წმინდა ბრიგიტა V-VI საუკუნეთა მიჯნაზე ცხოვრობდა და წარჩინებული ირლანდიური ოჯახის შვილი იყო.
ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა უჩვეულო სიკეთით და ღვთის სიყვარულით, ამიტომ როდესაც მშობლებმა გათხოვება დაუპირეს, თავი ქრისტეს სასძლოდ გამოაცხადა და ეპისკოპოს მაკ კალეს კურთხევით, სპეტაკი სამონაზვნე კაბით შეიმოსა.
ნეტარი ქალწული საკვირველად მოწყალე, სტუმართმოყვარე და უცხოთშემწყნარებელი გახლდათ, მისი დიდსულოვნება და უანგარობა უთვალავ ადამიანს ექცა ნუგეშიან თავშესაფრად, რომელთა შორის უბრალო გლეხებსაც ნახავდით და უმაღლეს სასულიერო ხელისუფალთაც.
მისმა მადლიანმა ლოცვამ უამრავი განრღვეული აღადგინა და მრავალი სასაწული აღასრულა. გადმოცემის თანახმად, წმინდა ბრიგიტას ერთხელ კოკისპირულ წვიმაში უშრომია, დაღალულს მზის სხივი ხის ტოტად მოსჩვენებია და მთლად სველს სამოსი ზედ გასაშრობად გადაუკიდია...
სხვა გადმოცემით კი წმინდა პატრიკს (ხსენება 17 მარტს) ნეტარი დედა განსაკუთრებულად ესათნოებოდა და მოწაფეთაგან უსაყვარლესად იხსენიებდა.
სწორედ წმინდა ბრიგიტამ დააარსა მონაზონთა ერთობა, რომელიც, მისი წმინდა ცხოვრების წყალობით, მოკლე ხანში ფრიად გაიზარდა. თურმე, სავანის მიდამოებშივე იზრდებოდა უზარმაზარი მუხა, რის გამოც იქაურობას კელ - დარი (თანამედროვე კილდარი) შეერქვა, გადმოთარგმანებით - მუხის ეკლესია...
წმინდა დედის სიცოცხლეშივე დაარსდა ზემოხსენებულ მონასტერში საეპისკოპოსო კათედრა, რომელსაც შემდგომ მართალი ხუცესი, კონლეტი ჩაუდგა სათავეში.
წმინდანის მიმდევართა წყალობით, მსგავსი სავანეები მთელ ირლანდიაში დაფუნდა. მათ მოსანახულებლად ნეტარ დედას ხშირად უწევდა მოგზაურობა, რასაც მისი ლოცვით აღსრულებული მრავალი სასწაული სდევდა თან.
პატიოსანი ჯვრის ნიშნით ეშმაკთ განასხამდა, სნეულთ სიმრთელეს უბრუნებდა და ცოდვილთ მოაქცევდა.
თავად მისი სიახლოვე განაწყობდა ადამიანებს ღვთისმოყვარებისკენ.
მრავალი წმინდანის მსგავსად, ნეტარ დედასაც ღვთისგან წინასწარ ეუწყა ამქვეყნიდან განსვლის ჟამი, იგი ირლანდიის ზეციური მფარველია, წმინდა ბრიგიტას შუა საუკუნეებში მთელ ევროპაში მიაგებდნენ პატივს.
წმინდა ბრიგიტას შესახებ ვრცელი წერილი იხილეთ: ↓ ნეტარი ბრიგიტა, კილდარელი ( VI ს.) - ხსენება 01/14 თებერვალს
.......................................
ხატის წყარო