IV-V საუკუნეებში, იმპერატორების არკადის და ჰონორიუსის მეფობის ჟამს რომში ერთი ცნობილი და მდიდარი დიდებული ცხოვრობდა, სახელად ევთვიმიანე,
ის იმდენად შეძლებული გახლდათ, რომ მის სამიათასამდე მსახურსაც კი აბრეშუმის სამოსი ეცვათ. მაგრამ, მიუხედავად ამისა, მაინც არ იყო ის ბედნიერი, რადგან მას და მის ცოლს ბავშვი არ უჩნდებოდათ. ევთვიმიანე მკაცრად იცავდა ღვთის მცნებებს და სიკეთით გამოირჩეოდა: ყოველდღიურად თავის სახლში სამ ტრაპეზს აწყობდა, ქვრივ-ობლებისთვის, გლახაკებისა, მწირებისა და სნეულებისთვის. თვითონ მხოლოდ მეცხრე ჟამის შემდეგ ჭამდა საჭმელს, რომელიმე პილიგრიმ მონაზონთან ერთად, ამ დრომდე კი ყოველთვის მარხულობდა. თუ ისე მოხდებოდა, რომ ჩვეულებრივზე ცოტა გლახაკი მივიდოდა მოწყალებისთვის, სულშემუსვრილი ევთვიმიანე მიწაზე დაემხობოდა, ტიროდა და იტყოდა: "ღირსი არა ვარ ჩემი უფლის მიწაზე ცხოვრებისა". მისი მეუღლე აგლაიდა ღვთისმოშიში ქალი იყო და ქმარივით უაღრესად მოწყალე. ისიც უხვად გასცემდა მოწყალებას. თავის უნაყოფობით შეწუხებული ღმერთს ვაჟის მიცემას შესთხოვდა, რომელიც მისი სიხარული და დასაყრდენი იქნებოდა სიბერის ჟამს. უფალმა შეისმინა მისი ლოცვები და მისცა ვაჟი, რომელსაც წმინდა ნათლისღებისას ალექსი უწოდეს. ექვსი წლის ალექსი მასწავლებელს მიაბარეს, ის ადვილად დაეუფლა საერო საგნებს, ხოლო უფრო კარგად კი საღმრთო წერილი და საეკლესიო წიგნები შეისწავლა. ყრმა გონიერ და ღვთისმოშიშ ჭაბუკად აღიზარდა. მალე შეიცნო ამსოფლიური სიკეთის მსწრაფლწარმავალობა და გადაწყვიტა განრიდებოდა მას, ამიტომ შიშველ სხეულზე უხეშ ფიჩვს იცვამდა. როცა სრულ ასაკს მიაღწია, ევთვიმიანემ სამეფო გვარის გოგონაზე დასწერა ჯვარი წმინდა ბონიფანტეს ტაძარში. მთელი დღე მხიარულებაში გაატარეს. ზეიმის დასრულების შემდეგ, წმინდა ალექსი, მამის კურთხევით, მეუღლის ოთახში შევიდა. ცოლი სავარძელში მჯდარი დახვდა. ალექსიმ თავის ოქროს ბეჭედი ძვირფას ქამართან ერთად ძოწეულის ქსო¬ილში გაახვია, მეუღლეს გადასცა და უთხრა:
- შეინახე ეს, დაე უფალი იყოს ჩვენს შორის, იმოქმედოს თავისი მადლით, ჩვენი ახალი, ჭეშმარიტი ქრისტიანული ცხოვრების ჩამოყალიბებისას, - და თავის ოთახში გავიდა.
იქ მან ძვირფასი სამოსი მწირის სამოსით შეიცვალა, თავისი ქონებიდან მცირეოდენი ოქრო და რამდენიმე ძვირფასი ქვა აიღო, მერე კი ჩუმად დატოვა სახლი და ქალაქი. ზღვისპირას ლაოდიკიისკენ მიმავალი გემი ნახა, ჩაჯდა და წავიდა. მგზავრობის დროს უფალს შესთხოვა შეწევნა. ლაოდიკიაში მესოპოტამიისკენ მიმავალი მგზავრები ნახა და მათ შეუერთდა. მათთან ერთად ედესაში ჩავიდა, სადაც მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი ინახებოდა, რომელიც უფალმა მიწიერ სიცოცხლეში ედესის მთავარს, ავგარს გაუგზავნა. წმინდა ალექსი ეთაყვანა მაცხოვრის ხატს, შემდეგ ძვირფასეულობა გაყიდა, ფული გლახაკებს დაურიგა, ძონძები ჩაიცვა და მოწყალების თხოვნა დაიწყო, დღედაღამ ღვთისმშობლის ტაძრის ბჭეში იდგა და მკაცრად მოსაგრეობდა: მუდმივად მარხულობდა, მხოლოდ მცირე პურს იღებდა. წყალსაც კი ზომით სვამდა. ყოველ კვირას ეზიარებოდა უფლის სისხლსა და ხორცს და მოგროვილ შემოწირულობას მოხუცებულ გლახაკებს ურიგებდა. გონებით უფალთან აწეული, მუდამ თავჩაღუნული დადიოდა. ამგვარი მკაცრი ცხოვრებისგან ძვალი და ტყავი დარჩა, სახის მშვენიერება გაუუფერულდა, თვალები ჩაუვარდა, მხედველობა შეუსუსტდა.
... გათენებისას ალექსის მშობლები სარძლოს ოთახში შევიდნენ და გოგონა დამწუხრებული იხილეს. შვილს ყველგან დაუწყეს ძებნა. ვერსად იპოვნეს. საცოდავი დედა შევიდა თავის ოთახში, სარკმელი ჩაკეტა, ძაძა შეიმოსა, თავზე ნაცარი წაიყარა და მწარედ ატირებულმა აღთქმა დადო, - ამ ოთახიდან არ გამოვალ, ვიდრე არ გავიგებ, ჩემს ვაჟს რა შეემთხვაო. საცოლემაც აცრემლებულმა უთხრა: არც მე განგეშორები და აქ დაველოდები ჩემი ქმრის ამბავის გაგებასო.
მამამ ყველგან ხალხი გააგზავნა შვილის მოსაძებნად. მისი ხალხი ედესაშიც ჩავიდა. ისინი წმინდა ალექსისაც შეხვდნენ, მაგრამ ვერ იცნეს, გლახაკად ჩათვალეს და მოწყალება მისცეს. წმინდა ალექსიმ იცნო ისინი და მადლობა შესწირა ღმერთს, რომ შესაძლებლობა მისცა მოწყალება თავის მსახურებისგან მიეღო. მსახურები ხელცარიელნი დაბრუნდნენ ალექსის მამასთან.
წმინდა ალექსიმ ედესაში ღვთისმშობლის ეკლესიასთან ჩვიდმეტი წელი იცხოვრა და თავისი ცხოვრებით ღვთის სიყვარული მოიპოვა. ამ პერიოდში ხილვა ჰქონდა ტაძრის მნათეს, მას ღვთისმშობლის ხატიდან უფლის დედის ხმა მოესმა:
- ტაძარში შემოიყვანე კაცი ღვთისა, რომელიც ღირსია ზეციური სასუფევლისა, მისი ლოცვა, როგორც კეთილსურნელოვანი საკმეველი, აღიწევა ღმერთთან და სულიწმიდა განისვენებს მას ზედა, ვითარცა სამეფო გვირგვინი.
მნათემ დაუწყო ძებნა ღვთისკაცს და ვერ იპოვა, მაშინ ღვთისმშობლის ხატიდან კვლავ მოესმა ხმა: ღვთის კაცია ის გლახაკი, რომელიც ეკლესიის ბჭესთან ზისო. მნათემ მოძებნა წმინდა ალექსი, ტაძარში შეიყვანა, გამოჰკითხა, ვინ იყო და საიდან. როცა მისი მართალი ცხოვრების ამბავი შეიტყო, პატივი მიაგო. ეს ძალზე ემძიმა წმინდა ალექსის, ამიტომაც გაიპარა ქალაქიდან, კილიკიისკენ მიმავალ ნავში ჩაჯდა და ფიქრობდა: "წავალ კილიკიაში, სადაც არავინ მიცნობს და წმინდა პავლე მოციქულის ეკლესიასთან ვიცხოვრებო". მგზავრობის დროს ღვთის განგებულებით ზღვა აბობოქრდა, ხომალდი ტალღებმა გაიტაცა და როცა ქარი ჩადგა, გემი რომის ნავსადგურში შევიდა. გემიდან ჩასვლისას წმინდა ალექსიმ თავისთვის თქვა:
- ცოცხალია ჩემი ღმერთი! ტვირთად არავის დავაწვები, წავალ, როგორც უცხო, მამაჩემის სახლში.
გზაში მამას გადაეყარა, რომელიც მრავალი მსახურის თანხლებით სასახლიდან შინ ბრუნდებოდა. წმინდა ალექსი მის წინ დაემხო, თაყვანისცა და უთხრა:
- მონაო ღვთისავ, შემიწყალე მე, გლახაკი და საცოდავი: ნება მომეცი, შენი ეზოს რომელიმე კუთხეში დავსახლდე, და შენი ტაბლიდან ჩამოვარდნილი ნამცეცებით გამოვიკვებო; დაე უფალმა აკურთხოს შენი ცხოვრების დღენი და გიბოძოს ცათა სასუფეველი, ხოლო თუ ვინმე ნათესავი გყავს, რომელიც სადმე მოგზაურობს, იგი ჯანმრთელი და უვნებელი დაგიბრუნოს.
ევთვიმიანეს გულზე მოხვდა მისი ნათქვამი, გაახსენდა თავისი საყვარელი შვილი ალექსი, აცრემლდა და მოწყალედ აღასრულა მისი თხოვნა, თავისი სახლის ეზოში დასახლების ნება მისცა. ხოლო თავის მონებას უბრძანა:
- რომელ თქვენგანს სურს მოემსახუროს ამ გლახაკს? ვინც მას სათნო ეყოფა, ვფიცავ, გავათავისუფლებ მონობისგან და დავაჯილდოებ. ამას პატარა თავშესაფარი აუშენეთ ჩემი სახლის კარებთან, რომ ხშირად მივიდე და მოვინახულო ხოლმე; საჭმელი კი ჩემი სუფრიდან მიაწოდეთ. არავინ გაბედოთ მისი წყენინება.
ამის შემდეგ წმინდა ალექსი მამის სახლის ეზოში დასახლდა. ევთვიმიანე ყოველდღიურად უგზავნიდა საჭმელს, რომელსაც წმინდა ალექსი გლახაკებს ურიგებდა, თვითონ მხოლოდ პურს ჭამდა და წყალს აყოლებდა, იმასაც იმდენს, რომ შიმშილ-წყურვილით არ მომკვდარიყო. მთელ ღამეებს ლოცვაში ატარებდა, კვირაობით ეკლესიაში ეზიარებოდა უფლის სისხლსა და ხორცს. იგი ბევრს დაითმენდა მამამისის მონებისაგან, რომლებიც ყველანაირად ამცირებდნენ და აწვალებდნენ ღვთისნიერ კაცს. მაგრამ იყო სხვა გარემოება, რომელიც მისგან დიდ მოთმინებას მოითხოვდა, ალექსის თავშესაფარი მისი სასძლოს ოთახის სარკმელთან იდგა. ქალი და დედამთილი ერთად ისხდნენ, მწარედ მოსთქვამდნენ, დაიტირებდნენ შვილის და ქმრის დაკარგვას. ალექსი ღვთის სიყვარულით დაითმენდა ხორციელ სიყვარულს და ასე იცხოვრა მამის სახლში ჩვიდმეტი წელი. და აი, უფალმა მოინდომა ის ამქვეყნიური ცხოვრებიდან გაეყვანა და გარდაცვალების დრო გამოუცხადა. წმინდა ალექსიმ მსახურს მელანი, ქარტია და საწერი კალამი მოატანინა. აღწერა თავისი ცხოვრება და მშობლების დასარწმუნებლად ზოგიერთი ისეთი გარემოება, რაც მხოლოდ მისი მშობლებისთვის იყო ცნობილი, თავის სასძლოს კი ის სიტყვები შეახსენა, რომელიც გაქცევის წინ უთხრა. წერილის ბოლოს შენდობა სთხოვა ცოლსა და მშობლებს იმ ტკივილისთვის, რაც მათ მისმა გაპარვამ მიანიჭა. იმედი გამოთქვა, რომ ღმერთი ამ მწუხარებისთვის, რომელიც მათ დაითმინეს, დიდ სიხარულს მიანიჭებდა ცათა სასუფეველში.
ერთხელ, როცა პაპი ინოკენტი I (402-417) მოციქულთა ტაძარში სწირავდა, საღმრთო ლიტურგიის დასრულებისას საკურთხევლიდან ყველას გასაგონად საკვირველი ხმა მოისმა: "მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტჳრთმძიმენი, და მე განგისუენო თქუენ" (მათე.11:28). ტაძარში მყოფი ხალხი შეძრწუნებულნი მუხლებზე დაეცნენ და "უფალო შეგვიწყალეო", - გაიძახოდნენ. შემდეგ მეორედ მოესმათ ხმა:
- მოძებნეთ ღვთის კაცი, რომელიც სხვა ცხოვრებაში გადადის; დაე, მან ილოცოს ამ ქალაქზე. მისი ლოცვა თქვენ დიდად შეგეწევათ.
მთელ რომში ეძებდნენ ასეთ ადამიანს და არ იცოდნენ, რა ექნათ. ამიტომაც პაპი და იმპერატორი ჰონორიუსი (ზოგ ტექსტებში იმპერატორი არკადიუსია მოხსენიებული) პარასკევის მწუხრზე შეიკრიბნენ საკათედრო ტაძარში, ღამისთევით ლოცულობდნენ და უფალს ევედრებოდნენ თავისი სათნომყოფელი გამოეჩინა. პარასკევს დილით წმინდა ალექსი წავიდა უფალთან. ამასობაში, პირველი შემთხვევის მსგავსად, ღვთისმსახურებისას კვლავ გაისმა ხმა საკურთხევლიდან:
- ღვთის კაცი ევთვიმიანეს სახლში ეძებეთ.
ამის მერე მეფე მიუბრუნდა ევთვიმიანეს და უთხრა:
- შინ ასეთი საგანძური თუ გყავს, რატომ არ შეგვატყობინე?
- უფალია მოწმე, არაფერი არ ვიცი! - უპასუხა ევთვიმიანემ, მერე კი თავის მსახურთუხუცესს ჰკითხა, ხომ არ იცი კაცი ღვთის სათნომყოფელიო, მაგრამ მან უარი განუცხადა, მსახურთაგან ღვთივსათნოდ არავინ ცხოვრობსო.
მაშინ პაპმა და იმპერატორმა გადაწყვიტეს, ევთვიმიანეს სახლში მისულიყვნენ და თვითონ მოეძებნათ ღვთისკაცი. ევთვიმიანე წინ წავიდა და სტუმრებს საზეიმო დახვედრა მოუწყო. ევთვიმიანეს ცოლი და რძალი გააოცა მეფისა და პაპის სტუმრობის უცნაურმა მიზეზმა. როცა მეფე და პაპი შემოვიდნენ და დასხდნენ, სიჩუმე ჩამოვარდა. მსახურმა, რომელიც წმინდა ალექსის იყო მიჩენილი ევთვიმიანეს მიერ, უთხრა:
- უფალო ჩემო, ღვთის კაცი ხომ არ არის ის გლახაკი, მე რომ ჩამაბარე? მე მოწმე ვარ მისი დიდებული და საკვირველი საქმეებისა: მუდმივად მარხულობდა, დღის ბოლოს იხმევდა მცირეოდენ პურსა და წყალს; მთელ ღამეებს ლოცვაში ატარებდა და ყოველ კვირას ეზიარებოდა ქრისტეს წმინდა საიდუმლოს; ის სიხარულით და მშვიდად იღებდა ცემას და შეურაცხყოფას, რომელსაც ზოგიერთი მონა აყენებდა.
ეს რომ გაიგო, ევთვიმიანე სასწრაფოდ მივიდა გლახაკის სამყოფელთან, სარკმლიდან სამჯერ დაუძახა, პასუხი რომ ვერ მიიღო, შიგნით შევიდა და ღვთის კაცი მკვდარი დახვდა, მას თავი დაფარული ჰქონდა, ხოლო ხელში ქარტია ეპყრა. ევთვიმიანემ სახეზე საფარველი ახადა, გარდაცვლილს სახე ანგელოზივით უბრწყინავდა. როცა ქარტიის აღება დააპირეს, ვერაფრით გამოაძრეს გარდაცვლილს ხელიდან. მეფესთან და პაპთან სასწრაფოდ დაბრუნდა და მოახსენა, რომ იპოვა ის ღვთის კაცი, რომელსაც ეძებდა. მას ხელში ქარტია უპყრია და არ გვაძლევსო. მეფისა და პაპის ბრძანებით წმინდანის სხეული ძვირფას გადასაფარებელიან საწოლზე დაასვენეს, შემდეგ კი მოიდრიკეს მუხლნი, ეამბორნენ გარდაცვლილს და როგორც ცოცხალს, სთხოვეს, ქარტია მიეცა. ამის მერე პაპმა და ხელმწიფემ თავისუფლად აიღეს ქარტია და დიდი ტაძრის ხარტულარს (პაპის კანცელარიის უფროსი), აეტს გადასცეს წასაკითხად; ირგვლივ სიჩუმე ჩამოვარდა. ხარტულარი კითხვას შეუდგა და როცა იმ ადგილამდე მივიდა, სადაც მის მშობლებზე და სარძლოზე, ბეჭედსა და ქამარზე ეწერა, მაშინღა იცნო ევთვიმიანემ გარდაცვლილში თავისი ვაჟი ალექსი. დაემხო ტირილით, ეამბორებოდა მის უსულო სხეულს და საყვედურობდა ამხელა ტკივილისათვის, თავისი გაპარვით რომ მიაყენა. აგლაიდას ქმრის ტირილი შემოესმა, ისიც შეიტყო, რომ გარდაცვლილი გლახაკი მისი ვაჟი იყო, გააღო ოთახის კარები და ოცდათოთხმეტი წლის შემდეგ პირველად გამოვიდა გარეთ. ისიც დაემხო შვილის სხეულს და მწარედ დასტიროდა. გამოვიდა ოთახიდან სარძლოც და თავისი ცრემლები შეურია ევთვიმიანეს და აგლაიდას ცრემლებს. ყველა ატირდა. მეფისა და პაპის ბრძანებით, გარდაცვლილი შუა ქალაქში დაასვენეს, რათა ყველას შეძლებოდა მისი თაყვანისცემა. მთელი რომი შეიკრიბა. ყველა ეამბორებოდა წმინდა ალექსის სხეულს და ყველანი სნეულებისგან იკურნებოდნენ: ბრმებს თვალისჩინი ეძლეოდათ, კეთროვანები განიწმინდებოდნენ, ეშმაკები ტოვებდნენ მათ... ეს რომ იხილეს პაპმა და ხელმწიფემ, მოისურვეს, ტაძარში თვითონ შეესვენებინათ წმინდა ალექსი და ამით მადლი მიეღოთ. მშობლები და სარძლო ტირილით მიაცილებდნენ მათ. იმდენი ხალხი შეიკრიბა, შეუძლებელი გახდა მათი გარღვევა, მეფის ბრძანებით ოქრო-ვერცხლი გადაუყარეს ხალხს, იქნებ გზა დაგვითმონო, მაგრამ ხალხს ფული არ აინტერესებდა, მხოლოდ წმინდანის ნახვა და მის კუბოზე ხელის შეხება უნდოდათ. მაშინ პაპი მათ დაჰპირდა, რომ მანამდე არ დაკრძალავდნენ წმინდანს, ვიდრე ბოლო ადამიანი არ სცემდა თაყვანს. ძლივს დაარწმუნეს ხალხი, წმინდანის სხეული საკათედრო ტაძარში წაასვენეს და ხალხი მთელი კვირა მიდიოდა თაყვანის საცემად. იქვე იყვნენ წმინდა ალექსის მშობლები და სასძლო. მეფის ბრძანებით, მარმარილოს კუბო დაამზადეს, ოქრო-ზურმუხტით შეამკეს და შიგ ჩაასვენეს ღვთის კაცი. იმ წუთსვე წმინდანის სხეულიდან კეთილსურნელოვანი მირონი წარმოდინდა, რომლითაც კუბო აივსო. იცხებდნენ ამ მირონს და ყოველგვარი სნეულებისგან იკურნებოდნენ. წმინდა ალექსი წმინდა ბონიფანტეს ტაძარში დაკრძალეს (სხვა წყაროებით - წმინდა პეტრეს ტაძარში), ავენტინის მთაზე. 1216 წელს მოიპოვეს მისი წმინდა ნაწილები. პელეპონესზე, კალავრიტის წმინდა ლავრაში ინახება წმინდა ალექსის პატიოსანი თავი, რომელიც გარდამოცემით იმპერატორ მანუელ II-ს უჩუქებია ამ სავანისთვის 1414 წელს. 1773 წელს ალბანელებმა გაძარცვეს მონასტერი, წმინდა ალექსის პატიოსანი თავი ლარისაში გაყიდეს, სადაც რამდენიმე წლის შემდეგ იპოვა ლავრის იღუმენმა ანთიმოზმა და დააბრუნა სავანეში.
ტროპარი
სათნოებათა ზედა კეთილთა დამოკიდებულ იქმენ შენ, და გონება განიწმიდე ბილწთა გულის თქმათაგან, ხოლო ცხოვრება შენი უვნებელობითა განაშვენე, და მმარხველობაჲ სახარულევანი შეიწყნარე სვინდისისა სიწმიდითა, ხოლო ლოცვათა შინა ვითარცა უხორცო იქცეოდი, და გამობრწყინდი მსგავსად მზისა სოფელსა შინა, ყოვლად ნეტარო ალექსი.
კონდაკი
სახლი მშობელთა შენთა ვითარცა უცხოსა გაქუნდა, და იქცეოდი მას შინა სახითა გლახაკისათა, და შემდგომად მიცვალებისა გვირგვინი მიიღე დიდებისა, და საკვირველთმოქმედად გამოსჩნდი ქუეყანასა ზედა, ალექსი, კაცო ღმრთისაო, ანგელოზთა და კაცთა სიხარულო.
................................
აქვე შეგიძლიათ წაიკითხოთ:
ღირსი ალექსი ღვთისკაცი (+411) - 17 (30) მარტი
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი