ღირსი ანთუსა (+801) - ხატმბრძოლი იმპერატორის, კონსტანტინე კოპრონიმოსის (741-775) ასული იყო პირველი ქორწინებიდან.
ის და მისი ძმა, მომავალი იმპერატორი ლეონ ხაზარი (775-780) ტყუპისცალები იყვნენ და დაიბადნენ 750 წლის 25 იანვარს. დედოფალს მძიმე მშობიარობა ჰქონდა. კონსტანტინე კოპრონიმოსმა გადასახლებიდან დააბრუნა ღირსი იღუმენია ანთუსა (ხს. 27 ივლისს) და სთხოვა ელოცა. ღირსმა ანთუსამ იწინასწარმეტყველა ტყუპების შობა და მათი მომავალი. ქალიშვილს ღირსი დედის პატივსაცემად მისი სახელი უწოდეს. როცა ანთუსა გაიზარდა, იმპერატორმა გათხოვება ურჩია, მაგრამ წმინდანი მტკიცედ აღუდგა მამის სურვილს. კონსტანტინეს გარდაცვალების შემდეგ მან მთელი თავისი სიმდიდრე ღარიბებს და ობლებს დაურიგა. ლეონ ხაზარის მეუღლე, კეთილმსახური დედოფალი ირინე (780-802) სიყვარულითა და პატივისცემით ეპყრობოდა წმინდა ანთუსას და თანამმართველადაც მიიწვია, მაგრამ წმინდა ანთუსას მიწიერი პატივი არ იზიდავდა. სასახლეში ყოფნისას მეფის ასულის მდიდრული სამოსის ქვეშ ფიჩვს ატარებდა. მხოლოდ უბრალო, მწირ საჭმელს ჭამდა და მხოლოდ წყალსა სვამდა, თვალებში ცრემლი ადგა და ბაგეებით მუდმივად საეკლესიო საგალობლებს გალობდა.
წმინდა ანთუსა კონსტანტინოპოლის წმინდა ექვთიმეს სახელობის მონასტერში მონაზვნად აღკვეცა წმინდა პატრიარქმა ტარასიმ (784-806). ღირსმა დედამ კონსტანტინოპოლში მკაცრი წესდებით ცნობილი ომონიის მონასტერი დააარსა. მას მერე რაც მონაზონი გახდა, არასოდეს გასულა მონასტრიდან და შემდგომში თავისი მონასტრის დედებსაც არ აძლევდა უფლებას, რომ მონასტრის ტერიტორია დაეტოვებინათ. არც ერთ საეკლესიო მსახურებას არ აცდენდა, არ ისვენებდა, ღამისთევის ლოცვისას მხნეობას და სიფხიზლეს არ კარგავდა, ამასთან თვალთაგან მუდმივად ცრემლი სდიოდა, სამაგალითო იყო მისი თავმდაბლობა, რადგანაც მსახური იყო ყოველი დისა, ალაგებდა ეკლესიას, მოჰქონდა წყალი, ტრაპეზობისას მაგიდასთან არასოდეს ჯდებოდა და დებს ემსახურებოდა. ამგვარად დიდადნაღვაწმა დედამ, სათნოებათა სიმდიდრით ავსებულმა დატოვა მიწიერი ცხოვრება და უფლის მიერ განისვენა. ეს მოხდა 802 წლის 11 აპრილს. მაშინ წმინდა ანთუსა 52 წლისა იყო.
ხატის წყარო