.2024
ღირსი მამა წარმოშობით ბრეტანიდან იყო. ის შესაძლოა წმინდანების კადფანის და ჰივინუსის ბიძაშვილი იყო. მალრისი გადავიდა ბრიტანეთში,
26.03.2024
მცირე აზიაში, ბითინიაში, პრუსას (დღევანდელი ბურსა) სიახლოვეს მდებარეობდა ქალაქი ტრიგლია (დღევანდელი ზეიტინბაღი), რომელიც ბიზანტიურ ეპოქაში ცნობილი იყო თავისი მონასტრებით, ესენია:
26.03.2024
წმ. ევგენდი გახლდათ კონდატის (იურას) მონასტრის მეოთხე აბატი, დაიბადა დაახლოებით 449 წელს იზერნორში, აინში, ფრანშ-კონტეში;
26.03.2024
თავის წიგნში "ინგლისელი ხალხის საეკლესიო ისტორიაში" წმინდა ბედა წერდა:
31.01.2024
სენაკი, სამეგრელოს ერთ-ერთი გამორჩეული ქალაქი თავისი ტრადიციებით, საუკეთესო წარმომადგენლებით, განათლებით, კულტურით,
30.11.2023
ქართული ეკლესია წელს, 2 ნოემბერს, პირველად აღნიშნავს წმინდა გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საქართველოს ეკლესია სამოციქულოა. გადმოცემის მიხედვით, სულთმოფენობის შემდგომ, როცა მოციქულებმა წილი ჰყარეს და სხვადასხვა ქვეყანაში წავიდნენ საქადაგებლად, საქართველო ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ერგო

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler