ნეტარი ბრიგიტა, კილდარელი ( VI ს.) - ხსენება 01/14 თებერვალს
ნეტარი ბრიგიტა, კილდარელი ( VI ს.) - ხსენება 01/14 თებერვალს
ნეტარი ბრიგიტა (ბრიგიდა, ბრიჯიტი, ბრაიდი), ირლანდიის ყველაზე პატივცემული წმინდანი, ცხოვრობდა V საუკუნის მეორე ნახევარსა და VI საუკუნის დასაწყისში. იგი დაიბადა 450-454 წლებს შორის, ხოლო გარდაიცვალა 523-527 წლებს შორის. მისი სახელი ნიშნავს "სინათლის მატარებელს" (სხვა ვარიანტები: "ძალა", "ღირსება", "აღმატებული"). ჭეშმარიტად ღვთივ სათნო ცხოვრების დიდებული სინათლით მან გაამართლა თავისი სახელის მნიშვნელობა. იგი ხშირად იწოდება "ირლანდიის მარიამად"1 და "ირლანდიის საყრდენად" და "ზურმუხტის კუნძულზე" პატივი მიაგებენ წმინდა პატრიკის და კოლუმბას გვერდით. დიდი წმინდანის პიროვნება სწრაფად მოიცვა ლეგენდებმა, ამიტომ ბრიგიტა გახდა არა მხოლოდ ირლანდიის ქრისტიანული მოღვაწე, არამედ ირლანდიური ფოლკლორის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პერსონაჟიც.

წმინდა ბრიგიტას გარდაცვალების შემდეგ, აგრეთვე გვიან შუა საუკუნეებში დაიწერა მისი ცხოვრების მრავალი ვერსია ძველი ირლანდიური და ლათინური ენებით. ყველაზე ადრეული შემორჩენილი ცხოვრება დაიწერა VII საუკუნის შუა ხანებში წმინდა კოგიტოსის, კილდარის მონასტრის მონაზვნის მიერ (ხსენება: 18 აპრილი). აგრეთვე უნდა აღინიშნოს VII საუკუნის ბიოგრაფიები, რომლებიც დაწერეს წმინდა მუირუმ, მეცნიერმა მონაზონმა და ისტორიკოსმა ლეინსტერიდან (ხსენება: 8 ივნისი; მან აგრეთვე დაწერა თავისი ვერსია წმ. პატრიკის ცხოვრებისა), წმინდა კილიანმა, კალტრას კუნძულის მონასტრის წინამძღვარმა (ხსენება: 29 ივლისი) და წმინდა ულტანმა, არდბრაკანის ეპისკოპოსმა, ჰიმნოგრაფმა და ბრიგიტას ნათესავმა (ხსენება: 4 სექტემბერი).

ადრეული წლები

ერთი ტრადიციის თანახმად, წმინდა ქალწული ბრიგიტა დაიბადა ფოხარტში, რომელიც მდებარეობს ქალაქ დანდოლკთან დღევანდელი ირლანდიის ლაუტის საგრაფოში, ხოლო მეორე ტრადიციის თანახმად - ქალაქ კილდერთან ახლოს მდებარე ერთ-ერთ სოფელში, დუბლინიდან 55 კმ-ში დასავლეთით. ბავშვობიდანვე ბრიგიტა განთქმული იყო სილამაზით, სიმკაცრით, ღმერთისადმი ერთგულებით, სიყვარულით და მრავალი სასწაულით. ყველაზე სავარაუდოდ, იგი მონათლა ირლანდიის მოციქულმა პატრიკმა, ხოლო მონასტერში შეიფარა ეპისკოპოსმა წმინდა მელმა არდახის ეპარქიიდან (ხსენება: 6 თებერვალი), ან, სხვა ვერსიის თანახმად, წმინდა ეპისკოპოსმა მაკაილმა.

მისი მამა დუბტახი იყო წარმართი ბელადი ლენსტერში; ბრიგიტას დედა (პიქტური წარმოშობის ქრისტიანი) ბროკა იყო მისი მონა. გადმოცემის თანახმად, ბრიგიტას მამა იმდენად შეძრული იყო თავისი ახალგაზრდა ქალიშვილის სიბრძნითა და სიკეთით, რომ ნება დართო მას დარჩენილიყო სასახლეში მოსამსახურის როლში. ერთხელ ახალგაზრდა ქალწულმა ბრიგიტამ, როდესაც ქუჩაში მათხოვარი დაინახა, ყოველგვარი ყოყმანის გარეშე გაიხადა მოსასხამი და ფეხსაცმელი და მას მისცა. ბრიგიტამ ქრისტიანული რწმენის სწავლება მიიღო თავისი ღვთისმოსავი დედისგან, ამიტომ მამის კარზე არსებულმა წარმართულმა ტრადიციებმა და სხვა ცდუნებებმა არანაირი გავლენა არ მოახდინეს ქალიშვილზე. ამბავი სუფთა და კეთილი გულის მქონე ქალწულზე, რომელიც ჯერ კიდევ მოზარდობის ასაკში უკვე სასწაულებს ახდენდა, მთელ სამეფოში გავრცელდა და დუბტახმა მას თავისუფლება მიანიჭა. როდესაც ბრიგიტა წამოიზარდა, მამას სურდა იგი ოლსტერის სამეფოს მმართველზე გაეთხოვებინა, მაგრამ წმინდანმა, რომელსაც მონაზვნად გახდომა სურდა, უპასუხა, რომ მისი ერთადერთი საქმრო ქრისტე იყო. ასე უარი თქვა მან იმედისმომცემ ქორწინებაზე.

დაარსება კილდარის მონასტრისა

ღირსმა ქალწულმა სამონაზვნო აღთქმა დადო დაახლოებით 468 წელს, ძალიან ახალგაზრდა ასაკში. თავდაპირველად იგი ლოცვასა და მარხვაში იღვწოდა სხვა შვიდ ქალწულთან ერთად კროგანის მთის ახლოს ოფალის საგრაფოში (სადაც, შესაძლოა, დააარსა სამონასტრო თემი), შემდეგ კი მახლიფის ველზე. მისი მთავარი მიღწევა იყო დაახლოებით 480 წელს კილდარის ორმაგი მონასტრის (თანამედროვე გამოთქმით: კილდერი) დაარსება, რომელიც მდებარეობს კილდერის საგრაფოში, თანამედროვე ირლანდიის რესპუბლიკის აღმოსავლეთში. თავდაპირველად ეს იყო მარტოდმარტო სენაკი მუხის ქვეშ მუხნარში, მაგრამ დროთა განმავლობაში იგი გადაიქცა უზარმაზარ, აყვავებულ კილდარის მონასტრად (სახელწოდება "Cil Dara" ნიშნავს "მუხის ეკლესიას"). უძველესი წმინდა მუხა, რომლის ჩრდილქვეშაც ბრიგიტამ თავისი პირველი სენაკი ააგო, X საუკუნემდე იდგა. იღუმენია ბრიგიტა მართავდა ორმაგი მონასტრის ორივე ნაწილს, ასე რომ მამაკაცთა თემის წინამძღვარი ბრიგიტას (შემდგომში - მისი მემკვიდრის და ა.შ.) დაქვემდებარებაში იმყოფებოდა - ეს კელტური ქრისტიანობის დამახასიათებელი ნიშანია. ასე გრძელდებოდა მრავალი წლის განმავლობაში. ბრიგიტამ თავის სავანეში მოიწვია წმინდა განდეგილი კონლეტი (ხსენების დღე: 4 მაისი), რათა იგი მისი თემების სულიერი მოძღვარი გამხდარიყო და მონასტრისთვის საეკლესიო ჭურჭელი დაემზადებინა, მოგვიანებით კი იგი კილდარის პირველ ეპისკოპოსად აკურთხეს. ბრიგიტას ბრწყინვალე და ავტორიტეტული თანამოსაგრე კონლეტი იყო ლითონის ოსტატი, ასევე მარჯვე გადამწერი და ილუმინატორი-მხატვარი, რომელმაც გადაწერა და გააფორმა მრავალი ხელნაწერი. კონლეტი ღრმად პატივცემული იყო მისი გარდაცვალების შემდეგ, რაც დაახლოებით 519 წელს მოხდა.

ბრიგიტას სამართლიანად მიიჩნევენ ირლანდიის მეორე მფარველად წმინდა პატრიკის შემდეგ. თავისი მთავარი მონასტრის დაარსების შემდეგ, მან გააგრძელა პატრიკის მოციქულებრივი ღვაწლი ირლანდიის მიწის განათლებისთვის - წარმართების მოქცევა რწმენაში და ქრისტიანული ცხოვრების წესისა და სამონაზვნო მოღვაწეობის გავრცელება ახლადმოქცეულ ირლანდიელებს შორის. იგი, როგორც წესი, გადაადგილდებოდა ეტლით [ძველ ირლანდიაში ეტლებით მგზავრობდნენ კეთილშობილი მეომრები, მეფეები, უმაღლესი სასულიერო პირები ], რომელსაც მართავდა მღვდელი, რომელიც ასრულებდა ნათლობის საიდუმლოს ქრისტეს რწმენაში მოსულ ადგილობრივ მცხოვრებლებზე. თავისი არაორდინალური უნარების, გონების, განსწავლულობისა და აღსრულებული სასწაულების წყალობით, ბრიგიტას უზარმაზარი გავლენა ჰქონდა თავის თანამედროვეებზე. მის და მისი მოწაფეების მიერ მთელ ირლანდიაში დაარსებულმა მონასტრებმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მონაზვნობის, ღვთისმოსაობის დამკვიდრებას და კუნძულის გაქრისტიანებას.

თავისი ცხოვრების მანძილზე ბრიგიტამ დააარსა რამდენიმე დედათა მონასტერი და აქტიურად ავითარებდა თემების ცხოვრებას. ახალგაზრდობაში, როცა ძალები ნებას აძლევდა, წმინდანი ბევრს მოგზაურობდა, ქადაგებდა სახარებას. უამრავი ეკლესია და სამლოცველო, რომლებიც წმინდა ბრიგიტას სახელზე იქნა ნაკურთხი მთელ ირლანდიაში, მოწმობს მის დიდ აქტიურობაზე. ღირსი დედა რეგულარულად სტუმრობდა თავის შვილობილ მონასტრებს და ყოველ ვიზიტს თან ახლდა სასწაულები. ჯვრის გამოსახვით იგი განდევნიდა ეშმაკებს, კურნავდა დაავადებებს; თავისი ქადაგების ძალით ცოდვილებს მოაქცევდა მონანიების გზაზე. მადლმოსილი ქალწულის მხოლოდ ყოფნა ავსებდა ადამიანთა გულებს ღვთის სიყვარულით. მრავალი წმინდა ქალი და კაცი იყო ბრიგიტას მოწაფეთა, მიმდევართა თუ აღზრდილთა შორის. ერთ-ერთი ყველაზე შესანიშნავი მაგალითია წმინდა დარა, კილდარის მონასტრის ბრმა მონაზონი.

დარას ისტორია

ბრიგიტასა და დარას ჩვეულებად ჰქონდათ საათობით ჯდომა ღია ცის ქვეშ და საუბარი სულიერ საკითხებზე. ერთხელ ბრიგიტამ, რომელიც ჭვრეტდა ბუნების სილამაზეს - მზის შუქს, ხეებსა და ყვავილებს - ძლიერ შეიბრალა დარა, ჯვარი გადასახა მის თავზე, წარმოთქვა ლოცვა - და მოხდა სასწაული! დარას თვალები გაეხილა და მან პირველად იხილა ღვთის სამყარო! მონაზონმა მიმოიხედა, გაჩუმდა და გარკვეული დროის შემდეგ უთხრა ბრიგიტას: "ძვირფასო დედაო! გემუდარები, კვლავ დახუჭე ჩემი თვალები! რადგან, როცა სამყაროს ჩემი ხორციელი თვალებით ვხედავ, ნაკლებად მკაფიოდ ვჭვრეტ ჩვენს შემოქმედს სულის შინაგანი თვალებით. დამაბრუნე იმ მშვენიერ წყვდიადში!" ბრიგიტამ ილოცა - და დარა კვლავ დაბრმავდა. ბრიგიტას სხვა მიმდევრებს შორის ვახსენოთ წმინდა ბლატა (ფლორა), მზარეული კილდარის მონასტერში, ცნობილი თავისი წმინდა ცხოვრებით (ხსენების დღე: 29 იანვარი); ღირსი ბრიგიტა (ბრიგა) კილბრიდელი (ხსენების დღე: 21 იანვარი) და ღირსი დარლუგდაჰა, ღირსი ბრიგიტას მემკვიდრე კილდარის იღუმენიის პოსტზე (ხსენების დღე: 1 თებერვალი).

წმინდა ბრიგიტას ღირსებები

ბრიგიტას განსაკუთრებით პატივს სცემდნენ მისი სიკეთის, სიყვარულის, თანაგრძნობის, მოწყალების, ზრუნვისა და გულუხვობისთვის ყველას მიმართ. იმ დროის ყველა მოწმობაში ბრიგიტას აქებდნენ მისი სასწაულებისა და სიყვარულის საქმეებისთვის: ის ურიგებდა საკვებსა და სხვა საჩუქრებს ღარიბებს, კურნავდა ავადმყოფებს და არასდროს უარყოფდა დახმარების საჭიროების მქონეთ. ღვთის მსახურს გააჩნდა იშვიათი ნიჭი "პურის გამრავლებისა". წმინდა ბრიგიტას მონასტერში, რომელიც ყველაფერში ცდილობდა ქრისტეს მიბაძვას, არასდროს ილეოდა მარაგი ზეთის, ყველის, ხორცისა და სხვა მრავალი საჭმლისა სტუმრებისთვის - ყველასთვის ყოველთვის საკმარისი იყო საკვები და სასმელი. ერთხელ წყალი მის სავანეში სასწაულებრივად გადაიქცა სუსტ ალკოჰოლურ ლუდად, რათა მოეკლა წყურვილი სტუმრებისთვის - მოულოდნელად მოსული მღვდლებისთვის. ღირსი ქალწულის მონასტერში ძროხებიც კი, ბუნების კანონების საწინააღმდეგოდ, სამჯერ მეტ რძეს იძლეოდნენ, ვიდრე ჩვეულებრივი ძროხა შეიძლება იძლეოდეს (ზოგჯერ უზარმაზარი რაოდენობით), ისე რომ ყოველთვის საკმარისი იყო სტუმრებისთვის. სტუმართმოყვარეობა იყო ღვთის მსახურის ერთ-ერთი მთავარი სათნოება!

თავდაპირველად "მონასტერი მუხის ქვეშ" ძალიან ღარიბი იყო და მის მცხოვრებლებს დღე და ღამე უწევდათ მთელი ძალით შრომა. ბრიგიტა ამხნევებდა თავის დებს, ასწავლიდა მათ მოთმინებას, მხარს უჭერდა მათ, ვინც დაუძლურებული იყო დაღლილობისგან, თვითონ მკურნალობდა ავადმყოფებს და უძლურებს, ყოველდღიურად არიგებდა მოწყალებას - ერთი სიტყვით, გახდა "ყველაფერი ყველასთვის" (1 კორ. 9, 22). წმინდანის შესახებ ამბავი გავრცელდა მთელ ირლანდიაში.

გასაოცარია, მაგრამ ღვთის მხევალს საერთოდ არ ეშინოდა კეთროვნების, შეშლილების და საზოგადოებისგან გარიყული ადამიანების მკურნალობის. არც ერთი სხვა ცხოვრება ვერ დაიკვეხნის კეთრისგან განკურნების ამდენი შემთხვევით! ბრიგიტას არავის მიმართ არ ჰქონდა ზიზღი, ხედავდა რა ყველა მოყვასში ღვთის ხატებას. წმინდანს ჰქონდა განსჯის ნიჭი: ზოგჯერ, როდესაც მიწიერ სამართლიანობაზე იმედი აღარ რჩებოდა, ხალხი მას მიმართავდა როგორც მოსამართლეს. სტუდენტები, მღვდლები და ეპისკოპოსებიც კი მოდიოდნენ ბრიგიტასთან მთელი ირლანდიიდან რჩევის, მხარდაჭერისა და ნუგეშისთვის. მას პატივს სცემდნენ როგორც უხუცესს, სიბრძნის და სულიწმინდის სხვა ნიჭების ჭურჭელს.

სხვადასხვა წყაროები იტყობინება, რომ ბრიგიტა მეგობრობდა წმ. პატრიკთან. წმინდანი იმყოფებოდა ზოგიერთ ადგილას, რომლებიც მჭიდროდ იყო დაკავშირებული ირლანდიის მოციქულთან. ცნობილია მის მიერ კონახტის პროვინციის მონახულების შესახებ, სადაც მან ბევრი ეკლესია ააშენა (წმ. პატრიკი ლოცულობდა ამ მხარეში მეიოს საგრაფოს მთაზე 40 დღე და ღამე). ჭეშმარიტად, ბრიგიტა იყო თავისი დებისთვის თავშეკავების, სიწმინდის და მოყვასისადმი აქტიური სიყვარულის მაგალითი. წერდნენ, რომ იღუმენიად ყოფნისას ბრიგიტა თვითონ მწყემსავდა მონასტრის ცხვრის ფარებს, წველიდა ძროხებს, აგროვებდა მოსავალს, ამზადებდა კარაქს და ხარშავდა ლუდს სავანეში. მიუხედავად ამისა, ღირსი დედა ხშირად განმარტოვდებოდა ხოლმე სიჩუმეში ხანგრძლივი მარტოსული ლოცვისთვის.

ბრიგიტას სულიერ მეგობრებს შორისაც ბევრი წმინდანი იყო. ერთ-ერთი მათგანი იყო უელსელი ისტორიკოსი და მისიონერი ღირსი გილდა ბრძენი. გადმოცემის თანახმად, როდესაც გილდა ჩავიდა ირლანდიაში, ბრიგიტამ მასთან შიკრიკი გაგზავნა, და წმინდანმა მას გადასცა თავისივე ხელით გაკეთებული პატარა ხელის ზარი. იღუმენიამ ის როგორც დიდი სიწმინდე შეინახა. ბრიგიტას რამდენიმე თავისი ხელის ზარი ჰქონდა (ტიპიური კელტური ტრადიცია), რომელთაგან ერთი, გადმოცემის თანახმად, წმინდანმა ინგლისის გლასტონბერის მონასტერს შესწირა, სადაც ის მრავალი საუკუნის განმავლობაში ინახებოდა. წმ. ბრიგიტასთან დაკავშირებულ სასწაულებს შორის ბევრი ძალიან გულში ჩამწვდომია. ერთხელ იღუმენია მთელი დღე მუშაობდა თავსხმა წვიმაში და ბოლომდე დასველდა. სახლში მისულმა თავისი მოსასხამი "ჩამოკიდა" მზის სხივზე გასაშრობად, დაღლილობის გამო მიიჩნია რა ის ხის ტოტად! და მზის სხივმა წარმატებით "გაუძლო" და გააშრო ღირსის მოსასხამი, ბუნების კანონების საწინააღმდეგოდ!

ცხოვრება მონასტერში ბრიგიტას შემდეგ და მისი სიკვდილის შემდგომი პატივისცემა

სიკვდილის წინ, რომელიც მან წინასწარ იწინასწარმეტყველა, ბრიგიტა აზიარა წმ. ნინიდმა, "ირლანდიის თორმეტი მოციქულიდან" ერთ-ერთმა. ღირსი ბრიგიტას გარდაცვალების შემდეგ კილდარის მონასტერი ირლანდიაში სამონასტრო ცხოვრებისა და სწავლულობის უმნიშვნელოვანეს ცენტრად განვითარდა, მას "სამონასტრო ქალაქი" შეარქვეს. კილდარის სამონასტრო ეკლესიას XIII საუკუნის დასაწყისის მოგზაური და ისტორიკოსი გირალდ კამბრიელი "ირლანდიის უმთავრეს ეკლესიად" მოიხსენიებს, ბევრი ქველმოქმედი და შეძლებული პილიგრიმი უხვად სწირავდა მონასტერს, ხოლო კილდარეში ერთ დროს სამეფო ხაზინაც კი იმყოფებოდა. ბრიგიტა მფარველობდა ხელოვნების მრავალ დარგსა და ხელობას. მან კილდარეში გახსნა ხელოვნების სკოლა, სადაც მოწაფეები სწავლობდნენ ლითონზე მუშაობას, ხელნაწერების მოხატვას და ა.შ. კილდარის სკრიპტორიუმებიდან გამოვიდა მრავალი ნამდვილი შედევრი, რომელთაგან ყველაზე ცნობილი იყო "კილდარის წიგნი" (მოიცავდა მოხატულ გადაწერილ ოთხთავს, ლათინურად ნათარგმნს ნეტარი იერონიმე სტრიდონელის მიერ). გირალდ კამბრიელის მოწმობით, ეს წიგნი იყო "უფრო ანგელოზების ქმნილება, ვიდრე ადამიანებისა".

პერგამენტზე დაწერილ XV საუკუნის "ლისმორის წიგნში", რომელიც შექმნილია უფრო ძველი ხელნაწერების საფუძველზე და მოიცავს რამდენიმე ირლანდიელი წმინდანის ცხოვრებას, მოცემულია პანეგირიკი წმ. ბრიგიტას პატივსაცემად, რომელშიც არის შემდეგი სტრიქონები (თანამედროვე ინგლისურზე თარგმანი გააკეთა ირლანდიელმა კელტოლოგმა უიტლი სტოუკსმა (1830–1909)):

"ყველაფერს, რასაც არ უნდა სთხოვდა ბრიგიტა უფალს, მაშინვე ებოძებოდა მას. რადგან მისი სურვილი იყო დახმარებოდა ღარიბებს, განედევნა ყველა გასაჭირი გატანჯულთაგან და ენუგეშებინა უბედურნი. არავინ ყოფილა უფრო თავმდაბალი, მშვიდი, რბილი, მორჩილი, ბრძენი და მეგობრული, ვიდრე ის. ბრიგიტა იყო თავშეკავებული ქალი, უმანკო, მლოცველი და მომთმენი; სიხარულით ასრულებდა ღვთის მცნებებს; მტკიცე, მიმტევებელი და მოსიყვარულე, ის იყო განწმენდილი ჭურჭელი უფლის ხორცისა და სისხლის შესანახად, ის იყო ღვთის ტაძარი. მისი გული და გონება იყო სულიწმინდის ტახტი. ის გულის სიმარტივით ურთიერთობდა ღმერთთან და იყო სავსე თანაგრძნობით მწუხარეთა მიმართ; ის სახელგანთქმულია თავისი საოცარი სასწაულებით. ამიტომაც მისი სახელი ქმნილებებს შორის არის როგორც მტრედი ფრინველებს შორის, ვაზი მცენარეებს შორის, მზე ვარსკვლავებს შორის... ის ეხმარება ყველას, ვინც გასაჭირსა და საფრთხეშია; ის აჩერებს ჟამიანობას; ის აცხრობს რისხვასა და ქარიშხალს ზღვაში. ის არის ქრისტეს წინასწარმეტყველი, ის არის სამხრეთის დედოფალი [მაშინ როცა წმ. პატრიკი - "ჩრდილოეთის მოციქული"], ის არის გელების [ირლანდიელების] მარიამი".

ნეტარი ბრიგიტა დაუყოვნებლივ ისმენს და ასრულებს ხალხის ლოცვებს, რომლებიც სარწმუნო და სიყვარულით დღესაც იხსენიებენ მის სახელს დედამიწის სხვადასხვა კუთხეში.

წმინდა ბრიგიტასა და კონლეტის ნაწილებს მათი გარდაცვალების შემდეგ თაყვანს სცემდნენ ყველანი კილდარში ლამაზ ხის ეკლესიაში, სადაც ბევრი ხატი და ფრესკა იყო. მათი საფლავები, შემკული ძვირფასი ლითონებითა და ქვებით, მთავარი საკურთხევლის ორივე მხარეს იყო განთავსებული. IX საუკუნის ბოლომდე ბრიგიტას ნაწილები განისვენებდა კილდარის ტაძრის საკურთხევლის მარჯვენა მხარეს, სადაც უამრავი მომლოცველი მიედინებოდა. 878 წელს, გადმოცემის თანახმად, წმინდანის ნაწილები გადაიტანეს ირლანდიის ქალაქ დაუნპატრიკში, რათა დაეცვათ ისინი ვიკინგების მორიგი თავდასხმისგან. მიიჩნევა, რომ 1185 წელს დაუნპატრიკის საკათედრო ტაძარში აღმოჩენილ იქნა სამი დიდი წმინდანის ნაწილები: ბრიგიტას, პატრიკისა და კოლუმბას.

ბრიგიტას გარდაცვალების შემდეგ მისი თაყვანისცემა შეიძლება შედარებულიყო წმინდა პატრიკის თაყვანისცემასთან, განსაკუთრებით VIII საუკუნემდე, როდესაც არმას კათედრა (გვიანდელი ტრადიციის თანახმად, დაარსებული თავად წმინდა პატრიკის მიერ) გახდა წამყვანი ირლანდიის ეკლესიაში. ბრიგიტას პატივსაცემად აშენდა მრავალი ეკლესია, შეიქმნა მრავალი სიმღერა, საგალობელი და ლოცვა. თანდათანობით მისი თაყვანისცემა ირლანდიიდან გავრცელდა დასავლეთ, ცენტრალურ და ნაწილობრივ აღმოსავლეთ ევროპაშიც, სადაც "წმინდანთა ეპოქაში" (რომელთაგან ბევრი ირლანდიელი იყო) არანაკლებ 70 ადრეული მონასტერი ატარებდა მის სახელს! ბრიგიტას ხსოვნის პატივსაცემად კილდარში (მის მიერ დაარსებული პირველადი სენაკის ადგილზე) 1000 წლის განმავლობაში ენთო მუდმივი ცეცხლი, როგორც სულიწმინდის სიმბოლო (კიდევ ერთი კელტური ტრადიცია) - ბევრი თაყვანს სცემდა ამ ცეცხლს როგორც დიდ სიწმინდეს, რადგან მისგან მრავალი სასწაული ხდებოდა. კილდარის მონასტრის მნახველი გირალდ კამბრიელი წერდა, რომ ნახა ცეცხლი, რომელსაც მონაზვნები მზრუნველობით უვლიდნენ: "ცეცხლი გარშემორტყმულია მრგვალი ფორმის ცოცხალი ტირიფის ღობით, რომლის შიგნით მამაკაცებს აკრძალული აქვთ შესვლა". ქრისტიანობამდელი დროიდანვე ირლანდიაში ცენტრალური კერა წარმოადგენდა სოფლის თემების ცხოვრების ცენტრს და მისი ცეცხლი წმინდად ითვლებოდა. სხვათა შორის, მრავალ ირლანდიურ მონასტერში მართლმადიდებლური პერიოდის დროს (XII საუკუნეში ქვეყნის ანგლო-ნორმანული დაპყრობისა და კათოლიციზმის ძალადობრივი შემოღებამდე) სააღდგომო ცეცხლი განაგრძობდა წვას მთელი წლის განმავლობაში. კილდარის ეპარქია ჯერ კიდევ წმინდანის სიცოცხლეში არაოფიციალურად იწოდებოდა "ერთდროულად ეპისკოპოსისა და ქალწულის კათედრად".

ბრიგიტას ცხოვრების შესახებ მოთხრობები იბეჭდებოდა და ვრცელდებოდა ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში; მათ თარგმნიდნენ ძველ ინგლისურ, ძველ ფრანგულ, ძველ გერმანულ და სხვა ენებზე. გარდა უამრავი ეკლესიისა, რომლებიც ბრიგიტას სახელზე იყო ნაკურთხი ირლანდიაში, ძველად ინგლისში მას 19 ტაძარი ეძღვნებოდა, და თითქმის იმდენივე უელსში. პემბროკშირის საგრაფოში უელსში ყურეს ეწოდება სენტ-ბრაიდსი წმინდანის პატივსაცემად, იგივე სახელი ჰქვია ერთ-ერთ ახლომდებარე სოფელსაც. ეს მოწმობს მჭიდრო კავშირზე უელსურ და ირლანდიურ ბერმონაზვნობას შორის. უელსის რამდენიმე დასახლებულ პუნქტს ეწოდება "ლანსანტფრეიდი", რაც ნიშნავს "წმინდა ბრიგიტას ეკლესიას". ირლანდიისა და ბრიტანეთის ფარგლებს გარეთ ამ წმინდანს დღემდე პატივს მიაგებენ პორტუგალიაში, ელზასში, ფლანდრიაში და ევროპის სხვა რეგიონებში, ასევე აშშ-სა და სხვა ქვეყნებში, სადაც მნიშვნელოვანი ირლანდიური თემები არსებობს.

წმინდა ბრიგიტა მფარველობს პოეტებს, მჭედლებს, ექიმებს, ექთნებს, მეანებს, ბავშვებს, სტუდენტებს, მშობიარე ქალებს, მერძევეებს, ფერმერებს, მეზღვაურებს, მოგზაურებს, მონაზვნებს, მომავალ მღვდლებს, ჰუმანიტარ მეცნიერებს, ღარიბებს, შინაურ საქონელს და სოფლის მეურნეობას. მას ჩვეულებრივ გამოსახავენ ძროხით ფეხებთან, კვერთხით ან სანათით ხელში. ირლანდიის ეროვნულ მუზეუმში დუბლინში არის საოცარი სიწმინდე: ვერცხლისა და სპილენძის რელიქვარიუმი, რომელშიც ოდესღაც ინახებოდა წმინდა ბრიგიტას ფეხსაცმელი! ღირსის კვართის ნაწილი ინახება წმინდა დონატიანის ეკლესიაში ბელგიის ქალაქ ბრიუგეში. სავარაუდოდ, წმინდა ბრიგიტას თავი განისვენებს წმინდა იოანე ნათლისმცემლის ეკლესიაში ლუმიარში, ლისაბონის მახლობლად, პორტუგალიაში. ამ წმინდანის მარჯვენა ხელის ნაწილი დაცულია წმინდა ბრიგიტას კათოლიკურ ეკლესიაში ნიდერლანდების ქალაქ გელდროპში, ხოლო მისი წმინდა ნაწილების კიდევ ერთი ნაწილი ინახება წმინდა სტეფანეს ეკლესიაში კელნში, გერმანიაში.

წმინდა ბრიგიტას თაყვანისცემა  შოტლანდიაში

ირლანდიისა და შოტლანდიის ასობით ტოპონიმი ატარებს ბრიგიტას სახელს. შოტლანდიის სამხრეთ ლანარქშირის მუნიციპალიტეტი აღმოსავლეთ-კილბრაიდი დაარსებულია მის სახელზე ("ბრიგიტას ეკლესია" გაელურ ენაზე). ასეთი ადგილების არსებობა მიუთითებს, რომ ერთხელ კილდარელმა მონაზვნებმა გადაიტანეს წმინდა ბრიგიტას წესი და მისი კულტი შოტლანდიაში. სხვა მაგალითი - დასავლეთ-კილბრაიდის სოფელი ჩრდილოეთ ეირშირის მხარეში, ფერთ-ოფ-კლაიდის ყურეს დასავლეთ სანაპიროზე. სოფელი დაარსებულია ბრიგიტას სახელობის ძველი ტაძრის ან კელიის ხსოვნისთვის, რომელიც ამ ადგილას იდგა. "კილბრაიდ" სახელის მქონე დასახლებული პუნქტები არა მხოლოდ შოტლანდიასა და ირლანდიაში, არამედ კანადაშიც კი შეიძლება აღმოჩენილი იყოს. აბერდინშირის მხარის ერთი სოფელს ეწოდება "ბრაიდსუელი" ("ბრიგიტას წყარო"). შოტლანდიაში ყველაზე ცნობილი წმინდა ბრიგიტას სახელობის ეკლესია დასავლეთ გლაზგოში მდებარეობს და ეკუთვნის შოტლანდიის ეპისკოპალურ ეკლესიას.

პერთ-ენდ-კინროსის ოლქის სოფელი აბერნეთი ერთხელ იყო პიქტების სამეფოს მთავარი ქალაქი (ან ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცენტრი). როცა პიქტების მეფე ნეკტანმა დაკარგა ძალაუფლება თავის ძმასთან ბრძოლაში, ირლანდიაში წავიდა და ვედრებით მიმართა წმინდა ბრიგიტას, მისთვის ელოცა. რამდენიმე წლის შემდეგ, ნეკტანმა კვლავ მოიპოვა ტახტი და მალევე აბერნეთი "ღმერთსა და წმიდა ბრიგიტას" მიუძღვნა. აქ აშენდა ეკლესია წმინდა ბრიგიტას პატივსაცემად (თვითონ წმინდანი უკვე გარდაცვლილი იყო), და აბერნეთი ხდება სამხრეთ პიქტების ეპისკოპოსის კათედრა XII საუკუნემდე. შუა საუკუნეებში აქ მოქმედებდა ავგუსტინელი მონაზვნების მონასტერი, რომლის ადგილზეც დღეს XIX საუკუნის წმინდა ბრიგიტას ეკლესია დგას. აღსანიშნავია, რომ აბერნეთში შემორჩენილია ორიდან ერთ-ერთი ირლანდიური სტილის მრგვალი კოშკი მთელ შოტლანდიაში! ის XI-XII საუკუნეებით თარიღდება, 23 მეტრის სიმაღლისაა და იქვე ახლოს მდებარეობს აბერნეთის მცირე მუზეუმი.

ირლანდიაში მდებარე წმინდა ბრიგიტას ადგილები

ქალაქი დაუნპატრიკი მდებარეობს დაუნის მხარეში, ჩრდილოეთ ირლანდიაში. ადგილობრივი საკათედრო ტაძარი წმინდა სამების სახელობაზე დაარსდა არაუგვიანეს XII საუკუნისა. 1177 წლიდან აქ ბენედიქტელი მონაზვნების მონასტერიც ფუნქციონირებდა. დაუნპატრიკის ტაძარში საუკუნეების განმავლობაში ინახებოდა წმინდანების - ბრიგიტას, პატრიკისა და კოლუმბას ნეშტები. ტაძარს ძალიან მღელვარე ისტორია აქვს. 1245 წელს მძიმე ზარალი მიადგა მიწისძვრისგან, 1315 წელს კი შოტლანდიის მეფის რობერტ ბრიუსის უმცროსი ძმის ედუარდ ბრიუსის მიერ დაიწვა. შემდგომ ის რამდენჯერმე დანგრეულა და ხელახლა აღდგენილა. 1539 წელს დაუნპატრიკის მონასტერმა არსებობა შეწყვიტა და ორი წლის შემდეგ ტაძარი მიწასთან გასწორდა. ამის შემდეგ იგი ნანგრევებში იყო 200 წელზე მეტი ხნის განმავლობაში და აღადგინეს მხოლოდ 1790-1818 წლებში. ტაძარი ეკუთვნის ირლანდიის ანგლიკანურ ეკლესიას. მის სიწმინდეებს შორის არის სამი უძველესი ჯვარი (მე-9, მე-10 და მე-12 სს.), მე-12 საუკუნის გრანიტის ემბაზი და წმ. პატრიკის სავარაუდო საფლავი.

ქალაქი კილდარე კილდარის მხარეში მდებარეობს, იქ, სადაც წმინდა ბრიგიტამ თავისი მონასტერი დააარსა 1500 წელზე მეტი ხნის წინ. ქალაქს ზემოდან დაჰყურებს მისი ზეციური მფარველის, წმინდა ბრიგიტას სახელობის ანგლიკანური სამრეკლო. წმინდანის სიცოცხლეში აქ უბრალო ხის ეკლესია იდგა, მაგრამ წმ. ბრიგიტას გარდაცვალების შემდეგ მისი პატივისცემა ისე გაიზარდა, რომ მალე ამ ადგილზე დიდმაშტაბიანი სამრეკლო აშენდა, სადაც წმინდანის ნეშტი მოათავსეს. 835-1000 წლებში კილდარის სამრეკლო ვიკინგების თავდასხმის ობიექტი გახდა 15-ზე მეტჯერ! 1220 წლისთვის სამრეკლო კვლავ გაპარტახდა. სიწმინდე მოკლე დროში (1223-1230) აღდგინეს, მაგრამ აყვავების პერიოდის შემდეგ, "რეფორმატორებმა" ის კვლავ ნანგრევებად აქციეს.

1875-დან 1876 წლამდე ტაძარში ჩატარდა მასშტაბური სარესტავრაციო სამუშაოები. მისი ერთ-ერთი ვიტრაჟი გამოსახავს სცენებს ბრიგიტას, პატრიკისა და კოლუმბას ცხოვრებიდან. ტაძრის გვერდით დგას უნიკალური კელტური მრგვალი კოშკი დაახლოებით 33 მეტრის სიმაღლით - სიმაღლით მეორე მრგვალი კოშკი ირლანდიაში! იქვე ახლოს შემორჩენილია ადრეული კელტური ჯვარი. გარდა ამისა, მომლოცველებს შეუძლიათ მოინახულონ ახლახან აღმოჩენილი ადრეული სამლოცველოს ნაშთები, სადაც წმინდა ბრიგიტას ხსოვნის პატივსაცემად საუკუნეების განმავლობაში დაუშრეტლად ინახებოდა წმინდა ცეცხლი. ბოლოს, კილდერის მახლობლად მორწმუნეები სტუმრობენ წმინდა ბრიგიტას წმინდა წყაროს მშვიდი პარკის ლამაზ კუთხეში. წყაროს გვერდით დგას წმინდა ბრიგიტას ბრინჯაოს ქანდაკება, ასევე დევს რამდენიმე ქვა, ცნობილი როგორც "ბრიგიტას ფლოსტები". ზოგიერთი ადამიანი დღემდე ტოვებს ამ ადგილზე შესაწირავს სასწაულებრივი განკურნებისთვის მადლიერების ნიშნად. ჩვენს დროში წყალი განსაკუთრებით ეხმარება ავადმყოფ ბავშვებს, კურნავს მოტეხილობებს და კოჭლობას. ძველად ბრიგიტას წყაროს წყალი ერწყმოდა პატარა მდინარეს, რომელიც ამოძრავებდა მონასტრის წისქვილის ბორბალს, რომელიც ფქვავდა ფქვილს თემისთვის.

წმინდა იღუმენიის სავარაუდო სამშობლოში, ფოჰარტში, მომლოცველები სტუმრობენ მრავალ სიწმინდეს: ძალიან ძველ წმინდა ბრიგიტას წყაროს, წმინდა ბრიგიტას ადრეული ეკლესიის ნანგრევებს, რამდენიმე სხვა წმინდა წყაროს, თანამედროვე და ძველ სამლოცველოებს, ჯვრებს, ქვებს (რომლებიც სიმბოლურად გამოხატავენ წმინდანის ცხოვრების ამა თუ იმ მოვლენას), ასევე ლურდის სიწმინდის ზუსტ ასლს (გამოქვაბული სამლოცველოთი) იდილიურ ადგილას. ირლანდიაში წმინდა ბრიგიტასთან დაკავშირებულ სხვა წმინდა ადგილებს შორის აღვნიშნავთ ეკლესიას, წყაროსა და ჯვარს ლისკანორის სოფელში კლერის საგრაფოში; წმინდა ბრიგიტას ეკლესიებს პორტამნას სოფელში გოლუეის საგრაფოში; როლსტონში ფინგალის საგრაფოში; ბალინტრას სოფელში დონეგოლის საგრაფოში; ტალბოტსტაუნში უიკლოუს საგრაფოში; კოუნის სოფელში კილკენის საგრაფოში; კილკარიში ლაუთის საგრაფოში, მისი სამშობლოს მახლობლად, სადაც ინახება მისი წმინდა ნაწილების ნაწილი (სავარაუდოდ, თავის ქალის ძვალი); ჰაივუდში სლაიგოს საგრაფოში; ახალ ლამაზ წმინდა ბრიგიტას ეკლესიას ბელფასტში - ჩრდილოეთ ირლანდიის დედაქალაქში. ასევე აღვნიშნავთ დუბლინის გარეუბან კასლნოკს, სადაც წმინდა ბრიგიტას ეკლესია დგას მისდამი მიძღვნილი ბენედიქტელთა მონასტრის ადგილზე, რომელიც არსებობდა 1185 წლიდან რეფორმაციამდე; კუნძულ ინიშ კალტრას, ანუ ჰოლი-აილენდს ("წმინდა კუნძული") ლოხ-დერგის ტბაზე კლერის საგრაფოში, სადაც შემორჩენილია წმინდა ბრიგიტას ეკლესია, 6 ეკლესიის ნანგრევები, ძველი სამონასტრო სენაკები, ბერთა საფლავები და მრგვალი კოშკი; ქალაქ კლარას ოფალის საგრაფოში, სადაც მოღვაწემ დააარსა ერთ-ერთი თავისი პირველი მონასტერი. სავანე შედგებოდა პატარა ხის ეკლესიისგან, რომლის გარშემოც განლაგებული იყო სხვა სამონასტრო ნაგებობები. XII საუკუნეში ხის მონასტრის ადგილზე ქვის მონასტერი აშენდა. ქვის სავანიდან შემორჩენილია ნანგრევები და წმინდა ბრიგიტას სახელობის ეკლესია. საინტერესოა, რომ ქალაქის კათოლიკურ ტაძარში ინახება წმინდა ბრიგიტას წმინდა ნაწილების ნაწილი. და ეს მხოლოდ ზოგიერთი ადგილია, რომელიც მასთანაა დაკავშირებული ირლანდიაში! XII საუკუნეში მხოლოდ კილდერის საგრაფოში არსებობდა რამდენიმე წმინდა ბრიგიტას წყარო, რომელთა წყალიც კურნავდა თავის და კბილის ტკივილს. 100-ზე მეტი ასეთი წყარო გაფანტულია მთელს ირლანდიაში: ერთ-ერთი მათგანი შეიძლება ვიპოვოთ ქალაქ მალინგარში უესტმიტის საგრაფოში (თარიღდება VII საუკუნით).

