ფილოთეა ახლის (XI) წმინდა ნაწილთა გადაბრძანება ტირნოვოდან 1197-1207 წლებში - 07 (20) დეკემბერი
20.12.2021
წმინდა ფილოთეა დაახლოებით 1060 წელს პამფილიაში დაიბადა. 14 წლისა ერთ ქრისტიანს, სახელად კონსტანტინეს მიათხოვეს. ფილოთეამ მეუღლე დაარწმუნა, წმინდად ეცხოვრათ.
მოკლე ხანში მისი მეუღლე მღვდლად ეკურთხა, თავად კი კვლავინდებურად უბიწოებაში ჰგიებდა და ღვთივსათნოდ იღვწოდა - უპოვართ შეეწეოდა, განსაცდელში მყოფთ კი განამხნევებდა.
კონსტანტინეს გარდაცვალების შემდგომ ფილოთეამ მონები გაათავისუფლა, რაც ებადა, მოწყალებად გასცა და ერთადერთი მსახურითურთ მშობლიური ქალაქის სიახლოვეს, ტბაში მდებარე კუნძულზე დასახლდა.
მრავალი განსაცდელი შეამთხვია ბოროტმა ნეტარს - ხან უჯერო აზრებით ცდილობდა მისი წმინდა გონების შებილწვას, ხან - ათასგვარი საცთურით. უფლისგან კურნების მადლი მიიღო და ლოცვით მრავალი განრღვეული განამრთელა.
გარდაცვალებამდე ადგილობრივ სასულიერო პირთ მოუწოდა, დამოძღვრა და ყოველგვარი ერესისაგან განკრძალვა დაუბარა, მასთან მისულ უამრავ ქრისტიანს გამოეთხოვა, ოთხი დღე განმარტოებულ ლოცვასა და მარხვაში გაატარა და მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.
მისი წმინდა ნაწილნი მოლივოტის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში საზეიმოდ დააბრძანეს, სადაც უამრავი სასწაული აღსრულდა.
მრავალი წლის შემდგომ, როდესაც წმინდა ნაწილნი თრაკიას მოხვდა, ბულგართა ხელმწიფემ, კალოიანმა (1197-1207 წლები), შეიტყო რა მათი ძალმოსილების შესახებ, თაყვანი სცა და თავის დედაქალაქში, ტირნოვოში გადააბრძანა.
1395 წელს ტირნოვო თურქებმა მიისაკუთრეს, რის გამოც, მეფე სტაციმირის ბრძანებით, სიწმინდე ბულგარელ პატრიარქთა ადგილსამყოფელში, ბიდინს გადააბრძანეს.
თუმცა, ერთ წელიწადში თურქებმა იქაურობაც მიითვისეს და ნეტარი დედის წმინდა ნაწილნი ახლა ვალახეთში, ქალაქ კურტია დე არჯეშში გადაასვენეს.