ღირსი ტრიფენა და მატრონა კისიკოსელები - 11 (24) აპრილი
22.04.2022
ეს წმინდა ქალწულები მცირე ჩრდილო-დასავლეთ აზიის ქალაქ კისიკოსში დაიბადნენ. სიყმაწვილიდანვე ისეთი მოშურნეობით მიეცნენ ასკეტურ ღვაწლს,
რომ ცარიელი ძვალი და ტყავიღა იყვნენ დარჩენილნი. ღარიბული სამოსი ეცვათ, ფეხშიშველი დადიოდნენ და ხმელ საწოლზე ეძინათ. დაფხავებულ ქოხში ცხოვრობდნენ და ქოთნის გარდა სხვა ჭურჭელი არ ჰქონდათ, სადაც მცირეოდენ ოსპს ინახავდნენ.
ღირსი დედები სრულიად განეშორენ ამ სოფელს და მთელი არსებით საუკუნო ნეტარებისკენ ისწრაფოდნენ, დღედაღამ ლოცვასა და ცრემლთაღვრაში იყვნენ, რომელთა წყაროც გულწრფელი სიხარული იყო.
წმინდა ტრიფენამ და წმინდა მატრონამ იწინასწარმეტყველეს თავიანთი აღსასრული, ერთად წარვიდნენ უფალთან. ღირსი დედანი სიკვდილის შემდეგ მრავალ სასწაულს აღასრულებდნენ. წმინდა ტრიფენას და მატრონას 11 აპრილს იხსენიებს "კონსტანტინოპოლის სვინაქსარი".
სხვა ტრიფენა კისიკოსელი მოწამე კი წმ. დიმიტრი როსტოველის "წმინდანთა ცხოვრებაში" 31 იანვარს იხსენიება.