სენტ-ბრაიდის ეკლესია და საქორწინო ტორტი

ინგლისის მიწაზე წმინდა ბრიგიტას ყველაზე ცნობილი ეკლესიაა სენტ-ბრაიდსის ეკლესია ლონდონში. ის დგას ფლიტ-სტრიტზე ლონდონის სითიში. პირველი ეკლესია ამ ადგილზე გაჩნდა VI საუკუნეში! ერთი ვერსიით, ის თავად ბრიგიტამ ააშენა ბრიტანეთში მოგზაურობის დროს; მეორე ვერსიით, ტაძარი აშენდა ირლანდიელი ბერების მიერ მათი ზეციური მფარველის პატივსაცემად. თავისი ისტორიის მანძილზე ეკლესია 7-ჯერ გადაკეთდა და გაფართოვდა. სენტ-ბრაიდსის ტაძარი ცნობილია როგორც ჟურნალისტების, გამომცემლების და მედიის მუშაკების სიმბოლო და სულიერი ცენტრი. 500 წლის განმავლობაში "ჟურნალისტურ" ტაძარში გრძელდება ლოცვა ამ პროფესიის წარმომადგენლებისთვის, და ზოგიერთი მათგანი დღემდე მოდის აქ სალოცავად.

ყველაფერი დაიწყო 1500 წელს, როდესაც მბეჭდავმა უინკინ დე უორდმა ეკლესიის მახლობლად დაამონტაჟა საბეჭდი დაზგა და გახსნა ინგლისში პირველი საბეჭდი ფირმა. მას შემდეგ სენტ-ბრაიდსის ეკლესიის მიდამოებში სტამბების რაოდენობა იზრდებოდა, დაიწყო ნაბეჭდი პროდუქციის ვაჭრობის განვითარება, ფლიტ-სტრიტზე დასახლდნენ მბეჭდავები, გამომცემლები, მწერლები და მაღალი განათლების მქონე სასულიერო პირები. ტაძართან დაკავშირებულია ასევე ცნობილი მრავალშრიანი საქორწილო ტორტის წარმოშობა. 1703 წელს თომას რიჩს - მდიდარი მცხობელის შეგირდს - შეუყვარდა თავისი უფროსის ქალიშვილი და ცოლად შეირთო. სურდა რა გაეოცებინა საყვარელი ქალი, მან შთაგონება მიიღო სენტ-ბრაიდსის ეკლესიის მაღალი შპილისგან და გამოაცხო ტორტი ამ შპილის ფორმით! მას შემდეგ გრძელდება ასეთი ტორტების გამოცხობის ტრადიცია. 1666 წლის ლონდონის ხანძარმა გაანადგურა წმინდა ბრიგიტას ეკლესია, რომელიც 1675 წლისთვის კრისტოფერ რენმა აღადგინა მთელი ბრწყინვალებით. 1701 წელს დასრულდა ტაძრის შპილი - მას შემდეგ სიმაღლე შპილთან ერთად თითქმის 70 მეტრს შეადგენს! 1940 წელს სახურავი და ინტერიერი მძიმედ დაზიანდა გერმანული დაბომბვების დროს. ტაძარი აღდგენილი იქნა 1957 წლისთვის. სარესტავრაციო სამუშაოების დროს იატაკის ქვეშ აღმოაჩინეს წინა ეკლესიების საძირკვლები. ნაპოვნია სხვადასხვა ეპოქის მრავალრიცხოვანი სამარხები, საინტერესო არტეფაქტები და რომაული ნაგებობის ნაშთები. ტაძრის შიდა სივრცე მდიდრულადაა მოპირკეთებული მუხით და წარმოადგენს ბაროკოს შესანიშნავ ნიმუშს. კრიპტაში მოქმედებს მუზეუმი, რომელიც ეძღვნება ტაძრის ისტორიას. ტაძართან დაკავშირებულია ისეთი მოღვაწეების სახელები, როგორებიც არიან მეცნიერი და მწერალი სემუელ ჯონსონი - "ინგლისური ენის ლექსიკონის" პირველი შემდგენელი; პოლიტიკოსი და დღიურების ავტორი სემუელ პიპსი (მოინათლა სენტ-ბრაიდსში); პოეტი ჯონ მილტონი; დრამატურგი ჯონ დრაიდენი; მხატვრები ჯოშუა რეინოლდსი და უილიამ ჰოგარტი, რომ არაფერი ვთქვათ შექსპირსა და დიკენსზე. ტაძარში დაკრძალულნი არიან საეკლესიო მუსიკის კომპოზიტორი თომას უილკსი; რომანისტი სემუელ რიჩარდსონი; პოეტი რიჩარდ ლავლეისი. ეკლესია ცნობილია მდიდარი მუსიკალური ტრადიციებით, გუნდითა და ორღანით. დედოფალი ელისაბედ II-ე სტუმრობდა სენტ-ბრაიდსს 1957 და 2007 წლებში.

წმ. ბრიგიტას თაყვანისცემა სხვადასხვა ქვეყანაში

წმინდა ბრიგიტა არის მფარველი მრევლებისა ავსტრალიაში (არანაკლებ 15-ისა), ბელგიაში (არის სამლოცველო ფოს-ლა-ვილში; ქალაქ ამეს მახლობლად ფერმერებს ჰქონდათ ჩვეულება წმინდანის პატივსაცემად მიწის კურთხევისა და თავლებსა და ბოსლებში მიწის მუჭებით აღებისა და შენახვისა), აშშ-ში, კანადაში (ოტავასა და ტორონტოს ჩათვლით), გერმანიაში (კრონენბერგი, კელნი, ბიურაბერგის ციხე-სიმაგრის ადგილზე), ნიდერლანდებში, საფრანგეთში, იტალიაში, ავსტრიასა და შვედეთში.

"ბრიჯიტი" (და ზოგიერთი წარმოებული ფორმა) დღემდე პოპულარული ქალის სახელია და ნათლობის სახელია გოგონებისთვის ირლანდიაში და მის ფარგლებს გარეთ, მათ შორის მართლმადიდებლებს შორისაც. უთვალავი ხატი, ვიტრაჟი და ქანდაკება წმინდა ბრიგიტასი შეიძლება ვიხილოთ მის სახელზე ნაკურთხ ეკლესიებში.

არსებობს თანამედროვე მართლმადიდებლური წირვა წმინდა ბრიგიტასადმი ინგლისურ ენაზე (http://orthodoxengland.org.uk/pdf/servs/brigid.pdf), ხოლო წმინდანის თაყვანისმცემლები და კელტური სიწმინდის მოყვარულები მთელ მსოფლიოში ესალმებიან ერთმანეთს მისი ხსენების დღეს (1/14 თებერვალს) შემდეგი ლოცვა-კურთხევით: "Faoibhrat Bride sinn!" - "დაე, გვფარვიდეს წმინდა ბრიგიტას მანტია!"

სხვათა შორის, ბრიგიტას მანტია, ან მოსასხამი, გვხვდება მის რამდენიმე ადრეულ სასწაულში. მაგალითად: კილდარის მონასტრის დაარსებამდე მან მიმართა ლენსტერის მეფეს და სთხოვა მიწა თემის დასაარსებლად. შერჩეული ადგილი იდეალური იყო სამონაზვნო ცხოვრებისთვის: ტყეში, ტბით და ნაყოფიერი მინდვრებით ახლოს. მაგრამ მმართველმა უარი უთხრა, და წმინდანი დებთან ერთად გულმოდგინედ ლოცულობდა მისი გულის მოსალბობად. ის კვლავ მიუახლოვდა მეფეს და სთხოვა: "მომეცით იმდენი მიწა, რამდენსაც ჩემი მანტია დაფარავს". მცირე მანტიის დანახვისას მან დათანხმება გამოთქვა. მაშინ ბრიგიტამ უბრძანა თავის ოთხ დამხმარეს მანტიის კიდეებზე მოკიდება და ოთხივე მხარეს წასვლა. სანამ ისინი მიდიოდნენ, მანტია სასწაულებრივად იზრდებოდა და იშლებოდა, და ბოლოს მრავალი აკრი მიწა დაფარა. მოწიწებით აღვსილმა მეფემ და მისმა ოჯახმა გააცნობიერეს, რომ მათ წინაშე იყო ღვთის დიდი მსახური - მან უბოძა მას მთელი ეს მიწა და მონასტერი თავის მფარველობის ქვეშ აიყვანა.

წმინდა ბრიგიტას დღე (ირლანდიაში 1 თებერვალს) დღემდე განსაკუთრებით საყვარელი დღესასწაულია მრავალი ირლანდიელისთვის. არსებობდა ამ დღის აღნიშვნის მრავალი ხალხური ტრადიცია. დღესასწაულის წინა დღეს ხალხი ამზადებდა სპეციალურ კერძს მის პატივსაცემად, ტოვებდა ქსოვილის ნაჭერს ან ლენტს კარზე ან ფანჯრის რაფაზე, რათა წმინდანს ღამით დაელოცა ისინი და მთელი მომდევნო წლის განმავლობაში მკურნალი ძალა მიეღოთ. ხალხი ამ დღეს სტუმრობდა წმინდა ბრიგიტას წმინდა წყაროებს და დადიოდა სახლებში მისი გამოსახულებით, საქველმოქმედო საჭიროებებისთვის სახსრების შესაგროვებლად. დღემდე ირლანდიის სოფლის მცხოვრებლები წნავენ "წმინდა ბრიგიტას ჯვრებს".2 პირველი თებერვლის წინა დღეს, იყენებენ რა ჩალას, ლერწამს, ისლს, ბალახს ან თივას, შემდეგ კი კიდებენ მათ სამზარეულოს კარის თავზე და შინაური ცხოველების სადგომებში, რითაც უზრუნველყოფენ წმინდანის ლოცვა-კურთხევას, წარმატებასა და კარგ ჯანმრთელობას მომდევნო წლისთვის. ბევრი ტოვებს რძის ან ხაჭოს ქოთანს ფანჯრის რაფაზე წმინდანის ხსენების წინა დღეს, ითხოვენ რა მისგან თავიანთი პროდუქტებისა და სასოფლო-სამეურნეო შრომის დალოცვას. ხშირად ამ პროდუქტებს უზიარებენ ღარიბებს - რაც სწორედ წმინდა ბრიგიტას სულისკვეთებაშია, რომელიც ყოველთვის კვებავდა მშიერთ და აძლევდა თავშესაფარს მოგზაურებსა და უსახლკაროებს.

შენიშვნები:

[1] "Brid agus Muire dhuit" ანუ "იყოს შენთან ბრიგიტა და მარია!" ირლანდიურ გელურ ენაზე, დღესაც არის გავრცელებული მოკითხვა ირლანდიელებს შორის. მართლაც, წმ. ბრიგიტას პატივისცემა ამ ქვეყანაში თითქმის არ განსხვავდებოდა ღვთისმშობლის პატივისცემისგან.

[2] წმინდანის ცხოვრების თანახმად, ერთხელ წმინდა ბრიგიტას სთხოვეს დაჯდომა ერთი წარმართი ბელადის სიკვდილის სარეცელთან. ავადმყოფის საწოლთან მჯდომმა წმინდანიმა დაიწყო ჯვრების დაწვნა წკნელებისგან. წარმართმა ჰკითხა, რას აკეთებდა, და ბრიგიტამ უამბო მას ქრისტეს შესახებ, მისი ჯვარცმისა და აღდგომის შესახებ, რის შემდეგაც ბელადმა გამოთქვა მონათვლის სურვილი, და შემდეგ გარდაიცვალა.

სტატიის წყარო: ПРЕПОДОБНАЯ БРИГИТА, ИГУМЕНЬЯ КИЛЬДАРСКАЯ
.....................................................................................................

აქვე წაიკითხეთ:

ღირსი დედა ბრიგიტა (ბრიგიდა), მფარველი ირლანდიისა - 01 (14) თებერვალი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა დიდმოწამე დიმიტრი, შვილი კეთილშობილი და მაღალზნეობრივი მშობლებისა, ქალაქ თესალონიკში იშვა,

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat