წმინდა გობრონის წამება.
წმინდა გობრონის წამება.
მე, სტეფანე მტბევარმა ეპისკოპოსმა, დავწერე ესე აშოტ ერისთავთა-ერისთავის ბრძანებით
გვაკურთხე, მამაო!
1. ღვთის განგებას წესად აქვს, რომ მისგან დაბადებულთა გონების წვრთნისას, იოსებისა და ყველა მამათმთავრის მსგავსად, თითოეული თავისი ძალისაებრ გამოიცადოს. როგორც იობი ამბობს: "ნეტარია კაცი, რომელიც ამხილა უფალმა და ყოვლის მპყრობელის წვრთნისას ნუ განეშორები მას, რადგან იგი შეაჭირვებს და კვლავაც განამტკიცებს". სოლომონი ამბობს: "შვილო, თუ უფალს მიეახლები მსახურებისთვის, განსაცდელისთვის განიმზადე თავი". და კვლავ: "შვილებს, რომლებიც უყვარს უფალს, გვემს და ტანჯავს იგი". მოციქული ამბობს:

"მძლავრი საზრდელი სრულთა კერძია, რომელთა გრძნობებიც გაწვრთნილია ჩვევით, რათა კეთილისა და ბოროტის გარჩევა შეძლონ", უსჯულოთათვის მიგება დიდი სულგრძელებით რომ დაუთმენიათ, როგორც დავითი ამბობს: "ამაღლდი, მსაჯულო სიმართლისაო, და მიაგე მისაგებელი ამპარტავანთა". ხოლო პავლე ამბობს: "ურჩობის გამო მოაწევს რისხვა ღვთის ქმნილებაზე", როგორც მშვიდობის აღთქმისას, ნოეს დროს, ღვთის ხატად შექმნილ ამპარტავან ადამიანთა წარწყმედისას.

უმადურმა მოდგმამ თავისი აგებულება ვერ შეიცნო და მსაჯულის მსგავსება ვერ გულისხმაყო და შემოქმედი ღვთის ხატი შეურაცხყო, რის გამოც დამდაბლდნენ ისინი და მიემსგავსნენ დედაკაცთა დაცემულ ბუნებას, რომლის ურჩობით სიკვდილი მოიწია, როგორც პავლე ამბობს: "ადამი კი არ შეცდა, არამედ დედაკაცი". ღვთის შვილებმა გადამეტებულ უშვერ ცოდვათა აღრევით განარისხეს ღმერთი და შეანანეს კაცს. არ დაითმინა უფალმა უწინარესი მოწყალება, ამიტომაც მიუშვა მან მოვარდნილი წყალი და წარწყმიდა ყოველნი წარღვნით. მხოლოდ ნეტარი ნოესგან დარჩა მემკვიდრეობა ამ სოფლად.

ამგვარადვე, დაწყევლილმა მოდგმამ, სნეულმა ტომმა, ლოთისდროინდელ ბილწ ცოდვათა განზრახვით, დიდძალ უსჯულოებასთან აღრევით, წყალობისათვის არ დაიტოვა ადგილი და აწვიმა ღმერთმა მათზე ზეციური ცეცხლი და არა ბოროტისაგან, არამედ თვითონ წარიწყმიდნენ ისინი.
კვლავაც, უკეთურმა დედაკაცმა იეზაბელმა გადაამეტა უსჯულოებას, როდესაც ელიას, ღვთის ნებით, ცათა შეკვრითა და ისრაელზე შიმშილის შემომატებით, სასჯელი მოევლინა, ისე, როგორც ევამ სიკვდილი შემოიღო ამ სოფლად, რის შესახებაც ელია ამბობს: "რა ჩამოვარდა ჩემსა და აქაბის ამ სახლს შორის?"

იეზაბელის ურჩობის ნაყოფად გვალვა მოიწია მასზე, რისთვისაც ბოროტ სიკვდილს მიეცა იგი – ცხენის ტერფებმა გაუპო სხეული და მის მიმართ აღესრულა წერილი, რომ "უგუნურს რისხვა მოკლავს". რა დროიდანაც წარღვნა მოხდა და ზეციური ცეცხლი დაეშვა, მახვილი განეწესა ღვთის მიერ უკეთურ ადამიანებზე შურის საძიებლად, როგორც ესაია ამბობს: "თუ ჩემსას შეისმენთ, ქვეყნის კეთილ ნაყოფს შეჭამთ, თუ არ შეისმენთ, მახვილი შეგჭამთ".

განსაცდელები, რომლებიც დროდადრო შეემთხვეოდა ისრაელს ცოდვისკენ მიდრეკის გამო, ასე მოკლედ გადმოგეცით, როგორც დავითმა თქვა: "მოვიგონე უწინარესი და ყველა შენ მცნებას მოვიხსენებ", რომ ადრინდელი საქმეების შეხსენებით არსებული და მომავალი სამართალი დაცული იყოს ღვთის მცნობელთათვის და ორივე სახე, კეთილისა და ბოროტისა, მომავალ მოდგმას გადაეცეს, რათა სხვა შემთხვევაში გამოცდილნი იყვნენ, როგორც მოსემ თქვა: "სიკეთისათვის გაკურთხებთ თქვენ", რადგანაც ღვთის მქადაგებელთაგან, სარწმუნო, სულიწმიდისაგან განსწავლულთა მეტყველებით გამოჩნდება ღმერთი მსაჯულად დაცემულთათვის წყალობითა და სიტკბოებით ძალის დატანებით; რადგანაც, როდესაც ღვთის ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები სიმართლის წყალობის ნაყოფს იხილავენ, მოთმინებით დაელოდებიან საზღაურის მიღებას და ასევ, როცა შეიტყობენ ცრუთა სიმართლის სასჯელს, ღვთის სასჯელისა შეეშინდებათ, დატოვებენ უკეთურებას და სინანულად მიიქცევიან, როგორც ნინეველები, და განერიდებიან სულისა და ხორცის დანთქმას.

ამგვარად შესცოდა და ქმნა ბოროტი სომხითის დიდმა სახლმა, როგორც თქვა იერემია წინასწარმეტყველმა თავის გოდებაში: "საგინებელი სიტყვით შეაწუხეს სული წმიდა და ბილწი საქმით მეტისმეტად განარისხეს თავიანთი ღმერთი, რისთვისაც მათი უსჯულოებისაებრ, მოიწია ღვთის რისხვა დასასადგურებლად", და მიეცნენ ისინი ბოროტ მახვილს, საბრალო ტყვეობას, შიმშილის დამაქცეველ ტანჯვას და სიკვდილის უწყალო მუსრს, და მათი დამმარხველი არავინ იყო, და მიწიერი ხეებივით დაეცნენ, როგორც ესაია წინასწარმეტყველი ამბობს: "არა თუმცა უფალმან ყოვლისა ... "უმჯობესი იყო მათთვის, შეეცნოთ ჭეშმარიტების გზა, ვიდრე შეეცნოთ და მერე უკუქცეულიყვნენ", რადგანაც მათ მოციქულთა მიერ ქადაგებული მართლმადიდებლური სარწმუნოება წმინდა კათოლიკე ეკლესიისა განაგდეს და წმინდა კრებების მოძღვართა მიერ, ღვთის შთაგონებით განწესებული, საეკლესიო კანონი შეურაცხყვეს.

ამიტომ სიმწრის ფესვი დაინერგა მათ შორის, სიბოროტის ღვარძლი აღმოცენდა, მწვალებლობის ცოდვა აღორძინდა და წარწყმედის ნაყოფი მომრავლდა მათ შორის, რადგანაც სომხითის მიწა ამპარტავანია და მისი მკვიდრნი ამაოდ ამაყნი, ანგარებიანნი, ლაღნი და ცოდვის მოყვარენი, უმოწყალონი, უსიყვარულონი და ყოველი უკეთურებით სავსენი არიან, მათ შორის არ მოიძებნა ქრისტეს თავის მისადრეკელი, და ქრისტე ამაოდ მოკვდა მათთვის.
ხევის საზღვარი და სახელები ასეთია: ვანანდი, აშორნია, ბაგრევანდი, აპაჰუნისი, წალკოტნი, ჭაკატი, კოგოვიტი, ორი ხევი, შარური, ვასპურაგანი – თორმეტი ხევი, ვაიძორი – ოთხი ხევი, დვინადაშტი – სამი ხევი, გელაქუნია – ოთხი ხევი, სივნიეთი – ათი ხევი, ტაშირი და კოლბოფორი.
ეს ოთხმოცდაშვიდი ხევი აოხრდა უფლის სიტყვით მათი ბოროტი ცოდვების გამო, ვინაიდან არ მოიძებნება ამ ხევებში მართლმადიდებელ ეპისკოპოსთა საყდარი, არც მართლმადიდებელ მორწმუნე მონაზონთა მონასტერი. როგორც აბრაამი ჰკითხავს ღმერთს: "თუ ხუთი მართალი იქნება, წარწყმედ იმ ქალაქს?" ხოლო უფალმა თქვა: "არა" და ამბობს: "ვინც წმინდა იყო, წარიწყმიდა, ან მართლები ძირიანად აღმოიფხვრნენ", თუ სადმე ამბობს თავისი იმ სიტყვის მსგავსად, რომელიც ღმერთმა ელიას უთხრა: "აღარ წარვხოცავ შენს კაცს ჩემი საკურთხევლიდან, რათა ხედავდეს და იღუპებოდეს და ესენიც ხედავდნენ და იღუპებოდნენ".

2. ამ მიწა-წყალზე განრისხდა უფალი და, ღვთის ნებით, აჯანყდა სარკინოზი მეფე, სახელად აბულ-კასიმ, ამირა აბულ-საჯის ძე, და მფლობელი სპარსეთისა, რომელსაც ემსახურებოდა სამოცი დიდი ქალაქი და ემორჩილებოდა შვიდი ძლიერი მეფე.

ასე აღიჭურვა იგი ათასობით და ათიათასობით ადამიანით, მთავრებით, შევიდა ქალაქ დვინში და მისი გულისწყრომის ყვირილი მოასწავებდა სომხითის აოხრებას, როგორც ნინეველთა დაქცევას, რომ ამათაც შეენანათ, ხოლო მათი გული სპილენძივით იყო გასასტიკებული და მყარი სხეულივით შემდგარი, რადგანაც მათი მწვალებლობის ცოდვა დაწერილი იყო "ფიცარზე ალმასის ფრჩხილით", როგორც იერემია ამბობს. ამიტომ ვერ მოექცნენ, სომხითის სახლი დაემსგავსა უგუნურ კაცს, რომელმაც საცდურებისა და მწვალებლობის ქვიშაზე დაამყარა საფუძველი, და როცა მდინარეები და ქარები ამოვარდნენ და ეკვეთნენ იმ სახლს, "ის დაეცა და ფრიად დიდი იყო მისი დაცემა".

როგორც იობი ამბობს: "მე ვნახე ფესვგადგმული უგუნური და მეყსეულად შევაჩვენე მისი ბინა, შორს არიან მისი შვილები ხსნისაგან, კარიბჭესთან სცემეს მათ, არავინ იყო მშველელი", რადგანაც მათი ძალადობა და ხელმწიფება სრუტავდა მათ ძალას.

მათი ჩვეულება ასეთია: უწინ გადასახდელი ვალი, შესაწირავი და საჩუქარი მათი მთავრებისათვის, გამოჩხრიკეს, რადგანაც მათი მოხარკეები იყვნენ. შემდეგ ადრინდელი ხარკი ითხოვეს და თავიანთ გარჯას ამბად ჰყვებიან, თავიანთ დანთქმას აჩქარებენ; და ისეთი ხერხით დაცარიელდა მათი ქონება, რომ ადვილად დაეძლია, რაც მოხდა კიდეც. რადგანაც სარკინოზი იმარჯვებდა და სომეხთა მეფემ ვერც წინააღმდეგობა გაუწია და ვერც თავი დააღწია, ვინაიდან ღმერთს შეეწყვიტა მისი მეფობა. მაშინ გაიქცა ის აფხაზეთის მთებისკენ. შემდგომად ამისა, იგი სიკვდილს ვერ გადაურჩა, ხოლო ხელმწიფე შეუდგა მის ძიებას, სასტიკი სიკვდილით რომ დაესაჯა.


3. მოვიდნენ ისინი ყველის ციხეში, რომელიც იყო გურგენ ერისთავთა ერისთავისა, სადაც იყვნენ წარჩინებული აზნაურები და მათთან ერთად - ქრისტეს სანატრელი მოწაფე, გობრონი. მიადგნენ ისინი ყველის ციხეს, გარშემო თოვლივით შემოაწყვეს თავიანთი კარვები, სულ ხუთი სოფლიდან იყვნენ და გაჭირვებით დაეტივნენ. მათი კარვების თოკები გადაეწნა ერთმანეთს, რადგანაც ასეთი იყო დასადგურების წესი საძაგელი, უღმრთო, სასტიკად მოისარი მოდგმისა, რომელიც ძაღლებს, თაგვს, კაცსა და ყოველგვარ არაწმიდას ჭამდა. ასე გაემზადნენ ქვის სატყორცნებით, და მათ მიერ ნატყორცნ ისართა სიმრავლე მზეს ფარავდა. ისარი კი ასეული აქლემით მოეზიდათ და ასევე შუბებიც. სასტიკ ბრძოლაში მეციხოვნეები მხნედ იყვნენ, ხოცავდნენ მეომრობს და მათი სხეულის ნაწილებს ისე ყრიდნენ, როგორც ნაკელს მიწაზე. მათგან მამაცობით გამოირჩეოდა ნეტარი გობრონი და მისი ბრძოლა ყველასთვის ცნობილი გახდა. მან ყველა წმინდანივით სახელი შეიცვალა, როგორც პეტრეს კლდე ეწოდა და სავლეს – პავლე, ამას – მიქელ, და შემდგომად – გობრონ. ეს უკანასკნელი მეფეს გაუგონია, დაუხსომებია სიტყვა გობრონი, მოსასმენად ეუცნაურა და გულში ჩაიმარხა, რადგანაც მძლავრი ბრძოლის სიყვარულისა და მისი ახოვნების გამო მისივე ქრისტიანული სარწმუნოებისადმი საღვთო მოშურნეობით აღიძრა..

ზოგჯერ გამოვიდოდნენ ხოლმე არტაონის საზღვარზე და ვისაც ნახავდნენ ყანიდან თავთავის ამღებს, რომლებიც შიმშილის გამო სიკვდილის შიშს არად აგდებენ, შეკრებდნენ ციხის მახლობლად, როგორც ცხვრებს, და დაკლავდნენ, და მათი უბრალო სისხლი, სურნელოვანი მსხვერპლივით შეიწირება ღვთისადმი, როგორც მართალი აბელის სისხლი. მათი რაოდენობა მხოლოდ ღმერთმა უწყის. უამრავი მართლმადიდებელი ადამიანი აჭარასა და შავშეთში კალიასავით ხის ფოთოლსა და ბალახს ჭამდა.

4. მაშინ შავშეთი ველურთაგან მიუდგომელი ზღუდე გახდა. უამრავნი იყვნენ. ერთი ღამის სავალი გზის სიახლოვეს იდგნენ, ქვეყანა ვერ იტევდა მათ. ღმერთმა არ დაუშვა მათი იქ შეშვება დიდ მეუდაბნოეთა და წმინდანთა მადლით, რომელთა სათნოებები, როგორც ცის სვეტნი, განმტკიცებულ არიან და რაფათის ზღუდესავით წინ აღუდგნენ მათ.

ხელმწიფე მეციხოვნეებს ებრძოდა ოცდარვა დღე და შევიდა ლაშქარი, რომელმაც გატეხა კლდე და გაარღვია ზღუდე. მათ გამოუხტა ნეტარი გობრონი და განდევნა ისინი და თავისი ძლევით მან გააკვირვა ყველა. რადგანაც არც შეწევნა იყო და არც წინააღმდეგობა, ითხოვეს ფიცის წიგნი, რამეთუ ღმერთმა
გადაარჩინა ისინი.

ასე გამოიყვანა ისინი, დაახლოებით ორასი, და წარუდგინა თავის მთავრებს. ყველას უბრძანეს, ჩუმად შეეპყროთ გობრონი და ასეც მოხდა. გზად ზოგი აგულიანებდა და სიკვდილით ემუქრებოდა, ზოგს აგზავნიდნენ მასთან და აღუთქვამდნენ სიკეთეს. ასე აიძულებდნენ წინადაცვეთას და ქრისტეს დატოვებას.

ხოლო ნეტარი გობრონი გამსჭვალული იყო ღვთის შიშით, და ქრისტესთვის სატანჯველად, სიკვდილის დასათმენად გაამზადა თავისი თავი (ისევე, როგორც ქრისტემ დაითმინა სიკვდილი ყველასთვის), მოციქულის სიტყვებს ეუბნებოდა მათ: "ჩემი ცხოვრება ქრისტეა და სიკვდილი – სარგებელი". მიუახლოვდნენ თალინს. რამდენი უდანაშაულო სისხლი დაიღვარა, კაცთაგან აღურიცხველია.

5. ხოლო მეფე სუმბატი წმინდა გობრონის წამების შემდეგ ისევ დაბრუნდა თავის ქვეყანაში, რადგანაც სხვა ღონე ვერ იხმარა, შევიდა იგი კაპოეტის ციხეში. ის ყველაზე ბრძენ კაცად მიაჩნდათ იმ დროს და, რადგანაც ღვთის შეწევნა განეშორა მისგან, ყოველგვარი ძალა გამოელია და გამოუცდელივით გამოემწყვდია და მასთან ერთად - მრავალი ადამიანი. ამგვარადვე მიადგა ხელმწიფე იმ ციხეს და დიდი ბრძოლის შემდეგ აიღო იგი, და ყველა მთავარი, დიდებული და აზნაური ტყვედ ჩაიგდო.

მეფე ბევრი ტანჯვის შემდეგ მოკლა და თავმოკვეთილი ხეზე ჩამოკიდა, დვინში, შუა ქალაქში. უმეცარი, ვინც არც წიგნის მოძღვრება, არც ღვთის ძალა იცის, ილაპარაკებს ღვთის სამართალზე და იტყვის: ამ უსჯულო მოდგმას ამდენი ძალადობით ჩაგვრა და ამხელა სიმდიდრე რომ დაუპყრია, ნუთუ რამე ძალა აქვს ღვთის სასოებასა და სულგრძელებასო? ასე ნუ იტყვით! არამედ როგორც პავლე ამბობს: "რა შედარებაა ნათელსა და ბნელს შორის, ან ბნელსა და ქრისტეს შორის, ან რა წილი უდევს ურწმუნოს მორწმუნესთან?" (2კორ. 6:14-15) უფალი ამბობს: "ვინც მეორედ არ იშვება, ვერ შეძლებს ღვთის სასუფევლის ხილვას" (ინ 3:3). "თუ არ შეჭამთ კაცის ძის ხორცს და არ შესვამთ მის სისხლს, არ გექნებათ სიცოცხლე"(ინ. 6:53), და კიდევ: "ვინც ძის ურჩია და მამაც არ სწამს, ვერ იხილავს საუკუნო სიცოცხლეს, არამედ ღვთის რისხვა დაივანებს მასზე"(შდრ. ინ. 3:36). საიდან უნდა ჰქონდეთ წარწყმედილ სულთა ხსნის იმედი მათ, ვისთვისაც ჯვრის სიტყვა სიგიჟეა (1კორ. 1:18), რომელთა ღმერთი მუცელია, მათი დიდება კი სირცხვილშია (ფილიპ. 3:19). ესაია ამბობს: "ვინ მიხვდა უფლის განზრახვას, ან ვინ იყო მისი თანამზრახველი?" (ესაია 40:13) სიცოცხლის და ხსნის საიდუმლო, რომელიც დამბადებლის სიბრძნითაა გამზადებული ქრისტეს სამწყსოსა და ღვთის ეკლესიისთვის, როგორც, მაგალითად, ცხვრები ჰყავს ვინმეს მრავლად, განა ძაღლებს არ დაუყენებს მათ მცველად, რომ არ აიკლონ ისინი? ასევე ესენი, როგორც ფიცხელი ძაღლები, ქრისტეს ცხვრების მცველები არიან და იერუსალიმი, დიდი მეუფის სიწმინდის ქალაქი, რომლისთვისაც მოსემ თქვა: "უფლის თვალი მასზეა მარადის – დასაბამიდან უკუნისამდე" (II სჯულ. 11:12). ის ვრცელ უდაბნოებს შორის არის გაშენებული, სადაც მხეცური ბუნების ადამიანები არიან დამკვიდრებული, რომელთა სახლი და ცხოვრება აქლემის ზურგია; ურიცხვი მოდგმა ველურ მხეცებს შორის მებრძოლი ძაღლივითაა, რომ ღვთის ეკლესიები მშვიდობით იდგნენ, რომელთა ზედა მრავალი სიავეა. ქრისტეს სამწყსო მშვიდად უნდა სწავლობდეს ღვთის მსახურებას და არა ბრძოლას, როგორც წინასწარმეტყველი ამბობს: "მახვილებისგან ნამგლებს გამოჭედავენ, ხოლო ლახვრებისგან – სახნისებს" (ესაია 2:4). მერე აღარ ისწავლიან ბრძოლას, როგორც ახლა სრულებით არ ეკადრება ქრისტიანებს სამარცხვინოდ მახვილი მათ შორის და არც მხედარს ცხენზე ამხედრება. ამის შემდეგ ესაია ამბობს: "მაშინ მოძოვენ მგლები კრავებთან და ვეფხვი დაისვენებს თიკნებთან; ხბო, კურო და ლომი ერთად მოძოვს" (ესაია 11:6). მგლითა და ვეფხვით მათი სიბოროტის მძვინვარება ითქმის, მხეცის სახით – სისხლის დათხევის მოახლოება, ლომით – მათი მთავრობის ძალადობა, დანიელის გამოცხადებით – მხეცთა ხილვა; დათვი მოასწავებს ბაბილონში სპარსთა მეფობას და ლომი – სარკინოზთა მეფობას ბაბილონის ბაღდადში, თიკანი მწვალებლობას იუწყება, რომლებიც მდუმარედ მოაჩვენებენ თავს, შინაგანად კი მგლები არიან, როგორც თქვა უფალმა: "მაშინ დააყენებს თიკნებს თავის მარცხნივ, რომლებსაც ეტყვის: წადით, წყეულნო, საუკუნო ცეცხლში, რომელიც ეშმაკისა და მისი მსახურებისთვისაა გამზადებული" (მთ.25:41). კრავი ქრისტეს ჭეშმარიტი სამწყსოა, ხბო – უმანკოება და კურო წმინდა პირუტყვია, მტრის მძლეველი ჯვრის ძალა; ორი რქა არის სარწმუნოება კეთილი საქმით აღსრულებული, მსგავსად ორი სიკეთის მახვილისა. ნოემაც აჩვენა ნიშანი ეკლესიის რწმენისა კიდობანში შვიდ-შვიდი წმინდა და ორ-ორი არაწმინდას შეყვანით. ხოლო ახლა, ღვთის მადლით, ასეულობით არიან განფენილნი ქრისტეს მორწმუნენი და მათ არ ავნებენ. ლომებსა და მგლებს არ აქვთ უფლება, გაწყვიტონ ქრისტეს სამწყსოს კრავები, რომლებიც ერთად წყნარად ძოვენ.

6. ჟამი რომ დადგა, გამოვიდა ხელმწიფის ბრძანება, რომ მის მიერ მოხმობილები სწვეოდნენ მოწმეთა მაგიდას და წამდგარიყვნენ სასამართლოში სიკვდილის საშინელი განაჩენის წინაშე, როგორც უფლის განკითხვის დღეს. საშინელი და შემაძრწუნებელია სასჯელის ის დღე, უფლის მეორედ მოსვლა, როცა ცანი დაიქცევიან და წესები შეიცვლება, ყველა მნათობი ჩაქრება და ქვეყანა დაიფშვნება, საყვირის ხმა ზარს სცემს ყოველ დაბადებულს და შიშით შეხედავენ მეფეს, ქრისტეს, ჯვრით მომავალს. ეს არათუ ჭეშმარიტია, არამედ რწმენით არის მოსალოდნელი, როგორც პავლე ამბობს (შდრ. ებრ. 11:1-3).
სარწმუნოება მრავლის შემძლეა – უხილავ საქმეთა თუ ხილულად, უფრო სარწმუნოდ მიჩნეულ საქმეთა მამხილებელი, საშინელი და მკაცრი, მაგრამ დრო გადის და, რაც მოხდა,სწრაფად გაივლის. ცოცხალი კაცისათვის იმაზე საშინელი და სასტიკი წარმოსადგენი არაფერია, რომ უმსგავსოებს, შიშველი ხმლებით აღჭურვილებს, შუბით მომართულებს, ისარმომარჯვებულებს, დანით მომზადებულებს შიშველი კაცი ხელაპყრობილი მიყავდეთ უამრავი ხალხის წინაშე, და ამ დროს რა ღონე უნდა ჰქონდეს მას თავის დაღწევისა, რომ ქრისტეს სიყვარულისთვის დაითმინოს, როგორც ნეტარმა გობრონმა დაითმინა.

ასეთი იყო წესი სარკინოზებისა – როცა გამოდიოდა ბრძანება ქრისტიანის სიკვდილით დასჯისა, შეიარაღდებოდნენ, როგორც ბრძოლის დღეს და, ლესავდნენ თავიანთ მახვილს სისხლის სწრაფად დასაღვრელად და ერთმანეთს ისე ასწრებენ, თითქოს დიდი განძის შესაძენად ირჯებიან.
როცა გამოყავდათ შეპყრობილები ყველის ციხიდან, რიცხვით ას ოცდაცამეტი, რომლებიც გამოარჩია ღმერთმა თავის მოწამეებად, როგორც სამოელის მიერ სათნო ჰყო ღმერთმა დავითი თავის ცხებულად. ამის მსგავსად მოწვეული აზნაურებიც დააყენეს, რომლებიც მეფე ადარნასემ გამოიხსნა.
წმინდანებს რომ მოუხმეს, მიხვდნენ, რაც ხდებოდა, და ყველამ თქვა: "წავიდეთ ძმებო, ქრისტესთან ერთად და ნურც ერთი ჩვენგანი ნუ შეუორგულდება". სიხარულით გამოვიდნენ ისინი და ერთმანეთს ეუბნებოდნენ, მიეღოთ სიკვდილის მძიმე სატანჯველი, როგორც კეთილი განცხრომა. უმეტესი მათგანი მახვილებით შეიარაღებულ ლაშქარს წარუდგინეს.

მაშინ გაფიცხებულები ბოროტი მხეცებივით დაერივნენ მათ და ერთმანეთს ასწრებდნენ – ზოგი მახვილით სცემდა, ზოგი შუბითა და ისრით ჩხვლეტდა მათ სხეულებს, დანებით ჭრიდნენ, მათ ღვიძლებს პირით გლეჯდნენ, როგორც ძაღლები.

ასე დაიღვარა მათი სისხლი და დამთავრდა მათი წამება ქრისტეს მიერ, ხოლო ნეტარი გობრონი წარადგინეს ამირას წინაშე. უთხრა მან გობრონს:
-მებრალება შენი სიჭაბუკე და სიკვდილისათვის მენანება შენისთანა მხედარი, სახელოვანი ხარ ჩვენ წინაშე. ახლა, როგორც საყვარელ შვილს, გმოძღვრავ, მიატოვე შენი სულელური რჯული, რითაც ვერაფრით ისარგებლეს შენმა მოყვასებმა, და აღიარე ჩვენი რჯული, რომელსაც ყველა ემორჩილება, და აღგითქვამ ამიერიდან, თუ სამთავროს უფროსობას ინებებ, მოგცემ პალატს, კარვებს, მონებს, სასახლეს, აქლემებს, უამრავ მშვენიერ განძს, და იქნები ჩემი ერთ-ერთი რჩეულთაგანი. საყვარელი იქნები ჩემ წინაშე და ამ ლაშქრისგან პატივცემული.

წმინდა გობრონმა მიუგო ამირას და უთხრა:

-გევედრები, ხელმწიფევ, ნუ მაიძულებ, მივატოვო ქრისტიანობა, რომლითაც აღმზარდეს მშობლებმა და მონათლული ვარ სულიწმიდით. რა არის მიზეზი ჩემი სიკვდილით დასჯისა? ბევრი ქრისტიანია შენს ქვეშევრდომობაში, მეც, როგორი სახითაც გენებოთ, არ დავაკლებ მსახურებას თქვენს ხელმწიფებას. ეს კი ნამდვილად იცოდეთ, რომ არც შენი კეთილი აღთქმითა და არც შენგან ჩემზე ძლიერი ბოროტების მოწევნით ვერ განმაყენებ ჩემი უფალი იესო ქრისტესგან.

ხოლო ამირამ თავის მსახურებს უთხრა:

წაიყვანეთ ეს და უჩვენეთ სხვადასხვა ჭრილობა, მიყენებული მისი მოყვასებისათვის, ასევე უჩვენეთ პალატები და კარვები და დაარწმუნეთ, ვინ იცის, იქნებ სიკვდილის შიშმა ან სიკეთის შეძენის სურვილმა მოდრიკოს მისი გული.

ყველგან რომ შემოატარეს და ამირას წინაშე წარსდგნენ, უთხრა ამირამ:

-რა ამოირჩიე შენთვის?

წმინდა გობრონმა მიუგო:

-მე თავიდანვე გითხარი, რომ არ განვერიდები ჩემ უფალს, ქრისტეს.

ხოლო ამირამ თავის მსახურებს უთხრა:

-არ იცის მან სიკვდილის სიმწარე. წაიყვანეთ და მის წინაშე დახოცეთ დარჩენილი ქრისტიანები, მცირე ჭრილობა ამასაც მიაყენეთ და კვლავ მოიყვანეთ.
ისევ წაიყვანეს ნეტარი გობრონი, ჩააყენეს დარჩენილებს შორის და დაუნდობლად დაერივნენ მახვილით. მათი უმოწყალო ცემისას სისხლი ეპკურებოდა მას, ზოგი გვამი მის წინ დავარდა, ზოგი ფეხებში შეუგორდა; და ასე საშინლად აწამეს ყველა, მისი გული კი ვერ შეაძრწუნეს.

მაშინ მოუდრიკეს ქედი, ორჯერ სცეს მახვილი და მცირედ დაჭრეს. ნეტარმა გობრონმა ბორკილისაგან გამოიღო ხელი, თავისი სისხლი ჯვრის სახით გამოისახა შუბლზე და თქვა:

-მადლობა, უფალო იესო ქრისტე, რომელმაც უღირსი და ცოდვილი, ამ სამკვიდრებლის უკანასკნელი მემკვიდრე, მოწამეობის ღირსი გამხადე. უფალო, დიდია შენი მოწყალება და სიტკბოება ჩემზე და ნუ დამაბრკოლებს რამე მიზეზი, ეშმაკის ხერხი და ამ უსჯულოს სხვა ძალადობა.

კვლავ მიყავდათ ის ამირასთან და ბრწყინავდა მისი პირი და შუბლი ელვარებდა. ზოგმა ქრისტიანმა, რომელიც მახლობლად იდგა, იხილა თავისი თვალით, როგორ ედგა მას გვირგვინი და ირწმუნა მისი დამოწმების (მარტვილობის) ჭეშმარიტება. ისე ამშვენებდა მას შუბლზე გამოსახული სისხლი, როგორც მაშინ, როცა უფალი ჩვენი გადარჩენისათვის ვნებას აღასრულებდა. გამოიყვანეს იგი ეკლის გვირგვინით და ყველამ იხილა. ამის გამო უფალი ამბობს: "მოწაფისთვის საკმარისია იყოს ისეთი, როგორც მისი მოძღვარი და უფალია".

მაშინ ირწმუნა მეფე ადარნასემ მისი ჭეშმარიტი მოწამეობა, როგორც გიორგისი და თეოდორესი. როცა წარადგინეს ის ამირას წინაშე, რომელიც ალერსით ვერ არწმუნებდა მას, დაეტოვებინა ქრისტე და ეუბნებოდა:

-ეს იცოდე, თუ არ დამემორჩილები, ვერანაირი ღონით ვერ გაექცევი სიკვდილს. ახლა ისმინე ჩემი, როგორც კეთილის მზრახველისა, და ნუ წარიწყმედ თავს, მე ვუბრძანებ მკურნალს, შენი მცირედი ჭრილობისგან განგკურნოს და ადრინდელ აღნათქვამს შევასრულებ.

უთხრა მას წმინდა გობრონმა:

-გააკეთე, რაც გნებავს, მე ქრისტიანი ვარ და არასოდეს უარვყოფ მის სახელს.

მაშინ ბრძანა ამირამ წმინდა გობრონის მოკვლა. წაიყვანეს იგი, მოჰკვეთეს თავი და დააგდეს მოკლულებთან. ასე აღსრულდა მისი წამება ჩვიდმეტ ნოემბერს და მიიღო უჭკნობი გვირგვინი წმინდანებთან, მოციქულთა და ყველა წამებულთან.

კვლავ შეიმკო ეკლესიამ სიხარულისა და ბრწყინვალების სამკაული მისი სისხლით, დაიდგა მშვენიერებისა და დიდების გვირგვინი მისი სიმამაცით. ქრისტიანთაგან ვერავინ შეძლო მასთან მიახლება. ხოლო ამირამ ბრძანა, ამოეთხარათ სამი თხრილი. შეკრიბეს ყველა მოკლულის სხეული და შიგ ჩაყარეს; და ბრძანა, არც ერთი ქრისტიანი არ მიჰკარებოდა.

ხოლო ღმერთმა, რომელმაც არ უგულებელყო თავისი მსახურები და ადიდა თავისი მაქებელნი, სასწაული მოავლინა ზეციდან: ნათელი ბრწყინავდა ანთებული ლამპრებივით და დაადგა თხრილს. მრავალმა იხილა ეს სასწაული, მორწმუნემ თუ ურწმუნომ. მივიდნენ და უთხრეს ამირას, ხოლო მან ასე ახსნა, რომ: "ეს იმ სარკინოზებთანაც ხდება, რომლებსაც ბერძნები კლავენ".

7. აწ. საყვარელნო, მოციქულის სიტყვას დავემორჩილოთ და წმინდანთა ხსენება აღვასრულოთ. წმინდა მოწამეებმა თავიანთი ხორციელი ტანჯვით სული წარუდგინეს ღმერთს. შენ არ შეგიძლია ასეთი მსხვერპლის გაღება, რამდენადაც დღეს არავის შეუძლია გააპოს შენი სხეული მახვილით შენს სატანჯველად; არამედ შენ სიგლახაკით, შენი ნებით დაიფერფლე მათგან უფლისათვის; ამქვეყნიური შესაძლო კეთილდღეობისა და სიმშვიდის ნაცვლად ჭირი და წუხილი აირჩიე. ქრისტეს მოწამე გობრონმა ღვთის დიდებით მსხვერპლი შესწირა მის წინაშე.

აწ უკვე მოაკვდინეთ თქვენი ხორცი და ჯვარს აცვით იგი შრომითა და მარხვით, მოწამეობის გვირგვინით, რისთვისაც ძალაუფლების მქონენი მოწამეებს კლავდნენ და ისინი ეწამებოდნენ, ხოლო შენ ნებით გასწირე თავი ჭირთა თმენით. ეს არის უბიწო მსხვერპლი, რომელსაც არ სჭირდება შემწირველი მღვდელი, რადგანაც, ვინც ამქვეყნად დამდაბლდება, ის ცაში ამაღლდება ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მიერ, რომლისა არს დიდება მამისა თანა სული წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!

ახალქართული თარგმანი ქალბატონ ეთერ შენგელიასი.

წიგნიდან: "ქართული ჰაგიოგრაფიული ძეგლები". ტომი 3. თბილისი 2008 წ..
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
15.11.2024
უწყვეტი ტრადიცია: წმინდა მოწამე ვინიფრედა უელსელი და მისი წმინდა წყარო ჰოლიუელში.

19.10.2024
წმინდა ნეკტანი, რომლის ერთადერთი გადარჩენილი ცხოვრება თარიღდება მე-12 საუკუნით, დაიბადა მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში უელსში.
13.10.2024
თებეს (ან თებაიდის) ლეგიონი რომის არმიის, კაპიტან მავრიკიუსის მეთაურობით, შედგებოდა ქრისტიანებისგან.
12.10.2024
წმინდა რიფსიმეს (რიფსიმია; ბერძნულად: Ριψιμία, Ριψίμη; სომხურად: Հռիփսիմէ) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
22.09.2024
წმინდა ლამბროსი იწამა მაკრიში, ევროსის ოლქში, 1835 წლის 2 ივლისს.
22.09.2024
ანგელისი და მანუელი იყვნენ ღვიძლი ძმები, იოანე რეცეპის ვაჟები. გიორგი იყო კონსტანტინე რეცეპის ვაჟი. ნიკოლოზი იყო სხვა იოანე რეცეპის ვაჟი.
22.09.2024
დაიბადა ატალიის (ამჟამად ანტალია, თურქეთი) მიდამოებში მდიდარ და ღვთისმოსავ ქრისტიანულ ოჯახში.
22.09.2024
ძმები სტამატი და იოანე, ასევე მათი მეგობარი ნიკოლოზი წარმოშობით იყვნენ ბერძნული კუნძულ სპეცედან. სტამატისა და იოანეს მშობლები იყვნენ ანეზო და თეოდორე გინისი.
21.09.2024
წმინდა ღირსმოწამე ქრისტეფორე, ერისკაცობაში ქრისტოდულე, წარმოშობით ადრიანოპოლიდან იყო, დაიბადა 1795 წელს.
21.09.2024
წმინდა მოწამე აკაკი, ერისკაცული სახელით ათანასიოსი, წარმოშობით იყო ნეოხორიდან, დღევანდელი ასვესტოხორი თესალონიკის მახლობლად, და დაიბადა 1792 წელს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat