ღირსი მალქოს ასური IV საუკუნეში ცხოვრობდა. იგი იყო ანტიოქიელი მიწათმოქმედის ერთადერთი ვაჟი. მშობლებს უნდოდათ მისი დაქორწინება.
იმედოვნებდნენ, რომ მალქოსიც მიწათმოქმედი იქნებოდა და გაუძღვებოდა საოჯახო მეურნეობას. ბიჭმა მშობლებს განუცხადა, რომ ერისკაცობაზე მეტად ბერობა იზიდავდა. მიუხედავად მამის მუქარისა და დედის შეგონებებისა, მან უარი თქვა იძულებით ქორწინებაზე, წავიდა სახლიდან და შორეულ მონასტერში შეუდგა მორჩილის მსახურებას.
მამის სიკვდილის შემდეგ მალქოსმა დედის მონახულება გადაწყვიტა - სურდა, ენუგეშებინა დაქვრივებული დედა. ფიქრობდა, მამისგან დანატოვარი ქონების ნაწილი ღარიბებისთვის დაერიგებინა, ნაწილი მონასტრისთვის შეეწირა, ზოგიც საკუთარი საჭიროებისათვის მოეხმარებინა.
მონასტრის იღუმენმა მორჩილს კურთხევა არ მისცა. ღვთისმსახური თვლიდა, რომ მალქოსის გადაწყვეტილება კეთილი საქმის სახელით შენიღბული ეშმაკის საცდური იყო.
- ეს, - ამბობდა იღუმენი, - იგივეა, რაც წმინდა წერილში წერია: "ძაღლი მიუბრუნდა თავის ნარწყევს და ნაბანი ღორი კვლავ წუმპეში ჩაგორდა" (2 პეტრ. 2.22) ასე ბევრი ბერი მოტყუებულა, ბოროტი პირდაპირ არავის ებრძვის".
თავისი ნათქვამის განსამტკიცებლად იღუმენმა წმინდა წერილიდან ბევრი ადგილი წაუკითხა მალქოსს, მაგრამ ამაოდ, ვერ მოახერხა მორჩილის დარწმუნება, არ დაბრუნებულიყო შინ.
ემშვიდობებოდა იღუმენი მალქოსს და თან ტიროდა, თითქოს სასაფლაოზე აცილებდა.
- ვხედავ, შვილო, რომ სატანის ხელში ჩავარდი, - ასეთი იყო იღუმენის ბოლო სიტყვები, - აღარაფერს შეგეკითხები და არც შენს თავის მართლებას მოვისმენ. ფარას ჩამორჩენილი ცხვარი მაშინვე მგლის კერძი ხდება...
იმ გზაზე, რომელიც მალქოსს უნდა გაევლო, მოგზაურებს ხშირად ესხმოდნენ თავს სარკინოზები; ამიტომ, ისინი, ვისაც გადაწყვეტილი ჰქონდა მგზავრობა, ერთ ჯგუფად იკრიბებოდნენ, რათა სარკინოზების თავდასხმისას ერთმანეთის დაცვა შეძლებოდათ. მალქოსიც ერთ ასეთ ჯგუფს მიეკედლა, რომელთა შორის ქალებიც იყვნენ. მაგრამ, წინასწარი ზომების მიუხედავად, თავდასხმას და ტყვეობას ვერ გადაურჩა. ერთ ქალთან ერთად, რომელიც საკუთარ ქმარს დააცილეს, ვინმე არაბის კუთვნილება შეიქნა, რომელმაც ისინი აქლემზე შესვა და შინ წაიყვანა (იმ ქალის ქმარი სხვა სარკინოზს ერგო).
დიდ სინანულში ჩავარდა მალქოსი, იღუმენს რომ არ დაუჯერა, მაგრამ რაღას იზამდა! მშობლების სამემკვიდრეოს მფლობელობის ნაცვლად ახლა ის თვით აღმოჩნდა სარკინოზის ხელში. მოძალადე მეპატრონის აქლემით მთელი არაბეთის უდაბნო გადაიარეს და მის ქვეყანაში მოხვდნენ.
სარკინოზმა ტყვეები მოჯამაგირედ და მოახლედ დაიყენა და ოჯახში ყველაზე მძიმე საქმეებს აკეთებინებდა. მოგვიანებით მან მალქოსს უდაბნოში ფარის მწყემსობა დაავალა. მალქოსს ნუგეშად ისღა დარჩენოდა, რომ თავისი მწყემსობით იაკობისა და მოსეს მსგავს ცხოვრებისეულ ვითარებაში ეგრძნო თავი და ფსალმუნების გალობით მიეღო შვება.
მაგრამ ეშმაკის ხვანჯები ტყვეობაშიც არ ასცდა მალქოსს. როდესაც სარკინოზმა დაინახა, რომ მალქოსი მას გულმოდგინედ და კეთილსინდისიერად ემსახურებოდა და ფარაც გაუმრავლა, გადაწყვიტა, სიკეთითვე მიეგო მისთვის და ცოლად შესთავაზა ქალი, რომელიც მასთან ერთად წამოიყვანა. მალქოსმა უპასუხა, რომ ის ქრისტიანია და ქრისტიანთა კანონით არ შეიძლება ქორწინება ქალზე, რომელსაც ქმარი ცოცხალი ჰყავს. გაშმაგებულმა სარკინოზმა მახვილი იშიშვლა მალქოსის მოსაკლავად და მალქოსიც ქალს მოეხვია, ვითომ თანხმობის ნიშნად, რათა სარკინოზის რისხვა დაეცხრო. მერე კი ქალი თავისთან წაიყვანა და ფიქრებს მიეცა: "ნუთუ იმიტომ დავიმარხე ქალწულობა, რომ სიჭარმაგე-ში სხვისი ცოლის ქმარი გავმხდარიყავი? ნუთუ იმიტომ დავტოვე სიჭაბუკეში სახლ-კარი და ღვთის სამსახურისთვის უარი ვთქვი ქორწინებაზე, რომ ჩამედინა ის, რაც თავიდან აღვიკვეთე? არა, სჯობს დაიღუპოს ჩემი სხეული, ვიდრე სული დავღუპო საუკუნოდ! დაე, აქ დარჩეს ჩემი წამებული სხეული - თავად გავხდები სკუთარი თავის მწამებელიც და წამებულიც!" მერე ფიქრებიდან გამოერკვა და მიმართა ქალს:
- იყავი მშვიდად, დედაკაცო; შენთვის უმჯობესი იქნება, ვიყო მკვდარი წამებული, ვიდრე გექმრო ცოცხალი ქმრის პატრონს! - იშიშვლა ხმალი და წვერით გულზე მიიბჯინა.
ქალი ფეხებში ჩაუვარდა და იესო ქრისტეს სახელით სთხოვა, - არ დაეღვარა საკუთარი სისხლი, ხოლო თუ სიკვდილს ეძიებდა, ჯერ იგი მოეკლა და მერე საკუთარი თავი. ქალმა ისიც გაუმხილა - კიდეც რომ დაბრუნებოდა საკუთარ ქმარს, მტკიცედ გადაეწყვიტა, დარჩენილი სიცოცხლე უბიწოდ გაეტარებინა. ამიტომ ფარული შეთანხმება შესთავაზა მალქოსს: დაე, ჩვენმა მტარვალმა ჩაგვთვალოს ცოლ-ქმრად, ხოლო ჩვენ ვიყოთ უმანკონი ერთმანეთის მიმართ და ქრისტე ღმერთს ხომ ეცოდინება, რომ შენ სულიერი ძმა ხარ! ჩვენი ბატონებიც უფრო მოგვენდობიან, როდესაც ცოლ-ქმრად ჩაგვთვლიან.
მალქოსი აღაფრთოვანა ქალის ასეთმა წმინდა განზრახვამ და დათანხმდა მის სიტყვებს. ასე იცხოვრეს მათ ერთხანს და პატრონის სრული ნდობა და კეთილგანწყობილება მოიპოვეს. ზოგჯერ მალქოსი თვეობით არ იყო ხოლმე შინ, როგორც მისი ფარის ერთგული მწყემსი.
ერთხელ, დატყვევებიდან კარგა ხნის შემდეგ, ღირს მალქოსს, ბუნებაში განმარტოებულს, მოეძალა ფიქრები თავის მონასტერზე - გაახსენდა იღუმენი, ვისთანაც საღმრთო წერილში და ბერულ ცხოვრებაში განისწავლებოდა; გაიხსენა ის დარიგებაც, რომელიც მისგან მიიღო და არ დაემორჩილა და ამ დროს თავის შორიახლოს შენიშნა ჭიანჭველები.
პატარა, ვიწრო ალაგზე მიმოდიოდნენ ეს პაწაწკინ¬ტელა მწერები და საკუთარ თავზე მძიმე ტვირთი დაჰქონდათ: ერთნი თესლს დაატარებდნენ, სხვები მიწას ზიდავდნენ ჭიანჭველების ბუდის შიგნიდან - საფარს იკეთებდნენ წვიმისაგან დასაცავად, მესამენი - ზამთრისათვის საკვებს იმარაგებდნენ და ნესტრით აქუცმაცებდნენ მარცვლებს, სხვებს თავიანთი მკვდრების ცხედრები გამოჰქონდათ და, რაც ყველაზე გასაკვირი იყო - მათი ასეთი სიმრავლის მიუხედავად, საბუდარიდან გამოძრომისას და შეძრომისას ერთმანეთს ხელს არ უშლიდნენ; პირიქით, როცა დაინახავდნენ, რომ რომელიმეს დიდი სიმძიმე მოჰქონდა, იმწამსვე მიაშურებდნენ ხოლმე დასახმარებლად. ამ სურათის შემყურე მალქოსს სო¬ლომონის სიტყვები გაახსენდა: "მიდი ჭიანჭველასთან, მცონარავ, დააკვირდი მის ქცევას და ჭკუა ისწავლე. არა ჰყავს მას არც უფროსი, არც ზედამხედველი, არც ბატონი. ზაფხულობით იმარაგებს თავის პურს, აგროვებს თავის საზრდოს მოსავლის აღებისას" (იგ.სოლ. 6, 6-8). გუნებაში იმ აზრმაც გაუელვა, რომ მისი ცხოვრება მონასტერში ამ ჭიანჭველების ფუსფუსს ჰგავდა - სადაც ყველანი მუშაობენ და საკუთარი არავის არაფერი აქვს, ყველაფერი საერთოა, და კიდევ უფრო დაამწუხრა საკუთარმა ტყვეობამ და თავისი მონასტერი და კერა მოანატრა.
როდესაც მისმა ქრისტესმიერმა დამ მოწყენით ნახა, მიზეზი ჰკითხა და, მისდა გასაკვირად, ქალმა იგი გასაქცევად განაზრახა; ოღონდ სთხოვა, - თუ დაუსხლტებოდნენ თავიანთ ამჟამინდელ პატრონებს, არ მიეტოვებინა და ქალთა მონასტერში განემწესებინა. მართლაც, დიდი ბჭობის შემდეგ, გაქცევის გეგმები დააწყეს, ერთ მშვენიერ დღეს ახსენეს ღმერთი და გზას გაუდგნენ.
მეტწილად ღამით მიდიოდნენ, რაც სარკინოზების და გამთანგავი მზის შიშით იყო გამოწვეული. ასე იარეს ორი დღე, მრავალი დაბრკოლება გადალახეს და მესამე დღეს, ერთ ბექობთან შეყოვნდნენ, უკან მოიხედეს და დაინახეს ორი სარკინოზი, მდევარი - ყოფილი პატრონი და მისი მოჯამაგირე იყვნენ, აქლემებით გამოჰკიდებოდნენ.
საწყლები შიშით გაშეშდნენ, მაგრამ დიდ არს უფალი - უეცრად თავიანთ სიახლოვეს ღრმა გამოქვაბული შენიშნეს. დადგნენ არჩევანის წინ: ელოდათ ან მხეცისა თუ გველისაგან მოგვრილი საფრთხე, რომლებიც ამგვარ გამოქვაბულებში ბინადრობენ ხოლმე, ან უეჭველი სიკვდილი ბარბაროსებისაგან. მათ გადაწყვიტეს: - თუ ღმერთი გვიშველის, სიკვდილს განგვარიდებს, ხოლო თუ მიგვატოვებს ჩვენ, როგორც ცოდვილთ, ეს გამოქვაბული ჩვენი საცხედრე გახდებაო.
მალქოსმა და ქალმა პირჯვარი გადაისახეს და გამოქვაბულის სიბნელეს მისცეს თავი, შესასვლელის ახლოს კედელს აეკრნენ და გაიტრუნნენ. მკვდრებივით იყვნენ - მხოლოდ იმის ძალა შერჩენოდათ, ქრისტეს სახელი წარმოეთქვათ. სარკინოზებმა, რომლებმაც, რა თქმა უნდა, დაინახეს, როგორ დაიმალნენ ისინი გამოქვაბულში, საზარელი ხმით დაიღრიალეს: "გამოდით გარეთ, ბოროტმოქმედნო!" მაგრამ, როდესაც პასუხი ვერ მიიღეს, მუქარითა და ლანძღვით მიიჭრნენ გამოქვაბულთან. ბატონი ამოღებული ხმლით დადგა შესასვლელთან, ხოლო მისი თანმხლები შევარდა გამოქვაბულში და გასცდა კიდევაც ლტოლვილთ, რადგან მზის სინათლიდან სიბნელეში შესულს ადამიანების გარჩევა უჭირდა...
უეცრად გამოქვაბულის სიღრმიდან გამოვარდა ძუ ლომი, ჩაავლო პირი, ყელი გამოღადრა და თავის ბუნაგში წაათრია გამოქვაბულის სიღრმისაკენ. მალქოსი და ქალი ჩურჩულით ლოცულობდნენ და პირჯვარს იწერდნენ... ბატონმა გასძახა მოჯამაგირეს და, როდესაც პასუხი ვერ მიიღო, იფიქრა, რომ ის მისმა ნატყვევარებმა მოაშთეს და გაცეცხლებული, კბილების ღრჭენით შევარდა გამოქვაბულში; რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა მოასწრო და მასაც იგივე ბედი ეწია - ძუ ლომმა ისიც დაგლიჯა. ამის შემდეგ ლომმა ბუნაგიდან პირით გამოიყვანა თავისი ბოკვერი, უნდილი მზერით შეათვალიერა კედელს აკრული ადამიანები და მშვიდად გამოვიდა გამოქვაბულიდან.
მალქოსი და ქალი კარგა ხანს იყვნენ გარინდებულნი. მერე, როცა დარწმუნდნენ, რომ ლომი უკვე შორს იქნებოდა, გამოვიდნენ სამალავიდან. იქვე მდგომი სარკინოზების საგზალაკიდებული აქლემები დაინახეს. მშიერ–მწყურვალნი მომაგრდნენ, შესხდნენ აქლემებზე და გაუდგნენ გზას. ათი დღის შემდეგ უკან მოიტოვეს უდაბნო და სამშვიდობოს გააღწიეს. მალქოსმა თავისი სულიერი და დედათა მონასტერს მიაბარა, ხოლო თვითონ თავის მონასტერს დაუბრუნდა.
შემდეგში იგი ხშირად იგონებდა თავისი სავანის საძმოს წინაშე წინამძღვრისადმი საკუთარი დაუჯერებლობის სავალალო შედეგს და მოძღვრისადმი მორჩილებისა და თვით ყველაზე გამოუვალ მდგომარეობაშიც უფლისადმი მტკიცე სასოებისაკენ მოუწოდებდა მათ!
წმინდა მალქოსი სიცოცხლის ბოლომდე თავმდაბლად მოსაგრეობდა მონასტერში და მშვიდობით აღესრულა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი