ნეტარი დომნა კარპოვნა, ტომსკელი (+1842) - 16 (29) ოქტომბერი
29.10.2021
წმინდა დომნა XIX საუკუნის დასაწყისში დაიბადა პოლტავაში, აზნაურის ოჯახში.
ადრე დაობლდა და დეიდას ოჯახში იზრდებოდა. კარგი განათლება მიიღო და რამდენიმე ენაზე საუბრობდა. ძალზე ლამაზი გოგონა იყო და ბევრი ცდილობდა მის მონადირებას. მაგრამ, მას ქალწულების დამარხვა სურდა. ახლობლებმა მისი ძალად გათხოვება დააპირეს. მაგრამ მან უჩუმრად დატოვა სახლი, უბრალო სამოსი გადაიცვა და როგორც უბრალო მწირი, წმინდა მიწის მოსალოცად გაემგზავრა. მაგრამ რადგან საბუთები არ ჰქონდა, რომელიც მის პიროვნებას დაადასტურებდა, დააპატიმრეს და მარიამ სლეპჩენკოს სახელით ციმბირში, კაინის ოლქში გადაასახლეს.
წმინდანი ტომსკში დასახლდა და სალოსობის ღვაწლი იკისრა. მუდმივი საცხოვრებელი არ ჰქონდა და ხშირად ღია ცის ქვეშ ეძინა. ტანთ ძონძები ეცვა. თუ ვინმე ქურქს აჩუქებდა, ის მაშინვე სხვას გადასცემდა და თვითონ საშინელ ყინვას დაითმენდა. მოუკლებლად ლოცულობდა და ამ ლოცვას ათასნაირი სისულელით მალავდა. თვითონ უპოვარი მუდმივად გლახაკებსა და მწირებზე ზრუნავდა, მათთვის თხოულობდა საკვებსა და სამოსს. ტაძარში გულმოდგინედ ლოცულობდა, ოღონდ მაშინ, თუ ხალხი თითქმის არ იყო. მაგრამ როგორც კი ვინმე განკრძალულ ლოცვას შეამჩნევდა, მაშინვე იწყებდა სალოსობას, ტაძარში დადიოდა, ლაპარაკობდა, სანთლებს აქრობდა.
სალოსობის ღვაწლში წმინდა დომნამ ქალწულობა დაიცვა, და ნებაყოფლობით დაგლახაკებული მოაკვდენდა ცოდვიან ვნებებს, დაითმენდა სიცივესა და ქარს. სიცოცხლის ბოლოს მან უფლისაგან დაფარულმცოდნელობის მადლი მიიღო, რომლითაც მოყვასს სულიერად შეეწეოდა. წმინდანი 1872 წლის 16 ოქტომბერს გარდაიცვალა და ტომსკში, წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტერში დაკრძალეს. ის წმინდანად შერაცხეს 1984 წელს. მისი საფლავი საბჭოთა წლებში დაარბიეს. შემდგომში მის ახლოს წმინდა დომნას სახელობის ეკვდერი ააგეს.