- ქ-ნო ირინე, თითქმის ნახევარი საუკუნის წინ ჩატარდა საქართველოში შოთა რუსთაველის 800 წლისთავის იუბილე, წელს კი, თამარ მეფის 800 წლის საიუბილეო თარიღი აღინიშნება...
- რუსთაველის იუბილე ოფიციალურად 1966 წლის 25 სექტემბერს გაიხსნა, თუმცა საიუბილეო ღონისძიებები მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და მაშინ მართლაც გრანდიოზულად აღნიშნა ეს თარიღი ქართველმა ხალხმა. როგორც ამ იუბილეს ორგანიზატორებს ჰქონდათ ჩაფიქრებული, მსოფლიომ გაიცნო, ვინ იყო რუსთაველი. რუსთაველის იუბილე მართლაც სახალხო დღესასწაულად იქცა, საქართველოს იმ დღეებში უამრავი სტუმარი ეწვია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. დღე არ გავიდოდა, რომ ახალი დელეგაცია არ ჩამოსულიყო. მამა მაშინ საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე გახლდათ და დაკავებული იყო ამ დელეგაციების მიღებითა და საორგანიზაციო საქმეებით. 21-22 სექტემბერი იქნებოდა, როცა მთხოვა წავსულიყავი სიონის საკათედრო ტაძარში, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ეფრემ მეორეს, პანაშვიდი უნდა გადაეხადა შოთა რუსთაველის სულის საოხად. წავედით მე და ჩემი მეგობარი. ეტყობა, ეს პანაშვიდი არ უნდა გახმაურებულიყო, ამიტომ სიონის მთავარ ტაძარში კი არ ჩაუტარებია იგი უწმინდესს, სიონის ტაძრის მარცხენა მხარეს ჩაატარა, ძალიან ვიწრო წრეში, პანაშვიდის შემდეგ, მახსოვს, პატრიარქმა ეფრემმა სიტყვაც წარმოთქვა შოთა რუსთაველზე. ამას რამდენიმე სასულიერო პირიც ესწრებოდა, უცხოელებიც შემოვიდნენ, რამდენიმე ნაცნობსაც მოვკარი თვალი. ვერ გეტყვით, მათ წინასწარ იცოდნენ ამის შესახებ, თუ შემთხვევით შემოვიდნენ იმ დროს ტაძარში, არც მიკითხავს მათთვის რამე, ამ თემაზე იმ დროს უხერხული იყო საუბარი.
პანაშვიდი დაახლოებით დილის 10 საათზე დაიწყო. მზიანი დღე იყო, გაკაშკაშებული იყო იქაურობა და ასე ნათლად და სხივმოსილად დამამახსოვრდება ეს დღე მთელი ჩემი ცხოვრება.
საზეიმო განწყობილება მთელი წლის განმავლობაში არ ჩამცხრალა, რომელიც 25 სექტემბერს, რუსთაველის გრანდიოზული იუბილით დაგვირგვინდა. ვისურვებდი, თამარის 800 წლის იუბილეც ისე ღირსეულად აღნიშნულიყოს, როგორც იგი იმსახურებს თავისი ერისგან.
ჩემს მკითხველს არ მოვერიდები ვრცელი ამონაწერები მოვიტანო ამ საგულისხმო შრომიდან:
"უნებლიეთ იბადება აზრი, რომ რუსთაველი მოვიდა ჯვრის მონასტერში თამარ მეფის გარდაცვალების შემდეგ, როდესაც იგი უკვე მოხუცი იყო. იგი მოვიდა არა ბერად აღკვეცილი, არამედ როგორც ერის კაცი. რით აიხსნება დიდი პოეტის მისწრაფება ჯვრის მონასტრისადმი? საქართველოში და საქართველოს საზღვრებს გარეშე, არა ერთი დიდი სამონასტრო ცენტრი იყო, რა იყო პოეტის მისწრაფების მიზეზი?
თუმცა ჩვენ ამ საკითხის გასარკვევად უტყუარი მითითებანი საისტორიო წყაროების ხელთ არა გვაქვს, მაგრამ ამ საკითხის გარკვევა ჩემის აზრით, შესაძლებელია. როგორც ცნობილია, დიდი მეფე საქართველოსა თამარი დაასაფლავეს გელათში: "წარიყვანეს სამკვიდრებელსა მათსა გელათს და დამარხეს სამარხოსა პატიოსანსა", - მოგვითხრობს ისტორიანი და აზმანი შარავადედთანის" ავტორი. "თამარ დაიძინა ძილით იგი მართალთა თუესა იანვარსა (18)... მცირეთა შინა დღეთა მცხეთად დადვეს და მერმე უკანასკნელ თვით მუნვე გელათს დაამკვიდრეს თვისსა შინა სამარხოსა, დიდებად მუნ შინა სამკვიდრებელთა პაპათა და მამათა მისთა, სახელოვანთა დიდთა მეფეთა თანა", - მოგვითხრობს ბასილი ეზოსმოძღვარი.
მოყვანილი ცნობების თანახმად, თამარ მეფე, რომელიც გარდაიცვალა 18 იანვარს, ჯერ მცხეთაში დაუსვენებიათ მცირე დროის განმავლობაში და შემდეგ კი მისი ნეშტი გადაუტანიათ გელათში.
"1920 წელს ზ. ავალიშვილმა გამოაქვეყნა მეტად საყურადღებო წერილი ერთი ფრანგი რაინდისა (გ. დე ბუა) ლათინურად მიწერილი საფრანგეთში, ქალაქ ბეზანსონის პატრონისა და მთავარეპისკოპოსის ამედე დეტრემლეის სახელზე გაგზავნილი (რომელსაც ბეზანსონის მთავარეპისკოპოსის კათედრა ეჭირა 1195-1220 წლებში). იგი წერს შემდეგს: "ამბად მივიღე და საქმის სიჭეშმარიტე სანდო მოციქულთაგან გავიგეთ, რომ ივერიიდან ვინმე ქრისტიანენი, გიორგენებად წოდებულნი, ურიცხვი მხედრობით და ქვეითი ჯარით... ურწმუნო წარმართთა წინააღმდეგ სწრაფად აღდგნენ და აიღეს რა უკვე 300 ციხე და 9 დიდი ქალაქი, მაგარნი დაიპყრეს, ხოლო სუსტნი ნაცარტუტად აქციეს. აღნიშნულ ქალაქთაგან ერთი ევფრატზე მდებარე, ყველა წარმართთა ქალაქთაგან უფრო წარმოჩინებული ყოფილა და დიდი... კერძოდ რაღა მოგახსენოთ? ზემო აღნიშნული წმინდა იერუსალიმის მიწის სახსნელად მივლენ და მთელ საწარმოს დაიმორჩილებენ. მეფე მათი წარჩინებული, თექვსმეტი წლისაა, ალექსანდრეს ბადალი ძალით და სიკეთით, თუმცა არა სარწმუნოებით. ჭაბუკი ესე დედის მისის დედოფლის უძლიერესის თამარის ძვლებს თან ატარებს, რომელმაც სანამ ცოცხლობდა, იერუსალიმად წასვლის აღთქმა დასდვა და შვილსა თვისსა სთხოვა, თუ მიიცვალებოდა, რომ ძვლები მისი უფლის საფლავთან წაესვენებინათ. მან კი, დედის თხოვნა ყურადღებულმა და დედის აღთქმის შესრულების მსურველმა, დააპირა მისი (გვამის) წმინდა ქალაქში წამოღება წარმართთა ნებით თუ უნებლიეთო".
"ჭაბუკი ესე დედის მისის დედოფლის უძლიერესის თამარის ძვლებს თან ატარებსო"...
ამაზე ზუსტი ისტორიული დოკუმენტი, საბუთი, ისტორიული წყარო შეიძლება არსებობდეს? - მეათასეჯერ ვკითხულობ მე, ხომ პირდაპირ წერია "დედოფლის"... "თამარის ძვლებს..." ხომ მართლაც წარმოუდგენელია აქედან ცხედარი წაეღოთ (ამ ზუსტ ცნობას: იგი ძვლებს თან ატარებსო - გარკვეული მნიშვნელობა აქვს ჩვენს მიერ ათენიდან ჩამოტანილი სურათის ამოკითხვაში)?
აქვე ხაზი გავუსვათ თარიღსაც, 1195-1220 წლებს, როცა ეს ამბავი ხდება ე.ი. საქართველოში მონღოლთა შემოსევამდე. მაგრამ ჩვენ მივყვეთ ამ კვალს.
ამონაწერი ისევ აკადემიკოს ამირანაშვილის შრომიდან: "ისმება საკითხი, შეასრულა თუ არა ლაშა-გიორგიმ დედის ანდერძი, რომლის შინაარსი ჩვენ სხვა საისტორიო წყაროებიდან არ ვიცით. ზ. ავალიშვილის აზრით, თამარ მეფის ზემოთ მოყვანილი ანდერძი წარმოადგენს ლეგენდას, რომელიც შეიქმნა გარკვეულ ისტორიულ პირობებში. "კარგი რაინდის მიერ გადმოცემული ლეგენდის გართულება და გაღრმავება შეიძლება ოცნებისა და სინამდვილის შეუღლებით, ვიმეორებ, ეს სიტყვაკაზმული მწერლობის ვალია".
"პროფ. სარგის კაკაბაძე კი ფიქრობს, რომ გიორგი-ლაშა აუცილებლად შეარჩევდა მოხერხებულ დროს და ამით თავის ვალს დედის წინაშე მოიხდიდა. აკად. ე. თაყაიშვილი, აკად. ალ. ჯავახიშვილის უშუალო მონაწილეობით 1919 წელს აწარმოებდა გათხრებს, რომელთა მიზანი იყო თამარ მეფის საფლავის დადგენა, აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ აკად. ექ. თაყაიშვილმა არ იცოდა ჯვაროსან რაინდის ზემოთმოყვანილი წერილის არსებობა, რომელიც გამოქვეყნებული იყო ორჯერ - 1847 და 1893 წ.წ. მაგრამ ამ წერილს სათანადო ყურადღება საქართველოს ისტორიის თვალსაზრისით პირველად ზურაბ ავალიშვილმა მიაქცია (1920 წ.)", - ასკვნის აკად. შ. ამირანაშვილი.
ფრანგი რაინდის მიერ გარდმოცემული ლეგენდის გართულება და გაღრმავება შეიძლება ოცნებისა და სინამდვილის შეუღლებითო. ზურაბ ავალიშვილი, თქმა არ უნდა, ეყრდნობა "ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანის" ცნობას: "წარიყვანეს სამკვიდრებელსა მათსა გელათს და დამარხეს სამარხოსა პატიოსანსა" და შესაძლოა მან ისე როგორც ექვთიმე თაყაიშვილმა, არ იცოდა ფრანგი რაინდის ცნობა და არც ექვთიმე თაყაიშვილის მიერ გელათში წარმოებული გათხრების შედეგები და ამიტომაც ეს ყოველივე სიტყვაკაზმული მწერლობის საგნად მიიჩნია (თუმცა ეს ძნელი დასაჯერებელი კია).
მაგრამ მივყვეთ ისევ თამარის კვალს.
ამონაწერი ისევ აკად. ამირანაშვილის შრომიდან:
"აკად. ექ. თაყაიშვილი ძველი გადმოცემის საფუძველზე თამარ მეფის საფლავს ეძებდა გელათის ტაძრის სამხრეთ-აღმოსავლეთის ეკვდერში, რომელსაც, ტრადიციის თანახმად, თამარ მეფის ეკვდერს უწოდებდნენ. ე. თაყაიშვილი ეყრდნობოდა იმ მეტად საყურადღებო ცნობას, რომელიც მოყვანილი აქვს ცნობილ რუს მოგზაურს ა.ნ. მურავიოვს საეკლესიო სიძველეთა დიდ მცოდნესა და მოყვარულს. ა.ნ. მურავიოვმა 1843 წელს დაათვალიერა გელათი. ესაუბრა დავით მიტროპოლიტს, რომელიც იყო ისტორულ გადმოცემათა კარგი მცოდნე, დავითის მიერ მოწოდებული ცნობების თანახმად, გელათის სამხრეთ-აღმოსავლეთ ეკვდერში იმერეთის მეფე ალექსანდრე მეხუთემდე (1720-1752 წ.წ.), ყოველწლიურად, 18 იანვარს, თამარ მეფის გარდაცვალების დღეს, გადაიღებდნენ თამარის საფლავის ფიქალს და იხდიდნენ პანაშვიდს. ეს ჩვეულება შეწყდა იმ დროიდან, როდესაც ალექსანდრე მეფემ, სოლომონ მეფის მამამ, აქ დაასაფალავა თავისი მეუღლე, დადიანის ქალი მარიამი. ს. კაკაბაძის მიერ გადმოცემულ სიგელში, გელათის მონასტრისადმი გაცემული ალექსანდრე მეფის მიერ 1730 წელს, ალექსანდრე მეფე წერს, რომ როდესაც მას გარდაეცვალა მეუღლე, "წარვიღე ცხედარი სასურველისა ჩემისა მეფეთა სასაფლაოსა გელათს, ხოლო საძვალენი მეფეთანი აღვსილიყვნეს... იყვნეს მუნ გელათისა კერძო მარჯუენით ეგუდერი დავიწყებული ჟამთა ვითარებისგან. არვინ უწყოდა, თუ ვისი საძვალე ყოფილიყო... როგორც სიგელის ტექსტი გვაუწყებს, ალექსანდრე მეფემ თამარ მეფის თავისუფალ საძვალეში დაასაფლავა თავისი მეუღლე. შემდეგ თვით ალექსანდრე მეფეც იქვე დაუსაფლავებიათ. აკად. ექვთ. თაყაიშვილმა, როდესაც 1919 წელს გათხარა ეს საფალვი-აკლდამა: აქ აღმოჩნდა მამაკაცის დიდი ჩონჩხი და უფრო მცირე ზომის ქალის ჩონჩხი. აკად. ექვთ. თაყაიშვილის დასკვნით, ამ აკლდამაში დაუსაფლავებიათ მეფის მეუღლე მარიამი და შემდეგ თვით ალექსანდრე.
ამრიგად, დადგენილად უნდა ჩაითვალოს, რომ თამარ მეფის აკლდამა დიდი ხნის განმავლობაში ცარიელი ყოფილა, თანახმად დადგენილი წესისა, ყოველწლიურად თამარ მეფის გარდაცვალების დღეს, 18 იანვარს, ახდიდნენ ფიქალს აკლდამას და თამარ მეფის მოსახსენებელ პანაშვიდს გადაიხდიდნენ. ეს ფაქტი დადასტურდა არქეოლოგიური გათხრებით. ამიტომ ჩვენ საბუთი გვაქვს ვიფიქროთ, რომ ფრანგი რაინდის ცნობა ლაშა-გიორგის შესახებ ისტორიულ ჭეშმარიტებას წარმოადგენს. აღსანიშნავია აგრეთვე ის გარემოება, რომ ლაშა-გიორგი - ჭაბუკი მეფე სახელოვანი იყო, როგორიც უებრო მებრძოლი, რაინდი, მაგრამ არა სარწმუნოებრივი განწყობილებით, როგორც ამბობს ჯვაროსანი ფრანგი რაინდი და რაც ქართული საისტორიო წყაროებით დასტურდება.
"იბადება საკითხი, შესაძლებელი იყო თუ არა თამარ მეფის ანდერძის განხორციელება. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, უპირველეს ყოვლისა, ის გარემოება, რომ საქართველო XII საუკუნეში წარმოადგენდა უძლიერეს ფეოდალურ სახელმწიფოს ახლობელ აღმოსავლეთში. მის უშუალო მფარველობაში შედიოდა მთელი ამიერკავკასია, შირვანის სამეფო, სომხეთის დიდი ნაწილი, დაღესტანი, ოსეთი და აგრეთვე თამარ მეფის ახალდაარსებული (1204წ.) ტრაპიზონის საკეისრო, ის დაძაბული ბრძოლა, რომელსაც საქართველო აწარმოებდა საუკუნის მანძილზე თურქების წინააღმდეგ, დამთავრდა საქართველოს გამარჯვებით. 1195 და 1205 წელს, საქართველოს სამეფომ სასტიკად დაამარცხა აღმოსავლეთისა და დასავლეთის თურქთა ორი კოალიციური ლაშქრობა, რომლებსაც მეთაურობდა ორი უძლიერესი სასულთნო. ამაზე უფრო დიდი ძალა თურქებს ახლო აღმოსავლეთში აღარ გააჩნდათ. 1210 წელს საქართველოს ჯარმა შორეული ლაშქრობა მოაწყო ირანში. ამ ლაშქრობის გეგმა, შედგენილი ამირსპასალარის, ზაქარია მხარგრძელის მიერ, მოიწონა დარბაზმა და დაამტკიცა თამარ მეფემ. აღებული იქნა ქალაქები: მარანდი ტავრეჟი (ტავრიზი), მიანი, ზენჯანიდა და ყაზვინი. თამარის მეფობის უკანასკნელ წლებში საქართველოს ყმადნაფიცნი მოხარკენი იყვნენ: ერზინსკის სულთანი, აზრუმის ამირა, ხალთის სულთანი და სხვა არაერთი თურქული სამფლობელო. დამასკოსა და იერუსალიმის მმართველთა და ქართველთა შორის, სომეხი ისტორიკოსის კირაკოზ მანსაკელის ცნობის თანახმად, "მშვიდობა და სიყვარული დამკვიდრდა", ერთი სიტყვით, კავკასიის სამხრეთ საზღვარზე საქართველოს არც აღმოსავლეთით და არც დასავლეთით საშიში მეტოქე არ ჰყავდა. ამ პირობებში ლაშა-გიორგის, შორეულ ლაშქრობაში გამოცდილ ქართველთა მხედრობის მონაწილეობით, შეეძლო თავისი დედის, თამარ მეფის ანდერძის განხორციელებაო".