სხვადასხვა ერესი და განხეთქილება, რომელიც თავს იჩენდა IV-V საუკუნეების მსოფლიოს მართლმადიდებლურ სამყაროში, რასაკვირველია, დიდად აბრკოლებდა ჭეშმარიტი სარწმუნოების გავრცელებას.
მქადაგებლები ზოგჯერ მთელ ერს ასნებოვნებდნენ ერეტიკული სწავლებით. მაგალითად, გოთები, რომლებმაც ჯერ კიდევ ვალენტის დროს მიიღეს არიანელობა, მტკიცედ იცავდნენ ამ გამრუდებულ აღმსარებლობას.
მრავალრიცხოვანი გოთური ტომები, რომლებმაც მთელი დასავლეთი წალეკეს: - ოსტგოთები და ვესტგოთები, სვებები, ალემანები, ბურგუნდიელები, ვანდალები და ლანგობარდები დიდხანს აღიარებდნენ არიანელობას.
აღმოსავლეთში ამ ერესმა ძალა დაკარგა, სამაგიეროდ ნესტორისა და ევტიქის ერესებმა და მათგან წარმოქმნილმა უამრავმა სექტამ ბევრი ქრისტიანი განაშორა ჭეშმარიტებას. ცრუსწავლებათა მომძლავრებასა და გავრცელებას ზნეობის დაცემა მოჰყვა. საზოგადოებაში თავი იჩინა გარყვნილებამ, მტრობამ და შუღლმა გამოდევნა ქრისტიანული სიყვარული, ცრურწმენამ ჩაანაცვლა ჭეშმარიტი სარწმუნოება. თვით სასულიერო დასი მეტისმეტად გაიტაცა ანგარებისმოყვარეობამ და ამსოფლიური სიამეებისადმი ლტოლვამ.
ეკლესიის ერთ-ერთი უდიდესი მამა, ღირსი ისიდორე პელუსიელი წერდა:
- "ამჟამად სასულიერო წოდება ძალაუფლების საშუალებად იქცა. თავმდაბლობა ამპარტავნობამ შეცვალა, თავშეკავება - ფუფუნებამ, სახლზე მშვიდად ზრუნვა - თვითმპყრობელობამ. ერთნი ბედავენ მღვდლობის გაყიდვას, მეორენი კი - ყიდულობენ".
თითქმის მხოლოდ მონასტრებსა და უდაბნოთა სენაკებში შემორჩა ქრისტიანული სწავლების სიწმინდე. უდაბნოში მიისწრაფოდნენ ყველაზე ღირსეული და ნათელი პიროვნებები, რომლებიც ვერ ეგუებოდნენ ქალაქების თავაშვებულ ცხოვრებას, მაგრამ ერში ფესვგადგმულ ბოროტებასა და მანკიერებასთან ბრძოლის შესაძლებლობასაც ვერ ხედავდნენ.
უდაბნოში გარბოდნენ დიდგვაროვანი და მდიდარი მოხელეებიც, რომლებმაც მიწიერი სიდიადის ამაოება გამოსცადეს; იქით ილტვოდნენ სწავლულნი, ცნობილი ბრძენნი, რომლებიც ადამიანური ცოდნის სიღრმეს ჩასწვდნენ.
უდაბნოს სიღრმიდან მოედინებოდა მათი ბრძნული სიტყვების ნაკადი და მოძღვრავდა ქალაქური ცხოვრების ჭაობში ჩაკარგულთ.
უდაბნოდან მოისმოდა ხმა რჩევებისა და შეგონებებისა, შერიგებისა და სიცრუის მხილებისა. მაგალითად, ღირსმა ისიდორემ, ქალაქ პელუსიის (ეგვიპტე) მახლობლად მდებარე სავანის წინამძღვარმა, რომელიც მუდამ თვალყურს ადევნებდა ეკლესიის საქმეებს, უდაბნოდან ათასობით წერილი გაუგზავნა ეპისკოპოსებს, მხარეთა მმართველებს, მონაზვნებსა და იმპერატორსაც კი.
ისინი შეიცავენ მხილებებს, შეგონებებს, სარწმუნოების ჭეშმარიტებათა ახსნას და ზნეობრივ დარიგებებს, ერეტიკოსთა გმობას და წმინდა წერილის განმარტებებს.
წმინდა მამა ისიდორე ალექსანდრიის მახლობლად დაიბადა IV საუკუნეში. მისი მშობლები, კეთილმსახური ქრისტიანები, ალექსანდრიის მთავარეპისკოპოს თეოფილეს და მის მემკვიდრეს, წმინდა კირილეს ენათესავებოდა.
წმინდანი სიჭაბუკეშივე განერიდა წუთისოფლის ამაოებას და ეგვიპტეში, პელუზიის მთაზე დაიწყო მოსაგრეობა. მალე მას ხუცესად დაასხეს ხელი და წინამძღვრადაც აკურთხეს.
სულიერ სიბრძნესა და მკაცრ ასკეტიზმთან შეერთებულმა ფართო განათლებამ ღირს მამას ბერების დიდი სიყვარული და პატივისცემა მოუპოვა. ხშირად რჩევისთვის წმინდა მამას არა მარტო სასულიერო პირები, არამედ საერო ხელისუფლების წარმომადგენლები და თვით ალექსანდრიის პატრიარქიც კი მიმართავდნენ.
Aაი, რას წერს ეკლესიის ისტორიკოსი ევაგრე წმინდა ისიდორეზე:
- "თეოდოსის მეფობის დროს დიდი პატივით სარგებლობდა ისიდორე პელუსიელი, მას სახელი ჰქონდა განთქმული. ღვაწლით და შრომით ხორცი ისე დაიუძლურა, რომ მისი ცხოვრება ანგელოზის ცხოვრებას დაემსგავსა. იგი თავისი მოღვაწეობით ცოცხალი მაგალითი იყო ჭეშმარიტი მონაზონის. ის ბევრს წერდა და სასარგებლო დარიგებებს აძლევდა სხვებს".
წმინდა მამა დაუზარლად მოძღვრავდა სულიერი შეწევნის ყველა მთხოვნელს - უბრალო ადამიანს, დიდებულს, ეპისკოპოსს, ალექსანდრიის პატრიაქს თუ თავად იმპერატორს. მას ეკუთვნის 10 000 ეპისტოლე, რომელთაგან ჩვენს დრომდე მოაღწია 2 000-მა.
უმეტესობა შეიცავს წმინდა წერილის ღრმა საღვთისმეტყველო განმარტებებსა და მისგან გამომდინარე ზნეობრივ სწავლებებს.
წმინდა მამამ ღრმა მოხუცებულობას მიაღწია, 436 წელს კი, ანგელოზებრივი ცხოვრებით ამქვეყნადვე გაბრწყინებული, ანგელოზთა დასს შეუერთდა.
საყურადღებოა, რომ ღირსი ისიდორეს თაოსნობით, 431 წელს, ეფესოში მოწვეულ იქნა III მსოფლიო კრება, რომელმაც დაგმო ნესტორის ცრუსწავლება.
წყარო: "თხრობანი ქრისტიანული ეკლესიის ისტორიიდან I-XI საუკუნეები", თარგმანი ნინო ბელთაძისა წიგნიდან:
А. Н. Бахметева, Рассказы из истории Христианской Церкви. - М., 1869.
.................................
ღირსი ისიდორე პელუსიელი და წმინდა იოანე ოქროპირი
ისიდორე პელუსიელი იოანე ოქროპირის ერთგული და მოსიყვარულე მოსწავლე იყო.
ღირსი ისიდორე, წმინდა იოანე ოქროპირის მიბაძვით, უმეტესწილად, მქადაგებლურ მოღვაწეობას ეწეოდა. ქადაგებას იგი უწოდებდა "პრაქტიკულ ფილოსოფიას", რომელიც წარმოადგენს "საძირკველს შენობისა და თავად შენებულობას", მაშინ, როცა ლოგიკა "მისი მორთულობაა", "ჭვრეტა კი - გვირგვინი".
დედოფალ ევდოქსიასა და მთავარეპისკოპოს თეოფილეს მიერ წმინდა იოანე ოქროპირის დევნისას ღირსი მამა გაბედულად აღდგა წმინდა მღვდელმთავრის დასაცავად. როდესაც წმინდა იოანე ოქროპირმა სული უფალს მიაბარა, ღირსი ისიდორე პელუსიელი წერდა: - "როგორც ხედავ, სახლი დავითისა განმტკიცდება, ხოლო სახლი საულისა სუსტდება: მან დაამარცხა ცხოვრების ქარიშხალი და ზეციურ სიმშვიდეში გადასახლდა".
სწორედ ისიდორე პელუსიელმა შეაგონა თეოფილეს მემკვიდრე, წმინდა კირილე ალექსანდრიელი, რომ იოანე ოქროპირის სახელი, როგორც აღმსარებელისა, საეკლესიო დიპტიხებში შეეტანათ.
კონდაკი: მეორედ მთიებად გპოვა შენ ეკლესიამან, ყოვლადდიდებულო, და სიტყუათა შენთა ელვითა განათლებული ღაღადებს შენდა მომართ: გიხაროდენ, ყოვლადსანატრელო და ღმრთივგანბრძნობილო ისიდორე.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი