29.04.2010
ახალი სტილით 7 მაისს ეკლესია წმინდა დედას, ელისაბედ სასწაულთმოქმედს მოიხსენიებს. წმინდა ელისაბედი იუსტინიანე დიდის დროს (VI ს-ის I ნახ.) ცხოვრობდა კონსტანტინოპოლში და იღუმენია გახლდათ უვერცხლოდ მკურნალთა - წმინდა კოზმასა და დამიანეს სახელობის მონასტრისა.
წმინდა ელისაბედი ჯერ კიდევ დედის მუცლიდან გამოარჩია უფალმა და მის მშობელს აუწყა ამის შესახებ. ის სიყრმიდანვე მარხვაში, ლოცვასა და ღვთის დიდებაში იზრდებოდა. მაშინვე ისე სათნოეყო უფალს, რომ ლოცვით კურნავდა ყველანაირ ხორციელ სნეულებას, თავისი ღვთივშთაგონებული ქადაგებებით სინანულის გზაზე აყენებდა ცოდვილთ. მას ტანთ მხოლოდ ფიჩვის სამოსი ეცვა. თუმცა სიცივით იყინებოდა, სულით მუდამ საღმრთო სიყვარულით იწვოდა.
უზომო იყო მისი თავშეკავება (მარხვა). მრავალი წლის მანძილზე მხოლოდ პურითა და ხილით საზრდოობდა. ზეთი და ღვინო თავისი ცხოვრების მანძილზე არ უგემია. ხშირად, წმინდა მოსე წინასწარმეტყველის მსგავსად, ორმოცი დღის მანძილზე არ იგემებდა საკვებს. ერთხელ, სამი წელი, სახარებისეული მეზვერის მიბაძვით, თვალნი ზევით არ აღუპყრია, ჩასცქეროდა მიწას, სულით კი დაუღამებელ ნათელს ჭვრეტდა. ხშირად უხილავთ ღამით განმარტოებით მლოცველი წმინდა დედა ზეციური ნათლით გაბრწყინებული. სიცოცხლეშივე მრავალ სასწაულს აღასრულებდა და ღმრთივ განსვენების შემდეგ მისი აკლდამა ღვთაებრივი მადლის მაკურნებელ წყაროდ იქცა.