წმინდა მელანია რომაელის მშობლები ღვთისმოშიში ქრისტიანები იყვნენ. მისი მამა და პაპა, სენატორები, სიმდიდრით მხოლოდ მეფეს თუ ჩამოუვარდებოდნენ.
მაგრამ ამქვეყნიური საუნჯე არად მიაჩნდა ქალიშვილს და ზეციურს ეძებდა, სურდა ქალწულება დაემარხა და მშობლებს ევედრებოდა, არ გაეთხოვებინათ. მაგრამ ის მათი ერთადერთი მემკვიდრე იყო და როცა 14 წლისა შესრულდა, "მასავით კარგი ოჯახის შვილს", 17 წლის აპინიანეს გაატანეს ცოლად. ჯვარიც დასწერეს, მაგრამ მელანიას ძველი ფიქრი არ ასვენებდა, ეცადა კიდეც ქმრის დარწმუნებას: "რა ბედნიერები ვიქნებით, თუ ერთად წმინდად, ხორციელი ურთიერთობის გარეშე ვიცხოვრებთ და ასე ვემსახურებით ღმერთს. თუ ახალგაზრდული ვნებები გძლევენ, მაშინ დამიტევე და წინ ნუ აღუდგები ჩემს სურვილს. საკუთარი თავის გამოსასყიდად გთავაზობ ჩემს მონებს და მხევლებს, სიმდიდრეს, უთვალავ საუნჯეს. შენი იყოს ყოველივე, ოღონდ ხორციელი ურთიერთობისგან გამათავისუფლეო".
აპინიანემ უთხრა: - როცა მემკვიდრე შეგვეძინება, მაშინ ვიცხოვროთ ისე, როგორც შენ გსურსო. მელანია დათანხმდა. მათ ღმერთმა ქალიშვილი აჩუქა. მისი დაბადების შემდეგ მელანიამ სხვა ცხოვრებისთვის დაიწყო მზადება: თავშეკავებით, მარხვით, ლოცვით. ქმარს აღთქმის შესრულება მოსთხოვა, მაგრამ აპინიანე არ უჯერებდა. მაშინ განიზრახა უცხო მხარეში გადაკარგვა. ასეც მოიქცეოდა, მაგრამ კეთილგონიერმა ადამიანებმა ურჩიეს, დარჩენილიყო ქმართან და მისი სულის ცხოვნებისთვის ეზრუნა. ძნელი აღმოჩნდა ქალისთვის ცოლქმრული ურთიერთობის აღსრულება. ჩუმად უხეშ ჭილოფის სამოსს ატარებდა, მხოლოდ მაშინ იხსნიდა, როცა ქმართან მარტო რჩებოდა. მალე მელანია მეორედ დაფეხმძიმდა. მშობიარობის ღამე ლოცვაში გაატარა, თითქოს ლოცვით სურდა ჩაეკლა მშობიარობის საშინელი ტკივილები. დაიბადა ვაჟი, რომელიც მონათვლისთანავე გარდაიცვალა, მელანია კი მშობიარობის შემდგომი გართულებებით სიკვდილის პირას მივიდა. მწუხარებისაგან ცოცხალმკვდარი აპინიანე იდგა მის სარეცელთან, მერე ეკლესიას მიაშურა და საყვარელი მეუღლის გადარჩენას ევედრა უფალს. ამ დროს მასთან მელანიას გამოგზავნილი მსახური მივიდა და ცოლის დანაბარები გადასცა:
- თუ გინდა, რომ ორივე ცოცხლები დავრჩეთ, აღუთქვი ღმერთს, რომ არ შემეხები და სიცოცხლის ბოლომდე წმინდად ვიცხოვრებთო.
აპინიანეს უზომოდ უყვარდა ცოლი, დაემორჩილა მის ნებას და აღუთქვა უფალს, რომ ცოლთან ერთად სიწმინდით იცხოვრებდა. სასიხარულო ამბავმა მელანიას ძალა შემატა და როცა სარეცლიდან ჯანმრთელი წამოდგა, მისი ერთადერთი ქალიშვილი გარდაიცვალა... "ხედავ, - უთხრა მელანიამ ქმარს, - თვით ღმერთი მოგვიწოდებს წმინდა ცხოვრებისაკენ. მისთვის სათნო რომ ყოფილიყო ჩვენი ხორციელი ცოლქმრობა, არ წაიყვანდა ჩვენს შვილებს". აპინიანეც მიხვდა, მელანია მართალი იყო. განსაცდელებმა სულიერად უფრო შეაკავშირა ცოლ-ქმარი. მარხვით და ლოცვით განლევდნენ დღეებს. ახალგაზრდებს უნდოდათ, მთელი ქონება გლახაკებისთვის დაერიგებინათ, მაგრამ მელანიას მშობლები შეეწინააღმდეგნენ. ერთ საღამოს დამწუხრებული ცოლ-ქმარი ბჭობდა, როგორ გაქცეოდა სოფლის საცთურთა ბადეს. უეცრად ისინი ზეციდან ღვთაებრივმა მადლმა მოიხილა. იგრძნეს, რომ ზეციდან ენით აღუწერელი კეთილსურნელება დაიფრქვა და ისეთი სიხარული მოჰფინა ახალგაზრდებს, სულ დაავიწყა მწუხარება. ამის შემდეგ ახალგაზრდებს ერთი სული ჰქონდათ, გაქცეოდნენ სოფელს და სადმე მონაზვნად აღკვეცილიყვნენ. მაგრამ ღმერთი მათ სხვა გზას უმზადებდა. მალე გარდაიცვალა მელანიას მამა. სანამ თავიანთ ქონებას გლახაკებს დაურიგებდნენ, ახალგაზრდები რომის ახლოს, ერთ-ერთ აგარაკზე დასახლდნენ. მაშინ აპინიანე 24 წლის გახლდათ, მელანია კი 21-ისა ხდებოდა. მართლაც დიდი სასწაულია - მაშინ, როცა ასე ახალგაზრდები ხორციელი სურვილებით უნდა ყოფილიყვნენ ავსებულნი, მელანიასა და აპინიანეს ბაბილონის ღუმელში შემწყვდეული ყრმებივით ვნების ცეცხლი არ ეკარებოდათ.
ყველაფრის თავიდათავი კი მელანია გახლდათ, კეთილგონიერი მხევალი ღვთისა მკაცრად აკვირდებოდა და აკონტროლებდა მეუღლისა და საკუთარ გრძნობებს. იყო ქმრის მასწავლებელი, დამრიგებელი და ღვთის გზაზე მისი მეგზური. ცხოვრობდნენ ასე საკვირველად, ყიდდნენ მიწებს და ფულს გაჭირვებულებს ურიგებდნენ.
მათი წმინდა ცხოვრების შემყურე აპინიანეს ძმამ, სევერიანემ იფიქრა, ამათ ქონება არაფრად სჭირდებათო და მიწების ნაწილი წაართვა, მერე და მერე მეტი მოინდომა და მათი მთელი ქონება მიითვისა. წუხდა ცოლ-ქმარი, უფრო მეტად სევერიანეს სულიერ სიკვდილს გლოვობდნენ, ქრისტესთვის განკუთვნილი ქონების მიტაცებისთვის განა ღმერთი არ მიაგებდა სამაგიეროს? ასეც მოხდა. იმპერატორ ჰონორიუსის ცოლმა, დედოფალმა ვერინამ შეიტყო აპინიანეს და მელანიას ღვთისმოშიში ცხოვრების ამბავიც და სევერიანეს მზაკვრობის შესახებაც. დედოფალმა კეთილმორწმუნე ცოლ-ქმარი თავისთან მიიწვია და როცა წარდგნენ მის წინაშე უბრალო, გაცრეცილი სამოსით, მის განცვიფრებას და აღტაცებას საზღვარი არ ჰქონდა. მიიკრა მკერდზე მელანია და უთხრა: - ნეტარება შენ, ასეთი ცხოვრება რომ აგირჩევიაო. დაჰპირდა, სევერიანეს დავსჯიო. ცოლ-ქმარი შეევედრა დედოფალს: - გააფრთხილე, მეტად აღარ გვაწყენინოს და მხოლოდ ეს აკმარე. ჩვენთვის ისიც საკმარისი იქნება, არ წაგვართვას ის, რაც ქრისტეს და მის მონებს ეკუთვნისო.
ასევე სთხოვეს დედოფალს, დაუბრკოლებლად გაყიდვის ნება მიეცათ არა მარტო იმ მიწებისა, რომის შემოგარენში რომ ჰქონდათ, არამედ სიცილიაში, ესპანეთში, გალიასა და ბრიტანეთშიც. მელანიას სურდა, მეფის დისთვის ზოგიერთი ძვირფასი ნივთი ეჩუქებინა, მაგრამ მან უარი უთხრა: - მე ვერ ავიღებ ქრისტეს კუთვნილსო.
მათ სიმდიდრეზე მეტყველებს თუნდაც ის, რომ ვერავინ შეძლო სათანადო ფასად შეეძინა მელანიასა და აპინიანეს სახლი რომში. მხოლოდ მას შემდეგ მოახერხეს გაყიდვა, ისიც შედარებით იაფად, როცა გუთმა ბარბაროსებმა ცეცხლი წაუკიდეს რომს და საკმაოდ შელანძღეს სახლი.
ეშმაკი ცდილობდა, ახალგაზრდები ვერცხლისმოყვარეობით ეცდუნებინა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. წმინდა მელანია ჰყვებოდა: "ერთ მაღალ, უდაბურ ადგილას მშვენიერი სახლი მქონდა. ცალ მხარეს მოჩანდა გაშლილი ზღვა, რომელსაც ხომალდები სერავდნენ, მეორე მხარეს კი ტყე, დიდებული ბაღი და ვენახი. იქაურობას ამშვენებდა ჩანჩქერი და მდიდრული აუზები. ისმოდა ჩიტების ჭიკჭიკი და ნადირთა ხმები, ირგვლივ კარგი სანადირო ადგილებიც იყო. ეშმაკმა გულში ფიქრი ჩამიდო, რომ ამ სახლს მოვფრთხილებოდი და აქ დავსახლებულიყავი, მაგრამ, ღვთის მადლით, მივხვდი ეშმაკის მზაკვრობას და მაშინვე გავყიდე".
იტალიის აგარაკების გაყიდვის შემდეგ უთვალავი ფული შემოუვიდათ. ნაწილი მოწყალებად გასცეს, ნაწილი კი ეკლესია-მონასტრებს გაუნაწილეს. აღმოსავლეთით თუ დასავლეთით გასცემდნენ ფულს. ხან უკაცრიელ კუნძულს იყიდიდნენ, სადაც მონასტერს ააშენებდნენ და სამღვდელოებას გადასცემდნენ. მრავალი სასნეულო, ქვრივ-ობოლთა თავშესაფარი ააგეს. ეკლესიები თვალ-მარგალიტით განამშვენეს. იტალიაში მხოლოდ პატარა ნაკვეთი დაიტოვეს და სიცილიაში გაემართნენ, რომ იქაური მამულები გაეყიდათ და ნოლენელი მღვდელმთავარი წმ. პავლინე ენახათ.
მათი წასვლიდან მალევე ბარბაროსი გუთები დაესხნენ თავს და ცეცხლს მისცეს იქაურობა. როგორც ლოთი სოდომის დაქცევას, ისე გადაურჩნენ მელანია, აპინიანე და მელანიას დედა ამ უბედურებას.
იქაური საქმეების მოგვარების მერე ლიბიასა და კართაგენისკენ გაცურეს, მაგრამ ქარი ამოვარდა და რამდენიმე დღე არ ჩამდგარა. სასმელი წყალი ელეოდათ, მგზავრები და მენიჩბეები წყურვილით გაიტანჯნენ. წმინდა მელანია მიხვდა, რომ ღმერთი ლიბიისკენ მათ წასვლას არ აკურთხებდა და ბრძანა, იალქნები ქარის მიმართულებით გაეშალათ. მალე ერთ კუნძულს მიადგნენ. მათ მისვლამდე კუნძულს ბარბაროსები დასხმოდნენ და მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ტყვედ წაეყვანათ. სიცოცხლის სანაცვლოდ გამოსასყიდს სთხოვდნენ. გაღატაკებულ კუნძულელებს ფული არ ჰქონდათ. ამ დროს მათ სანაპიროს ხომალდი მიადგა. ადგილობრივი ეპისკოპოსი, როცა შეიტყო, ხომალდი რომიდან არისო, მივიდა და პატრონებს ტყვეების გამოსასყიდი ფული სთხოვა. გახარებულმა ცოლ-ქმარმა საჭიროზე მეტიც მისცა, შემდეგ უკან გაბრუნდნენ. დაუბერა ზურგის ქარმა. მალე მიაღწიეს კართაგენს. ქალაქ ხამასტაში დასახლდნენ, სადაც ეპისკოპოსი გახლდათ ნეტარი ავგუსტინეს მეგობარი მეუფე ალიპი. ძალზე შეუყვარდათ ეს წმინდა კაცი. აქაც განამშვენეს ეკლესიები, ააგეს დედათა და მამათა მონასტრები, შესწირეს მათ მიწები და ქონება. ამით არ დაკმაყოფილდა მელანია: თავიდან თუ დღეგამოშვებით ჭამდა საჭმელს, შემდეგ, შაბათ-კვირის გარდა, ხუთი დღე პირს არაფერს აკარებდა. ხან გლახაკებს ტანსაცმელს ურიგებდა, უმეტესად კი წიგნებს გადაწერდა, ყიდდა და ფულს გლახაკებს ურიგებდა. როცა წერით ხელი დაეღლებოდა, წმინდა წერილის კითხვას დაიწყებდა. წესად ჰქონდა, წელიწადში სამჯერ გადაიკითხავდა ხოლმე ძველსა და ახალ აღთქმას. თუ კითხვით თვალები დაეღლებოდა, წიგნს მოახლეს აკითხებდა. დღე-ღამეში ორი საათი ეძინა, ისიც მიწაზე გაფენილ ტყავზე. ყოველთვის უნდა ვიფხიზლოთო, - ამბობდა, - რადგან არ ვიცით, როდის მოვა ქურდი - სიკვდილიო. მოღვაწე სულით აღძრავდა მოსამსახურეებსაც. მრავალი ჭაბუკი და ქალიშვილი მისი შთაგონებით ქალწულებას იმარხავდა და წმინდად ცხოვრობდა.
შვიდი წელი დაჰყვეს კართაგენში, მერე კი მელანიამ წმინდა მიწის მოლოცვა გადაწყვიტა. დედასთან და ახლა უკვე სულიერ ძმა აპინიანესთან ერთად ხომალდით იერუსალიმისკენ გაცურა. ალექსანდრიაში მოინახულეს დიდი მღვდელმთავარი წმინდა კირილე და გზა განაგრძეს. დიდი მოკრძალებით, სიხარულით და სინანულის ცრემლთა ღვრით მოილოცეს უფლის საფლავი, ის ნეტარი ადგილები, სადაც ცისა და ქვეყნის შემოქმედს უწმინდესი ფერხნი დაედგა.
მათმა ერთგულმა მეგობარმა გაყიდა სახლი იტალიაში და ფული იერუსალიმში გაუგზავნათ. მერე ეგვიპტეს მიაშურეს, რათა იქაურ მეუდაბნოე მამათაგან კურთხევა მიეღოთ და ენუგეშათ მათი ღმრთივგანბრძნობილი ქადაგებებით. ღირსი მამები უარს ამბობდნენ მათ შემოწირულობებზე. ერთი მათგანის - მამა ემეფესტიონის კელიაში მელანიამ მხოლოდ ძირს დაფენილი ტყავი, მცირეოდენი ხმელი პური იხილა, იქვე იდო სამარილე. წმინდა მელანიამ ჩუმად ოქროს მონეტა ჩაუდო მასში, მაგრამ წმინდა მამამ ნახა ოქრო, უკან დაუბრუნა და უთხრა: - მე ეს არ მჭირდება. არ ვიცი, როგორ გამოვიყენო, წაიღეთ თქვენი ოქროო.
- თუ შენ არ გინდა, სხვას მიეცი! - უთხრეს.
- აქ ვის რაში დასჭირდება? ხედავთ, რა უდაბნო ადგილია?
მელანიას ფულის უკან აღება არ უნდოდა, მაშინ ღირსმა მამამ ოქროს მონეტა მდინარეში გადაისროლა და დამშვიდებული დაბრუნდა უკან.
ამის შემდეგ მგზავრები ნიტრიის უდაბნოში წავიდნენ. მაშინ უდაბნო ავსებული იყო ღვთის ყვავილებით, მეუდაბნოე მამებით. მელანია და აპინიანე, როგორც ღვთის ფუტკრები, გადადიოდნენ ყვავილიდან ყვავილზე, ღირსი მამების კელიებში და იღებდნენ იქიდან უტკბეს ნექტარს - მამათა მადლიან დარიგებებს. შემდეგ იერუსალიმში დაბრუნდნენ და ელეონის მთაზე ერთ ქოხში დასახლდნენ.
მელანია ვიწრო კელიაში ჩაიკეტა. კვირაში ერთხელ ხვდებოდა ხოლმე დედასა და სულიერ ძმას, აპინიანეს. ასე გაატარა ერთი წელი. მრავალი მიდიოდა ღირს დედასთან სულიერი ნუგეშისთვის. ამიტომ ღირსმა დედამ დაუტევა დაყუდებული ცხოვრება და დედათა მონასტერი ააშენა, სადაც 90 მონაზონი მოღვაწეობდა. წმინდა მელანიამ მათთვის იღუმენია გამოირჩია, თვითონ კი, როგორც დედა, ისე ზრუნავდა მონაზვნებზე. გასამხნევებლად ერთხელ მათ ამგვარი ამბავი მოუთხრო: "ერთ ღირს მამასთან ვინმე ახალგაზრდა მივიდა, მისი მოწაფეობა რომ სურდა. მოძღვარმა აჩვენა, თუ როგორი უნდა ყოფილიყო მისი მორჩილი: მისცა კვერთხი და უბრძანა, ბოძზე შემოერტყა რამდენჯერმე. მოწაფე დაემორჩილა და უკან რომ დაბრუნდა, ჰკითხა, - როცა ბოძს სცემდი, ხომ არაფერი გითხრაო. არაო, - უპასუხა ყმაწვილმა. მაშინ მოძღვარმა ხელმეორედ გაგზავნა და კვლავ აცემინ-ალანძღვინა ბოძი. ისევ ჰკითხა, - ხომ არაფერი გითხრაო? გაკვირვებულმა ყმაწვილმა შესძახა: - რას ამბობ, მამაო, უსულო და უგრძნობელი ბოძი რას მეტყოდაო. "შენც ასე მოიქეცი. თუ დაითმენ ყოველივეს, ჩემი მოწაფე იქნები, არადა, ზღურბლსაც არ მოუახლოვდეო". ამგვარი მაგალითები დიდად მოქმედებდა მონაზვნებზე. წმინდა მელანიამ ამავე მონასტერში მშვენიერი ტაძარიც ააშენა, სადაც დაასვენეს წმინდა ზაქარია წინასწარმეტყველის, წმინდა სტეფანე პირველმოწამის და ორმოც მოწამეთა წმინდა ნაწილები.
ამ ამბების შემდეგ მალე ღმრთივგანისვენა ნეტარმა აპინიანემ, რომელიც უკვე ბერად იყო აღკვეცილი. წმინდა მელანიამ პატივით დაკრძალა ქმარი. აპინიანეს გარდაცვალების შემდეგ წმინდა მელანიამ უკანასკნელი მამულიც გაყიდა და მამათა მონასტერი ააშენა.
ამ დროს ბიძის წერილი მიიღო კონსტანტინოპოლიდან - შენი ნახვა მინდაო. ბიძამისი, რომაელი ანტიპატროსი,
აღმოსავლეთში დასავლეთის იმპერატორს საქმეზე გამოეგზავნა.
მელანიას არ სურდა პანთეისტი ბიძის ნახვა, მაგრამ მამათა რჩევით მაინც გაემგზავრა კონსტანტინოპოლს. გზად პატივით ხვდებოდნენ მღვდელნი და მღვდელმთავარნი, ქალაქის თავნი თუ უბრალო მოსახლეობა. დედაქალაქშიც დიდი მოწიწებით შეხვდნენ წმინდა დედას თვით იმპერატორი თეოდოსი მცირე, დედოფალი ევდოკია და პატრიარქი პროკლე. ბიძამისი ვოლუსიანე ავადმყოფი დახვდა. განაცვიფრა კაცი ძმისშვილის ხილვამ, მარხვით მიმჭკნარი სახე ჰქონდა მონაზვნის ჯუბით მოსილს. ცალკე მელანიას, ცალკე წმინდა პროკლეს ღვთივსულიერმა საუბრებმა დაატოვებინა ვოლუსიანეს წარმართობა, ნათელიღო, ეზიარა უფლის სისხლსა და ხორცს და სული თვისი ჩააბარა უფალს.
ბიზანტიაში ყოფნისას წმინდა მელანიამ მრავალი განამტკიცა ქრისტეს სარწმუნოებაში. მაშინ ეკლესიას ნესტორიანელთა ერესი არყევდა. ღირსმა დედამ ზედმიწევნით კარგად იცოდა წმინდა წერილი, ამიტომაც ადვილად სძლევდა ნესტორიანელთა მზაკვრულ ქადაგებებს.
წმინდა მელანია დაბრუნდა იერუსალიმში. ღვთისაგან მან კურნების მადლიც მიიღო. ერთხელ მისი სულიერი შვილი, დედოფალი ევდოკია იერუსალიმში გაემართა წმინდა ადგილების მოსალოცად და მონატრებული სულიერი დედის სანახავად. გზად ფეხი იღრძო და ისე სტკიოდა, მიწას ვერ აკარებდა. როგორც კი წმინდა მელანია შეეხო, ფეხი მაშინვე განეკურნა.
ერთ ახალგაზრდა ქალს ეშმაკი ტანჯავდა, ისე მოუკუმა პირი, რომ არც სიტყვის თქმა შეეძლო, არც ჭამა. სიკვდილის პირას იყო მისული. წმინდა მელანიამ მას ლოცვა წაუკითხა და ზეთი სცხო. ეშმაკი უმალ გამოვიდა გოგონას სხეულიდან. ფეხმძიმე დედაკაცს მუცელში ჩვილი მოუკვდა და საშინელი ტკივილით იტანჯებოდა. როგორც კი წმინდა მელანიამ ილოცა და მუცელზე თავისი ქამარი დაადო, ქალმა მკვდარი ჩვილი შვა და შვება იგრძნო.
მოუახლოვდა იმქვეყნად წასვლის დრო წმინდა მელანიას, უკანასკნელად მოილოცა იერუსალიმი, ბეთლემი, გალილეა. უფლის შობის დღესასწაულს ბეთლემში შეხვდა. ორი დღის შემდეგ, წმინდა სტეფანეს ხსენების დღეს, წაუკითხა პირველმოწამის ცხოვრება თავის მორჩილ მონაზვნებს და დასძინა: - უკანასკნელად ვკითხულობო. ატყდა ერთი ვაი-ვიში. შეეცოდა წმინდა მელანიას შვილები, ანუგეშა, დაამშვიდა. შემდეგ ეკლესიაში შევიდა და ლოცვა დაიწყო: "უფალო ჩემო, ადრიდანვე შეგიყვარე და გარჩიე ქმარსაც, სიმდიდრესაც, დიდებასა და ამქვეყნიურ პატივსაც. შენ მოგანდე ჩემი სხეული და სული. ახლაც შეისმინე ჩემი ღაღადება. დაე, ამ ცრემლმა აღძრას ჩემდამი შენი მოწყალების მდინარენი. განმწმინდე ნებსით თუ უნებლიეთ ჩადენილ ცოდვათაგან. განმიმზადე შენსკენ მომავალი გზა და განმაშორე შფოთი და წინააღმდეგობანი, რომ საზვერეებში ეშმაკებმა არ დამაკაონ".
ლოცვა დამთავრებული არ ჰქონდა, რომ საშინელი ფიზიკური ტკივილი იგრძნო. მაინც წავიდა საეკლესიო ღმრთისმსახურებაზე. ეზიარა უფლის სისხლსა და ხორცს, ანუგეშა სულიერი შვილები, უკანასკნელად ეამბორა მათ, აღმოთქვა: "როგორც ღმერთს უნდოდა, ისე აღესრულა". ხელები ჯვრის სახით დაიწყო გულზე, დახუჭა თვალები და წავიდა უფალთან. ეს მოხდა 439 წლის 31 დეკემბერს. მის დაკრძალვაზე უამრავი ბერ-მონაზონი შეიკრიბა, დაემშვიდობნენ თავიანთ მზრუნველს, მეოხს, სულიერ დედას. მთელი ღამე გალობაში გაატარეს და დიდი პატივით მიაბარეს მიწას წმინდა მელანია. მრავალი სათნოებისთვის, აღსრულებული სასწაულებისთვის, ღვთის დიდი სიყვარულისთვის ეკლესიამ ის წმინდანად შერაცხა და ხსენების დღედ 31 დეკემბერი (ახ. სტ. 13 იანვარი) დააწესა. შეგვეწიოს მისი წმინდა ლოცვა.
............................
აქვე ნახეთ:ღირსი მელანია რომაელი (+439) - 31 (13.01) დეკემბერი