ერისკაცობაში ელევთერი ერქვა, წარმოშობით დიმიცანიდან (პელოპონესი), მდიდარი და ღვთისმოსავი მშობლების, პანაიოტისისა და მარიას შვილი იყო. ძმასთან იოანესთან ერთად მიიღო განათლება ბერძნულ სასწავლებელში (შემდგომში საპატრიარქო აკადემია) კურუჩეშმეში (ამჟამად სტამბოლის ნაწილი). შემდეგ ელევთერი ორი წლის განმავლობაში ცხოვრობდა იასში მამასთან და უფროს ძმებთან ერთად. აქ მან გადაწყვიტა ბერად აღკვეცილიყო წმინდა მთაზე. მაგრამ მისი სურვილის განხორციელებას ხელი შეუშალა რუსეთ-თურქეთის ომმა. იგი ერთნახევარი წელი ცხოვრობდა ბუქარესტში, სარგებლობდა ფრანგი კონსულისა და ვიღაც რუსი ჩინოვნიკის მფარველობით. იქ ელევთერი ცოდვიან ცხოვრებას მიეცა, რამაც სარწმუნოების უარყოფამდე მიიყვანა. თურქ ელჩთან (რეის-ეფენდი) გაცნობის შემდეგ, იგი მის ამალას შეუერთდა და მასთან ერთად გაემგზავრა შუმენში, სადაც ისლამი მიიღო. სინდისის ქენჯნამ ელევთერი წინადაცვეთის შემდეგვე დაუწყო ტანჯვა. ადრიანოპოლში მან მოინახულა საკათედრო ტაძარში ღვთისმსახურება და შეიძინა ბერძნული სამოსი. მას მკაცრი მეთვალყურეობა დაუწესეს. რეის-ეფენდიმ, სურდა რა განემტკიცებინა ახლადმოქცეული მუსულმანურ რწმენაში, ელევთერი იშვილა. თუმცა მან, ქრისტეს უარყოფის გამო მონანიებულმა, მიმართა რუსეთის საელჩოს, სადაც მას დაეხმარნენ წმინდა მთაზე გამგზავრებაში. იქ ელევთერმა აღიარა თავისი ცოდვები კონსტანტინოპოლის პატრიარქ გრიგოლ V-სთან, რომელიც განსვენებაში იმყოფებოდა დიდი ლავრის მონასტერში. პატრიარქმა იგი მიანდო დიდი ლავრის სულიერი მოძღვრის მელეტის ხელმძღვანელობას, და 40 დღის შემდეგ ელევთერი დაბრუნდა ეკლესიის წიაღში წმინდა მირონის ცხების გზით. ამის შემდეგ ელევთერი გარკვეული დროის განმავლობაში ცხოვრობდა წმინდა ანას სკიტში მღვდელ ბასილის ხელმძღვანელობით, დოხიარში, ესფიგმენში და შემდეგ ივერთა მონასტრის კუთვნილ წმინდა იოანე ნათლისმცემლის სკიტში, სადაც მღვდელმონაზონმა ნიკიფორემ მას მკაცრი ეპიტიმია დააკისრა. მან მოინახულა ივერთა მონასტერი, სადაც მისი ბიძაშვილი ონუფრი მოღვაწეობდა ბერად. ელევთერმა, რომელმაც წარმატებას მიაღწია მარხვაში, ლოცვასა და თავშეკავებაში, ბერად აღიკვეცა ექვთიმეს სახელით.
ქრისტესთვის წამების სურვილმა მოიცვა იგი, მაგრამ მოძღვრები დიდხანს არ აძლევდნენ კურთხევას მოწამეობრივ ღვაწლზე. ბოლოს,რიგი ხილვებისა, რომ მისი მოწამეობა სათნო იყო ღვთისათვის, ექვთიმემ კურთხევა მიიღო და კონსტანტინოპოლში გაემგზავრა ბერ გრიგოლის თანხლებით. ბზობის კვირას, ზიარების შემდეგ, მან ჩაიცვა თურქული სამოსი და წარსდგა დიდი ვეზირის რუშუთ-ფაშას წინაშე. მიწაზე დააგდო თურქული თავსაბურავი, დაიწყო მისი ფეხით გათელვა და მუჰამედისა და ისლამის გმობა. ვეზირი გაოცდა 20 წლის ჭაბუკის სითამამით, ფიქრობდა, რომ ის მთვრალი ან შეშლილი იყო. ექვთიმე, ბორკილებით შეკრული, საპყრობილეში ჩააგდეს, შემდეგ კი ვეზირთან დაკითხვაზე წარადგინეს. ჭაბუკის სიმტკიცის ხილვისას, ვეზირმა ბრძანა სასტიკად ეცემათ იგი, წამების შემდეგ არწმუნებდა უარეყო ქრისტე, მაგრამ მოწამე შეუდრეკელი რჩებოდა, ამხელდა მუსულმანურ რწმენას, და ვეზირმა ბრძანა მოეკვეთათ მისთვის თავი. ჯალათებმა ორჯერ ვერ შეძლეს თავის მოკვეთა და ამიტომ ყელში განგმირეს (+ 22 მარტი 1814).
სამი დღის შემდეგ გრიგოლმა გამოისყიდა ღირსი მოწამის სხეული ჯალათებისგან, და იგი მიიტანეს უფლის ფერისცვალების ეკლესიაში პროტის კუნძულზე. ქრისტიანი ემანუილ მარგარიტისის ვაჟი, რომელიც ცხელებით იყო დაავადებული, განიკურნა ღირსი მოწამის სისხლით შეღებილი სამოსთან შეხებით. გრიგოლი გაემგზავრა ათონზე, თან წაიღო ეს სამოსი და ღირსი მოწამის თმები, რომლებისგანაც კეთილსურნელება გამოდიოდა. ამ რელიქვიებისგან განიკურნენ ქრისტოდული მესემბრიიდან, ანტონი კიდონიიდან, ვინმე კირიაკე, ექიმის ქალიშვილი მარინა და მრავალი სხვა. გემი, რომლითაც გრიგოლი მიცურავდა, ძლიერ ქარიშხალში მოჰყვა, მაგრამ როგორც კი აფრებზე ღირსი მოწამის სამოსი დაკიდეს, ქარიშხალი შეწყდა.
ღირსი მოწამე ეგნატეს მოწამეობრივი აღსასრულის შემდეგ (+ 8 ოქტომბერი 1814), რომელსაც იგივე გრიგოლი ახლდა, ამ უკანასკნელმა ათონზე გადაასვენა ორივე წმინდანის ნაწილები (20 ოქტომბერი 1814). ისინი დაასვენეს ახლად აგებულ ტაძარში მათი სულიერი მოძღვრის ნიკიფორეს სენაკთან წმინდა იოანე ნათლისმცემლის სკიტში. პატრიარქმა გრიგოლ V-მ, ასევე დიმიცანის მკვიდრმა, ამ ქალაქში ააშენა ეკლესია დიმიცანელი ექვთიმე ახალის სახელზე.
წმინდანის ხსენება ორჯერ აღინიშნება: 22 მარტს, მოწამეობრივი აღსასრულის დღეს, და 1 მაისს ღირს მოწამეებთან ეგნატესთან და აკაკი ახალთან ერთად (+ 1 მაისი 1816). დიმიცანელი ექვთიმეს ცხოვრება, საგალობელი სამი ღირსი მოწამისა და ღირსი მოწამე ონუფრი გაბროველისა (+ 4 იანვარი 1818) შეადგინა მღვდელმონაზონმა ონუფრი ივერონელმა (გამოიცა 1862 წელს). ცნობები წმ. ექვთიმეს შესახებ ამოღებულ იქნა ღირსი მოწამის თანამედროვის მიერ ჩაწერილი წამებიდან, ივერთა მონასტრის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სკიტის ხელნაწერიდან. ამჟამად, კ. ნიხორიტისის ცნობებით, აგიოგრაფიული და ჰიმნოგრაფიული თხზულებები წმინდანების ექვთიმეს, ეგნატესა და აკაკის საპატივცემულოდ დაცულია ხელნაწერებში Ath. Pant. 292 და 875 და კავსოკალივიის სკიტის ჩოდ. 292-ში (სვინაქსარული ცხოვრება, შესხმა და საერთო საგალობელი). სამი ღირსი მოწამისა და ონუფრი გაბროველის პარაკლისის კანონი ინახება წმინდა იოანე ნათლისმცემლის სკიტის ერთ-ერთ ხელნაწერში. ბერმა გერასიმე მიკრაიანნანიტმა (+ 1991) დაწერა პარაკლისის კანონი და აკათისტო ოთხი ღირსი მოწამისადმი.
დიმიცანელი მოწამე ექვთიმეს პატიოსანი თავი ინახება ათონზე რუსულ დიდმოწამე პანტელეიმონის მონასტერში, მისი ნაწილი კი დაცულია ათონის წმინდა დიონისეს მონასტერშ.
ახალი დროის ბერძნულ ხატწერაში ღირსი მოწამე ექვთიმე ჩვეულებრივად გამოისახება ახალგაზრდა უწვერო ბერად ანაფორაში, მარჯვენა ხელში პალმის რტოთი და მარცხენაში ჯვრით. მისი ერთ-ერთი პირველი გამოსახულება წარმოდგენილია ცხოვრების ამსახველ ხატზე "წმინდანები აკაკი, ეგნატე და ექვთიმე" (1818, ოსტატი დოსითეოსი პეჩის საპატრიარქოდან, სერბეთი) ათონზე ივერთა მონასტრის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სკიტიდან. მარჯვენა მხარეს 5 კლეიმაზე გამოსახულია წამების სცენები: ჯვრისა და ღვთისმშობლის ხილვა; ღირსი მოწამე წერს წერილებს ძმობას, აღიარებს ქრისტეს თურქი ხელისუფლების წინაშე, ხელში უჭირავს ჯვარი და პალმის რტო; მას საპყრობილეში მათრახებით სცემენ; იგი სილას აწნავს მმართველს; ღირს მოწამეს თავს კვეთენ. მარცხენა მხარეს მე-6 კლეიმაზე გამოსახულია ღირსი მოწამეების ექვთიმეს, აკაკისა და ეგნატეს ნაწილების ათონზე გადასვენება.
აქვე წაიკითხეთ:
ღირსმოწამე ექვთიმე ახალი კონსტანტინოპოლელი (+1814) - 22 მარტი (4 აპრილი)