ნეტარი თომაიდა ლესბოსელი (კონსტანტინეპოლელი) - 03 (16) იანვარი
16.01.2022
წმინდა თომაიდა კუნძულ ლესბოსზე დაიბადა და ქალკედონზე იზრდებოდა.
24 წლისა, იმის მიუხედავად, რომ ღვთისთვის სურდა ცხოვრება, მშობლებმა ერთ კაცს მიათხოვეს, რომელიც იმდენად უხეში, ბოროტი და მრისხანე აღმოჩნდა, რამდენადაც თომაიდა - კეთილი და ღვთისმოშიში. ნეტარი მოთმინებით იტანდა ქმრის უხასიათობას და მისგან მიყენებულ იარებს, ღვთის დღემუდამ მოიმედე და მადლიერი, სხეულებრივ გვემას მოწამეთა დარად დაითმენდა.
Nნეტარი ხშირად მოილოცავდა ვლაქერნის ტაძარს, ღამ - ღამობით კი, წესისამებრ, ღვთის ვედრებაში განლევდა.
მთელ დროსა და ძალას სნეულთ, ღატაკთ და განსაცდელში მყოფთ ახმარდა და იმაზე აღარ ფიქრობდა, ამ საქმეთა გამო მეუღლისგან რა გვემა ელოდა.
ამ მოთმინებისა და ღვაწლის სანაცვლოდ უფლისგან სნეულთა კურნებისა და ბოროტ სულთა განსხმის ნიჭი ებოძა.
თომაიდას განსაკუთრებულად დაცემული ქალები ეწყალებოდა, სინანულად აღძრავდა და ამ დიდი სულიერი სნებისგან ათავისუფლებდა.
ცამეტი წლის მანძილზე იტანდა ნეტარი დედა მეუღლისაგან შეურაცხყოფას და მოყვასის მსახურებას ძალისაებრ განაგრძობდა, 37 წლისა კი გარდაიცვალა და იმ მონასტერში დაიკრძალა, რომლის იღუმენიაც შემდგომში დედამისი შეიქმნა.
თომაიდას მიცვალებიდან ორმოცი დღის შემდგომ მის სამარესთან უამრავი სასწაული და კურნება აღსრულდა.
* * *
ამავე დღეს არის ხსენება დედისა და მისი ორი შვილისა, რომელნიც ქრისტესთვის ცეცხლში დაიწვნენ