ღირსი თეოდორა ალექსანდრიელი (+474-491) - 11 სექტემბერი (24 სექტემბერი)
ღირსი თეოდორა ალექსანდრიელი (+474-491) - 11 სექტემბერი (24 სექტემბერი)
იმპერატორ ზენონის (475-491) დროს ალექსანდრიაში თავის ქმართან ერთად მშვიდად ცხოვრობდა ერთი დიდებული დედაკაცი, სახელად თეოდორა. კაცთა მოდგმის მტერს შეშურდა მათი სიწმინდე, სიყვარული და მათი ოჯახის დარღვევა განიზრახა. ერთმა მდიდარმა ჭაბუკმა კაცმა, ეშმაკისაგან ვნებააღძრულმა თეოდორას გულის დაპყრობა მოისურვა: უგზავნიდა მდიდრულ საჩუქრებს, უფრო მეტსა ჰპირდებოდა, აცთუნებდა სიტყვითაც და ცოდვისკენ უბიძგებდა. გულუბრყვილო ქალს ყოყმანი რომ შეატყო, "რამეთუ დედაკაცი იყო ადვილად წარსატაცებელი და შესაცთომელი" ერთი ჯადოქარი დედაკაცი დაიქირავა მის შესაცდენად. რომელიც საუბრებით გონებას ურევდა თეოდორას. ამ ეშმაკის მსახურმა ხელსაყრელი დრო ნახა და ამ ჭაბუკზე სიტყვა ჩამოუგდო. თეოდორამ უთხრა:

- ეჰ, ნეტავ შემეძლოს მაგ კაცისაგან თავის დახსნა, რომელმაც უკვე დიდი ხანია შემაწუხა! მაგას რომ დავყვე, მაშინ თვით მზე, რომელიც გვანათებს, ღვთის წინაშე იქნება ჩემი ცოდვის მოწმე.

- მაშინ როცა დაღამდება და ბნელი დაჰფარავს ყველაფერს, დაჰყევი მაგ ყმაწვილის სურვილს, რადგან ამ სიბნელეში ვერავინ დაინახავს შენს ცოდვას, - უჩურჩულა მზაკვარმა ქალმა.

თეოდორამ თქვა:

- ეჰ კარგი იქნებოდა ღმერთს არ სცოდნოდა ჩვენი ღამით ჩადენილი ცოდვები!

- ასეც არის, ღმერთი მხოლოდ იმ ცოდვას ხედავს, რასაც მზე ანათებს, ხოლო რაც სიბნელეში ხდება, მისი დანახვა არ შეუძლია.

ახალგაზრდა, გამოუცდელი თეოდორა აცთუნა მისმა სიტყვებმა, რამეთუ ჩვენც კაცნი ვართ ცოდვისკენ, ვნებებისკენ მიდრეკილნი და ღამის სიბნელეში ჩაიდინა უსჯულო საქმე. მაგრამ როცა კი გათენდა, მის გულში ამოიბრწყინა ღვთის მოწყალების ცისკარმა. თეოდორა მიხვდა თავის ცოდვას და დაიწყო ვაება, თმების გლეჯვა, ტირილი. რცხვენოდა, საკუთარი თავი ეზიზღებოდა. სანუგეშოდ ესღა იფიქრა: "ღმერთმა არ უწყის ჩემი ცოდვა, თუმცა, თუკი არ იცის, ჩემთვის ხომ მაინც სირცხვილია და თავისმოჭრა". სირცხვილს ვერაფერს უშვრებოდა. სანუგეშოდ მონასტერში წავიდა, რომლის იღუმენიაც მისი ნაცნობი იყო. იღუმენიამ მწუხარების მიზეზი ჰკითხა, ქმარმა ხომ არ გაგაბრაზაო. "მეც არ ვიცი რაზე ვდარდობო", - უპასუხა თეოდორამ.

მაშინ იღუმენიამ მას სანუგეშოდ სულისმარგებელი საუბარი დაუწყო. გადმოიღო საღმრთო წიგნები და იქიდან წაუკითხა. ხოლო როცა სახარებიდან ამოუკითხა: "არარაჲ არს დაფარული, რომელი არა გამოცხადნეს, და დამალული, რომელი არა საცნაურ იყოს. ამისათჳს რომელი ბნელსა შინა სთქუათ, ნათელსა შინა ისმეს, და რომელსა ყურსა ეტყოდით საუნჯეთა შინა, იქადაგოს ერდოთა ზედა" (ლუკა 12.3).

თეოდორამ სახარების სიტყვები რომ მოისმინა, მკერდში მჯიღი ჩაირტყა და წამოიძახა:

- ვაი, მე უბედურს, დავიღუპე, მოვტყუვდი, მეგონა, რომ ღმერთი ჩემს ცოდვას ვერ ხედავდა.

და დაიწყო თავის ცემა და ტირილი. მაშინ მიხვდა იღუმენია თეოდორას ცოდვით დაცემას და გამოჰკითხა, თუ რა შეემთხვა. თეოდორამ ძლივს აღმოთქვა თავს მომხდარი ამბავი, შემდეგ იღუმენიას წინ დაემხო და შეევედრა:

- შემიწყალე ქალბატონო, მე წარწყმედილი, და მასწავლე რა გავაკეთო? შემიძლიან გადავრჩე და საუკუნოდ არ წარვწყმდე? ღვთის გულმოწყალების იმედი უნდა მქონდეს თუ სასო წარვიკვეთო?

იღუმენიამ უთხრა:

- ცუდი საქმე ჩაგიდენია, შვილო, არ უნდა გერწმუნა ეშმაკისა. ვერ განსაჯე სწორად, როცა ღვთისგან დამალვას ეცადე. ის შორიდან სჭვრეტს კაცთა გულისთქმას. მის მზერას ჯერ არქმნილი საქმეც კი ვერ ემალება. არც ღამეს, არც დაფარულ და ბნელ ადგილს არ ძალუძს მის ყოვლისმხედველ თვალს ცოდვა გამოაპაროს. ცუდად მოიქეცი, ჩემო შვილო, ღმერთიც განარისხე და ქმარსაც ვერ უერთგულე; სხეულიც წაიბილწე და სულიც დაიზიანე. რატომ ადრე არ მითხარი, როცა სხვა კაცი მოგწონდა, დაგეხმარეობიდი, გასწავლიდი, მტრის მახეებისგან თავის დაღწევას. მაგრამ, რადგანაც ეს უკვე მოხდა, ახლა მაინც აღდექი და ღვთის მოწყალებას მიენდე, შემუსვრილი გულით ილოცე, ცოდვა რომ მოგეტეოს. სასოს ნუ წარიკვეთ, შვილო, დიდი ცოდვა კი გადევს კისერზე, მაგრამ იცოდე, ღვთის წყალობა გა-ნუზომლად უფრო დიდია და არ არსებობს ცოდვა, ღვთის კაცთმოყვარეობას რომ სძლიოს. ოღონდ გამხნევდი და ცხონდები.

ასე იღუმენიამ თეოდორა შეაგონა, განსწავლა, და სინანულის გზაზე დამოძღვრა, თან დაამშვიდა, ღვთის განუზომელ მოწყალებისა და სახიერების იმედი ჰქონოდა მსგავსად სახარებისეული ცოდვილი დედაკაცისა, რომელიც ცრემლებით დაალტობდა ქრისტეს ფეხებს და თმებით წარხოცდა, რისთვისაც უფალმა ცოდვები მიუტევა.

თეოდორამ ღირსი დედის თითოეული სიტყვა გულში ჩაიბეჭდა და შინ ცოტათი დამშვიდებული დაბრუნდა.

მაგრამ სინდისი ვერ დაიმშვიდა, ქმრისთვის სახეში შეხედვისაც რცხვენოდა და სულ იმის ფიქრში იყო, როგორ მოელბო ღვთის გული: ჯერ დედათა მონასტერში წასვლა გადაწყვიტა, მაგრამ მიხვდა, ქმარი ამის ნებას არ მისცემდა. და აი, ამგვარი რამ მოიფიქრა: ერთხელ როცა მისი ქმარი რაღაც საქმეზე გაემგზავრა. თეოდორამ დრო ნახა, შეღამდა თუ არა, თმა შეიჭრა, მამაკაცის სამოსი ჩაიცვა, ღვთის ნებას მინდობილმა ჩუმად სახლი დატოვა და უდაბნოში ერთ მონასტერს მიადგა. ეს მონასტერი ქალაქიდან თვრამეტ ვერსზე მდებარეობდა და "ოქტოდეკატად" იწოდებოდა ("ოქტოკაიდეკა" ბერძნ. ნიშნავს "თვრამეტს". აქედან მიიღო მონასტერმა თავისი სახელწოდება). მივიდა და კარიბჭეზე დააკაკუნა. მეკარე გამოვიდა და ჰკითხა, - აქ რისთვის მოსულხარო. თეოდორამ უთხრა:

- ყავ სიყვარული, მამაო, და იღუმენს უთხარი, რომ მიმიღოს მონასტერში მე ცოდვილი. მინდა ჩემი ბოროტი საქმეები მოვინანიო. ამიტომ მოვედი. მაგ წმინდა ფეხებს დაგბანთ, დღედაღამ გემსახურებით, რასაც მიბრძანებთ, გავაკეთებ.

მეკარე გაბრუნდა და იღუმენს მოახსენა. იღუმენმა უთხრა:

- უნდა გამოვცადოთ, ღმერთმა მოავლინა თუ არა იგი ჩვენთან. დილამდე პასუხი არ გასცე და არც მონასტერში შემოუშვა. ვნახოთ, თუკი არსად წავა და მონასტრის კარიბჭესთან მოთმინედ იჯდება შეწყალების მოლოდინით, მაშინ მივხვდებით, რომ მართლაც გულმოდგინედ მოვიდა ღვთის სამსახურში.

მეკარე ასეც მოიქცა. ზედ არ შეხედა თეოდორას. ის კი მონასტრის გალავნის კარიბჭესთან იჯდა და ტიროდა. დაღამდა. გარშემო მხეცები დაძრწოდნენ (ეს უდაბნო ნადირით იყო სავსე), მაგრამ თეოდორა ღვთის მადლით უვნებელი გადარჩა.

დილით მეკარემ სარკმლიდან გაიხედა. თეოდორა ისევ კარებთან იჯდა.

- რას ელოდები? - ჰკითხა, - აქ არ მიგიღებთ, მაინც არ გამოგვადგები.

- ამ კარიბჭესთან რომ მოვკვდე, მაინც არსად წავალ, - უპასუხა თეოდორამ, - სანამ წყალობას არ გაიღებთ და მონასტერში არ მიმიღებთ.

მეკარემ მისი სიმდაბლე და მოთმინება რომ იხილა, კარი გააღო და იღუმენთან წაიყვანა. იღუმენმა თეოდორას სახელი, სადაურობა და მოსვლის მიზეზი ჰკითხა.

- ალექსანდრიელი ვარ, მამაო, - მიუგო გადაცმულმა ქალმა, - თეოდორე მქვია, ცოდვებითა და უსჯულოებით ვარ ავსებული, მაგრამ გონს მოვეგე და ცოდვები შევიცანი, და მათი შენანება განვიზრახე. ამიტომაც მოვედი თქვენთან. მიმიღეთ ძმობაში, გადამარჩინეთ დაღუპვის გზაზე მდგარი. ისე შემიწყნარე, მამაო, როგორც უფალმა - ავაზაკი, მეზვერე და უძღები შვილი.

იღუმენმა მონასტრის შრომა და ღვაწლი გააცნო და გააფრთხილა:

- ძალა არ გეყოფა, შვილო, ამ ღვაწლის ასატანად. ვხედავ, რომ ამსოფლიურ ფუფუნებაში აღზრდილი ყმაწვილი ხარ. ჩვენს მონასტერში კი შვებას ვერ ნახავ. ჩვენი ტიპიკონი მკაცრ ასკეტურ ცხოვრებას, დიდ კრძალვასა და მარხვას მოითხოვს, აქ ძმები დიდ ჯაფას ეწევიან მორჩილებაში, საეკლესიო ლოცვებს არავინ აკლდება, საკანში ბევრს ლოცულობენ და მეტანიას აღასრულებენ. მართალია, ვხედავ, გულით ხარ მოსული, მაგრამ ვშიშობ, რომ სურვილი არ გადათქვა. აქ ბევრს დაუწყია გულმოდგინე მოღვაწეობა, მაგრამ ვეღარ გაუძლიათ და მალევე დაუტევებიათ კეთილი განზრახვა და სრულ უდებებაში ჩაცვენილან. ამიტომაც, გირჩევ, უკან დაბრუნდე, დაე ღმერთმა ცხონება მოგმადლოს, როგორც მისთვის იქნება სათნო.

თეოდორა იღუმენს მუხლებში ჩაუვარდა და ტირილით შესთხოვა:

- მამაო, ნუ გამაძევებ თქვენი წმინდა სავანიდან. თქვენთან ანგელოზებრივ თანაცხოვრებას ნუ მომაკლებ, ნუ გამაგდებ სოფელში. საიდანაც გამოვიქეცი, როგორც იუდეველები ეგვიპტიდან. აღარ ვარ იქ დამბრუნებელი. ნუ შეგაშინებს ჩემი სიყმაწვილე, თქვენი წმინდა ლოცვებით კრძალულებას მივეჩვევი, ღვთის შემწეობით ყველა ღვაწლს ვიტვირთავ, რასაც მიბრძანებთ ყველაფერს გულმოდგინედ შევასრულებ, ოღონდ მიმიღეთ, მინდა ცოდვები მოვინანიო.

ამდენი ხვეწნის შემდეგ იღუმენი დათანხმდა, მონასტერში მიიღო და მორჩილად აიყვანა. ერთმა ღმერთმა უწყოდა მისი საიდუმლო. ძმები ხედავდნენ, როგორ შრომობდა მორჩილებით, როგორ იმდაბლებდა თავს ყველას წინაშე. მის დაფარულ ღვაწლს - ღამისთევის ლოცვებს, გულ-შემუსვრილებას, ცრემლებს, მუხლმოდრეკებს, საქმიანობას კი მხოლოდ ღმერთი ხედავდა. დღედაღამ უფალს შეწყალებას შესთხოვდა თეოდორა, ვითარცა ის მეძავი, ქრისტეს ფეხები ცრემლებით რომ დაალტო. ასე აღემატა მისი სინანული ჩადენილ ცოდვას, რადგან მონანულმა სიმდაბლით მოაკვდინა ყველა ვნება და გულისთქმა, ყველას წინაშე თავი დაიმცირა, თავის უარყოფით სძლია საკუთარ ნებას და მიწიერ ანგელოზად შეიქნა. ერთ დროს შებილწული მისი სხეული სინანულის ღვაწლმა და ცრემლთა დენამ განწმინდა და ღვთის წმინდა ტაძრად, სულიწმიდის ჭურჭლად გადაქცია.

მას მერე რვა წელი გავიდა. მთელი ამ ხნის მანძილზე თეოდორას ქმარს მისი ძებნა არ შეუწყვეტია, ვერაფერი გაეგო, სად მიიმალა მისი ცოლი, რა დაემართა. დღედაღამ ჯავრობდა და ღმერთს ევედრებოდა, ცოლის ადგილ-სამყოფელი გამომიცხადეო. და აი, ერთხელაც, ღამით უფლის ანგელოზი ეჩვენა და უთხრა:

- ნუ დარდობ შენს ცოლზე. ის ღვთის მონებთან ერთად ღმერთს ემსახურება. თუ მისი ნახვა გსურს, ადრიანად მიდი წმინდა პეტრეს ეკლესიასთან და იქ დადექი. ვინც პირველი გამოივლის და მოგესალმება, ის იქნება შენი ცოლიო.

გაიხარა თეოდორას ქმარმა. უთენია წმინდა პეტრეს ეკლესიასთან დადგა და აქეთ-იქით დაიწყო ცქერა ცოლის ნახვის მოლოდინით. სწორედ ამ დროს მონასტერს ზეთი შემოაკლდა. ალექსანდრიაში ზეთის შესაძენად თეოდორა გაგზავნეს. ბერისსამოსიანმა ეკლესიასთან აქლემებით გამოიარა. ქმარმა ვერ იცნო. ან კი როგორ იცნობდა - მამაკაცურად იყო შემოსილი, თან გამოცვლილი. მისი ერთ დროს ულამაზესი სახე მარხვას და ღვაწლს ჩამოეჭკნო. თეოდორამ კი შორიდანვე იცნო ქმარი, ჩუმად აცრემლდა და გულში გაიფიქრა:

- ვაი შენ, ჩემო ცოდვილო თავო! ქმრის წინაშე ჩადენილი ცოდვის გამო როგორ მოვაკლდი ღვთის წყალობას!

გვერდით რომ ჩაუარა, თეოდორამ მდაბლად დაუკრა თავი ქმარს და მიესალმა:

- დილა მშვიდობისა, ბატონო!

მანაც თავი დაუკრა და მიუგო:

- გაგიმარჯოს, მამაო!

ასე დაშორდნენ ერთმანეთს. თითქმის მთელი დღე ტაძართან გაატარა თეოდორას ქმარმა. შეღამებისას შინ დაბრუნდა დანაღვლიანებული, ანგელოზის ჩვენება ეშმაკის ტყუილად ჩათვალა. შინ შევიდა თუ არა, ისევ ტირილით ლოცვა დაიწყო:

- უფალო, შენ იცი ჩემი დარდი, მოხედე ჩემს ლოცვას, გამომიცხადე, ცოცხალია თუ არა ჩემი ცოლი, როგორ გზას ადგას კეთილსა თუ ბოროტს?

და აი, მეორე ღამეს ისევ ანგელოზი გამოეცხადა და ეუბნება:

- რაღად ტირი? განა შენი ცოლი არ გინახავს, როგორც მე გითხარი?

- არ მინახავს, უფალო ჩემო, - მიუგო მან.

მაშინ ანგელოზმა უთხრა:

- განა მე არ გითხარი, რომ პირველი, ვინც გვერდით ჩაგივლის და მოგესალმება, შენი ცოლი იქნება-მეთქი?

მაშინ კი მიხვდა თეოდორას ქმარი, რომ მეუღლე ნახა, მაგრამ ვერ იცნო. მადლობა შესწირა უფალს, რომ ცოლი ცოცხალი ჰყავდა და ღვთის სამსახურში იდგა. თავადაც იმედი მოეცა, მისი ლოცვით ვცხონდებიო. ნეტარი თეოდორაც ჰმადლობდა ღმერთს, ქმარმა რომ ვერ იცნო. მონასტერში დაბრუნებული კიდევ უფრო მეტად იღვწოდა, ჯერ ერთი დღე მარხულობდა, მერე ორი, სამი... ხანაც მთელი კვირა ლუკმას არ ჩაიდებდა პირში, მარხვასთან ერთად მხურვალედ ლოცულობდა ცოდვათა მიტევებისათვის.

იმ მონასტრის სიახლოვეს ტბაში ნიანგი მკვიდრობდა, რომელიც ხშირად ამოდიოდა ტბიდან და გამვლელებსა და საქონელს ნთქავდა. ალექსანდრიის მმართველმა გრიგოლმა ტბის გზაზე მცველები დააყენა, რათა იქ არავის გაევლო. ერთხელ იღუმენმა თეოდორა დაიბარა - სურდა გაეგო, თეოდორაში ღვთის მადლმა თუ დაიმკვიდრა და დაავალა:

- ძმაო თეოდორე, აიღე სარწყული და ტბიდან წყალი მოზიდე.

თეოდორამ მაშინვე მორჩილად დაავლო ხელი სარწყულს და ტბისაკენ გაეშურა. გზად მცველებმა შეაჩერეს, - იქით არ წახვიდე, მამაო, თორემ ქვეწარმავალი დაგგლეჯსო.

თეოდორამ კი მიუგო, - იღუმენმა წყლისთვის გამომგზავნა, ნაბრძანები უნდა შევასრულოო.

თეოდორა ტბის ნაპირს მიუახლოვდა თუ არა, ნიანგმა გამოცურა, ზურგზე შეისვა თეოდორა და ტბის სიღრმეში შეიყვანა. მორჩილმა წყალი აავსო თუ არა, ქვეწარმავალი გამოტრიალდა და ის ნაპირზე გადმოსვა. თეოდორამ ნიანგი შერისხა, ამიერიდან ნურვის მიაყენებ ზიანსო და ქვეწარმავალი მკვდარი დაეცა. მცველებმა ეს სასწაული რომ იხილეს, მაშინვე იღუმენსა და მმართველს აცნობეს. ყველამ ერთად ღმერთი განადიდა. ძმებს უკვირდათ, ნიანგმა როგორ არ ავნოო თეოდორას და მორჩილების ძალას აქებდნენ.

მაგრამ ზოგიერთ ძმას ეშმაკმა გონება აუმღვრია, მათ მომხდარი არ ირწმუნეს, თეოდორას სიძულვილი გულში ჩაუვარდათ და ასე ამბობდნენ:

- ჩვენ ამდენი ხანია მონასტერში ვცხოვრობთ და სასწაულებს არ ვიქმთ, ეს კი გუშინ მოვიდა და უკვე სასწაულმოქმედებს. ნუთუ წინ უნდა გაგვისწროს? ეგებ რაიმე გრძნეულებით მოაკვდინა მხეცი?

მათი სავანიდან რამდენიმე ვერსის დაშორებით უდაბნოში მეორე მონასტერი იდგა. სიძულვილით აღვსილმა ბერებმა იღუმენის სახელით ჩუმად დაწერეს ეპისტოლე იმ მონასტრის მამებისათვის, გვიან საღამოს კი ნეტარ თეოდორასთან შევიდნენ და უთხრეს, - ძმაო თეოდორე, იღუმენი გიბრძანებს, ეს ბარათი სასწრაფოდ იმ მონასტერში წაიღოო.

თეოდორა მაშინვე ადგა და იმ ღამითვე გაეშურა იმ მონასტრისაკენ. მოძულეებს ეგონათ, გზად მხეცები დაგლეჯენო. რადგან იმ მიდამოებში უამრავი ნადირი დაძრწოდა, ღამით იქ კაცი ვერ გაივლიდა. გაბოროტებული ძმები ერთმანეთს ეუბნებოდნენ:

- აბა, ვნახოთ, ცოცხალი თუ დაგვიბრუნდება წმინდანი, რომელსაც მხეცნიც კი ემორჩილებიან.

თეოდორას გზად ერთი უზარმაზარი მხეცი შემოეჩეხა. ნადირმა მდაბლად დაუკრა თავი, უკან მიბრუნდა, წინ გაუძღვა და მონასტრის კარიბჭემდე მიაცილა. მონასტერს რომ მიადგნენ, ნადირმა თათი მიჰკრა კარებს. მეკარემ გააღო და წმინდა თეოდორა იღუმენთან გაუშვა. კარი კი აღარ დაუკეტავს. მხეცი მონასტერში შევიდა და მეკარეს ეცა.

- ვაიმე, მიშველეთ! - აყვირდა მეკარე.

ყვირილზე ყველას გაეღვიძა. წმინდა თეოდორამ შეიტყო რაც მოხდა, იმწამსვე ეზოში გაჩნდა და ბერი მხეცის კლანჭებს გამოგლიჯა, მერე კი ყელში წვდა ნადირს და შერისხა: - როგორ გაბედე, ღვთის ხატებას მოსაკლავად თავს დასხმოდი, ამისთვის თავადვე მოკვდიო.

ნადირი იმწამსვე თეოდორას ფეხებთან მკვდარი დაეცა. ნეტარმა დაგლეჯილ ძმას ზეთი სცხო, ქრისტეს სახელით ჭრილობებზე ჯვარი გადასახა და ჯანმრთელი და უვნებელი ფეხზე დააყენა. მონასტრის ძმებმა ეს სასწაული რომ იხილეს, თეოდორას თაყვანისცეს და განადიდეს ღმერთი, რომელმაც გარეული მხეცები თავის მონას თეოდორეს დაუმორჩილა. მონასტრიდან გამობრუნებული თეოდორა ადრიანად მოვიდა უკან, არავისთვის გაუმხელია, სად იყო და რა გააკეთა.

მეორე დღეს იმ მონასტრის ძმები შესაწირით ესტუმრნენ იღუმენს და ყველას უამბეს მომხდარი ამბავი, თან მადლობას სწირავდნენ. იღუმენი და ძმები გაოცდნენ. მოსულნი რომ გაისტუმრა, იღუმენმა მთელი ძმობა შეკრიბა და ჰკითხა მათ:

- ძმა თეოდორე ღამით იმ მონასტერში ვინ გააგზავნა?

ყველა უარზე იდგა - არ ვიცითო.

მაშინ თეოდორას ჰკითხა. თეოდორას არ სურდა, თავისი მოძულენი გაემხილა და უპასუხა:

- შემინდე, მამაო, სენაკში ვთვლემდი და ვერც კი გავარჩიე, ვინ იყო. შენი სახელით კი მიბრძანა იმ მონასტერში წასვლა და ბარათის წაღება. მეც მორჩილებით წავედი.

მაშინ კი მიხვდნენ დამნაშავეები, რომ თეოდორა ღვთის მადლით იყო სავსე, შეინანეს, ფეხებში ჩაუვარდნენ ნეტარს და პატიება სთხოვეს. თეოდორას კი ისეთი უბოროტო გული ჰქონდა, ერთი ბეწოთიც არ იყო მათზე განრისხებული, არც არავისთვის გაუმხელია მათი ამბავი, პირიქით, ისევ თავის თავს აბრალებდა ყველაფერს, ცოდვილი ვარ და ძმების სი-ყვარული ვერ დავიმსახურეო.

ერთხელ, როცა თეოდორა მორჩილების საქმეს ასრულებდა, დემონი გამოეცხადა და ბოღმით მიაძახა:

- შე საძაგელო მეძავო, ქმრის დამტევებელო, აქ იმისთვის მოხვედი, რომ მე წინ აღმიდგე? მთელ ჩემს ძალას დაგახარჯავ და მარტო მონაზვნობას კი არა, ჯვარცმულის რწმენასაც დაგაკარგვინებ. გაგაძევებ ამ ადგილიდანაც! ნურასდროს ამოისუნთქებ შვებით, რომ შენს ახლოს არა ვარ, არ მოგასვენებ, სანამ მახეში არ გაგიბამ ფეხებს და უცაბედად ორმოში არ ამოგაყოფინებ თავს!

თეოდორამ პირჯვარი გადაისახა და წარმოთქვა:

- ღმერთმა შემუსროს შენი ძალა, ეშმაკო!

და ეშმაკი გაქრა.

ცოტა ხანში ნეტარი თეოდორა მონასტრისთვის ხორბლის შესაძენად ისევ ალექსანდრიაში გაგზავნეს აქლემებით.

წასვლის წინ იღუმენმა დაარიგა:

- შვილო, თუკი გზაში შემოგაღამდეს, ენატოსის მონასტრისაკენ შეუხვიე და ღამე იქ გაათიე.

თეოდორას გზაზე მართლაც დაუღამდა და იღუმენის ბრძანებისამებრ ენატოსის მონასტერს მიადგა. სავანის იღუმენს თაყვანი-სცა და კურთხევა გამოსთხოვა, დილამდე იქ დარჩენილიყო და აქლემები მოესვენებინა. იღუმენმაც სასტუმროში, აქლემების სადგომში გამოუყო ადგილი. ამ დროს იქ იღუმენის ხნიერი ქალიშვილი ცხოვრობდა, რომელიც მამის მოსანახულებლად მოსულიყო. ახალგაზრდა ბერს რომ შეავლო თვალი, გულისთქმა აღეძრა, ღამით მიადგა აქლემებთან მძინარს და უსირცხვილოდ შეაძლია თავი. რაკი არ იცოდა, ქალთან რომ ჰქონდა საქმე, ცდილობდა, ცოდვაზე დაეყოლიებინა.

მაგრამ, თეოდორამ უთხრა:

- დაო, თავი დამანებე, ამ საქმისა არაფერი ვიცი. თანაც ბოროტი სული მყავს ჩასახლებული და მეშინია, არ მოგკლას.

ქალი შერცხვენილი გაბრუნდა უკან. თუმცა იმ ღამით სხვა სტუმარი ნახა, მასთან იმრუშა და მუცლად-იღო. გათენდა თუ არა, თეოდორა ქალაქში წავიდა, ხორბალი იყიდა, თავის მონასტერში დაბრუნდა და ჩვეული ღვაწლი განაგრძო.

გავიდა ექვსი თვე. იმ ქალს მუცელი დააჩნდა. შინ ცემა და დაკითხვა დაუწყეს, ვისთან შესცოდეო? მან კი ეშმაკის ჩაგონებით ნეტარ თეოდორას დაადო ხელი:

- სასტუმროში ოქტოდეკატელი ბერი თეოდორე ათევდა ღამეს, ჩემთან მოვიდა და მისგან მუცლად-ვიღე.

მამამისმა ბერები გაგზავნა საჩივლელად ოქტოდეკატის მონასტრის იღუმენთან, - თქვენმა ბერმა თეოდორემ ქალი შემიცდინაო.

იღუმენმა თეოდორა დაიბარა და ჰკითხა:

- გესმის, რას შეგწამებენ? ამბობენ, ქალწული გააუპატიურა და დააფეხმძიმაო.

თეოდორამ მიუგო:

- შემიწყალე, მამაო, მაგრამ ღმერთია მოწამე, უბრალო ვარ.

იღუმენმა ბერების მონათხრობი არ დაიჯერა, თეოდორას წმინდა და ანგელოზებრივი ცხოვრების მოწმე ხომ თავად იყო. გავიდა სამი თვე იმ ქალმა ვაჟი გააჩინა. ენატოსელმა ბერებმა ყრმა ოქტოდეკატის მონასტრის შუაში დაუგდეს. თან იქაურ ძმებს კიცხავდნენ: აი, თქვენი ახალშობილი და გაზარდეთო!

ბავშვის დანახვაზე იღუმენმა უკვე ირწმუნა, მონათხრობი სიმართლე ყოფილაო, ძმობა შეკრიბა და უდანაშაულო თეოდორა შერისხა:

- გვითხარი, წყეულო, რომ ეს შენი ნამოქმედარია. ჩვენი მონასტერი შეარცხვინე და ჩვენი ძმობა საყვედრებელი გახადე! ღვთისაც არ შეგშინებია. ანგელოზი გვეგონე, შენ კი ეშმაკთა თანაზიარი აღმოჩნდი. მიდი, აღიარე შენი უსჯულოება!

ნეტარი თეოდორა გააოცა ამ უეცარმა თავდასხმამ და მდაბლად მიუგო:

- შემინდეთ, ძმებო, ცოდვილი კაცი ვარ!

ბერებმა ითათბირეს და თეოდორა ცემითა და უპატიობით გააძევეს მონასტრიდან, თან ჩვილიც გაატანეს. წმინდანს ერთი სიტყვაც არ დაუძრავს თავისი უდანაშაულობის დასაცავად. არ სურდა თავისი დედაკაცობის გამოაშკარავება. უწინდელი დანაშაულის სანაცვლოდ სხვისი ცოდვა იტვირთა. ყრმა აიყვანა, მონასტრის კარიბჭესთან დაჯდა და მოთქვამდა, როგორც ოდესღაც სამოთხიდან გამოძევებული ადამი. მერე კი მონასტრის მოპირდაპირე მხარეს პატარა ქოხი გამართა ბავშვისთვის და მას შვიდი წელი მწყემსებიდან გამოთხოვილი რძით კვებავდა. თვითონ კი უდრტვინველად იტანდა შიმშილსა და წყურვილს, ყინვასა თუ პაპანაქებას, სასმელად ზღვის წყალს იყენებდა და საზრდელად ველური ბალახი ჰქონდა.

ეშმაკმა ვეღარ დაითმინა თეოდორას სიმდაბლე და მისი ცდუნება სხვანაირად სცადა: თეოდორას ქმრის სახე მიიღო და ქოხში შევიდა და ვედრება დაუწყო:

- აქა ხარ, ჩემო ქალბატონო? რამდენი წელია, გეძებ. ცრემლი არ შემშრობია თვალზე. შენ კი არც გაგონდები! განა არ იცი, რომ შენთვის დავუტევე მშობლები, შენ კი მიმატოვე. ვინ გაიძულა აქ მოსვლა? სად დაგეკარგა სახის ფერი? რად ჩამოიხმე თავი? მომიახლოვდი, ჩემო სიყვარულო, და შინ დავბრუნდეთ. თუ გსურს, სიწმინდე შინაც დაიმარხე. მე არ შეგიშლი ხელს. გაიხსენე ჩემი სიყვარული, წამო, წავიდეთ შინ.

ნეტარი ვერ მიხვდა, ეშმაკი რომ ეწვია, იფიქრა, მართლაც ჩემი ქმარიაო და მიუგო:

- ვერ დავბრუნდები ერში, ეს სოფელი ცოდვის გამო დავტოვე. მეშინია, უარეს ცოდვაში არ ჩავვარდე.

ამ დროს მან ხელი ასწია პირჯვრის გადასაწერად, და ეშმაკი მყისვე გაქრა. მაშინ კი მიხვდა თეოდორა, რომ დემონი აცდუნებდა და ინანა, რომ ეშმაკს საუბარი გაუბა და იმ დღიდან უფრო გაფრთხილდა მისი ხრიკებისაგან თავის დასაცავად. მაგრამ სატანა უკან არ იხევდა. ერთხელ უამრავი მხეცის სახე მიიღო და თეოდორას თავს დაესხა.

- დავგლიჯოთ ეს მეძავი! - ყვიროდნენ ადამიანის ხმით.

ნეტარმა პირჯვარი გამოისახა და წარმოთქვა: "გარე-მომადგეს და მომიცვეს მე და სახელითა უფლისაჲთა ვერეოდე მათ" (ფს. 117,11). და შემოჯარული ეშმაკები გაქრნენ. სატანამ ახლა უკვე ვერცხლისმოყვარეობით სცადა მისი ცდუნება, მან ოქროულის გროვა უჩვენა, ხალხი რომ გარემოდგომოდა და აგროვებდა, მაგრამ ჯვრის ერთ გადასახვაზე ყოველივე გაუჩინარდა.

ეშმაკმა ახლა უკვე მთავრის სახე მიიღო და უამრავი მხედარი წინ წაიმძღვარა. თეოდორას ქოხთან როცა ჩაიარეს ბოროტმა ძალებმა, ყვირილი მორთეს:

- მთავარი მოდის, მთავარი მოდის!

შემდეგ თეოდორას მიმართეს:

- აღდეგ და თაყვანის-ეც მას!

ნეტარმა პასუხად მიუგო:

- "უფალსა ღმერთსა ჩემსა თაყუანის-ვცემ და მას მხოლოსა ვმსახურებ".

მაშინ დემონებმა თეოდორა ქოხიდან გამოათრიეს და ძალით წარუდგინეს ბნელეთის მთავარს. დემონები აიძულებდნენ, მთავარს თაყვანი-ეციო, ის კი არ ემორჩილებოდა და იმეორებდა: "უფალსა ღმერთსა ჩემსა თაყუანის-ვცემ და მას მხოლოსა ვმსახურებ".

მაშინ დემონებმა თეოდორა უმოწყალოდ ცემეს და ცოცხალ-მკვდარი დააგდეს. მწყემსებს ის მკვდარი ეგონათ, ქოხში გადაიყვანეს და მონასტრის მამებს შეატყობინეს:

- თქვენი ბერი თეოდორე მოკვდა. აიღეთ მისი გვამი და დაკრძალეთო.

იღუმენი ძმებთან ერთად ქოხში შევიდა, მაგრამ თეოდორა ცოცხალი დახვდა და თქვა: - თავი გაანებეთ, კიდევ იცოცხლებსო და ძმები მონასტერში დაბრუნდნენ. თეოდორა შუაღამისასღა მოეგო გონს, მწარედ ატირდა, გულში მჯიღს იცემდა და იძახდა:

- ვაი მე, ცოდვილს, ვაი მე, უმწეოს! როგორ დამსაჯა ღმერთმა ჩემი ცოდვებისათვის!

და ხელებაპყრობილმა ხმამაღლა შესძახა:

- მოწყალეო ღმერთო, მიხსენ ეშმაკის კლანჭებისაგან და შემინდე ჩემი ცოდვები!

შორიახლოს მწყემსებს ეძინათ, ნეტარის ლოცვის ხმა რომ ესმათ, გაოცდნენ, - ისევ ცოცხალიაო, - და ღმერთი განადიდეს.

ამ ამბის შემდეგ იღუმენს გული მოულბა, ბრძანა, თეოდორეს ყრმა მონასტერში წამოიყვანეთო. თეოდორამ ძალზე გაიხარა ბავშვის აღზრდის საზრუნავისგან რომ გათავისუფლდა. თვითონ კი უდაბნოში დახეტიალობდა. სიცხისა და ყინვისაგან ტანი სულ გაუშავდა, ცრემლებმა თვალები ჩაუღამა. ნადირებთან ერთად იწყო ცხოვრება და ისინიც ცხვრებივით ემორჩილებოდნენ.

ეშმაკმა კიდევ ერთხელ მოისურვა მისი ცდუნება. შიმშილისაგან გათანგულს მეომრის სახით გამოეცხადა, მრავალფერი სანოვაგე მოართვა და უთხრა:

- შენ რომ გცემა, იმ მთავრის გამოგზავნილი ვარ. ახლა შეინანა და ეს ძღვენი გამოგიგზავნა, გთხოვს შეუნდო და ეს საჭმელი მიიღო მისგან.

თეოდორა ეშმაკს მზაკვრობას მიუხვდა, პირჯვარი გადაისახა და წარმოთქვა: - ღმერთმა დაამხოს და შემუსროს შენი სივერაგე, ბოროტო! ღმერთია ჩემი შემწე, და ვერაფერს დამაკლებ!

იმ დროიდან ეშმაკმა მის ცდუნებას თავი ანება.

ამგვარ ყოფაში გაატარა მან შვიდი წელი. ძმებს მასზე გული მოულბათ და იღუმენს სთხოვეს:

- მამაო, შეიწყალე ძმა თეოდორე, მან თავისი სინანულით უკვე გამოისყიდა ჩადენილი ცოდვა. შეუნდე და დააბრუნე მონასტერში.

იღუმენმა მიუგო:

- ძმებო, წუხელ ღმერთმა მეც გამომიცხადა, რომ ძმა თეოდორეს ცოდვა მიეტევა. წადით, მოძებნეთ და მონასტერში მოიყვანეთ.

ძმები უდაბნოში გავიდნენ, იპოვეს თეოდორა და მონასტერში დააბრუნეს.

იღუმენმა თბილად მიმართა:

- ძმაო თეოდორე, ღმერთმა ჩადენილი ცოდვა მოგიტევა. იცხოვრე და იღვაწე ჩვენთან ერთად მონასტერში. სავანის კარს ნუღა გასცდები, ეშმაკმა ისევ რომ არ გაცდუნოს. შენი ვაჟიც აქ აღზარდე. შენი ღვაწლის მაცქერალი მოშურნეობით აღივსება.

იღუმენმა თეოდორას სენაკი გამოუყო, მონასტრის ყველა საქმისაგან განათავისუფლა, რათა მშვიდად ელოცა ღვთის წინაშე და მოესვენა ასეთი დიდი ღვაწლის მტვირთველს. ორი წელი იცხოვრა თეოდორამ თავის შვილობილთან ერთად ამ სენაკში. პატარას წერა-კითხვას ასწავლიდა, მოძღვრავდა ღვთისმოშიშებაში, სიმდაბლეში, მორჩილებაში და სხვა საბერო საქმეებში.

ერთ ზაფხულს დიდი გვალვა დაიჭირა. მონასტრის ყველა ჭა ამოშრა, დაიწრიტა ტბებიც. მაშინ იღუმენმა ძმებს მიმართა:

- თეოდორეს გარდა არავინ ვიცი, ღმერთს რომ ჩვენთვის წყალი გამოსთხოვოს. მასში ღვთის დიდი მადლია დავანებული.

მერე თავისთან იხმო წმინდანი და უთხრა:

- მამა თეოდორე, ჭიდან წყალი ამოიღე.

ჭა კარგა ხნის დამშრალი იყო.

- მაკურთხე, მამაო, - თქვა თეოდორამ და ჭასთან მივიდა. ჭურჭელი შიგ ჩაუშვა, წყლით ავსებული ამოიღო და იღუმენს მოართვა. ყველანი გაოცდნენ. მაშინვე ჭას მიცვივდნენ და ნახეს, რომ წყლით იყო სავსე. გახარებულებმა ღმერთი ადიდეს. ეს წყალი მონასტერს გაწვიმებამდე ეყო.

წმინდა თეოდორა კი სიმდაბლის სულით ეუბნებოდა ძმებს:

- ეს სასწაული ჩემი დამსახურება არ არის, იგი იღუმენის ურყევი რწმენის გამო აღსრულდა. მან გამაგზავნა, მე კი მხოლოდ ბრძანება შევასრულე ჩვენი სულიერი მამის ლოცვაზე მინდობილმა.

ასე გადიოდა ნეტარის ცხოვრების დღეები - ღვთისადმი ლოცვაში და ყრმის აღზრდაში.

ერთ საღამოს თეოდორამ ყველას დასანახად ყმაწვილი სენაკში შეიყვანა და მის დამოძღვრას შეუდგა. იღუმენმა კი ღვთაებრივი შთაგონებით რამდენიმე ძმა გაგზავნა, ჩუმად ყური დაუგდეთ, რაზე ესაუბრება ყრმასო. თეოდორამ გულში ჩაიკრა შვილობილი, მოეხვია, ეამბორა და ასე დამოძღვრა:

- ჩემო საყვარელო შვილო! ჩემი აღსასრულის ჟამიც მოიწია. განგეშორები. ნუ იგლოვებ ჩემზე და ნუ იტყვი - ობოლი ვარო, რადგან მამად ღმერთი გყავს. ის გიფარავს თავისი მადლით, მას შევავედრებ შენს თავს, თუკი უფალთან კადნიერებას მოვიპოვებ, შენზე ვილოცებ. ისმინე ჩემი უკანასკნელი სიტყვები და გულში ღრმად ჩაიბეჭდე: ყოველ ხორციელზე მეტად ღმერთი შეიყვარე, შენს თავზე მეტადაც, მთელი გულით შეუერთდი უფალს, არ შეწყვიტო მისი დიდება, მისდამი ილოცე ბაგითა და გულით, ენითა და გონებით. ტიპიკონს ნურასდროს დაარღვევ - ძმებთან ერთად იარე ეკლესიაში, არაფერი გამოტოვო საეკლესიო ლოცვიდან. დაე, გულის შემუსვრილებას, ცრემლებსა და სულთქმას შეერთოს ყოველი შენი ლოცვა. ყოველდღიურად ღვარე ცრემლები ღვთის წინაშე, რათა საუკუნო ნუგეშინისცემის ღირსი შეიქნე. იღუმენსა და ძმებს დაემორჩილე, შენი ნება უარყავი, ცხოვრების ბოლომდე ყველას მიმართ უბოროტო იყავი, დუმილით ზღვარი დაუდევ ბაგეებს, ეცადე, არავინ განიკითხო და სხვის ჩადენილ ცოდვაზე არ გაიცინო. ცოდვილს თუ ნახავ, იგი მხოლო ერთ უცოდველ ღმერთს შეავედრე, რათა ის ცოდვისაგან აღადგინოს, შენ კი დაცემასა და მტრის საცდურს დაგიხსნას. ნურაფერს იტყვი უქმად, ნურც ბილწად და ნურც გმობით. შენს ბაგეებს ისეთ სიტყვას ნუ დააცდენ, რომლისთვისაც სამსჯავროს დღეს მოგიწევს პასუხის მიცემა. მშვიდი და მდაბალი გულის იყავ, შენს მამად და კეთილისმყოფლად მიგაჩნდეს ყველა, თავი კი ყველაზე მცირედ შერაცხე. ძმის სნეულების ამბავს თუ შეიტყობ, არ დაიზარო, ინახულე და გულმოდგინედ მოუარე. მორჩილების რა საქმესაც დაგაკისრებენ, უდრტვინველად აღასრულე. სიგლახაკე და უპოვარება - ფასდაუდებელ საუნჯესავით შეიყვარე. გაიხსენე ჩემი ცხოვრება, როგორ ვხეტიალობდი შენთან ერთად. რა მოვიხვეჭე მონასტრის ზღუდის წინ მდებარე ქოხში? საჭმელ-სანოვაგე თუ სამოსი? სამკაული თუ განძი რაიმე? არაფერი, ღვთის გარდა. განა არის კაცისათვის უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ღმერთი და მისი ღვთაებრივი სიყვარულია? ის არის ჩვენი საუნჯე, სიმდიდრე, საზრდელი და სასმელი, ის არის ჩენი სამოსელი და საფარველი, ჩვენი სიმრთელე და სიმტკიცე, სიხარული და მხიარულება, ჩვენი იმედი და სასოება. მის მოპოვებას ეცადე, ჩემო შვილო, თუკი მას მოიპოვებ - საკმარისი იქნება შენთვის. მისით უფრო გაიხარებს შენი სული, ვიდრე მთელი ქვეყნიერება, რომ მოგეხვეჭა. ეცადე, უბიწოება დაიმარხო - როგორიც ახლა ხარ, სულითა და ხორცით წმინდა, ასეთი იყავი ვიდრე აღსასრულამდე. ეკრძალე, შვილო, სული ღვთისა რომ არ შეურაცხყო და გემოთმოყვარებითა და ხორცის მაამებლობით არ განიშორო შენგან. მოაკვდინე სამჭედურნი შენი, განსვენებასა და უძლურებას ნუ მისცემ ხორცს, ჯიუტი ჯორივით გახედნე შიმშილითა და წყურვილით, შრომითა და ჭრილობებით, ვიდრე შენს სულს ქრისტეს არ წარუდგენ, ვითარცა უბიწო სასძლოს. დაიცავი თავი ეშმაკის საფრხისგან, მღვიძარებდე და განიფრთხე, იცოდე, ეშმაკი არ თვლემს, შთანთქმას უპირებს ღვთის სამსახურ¬ში. დაე, ამ ბოროტისაგან დაგიფაროს ღვთის შემწეობამ. შვილო ჩემო, მეც მომიხსენე, რათა წყალობა ვპოვო მართალი მსაჯულის წინაშე, რომელიც არის როგორც ცხადი, ისე დაფარული ცოდვების განმკითხველი და რომელთანაც აღვალ ახლა.

- მამაო, ნუთუ ჩემგან მიდიხარ და ობლად მტოვებ? - შესტირა გონიერმა ყრმამ, - უშენოდ რაღა ვქნა? ვაი შენ ჩემო თავო, საბრალო და ობოლო, რამეთუ ჩემს კეთილ მამას უნდა დავშორდე!

თეოდორამ ყმაწვილი დაამშვიდა:

- ხომ გითხარი, შენს თავს ობოლს ნუ უწოდებ-მეთქი, რადგან ღმერთია შენი მფარველი, ის ზრუნავს შენზე. ის იქნება შენი დედაცა და მამაც, მოძღვარიც და მასწავლებელიც, მფარველიც და ცხონების წინამძღოლიც.

ყრმა რომ ანუგეშა, დავარდა და ლოცვა დაიწყო ცრემლმორეულმა:

- უფალო, იხილე ჩემი ცოდვები და სინანული! შენ უწყი ჩემი გულის ნაღველი, იცი, როგორ მოუკლებლად ვმწუხარებდი, უფალო, შენ რომ განგარისხე! ჩემი ღვაწლიც უწყი, ცოდვილ სხეული თუ როგორ დავამდაბლე, როგორ ვნანობდი, ჩადენილ უსჯულოებას და იმას, რომ შენ სახიერება გაგანაწყენე. შენ იცი ჩემი სულის ვარამი, იცი, რომ მას მერე, რაც ჩემი ცოდვა გულისხმა-ვყავი, ურვა და ჭმუნვა არ შემიწყვეტია, მწარედ ვგლოვობდი, რომ შენ განგარისხე, ახლა კი შეისმინე ჩემი სულთქმა, ყურად-იღე ჩემი ლოცვა, ხედავ, ცვილივით დადნა ჩემი გული, გამოსცადე იგი, მოხედე ჩემს ცრემლებს და შეიწყალე ჩემი წყეული სული! მომიტევე ჩემი უსჯულოებანი, შემინდე ჩემი ცოდვანი და ნუ მოიხსენებ ჩემს ბოროტ საქმეებს. "წყალობითა შენითა მომიხსენე მე სიტკბოებისა შენისათვის, უფალო" (ფს. 24,7). მიიღე ჩემი სინანული, მიიღე ჩემი ვედრება და ვაება, მიიღე ჩემი სულიც!

დიდხანს ლოცულობდა თეოდორა. სიტყვების გარჩევა უკვე ჭირდა. მხოლოდ ტირილი და მკერდში მჯიღის ცემა ისმოდა. ყმაწვილიც ტიროდა და თავის ობლობას იგლოვდა. ნეტარი ისევ ანუგეშებდა, მერე კვლავ ლოცვას იწყებდა. ბოლოს, გახარებულმა წარმოთქვა:

- გმადლობთ, მოწყალეო შემოქმედო, რომ ისმინე ჩემი, შემიწყალე და "იხსენ სული ჩემი სიკვდილისაგან და თვალნი ჩემნი ცრემლთაგან".

სხვა სამადლობელი სიტყვებიც წარმოთქვა მხიარული სულით და დადუმდა. იფიქრებდი, უკვე მიაბარა უფალს თავისი წმინდა სულიო. აღარც ხმა ისმოდა, მხოლოდ ყმაწვილიღა მოთქვამდა.

დარეკეს ცისკრის ზარებმა. ბერები იღუმენს ეახლნენ და რაც გაიგონეს, ყველაფერი უამბეს. იღუმენმა მოისმინა და თავადაც ცრემლმორეულმა მოჰყვა:

- შვილებო, წუხელ ხილვა მქონდა. ორი ნათლით შემოსილი კაცი გამომეცხადა და ზეცად აღმიყვანა. საიდანაც მომესმა ხმა, რომელიც მეტყოდა: "მოდი და იხილე, როგორი სიკეთე განვუმზადე ჩემს სასძლო თეოდორას". და ვიხილე ნათელმოსილი სამოთხე, ენით გამოუთქმელი მშვენიერების. ამ კაცებმა სამოთხეში შემიყვანეს და მიჩვენეს დარბაზი, ოქროს ტახტრევანი იდგა განმზადებული, რომელსაც ანგელოზი იცავდა. ჩემს მეგზურებს ვკითხე: "ვისთვისაა განმზადებული ეს დარბაზი და ტახტრევანი?" მათ მომიგეს: "ცოტა მოითმინე და ღვთის დიდებას იხილავ". მალევე გამოჩნდნენ ანგელოზთა დასნი, მოწამეები, ღირსი მამანი და დედანი და მომავალნი საამურად გალობდნენ. ამ ხმათა სიტკბოებას ვერ აღვწერ. მათ შორის იდგა ულამაზესი დედაკაცი, დიდი დიდებით შემოსილი. იგი დარბაზში შეიყვანეს და უტკბესი გალობის თანხლებით ტახტრევანზე დააბრძანეს. მეც მოწიწებით ვეთაყვანე პატიოსან დედას. ანგელოზმა მკითხა: "იცი, ვინ არის ეს?" მე მივუგე: "არა, უფალო ჩემო". მან კი მითხრა: "ეს შენი ბერი თეოდორე. ბუნებით დედაკაცი იყო, მამაკაცად კი მხოლოდ გარეგნულად ჩანდა. ქმართან მცირე ხანს იცხოვრა, მერე ღვთის გულისათვის დაუტევა ეს სოფელი და თქვენს მონასტერში მოვიდა სამოღვაწეოდ. როცა ყრმის დედამ ცილი დასწამა, ბავშვი მისგან მეყოლაო, არ გაგიმხილათ, ქალი რომ იყო, ნამდვილ მამასავით შეიფარა ჩვილი და გამოზარდა. მონასტრიდან გაძევებულმა ბევრი ტანჯვა გაიარა, ზღვის წყლითა და ბალახით იკვებებოდა, სიცივესა და სიცხეს, სიღატაკესა და ეშმაკთა ურიცხვ თავდასხმას მოთმინებით იტანდა. ამისთვის ასე განადიდა მოწყალე ღმერთმა, ვითარცა თავისი სასძლო შეიყვარა და სასუფეველი დაუმკვიდრა წმინდანებთან ერთად". ეს რომ გავიგონე, ავტირდი, მე ეს საიდუმლო არ ვიცოდი, სიცრუე დავიჯერე და წმინდანი შეურაცხვყავი, უპატიოდ გავაძევე მონასტრიდან. ტირილის დროს გამომეღვიძა. აი, შვილნო ჩემნო, ახლა გული სიხარულითა და ნაღველითა მაქვს ავსებული. მიხარია, ასე დიდებული ხილვის ღირსი რომ გამხადა ღმერთმა, რომელიც ადამიანის თვალს არ უნახავს და ვისმინე წმინდა საგალობლები, როგორიც არვის სმენია. ხოლო ვტირი და ვიგლოვ, რადგან ვერ შევიცანი ღვთის მხევალი და სასძლო საყვარელი, რომელიც ჩვენ შორის ცხოვრობდა, ჩვენ კი დიდხანს შევურაცხვყოფდით მას".

სიტყვა რომ დაასრულა, იღუმენმა ძმები შეკრიბა და ნეტარი თეოდორას სენაკთან მივიდა, კარი შეაღო და დაუძახა:

- მამაო თეოდორე, დაგვლოცე!

პასუხი არ მიუღია. ნეტარ თეოდორას უკვე მიებარებინა სული უფლისათვის, მასზე დამხობილ ყმაწვილს კი ტირილისგან დაოსებულს ჩასძინებოდა. ძლივს გააღვიძეს. წმინდა თეოდორა მიწაზე იწვა გულზე ხელები დაეკრიფა და თვალნი დაეხუჭა. სახე ანგელოზებრივი სილამაზით უბრწყინავდა. მის პატიოსან გვამს დასაკრძალად რომ ამზადებდნენ, იღუმენმა ხანგრძლივი მარხვით დამჭკნარი მკერდი გადაუხსნა და ყველამ დაინახა რომ ის დედაკაცი იყო. იღუმენმა ძმებს ამ საიდუმლოს შენახვა უბრძანა, სანამ ღირსი დედის ცილისმწამებლებს არ მოიწვევდა. ძმები ენატოსის მონასტრის იღუმენთან გაგზავნა და დააბარა:

- მამაო, ვევედრებით შენ სიყვარულს, ძმობასთან ერთად გვეწვიე. რამეთუ დღეს დიდი დღესასწაული გვაქვს და გვინდა, თქვენთან ერთად ვიზეიმოთ.

მოვიდნენ სტუმრები. იღუმენი ნეტარი თეოდორას სხეულთან მიიყვანეს და უთხრეს:

- მამაო, შენი სიძე მოკვდა.

თეოდორას სხეულს რომ დაახედეს, ჰკითხეს:

- ესაა თუ არა თეოდორე?

ენატოსელმა იღუმენმა დაამოწმა.

- ნამდვილად ესაა.

მოსულ ბერებსაც ჰკითხეს:

- თუ იცნობდით მას?

მათ უპასუხეს:

- კარგად ვიცნობთ. ეს ცრუ ძმა თეოდორეა, ქალწული რომ წაბილწა. დაე, ღმერთმა მიაგოს თავისი საქმეებისამებრ.

მაშინ ოქტოდეკატელმა იღუმენმა მკერდი გადაუხსნა, ძუძუები აჩვენა და უთხრა:

- განა ეს მამაკაცის სხეულია? დიახ, მამებო, შევცდით: მამაკაცი გვეგონა, და ქალი კი ყოფილა. გარეგნობა შეიცვალა, კაცის სახელი დაირქვა. ანგელოზივით ცხოვრობდა ჩვენ ცოდვილთა შორის, რომელთაც მისი საიდუმლო არ ვიცოდით. ბევრი დაითმინა ჩვენგან. ახლა კი მისმა აღსასრულმა გვიჩვენა ვინ იყო და ვინ არის იგი - რამეთუ ის მართალია, ღირსია და ჩვენი უფლის სათნომყოფელია. მე ის მოზეიმე ზეციურ დარბაზში ვიხილე დიდებითა და ნათლით შემოსილი, ანგელოზთა და წმინდანთა შორის.

ყველა იქ მყოფი შეძრწუნდა და გაოცდნენ ესოდენ დიდი საიდუმლოს ხილვით. ცილისმწამებლებს შერცხვათ. ყველა ატირდა:

- ვაი ჩვენ, რომ ღვთის მხევალს ასე დიდხანს შევურაცხვყოფდით!

დაემხნენ მის წინაშე, ეამბორებოდნენ თეოდორას წმინდა სხეულს და ცრემლმდინარეთ შენდობა სთხოვეს:

- შეგვინდე, ღვთის მხევალო, უცნობელობით რომ შეგცოდეთ!

ამის შემდეგ ოქტოდეკატის მონასტრის იღუმენს უფლის ანგელოზი გამოეცხადა და უბრძანა:

- ცხენზე შეჯექი, ქალაქისაკენ გაემართე და გზად ვინც პირველი შემოგხვდება, აქ მოიყვანე.

იღუმენი ცხენზე შეჯდა და ქალაქისკენ წავიდა, გზად მისკენ მომავალი კაცი დაინახა, ჰკითხა:

- საით მიდიხარ?

- გავიგე, რომ რომელიღაც მონასტერში ჩემი ცოლი აღესრულა და მის სანახავად გამოვეშურე.

იღუმენმა ის კაცი ცხენზე შემოისვა, მონასტერში დაბრუნდა და ცოლის წმინდა სხეულთან მიიყვანა. მეუღლის დანახვაზე კაცი მწარედ აქვითინდა.

ურიცხვი მონაზონი შეიკრიბა წმინდა თეოდორას დაკრძალვაზე. ანთებული სანთლებითა და საკმევლის კმევით შემოერტყნენ გარს ღირსი დედის სხეულს და პატივით მიაბარეს იმ მონასტრის მიწას, სადაც ასე კეთილად მოსაგრეობდა. მონასტერში დიდხანს დღესასწაულობდნენ, ადიდებდნენ ქრისტეს და მის გამორჩეულ სასძლოს - ღირს თეოდორას.

თეოდორას ქმარმა დაკრძალვის შემდეგ ის სენაკი გამოითხოვა, რომელშიც მისი ცოლი, უფრო სწორედ კი ქრისტეს სასძლო ცხოვრობდა და ბერად აღიკვეცა, ის მარხვაში, ლოცვასა და ტირილში განვლიდა დღეებს, მოიხსენებდა ღირსი თეოდორას ღვაწლს და მცირე ხნის შემდეგ გარდაიცვალა. ღირსი თეოდორას შვილობილი, ყმაწვილი თეოდორე კი თავის მამობილს, უფრო სწორად, დედობილს მიემსგავსა. მან ისეთ სრულყოფილებას მიაღწია, რომ იღუმენის გარდაცვალების შემდეგ მონასტრის ძმებმა წინამძღვრად აირჩია. კეთილი მამა იყო, სულიერი შვილნი ცხონების გზაზე დააყენა. თავადაც ნეტარ თეოდორას გაკვალულ გზას გაჰყვა და მასთანავე დაემკვიდრა ცათა სასუფეველში. შენი წმინდათა ლოცვით უფალო ჩვენც ნუ მოგვაკლებ ცათა სასუფველს.

კონდაკი:

ხორცნი განლიე მარხვითა, მღვიძარებითა და ლოცვითა, და შემოქმედისა შენისა მიმართ ვედრებითა ცოდვათა შენთა მისატევებელად, ხოლო მიიღე სრულიად შენდობაი შეცოდებათა და გვიჩვენე ჩუენცა გზაი იგი შენდობისა სინანულითა.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
09.12.2024
სარწმუნოდ ცნობილია, რომ წმინდა ოსითა დანიშნული იყო ესექსის მეფე სიგჰერზე და მან დააარსა მონასტერი ჩიჩში, სადაც დაასრულა თავისი დღეები.
16.11.2024
წმინდა ფრიდესვიდას ხსენება აღინიშნება 19 ოქტომბერს/1 ნოემბერს (გარდაცვალება) და 12/25 თებერვალს (წმინდა ნაწილების გადასვენება)
16.11.2024
ვინ იყო ის პირველი ინგლისელი ქალი, რომელმაც გადაწყვიტა მთლიანად მიეძღვნა თავი წმინდა ცხოვრებას სამონაზვნო ღვაწლში? რომელი ქალწული გახდა ამგვარად მთელი ინგლისის სულიერი დედა?
13.11.2024
წმინდა ვიტბურგა იხსენიება მისი გარდაცვალების დღეს 17 (30) მარტს (კელტ. და ბრიტ. ) ან 16 (29) აპრილს (კელტ. და ბრიტ.); 08 (21) ივლისს წმინდა ნაწილების გადასვენების დღეს (კელტ. და ბრიტ.)
25.10.2024
ღირსი ედიტა (ედით, ედგიტა; ხსენება 16/29 სექტემბერს) იყო ერთ-ერთი ყველაზე პატივცემული წმინდანი ქალი ინგლისის მიწაზე. მართლმადიდებლები, ასევე ზოგიერთი კათოლიკე და ანგლიკანი, დღემდე პატივს მიაგებენ მას.
12.10.2024
წმინდა მანიას (მანე; სომხურად: Մանե) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
04.10.2024
წმინდა მორვენას საეკლესიო ხსენების დღე 05 (18) ივლისი. მართლმადიდებლურ ტრადიციაში მისი ხსენება ასევე აღინიშნება სულთმოფენობის შემდგომ მესამე კვირას,
26.09.2024

საუკუნეთა მანძილზე  ირლანდიელებს უყვართ და პატივს სცემენ წმინდა მონენას (მონინნა, დარერკა, ბლინე), რომელიც დაიბადა დაახლოებით 432 წელს

26.09.2024
წმინდა ატრაქტას ცხოვრების შესახებ ყველაზე სანდო წყარო არის ძველი ირლანდიური ზეპირი გადმოცემები.
05.09.2024
წმინდა ჰილდა (ჰილდა), უიტბის იღუმენია (მისი ხსენება ხდება 17/30 ნოემბერს - გარდაცვალების დღეს და 25 აგვისტოს/7 სექტემბერს - წმინდა ნაწილთა გადასვენების დღეს),
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა ამბროსი მედიოლანელი 340 წელს დაიბადა იტალიის ქალაქ ტრირში, სადაც ცხოვრობდნენ მისი მშობლები.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat