1869 წლის პირველ აპრილს, ყვარელელი მემამულის, სოლომონ ჭავჭავაძის ასულს - ელისაბედს და სამხედრო ინჟინერ ალექსანდრე მარჯანიშვილს შეეძინათ ქალიშვილი, რომელსაც თამარი უწოდეს.
გოგონას ადრიდანვე უწინასწარმეტყველებდნენ ბრწყინვალე მომავალს: ჭკუით, სილამაზით, გონიერებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ თამარს არც აღზრდა-განათლება აკლდა. კავკასიის ქალთა ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ პეტერბურგის კონსერვატორიაში შესასვლელად ემზადებოდა, მაგრამ მუსიკალური ცხოვრება და საკონცერტო დარბაზები არასდროს ქცეულა თამარის მოღვაწეობის ასპარეზად. ჯერ მამის, ალექსანდრე მარჯანიშვილის, მოგვიანებით კი დედის, ელისაბედ ჭავჭავაძის გარდაცვალებამ ყველაფერი შეცვალა. სწორედ ამ პერიოდში მოხვდა ოცი წლის თამარ მარჯანიშვილი ბოდბეში, სადაც ახალი გახსნილი იყო დედათა მონასტერი.
ტაძარში ფეხის შედგმისთანავე გონებაში გაუელვა: მეც მონასტერში დავრჩები, აქ ვიცხოვრებ და მონაზონი გავხდები! თამარი აღაფრთოვანა უცნაურმა მადლმა და სიხარულით გულსავსე, ფრთაშესხმული ვერ მალავდა საკუთარ განწყობილებას. ახლობლებთან და მეგობრებთან განაცხადა, რომ მონასტერში აპირებდა დარჩენას. თამარს უკვე აღარ შეეძლო ძველებურად ცხოვრება. ცდილობდა, მუდმივად დასწრებოდა ღვთისმსახურებას, ესწრაფვოდა განმარტოებას, გაურბოდა ხალხმრავალ და ხმაურიან თავყრილობებს, თუმცა თითქმის იძულები დაყავდათ სპექტაკლებსა თუ კონცერტებზე. მოგვიანებით დედა თამარი იხსენებდა: თეატრში ვიჯექი, ჯიბეში კი სკვნილს ვმარცვლადი. ნათესავებმა და {"გულშემატკივრებმა" ყველანაირ ხერხს მიმართეს, შინაპატიმრობასაც კი, მაგრამ 1889 წლის გვიანი შემოდგომის ერთ მშვენიერ დღეს მან შეძლო სახლიდან უჩუმრად გამოსვლა.
ასე დაიწყო სრულიად ახალი ცხოვრება ოცი წლის თამარ მარჯანიშვილმა. მონასტერში მოსვლის დღიდან იგი იღუმენია იუვენალიას (ლოვენეცკაია) თანამესენაკე იყო, უძღვებოდა საკანცელარიო საქმეს, რეგენტობდა და წინამძღვრობამდე მონასტრის ხაზინადრის მოვალეობასაც ასრულებდა. 1899 წელს თამარი მონაზვნად აღკვეცეს და იუვენალია უწოდეს. 1902 წელს კი იღუმენიას ხარისხში აიყვანეს და ბოდბის მონასტრის წინამძღვრად დანიშნეს.
1889 წლიდან, ბოდბეში დედათა მონასტრის განახლების შემდეგ, სავანე მთლიანად რუსული ყაიდისა იყო. 1903 წელს, როდესაც მონასტრის წინამძღვარი უკვე იუვენალია II (ასე უწოდებდნენ თამარ მარჯანიშვილს იღუმენია იუბენალია ლოვენეცკაიასგან გასარჩევად), 121 მონაზონში მხოლოდ ოთხია ქართველი, მათ შორის იღუმენია მარჯანიშვილის თანამესენაკე, 26 წლის ელენე ვაჩნაძე (შემდგომში იღუმენია ნინო), რომელიც 1917-24 წლებში ბოდბის მონასტერს წინამძღვრობდა. თამარისა და ნინო ვაჩნაძის სულიერი ურთიერთობა და მეგობრობა გახდა ის მთავარი ღერძი, რომლის ირგვლივაც შემდგომში თავი მოიყარა რამდენიმე მნიშვნელოვანმა მოვლენამ.
1902-1907 წლები, როდესაც ბოდბის მონასტერს იღუმენია იუვენალია II (მარჯანიშვილი) წინამძღვრობდა, უმძიმესი წლებია რუსეთის იმპერიაში შემავალი საქართველოსა და ქართული ეკლესიისათვის. თითქმის საყოველთაოდ აკრძალულია წირვა-ლოცვა ქართულ ენაზე, 1907 წელს ეს აკრძალვა შეეხო თბილისის სიონსაც, ბოდბესა და ბათუმს.
1906 წელს მარჯანიშვილს ბოდბის მონასტრიდან ნოვგოროდის ეპარქიაში გადაყვანა დაუპირეს, რაც იმ პერიოდში ვერ შეძლეს, თუმცა რუსეთის სინოდმა ქართველ იღუმენიას ბოდბის ქალთა ორკლასიან სასწავლებელში პედაგოგიური მოღვაწეობა აუკრძალა. იღუმენია მარჯანიშვილს, მართალია, რუსული განათლების მქონეს, მაგრამ ქართველ დიდგვაროვანთა შთამომავალს, ილია ჭავჭავაძის იდეების თაყვანისმცემელს და მის ახლობელს, ბუნებრივია, ცარისტული პოლიტიკის მესვეურები ბოლომდე ვერ ენდობოდნენ. არადა, {"ახალგაზრდა კავკასიელი იღუმენია", როგორც რუსული სასულიერო წრეების წარმომადგენლები უწოდებდნენ მარჯანიშვილს, გონიერებით, ნიჭით, ენერგიითა და პიროვნული ღირსებებით გამორჩეული ადამიანი, წინამძღვრობისათვის ყველაზე მეტად შესაფერისი კანდიდატურა იყო.
როდესაც 33 წლის თამარ მარჯანიშვილმა მტკიცე უარი განაცხადა წინამძღვრის მძიმე ჯვარზე, სამასამდე მონაზონმა და მორჩილმა ერთხმად სთხოვა ახალგაზრდა იუვენალიას, მათი სულიერი დედობა ეტვირთა. რუსეთის სინოდისა და საქართველოს საეგზარქოსო ხელმძღვანელები დაჟინებით და ერთხმად შეაგონებდნენ იუვენალია II-ს, ბედს დამორჩილებოდა. სინოდის ობეტპროკურორმა კ. პ. პობედონოსცევმა წერილობითაც კი დაასაბუთა, "თუ რატომ იყო სასურველი ბოდბის მონასტერში ახალგაზრდა იუვენალიას დატოვება".
არქივში მრავლადაა შემორჩენილი წერილები, რომელთა ტონი ზოგჯერ საყვედურნარევიც კია: როგორც თქვენი მაღალ ყოვლადუსამღვდელოესობისთვისაა ცნობილი, უწმიდესი სინოდის სასწავლო საბჭომ ყველა ორკლასიანი სკოლის ასაშენებლად გამოყო თანხა, ჩვენთვის კი არ გამოუყვია, ამიტომ თქვენს მაღალყოვლადუსამღვდელოესობას უმორჩილესად ვთხოვ, გვიშუამდგომლოთ, რათა ჩვენი სკოლისთვისაც იგივე თანხა გამოყონ, რაც დანარჩენი ორკლასიანი სკოლებისთვის იყო გათვალისწინებული.
1907 წლის შემოდგომაზე, ილია მართლის მკვლელობიდან სამიოდე თვის შემდეგ დედაქალაქიდან მონასტერში მომავალ ბოდბის სამგზავრო ეკიპაჟს თავს დაესხა შეიარაღებულ ადამიანთა ჯგუფი. ეტლში იჯდა იღუმენია მარჯანიშვილი რძალთან, ორ-ხუთი და შვიდი წლის გოგონასთან და მორჩილ ელენე ვაჩნაძესთან ერთად. იღუმენიამ მაშინვე განაცხადა, რომ თავდასხმა მის წინააღმდეგ იყო მიმართული და ეტლიდან გადასვლა გადაწყვიტა, რათა თანამგზავრნი სიკვდილისაგან ეხსნა, მაგრამ ამ უკანასკნელთ არაფრით დაანებეს.
რამდენიმე წუთში ოთხივე ცხენი უსულოდ ეგდო მიწაზე, მეეტლე და ცხენოსანი დაცვის რაზმელი დაიღუპნენ, კონდუქტორი და მსახური მძიმედ დაიჭრნენ, ეტლი თითმის მთლიანად დაეცხრილა ტყვიებს, მინები ჩამსხვრეულიყო, იატაკი ცარიელი მასრებით იყო მოფენილი, შიგ მსხდომთაგან კი არავინ დაშავებულა. მეორე დღეს დედა თამარი უკვე თანაგრძნობის დეპეშებს იღებდა. მათში იყო "მანუგეშებელი" ტელეგრამაც პეტერბურგიდან, მიტროპოლიტი ვლადიმერის ხელმოწერით: "გამხნევდით, გადაყვანილი იქნებით მოსკოვში". სულ რაღაც ათიოდე დღეში ეს დაპირებაც შესრულდა. სინოდმა იღუმენია მარჯანიშვილი, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ, მოსკოვის პოკროვის საზოგადოების წინამძღვრად დანიშნა ანუ რუსეთში გადაასახლა.
იღუმენია მარჯანიშვილს ჯერ კიდევ 1906 წელს აიძუ¬ლებდა რუსეთის უწმინდესი სინოდი, დაეტოვებინა ბოდბის მონასტერი, მაშინ ეს უთანხმოება რამდენიმე თვეში დასრულდა და იგი მონასტრის წინამძღვრად დატოვეს, თუმცა საეჭვოდ ჩამოაშორეს ქალთა სკოლას.
1906 წლის 6 აპრილის ბრძანებით, რუსეთის უწმინდესმა სინოდმა ბოდბის წმინდა ნინოს დედათა მონასტრის წინამძღვარი იღუმენია იუბენალია (მარჯანიშვილი) ნოვგოროდის ზვანსკის დედათა მონასტრის წინამძღვრად გადაიყვანა და ამავე მონასტერთან არსებული დერჟავინის ქალთა ეპარქიალური სასწავლებლის ხელმძღვანელად დანიშნა. ბოდბეში მონასტრის დროებითი გამგებლობა დაევალა მონაზონ ფილარეტას, რომელიც ხაზინადარიც იყო და გადაწყდა, სასწრაფოდ ჩაე¬ტარებინათ ახალი წინამძღვრის არჩევნები.
1906 წლის 10 აგვისტოს საბოლოოდ გადაწყდა საკითხი: {"უწმიდესი სინოდის 8558 ბრძანებულებით მონასტრის წინამძღვარი და ამავე მონასტერთან არსებული დერჟავინის ქალთა ეპარქიალური სასწავლებლის ხელმძღვანელი იღუმენია იუბენალია გადაყვანილ იქნას საქართველოს ეპარქიაში, ბოდბის წმინდა ნინოს მონასტრის წინამძღვრად და დათხოვნილ იქნას სასულიერო-სასწავლო სამსახურიდან".
თამარ მარჯანიშვილის მიდრეკილება განმარტოებული, დაყუდებული ცხოვრებისაკენ ბოდბეშივე გამომჟღავნდა. სულ ახალმოსული იყო მონასტერში, რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად სავანიდან მოშორებით უჩუმრად რომ დაიწყო გამოქვაბულის თხრა. გულწრფელად ფიქრობდა, რომ მალე დაყუდებულ მოღვაწეობას შეუდგებოდა.
პირველი მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. მოგვიანებით, სამშობლოდან მოწყვეტილს კი ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა განუცხადა თავისი წმინდა ნება, დაეარსებინა განდეგილ დედათა სავანე და თავადვე ეწინამძღვრა იქ მოღვაწეობის მსურველთათვის.
სერაფიმე-ზნამენსკის სკიტი 1910-1912 წლებში შენდებოდა. ამ საქმეში თამარ მარჯანიშვილს მხარში ედგა საიმპერატორო ოჯახის წარმომადგენელი, სერგი რომანოვის ქვრივი და დედოფალ ალექსანდრას და, მართა-მარიამის სავანის დამაარსებელი და წინამძღვარი, რუსული ეკლესიის მიერ დღეს უკვე წმინდანად შერაცხილი ელისაბედ თეოდორეს ასული, რომელთანაც თამარს გულწრფელი მეგობრობა აკავშირებდა. რუსეთის უმაღლესი არისტოკრატიული წრეების წარმომადგენლებს და რუსეთში მოღვაწე ქართველებს თამარი ჯერ კიდევ პეტერბურგში, ბესტუჟევის ქალთა უმაღლეს კურსებზე სწავლისას დაუახლოვდა. იმ დროს ქართველებმა სატახტო ქალაქში სათვისტომოც კი შექმნეს. სერაფიმე-ზნამენსკის სავანემ 1924 წლამდე იარსება, ვიდრე ბოლშევიკური დარბევის მსხვერპლი გახდებოდა. ეპისკოპოსი არსენიც (ჟადანოვსკი) წერს: როდესაც ხელოვნების ძეგლთა დაცვის კომისიამ სავანე ინახულა, განცვიფრდა იმ მაღალი იდეით, რაც მასში იყო ჩადებული, რომელშიც ეწერა: {"სერაფიმე-ზნამენსკის სავანე თავისი ინდივიდუალურ-თვითმყოფადი შინაგანი და გარეგანი წყობით განსაკუთრებულ ყურადღებას და დაცვას იმსახურებს, როგორც იშვიათი საეკლესიო ძეგლი". ამ სავანეში მოღვაწეობისას მარჯანიშვილი დიდ სქემაში აღკვეცეს.
1915 წლის 21 სექტემბერს იღუმენია იუბენალია სქიმიღუმენია თამარი გახდა. აღკვეცაზე კურთხევა მხოლოდ იმ პირობით მისცეს, რომ სავანის წინამძღვრობაზე უარს არ იტყოდა. 1931 წლის ზაფხულში დედა თამარი დააპატიმრეს. 1924 წელს წამოყენებული ბრალდებისგან (ქაქუცა ჩოლოყაშვილთან და საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლებთან კავშირი) განსხვავებით, ამჯერად საქართველოში საბჭოთა ხელისუფლებისა და კოლექტივიზაციის წინააღმდეგ გამოსვლები და გლეხებისადმი თანაგრძნობა ჩაუთვალეს დანაშაულად. განაჩენის გამოტანის შემდეგ იგი ციმბირში, ირკუტსკიდან ორასი ვერსის დაშორებით გადაასახლეს.
კოტე მარჯანიშვილის მოულოდნელი სიკვდილიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ სქიმიღუმენია თამარი ვადაზე ორი წლით ადრე დააბრუნეს გადასახლებიდან და უფლება მისცეს, მოსკოვთან ახლოს, სადგურ {"პიონერსკაიაზე", პატარა სახლში ეცხოვრა. ციმბირში ყოფნისას ყელის ტუბერკულოზიც აღმოაჩნდა და უკვე ძალზე სუსტად გრძნობდა თავს. სწორედ აქ გარდაიცვალა 1936 წლის 10 (23) ივნისს, 67 წლის ასაკში. დაკრძალულია მოსკოვში, ვედენიმოს სასაფლაოზე.
დედა თამარის სულიერი შვილი, მონაზონი სერაფიმა (ოსორგინა) წერდა: {"ამ საოცრად პატარა ტანის ადამიანში უჩვეულო სიძლიერით იგრძნობდით სულიერებას. პირველად ბევრი ეკრძალვოდა მასთან მისვლასა და დალაპარაკებას. მაგრამ ეს პირველი კრძალვა, უკეთ, მორიდება, შიშნეულობა, მაშინვე ქრებოდა, როგორც კი შემოგხედავდა. მზერაში დიდი სითბო, სიყვარული და ყურადღება ირეკლებოდა. შესანიშნავი, საოცრად დიდრონი, შავი თვალები ჰქონდა. სიბერის მიუხედავად, სახეს მაინც შეენარჩუნებინა არაჩვეულებრი სილამაზისა და ქართული წარმომავლობის კვალი. მას ძალიან უყვარდა კავკასია, უხაროდა ახლობლებისა და ნათესავების ნახვა. უყვარდა სამშობლო, მონაზვნები და ბავშვები".
2016 წლის 22 დეკემბერს საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდმა იღუმენია თამარი წმინდანად შერაცხა, უწოდა მას ღირსი თამარ აღმსარებელი და ხსენების დღედ 10(23) ივნისი დაადგინა.
ხატის წყარო .......................................
წმინდა თამარის შესახებ ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ შემდეგ სტატიებში:წმინდა ღირსი თამარი და სერაფიმო-ზნამენსკის სავანეწმინდა სინოდის განჩინებით სქემიღუმენია თამარი (მარჯანიშვილი) წმინდანად შეირაცხამოხარული ვარ, რომ ტანჯვის ფიალა გაცილებით უფრო ძნელი შემხვდა, ვიდრე ჩემს შვილებს...