წმინდა გრიგოლი დაიბადა 1750 წლის ახლოს, პატრას პროვინციის მოირას რეგიონის მთიან დასახლება ზუმბატაში.
მამამისს ერქვა კანელოსი, დედას - მალამო, ხოლო ერთადერთ ძმას - მიტროსი.
მამამ იგი გაგზავნა წმინდა ათანასეს მონასტერში კალავრიტას პროვინციაში, სადაც ბერად აღიკვეცა. მოგვიანებით ის გაემგზავრა კონსტანტინოპოლში, სადაც სწავლობდა დიდ ეროვნულ სკოლაში და უკვე მაშინ გამოირჩეოდა თავისი განათლებით.
მისი ცოდნის მრავალფეროვნებისა და მკაცრი ზნეობის გამო მალე გახდა ცნობილი მეცნიერთა, სასულიერო პირთა და ერისკაცთა ფართო წრეში, მოიპოვა რა კეთილგანწყობა და პატივისცემა მსოფლიო პატრიარქ სოფრონიოს II-ისგან (1774-1780). 1777 წლის თებერვალში მან აკურთხა იგი ლაკედემონიის მიტროპოლიტად და დანიშნა წმინდა სინოდის წევრად. მისი მოღვაწეობის პერიოდში დიმიცანის საარქიეპისკოპოსო შეუერთდა ლაკედემონიის მიტროპოლიას, ხოლო ზარნატას საპატრიარქო ეგზარქოსი გახდა ეპისკოპოსი ლაკედემონიის მიტროპოლიის დაქვემდებარებაში.
ამბროსიოს ფრანცისი გვატყობინებს, რომ გრიგოლის მოღვაწეობა შემაწუხებელი იყო რეგიონის თურქებისთვის, ამიტომ ფაშა სალლაბასი ნავპლიოტისმა ცხრა თვით დააპატიმრა იგი და სამჯერ გაგზავნა შიკრიკები კონსტანტინოპოლში, ითხოვდა რა ფირმანის გამოცემას მისი თავის მოსაკვეთად. თუმცა, ოსმალური ხელისუფლება მოისყიდეს და იგი სიკვდილს გადაურჩა.
1790 წლის შუა ხანებში პელოპონესის ფაშამ მოიწვია იგი ტრიპოლიცაში, მაგრამ მან მოახერხა გაქცევა დაკავებამდე და თავი აარიდა წამებით სიკვდილს, როგორც აღესრულა მისი წინამორბედი ანანია ლამბარდი. ჰიდრას გავლით მან თავი შეაფარა კონსტანტინოპოლს.
1791 წლის ნოემბერში ის აირჩიეს გარდაცვლილი ვიდინის მიტროპოლიტის მემკვიდრედ, ხოლო 1801 წლის ივნისში გახდა დერკონის მიტროპოლიტი (დერკონი აღმოსავლეთ თრაკიაში მდებარეობდა კონსტანტინოპოლთან ახლოს). ეს არჩევნები ჩატარდა პატრიარქ კალინიკე V-ის დროს, სადაც მან ჩაანაცვლა მაკარიოსი, რომელიც გახდა ეფესოს მიტროპოლიტი. როგორც დერკონის მიტროპოლიტი, მისი მრავალმხრივი ცოდნისა და ძვირფასი გამოცდილების გამო, დაუყოვნებლივ მოიწვიეს სინოდის წევრად და დარჩა ამ პოზიციაზე 1821 წლის აპრილამდე, ოთხი პატრიარქის დროს: კალინიკე V, იერემია IV (1809-1813), კირილე VI (1813-1818) და გრიგოლ V (1818-1821). იქ ის გამოვლინდა როგორც განათლების მფარველი და მისი ინიციატივით დაარსდა ბერძნული სკოლა თერაპიაში, დიმიტრი და ალექსანდრე მურუზების შუამდგომლობით ოსმალურ ხელისუფლებასთან.
ალექსანდრე იფსილანტის მოლდო-ვალახეთში შეჭრის შემდეგ (9 მარტი 1821), გრიგოლი დააპატიმრეს თესალონიკის მიტროპოლიტ იოსებთან, ტირნავოს მიტროპოლიტ იოანიკესთან და ადრიანოპოლის მიტროპოლიტ დოროთესთან ერთად. პელოპონესში რევოლუციის დაწყების (23-25 მარტი 1821) და შემდგომი საომარი მოვლენების შემდეგ, გაიცა ბრძანება დაპატიმრებული იერარქების სიკვდილით დასჯის შესახებ. თესალონიკის მიტროპოლიტი იოსები, ტირნავოს მიტროპოლიტი იოანიკე და ადრიანოპოლის მიტროპოლიტი დოროთე ჩამოახრჩვეს არნაუტკიოში, ხოლო გრიგოლისთვის სახრჩობელა აღმართეს მისი სახლის ეზოში თერაპიაში, კონსტანტინოპოლში.
გრიგოლმა ილოცა, დალოცა სახრჩობელას მარყუჟი და გაიკეთა კისერზე, გადაიწერა პირჯვარი და ასე დაასრულა მიწიერი ცხოვრება ქრისტესა და ერის ამ მოწამემ 1821 წლის 3 ივნისს.მისი ცხედარი გააფთრებულმა ოსმალთა ბრბომ ბოსფორის ზღვაში ჩააგდო.
გრიგოლი იყო ფილიკი ეტერიას წევრი (ყველაზე მნიშვნელოვანი საიდუმლო ორგანიზაციებიდან, რომლებიც შეიქმნა 1821 წლის რევოლუციის მოსამზადებლად ბერძნების ოსმალეთის იმპერიისგან გასათავისუფლებლად) და მნიშვნელოვანი სიტყვა ჰქონდა კონსტანტინოპოლის სინოდის საქმიანობაში. მან შეძლო გადაეჭრა მსოფლიო საპატრიარქოს რთული და ძნელად გადასაჭრელი პრობლემები. მისი განათლებული აზრი ყოველთვის მძიმედ აწვა საპატრიარქოს წმინდა სინოდის აზრებსა და გადაწყვეტილებებს. ის შედის იმ იერარქთა რიცხვში, რომლებმაც დიდი მონდომება გამოიჩინეს სკოლების დაარსებისთვის ახალგაზრდობის სულიერი და საგანმანათლებლო დონის ასამაღლებლად. მის სულიერ შვილებად მოიხსენიებიან ორი პატრიარქი გრიგოლ VI და ანთიმოზ V (1841-1842), ასევე ცნობილი გრიგოლ პაპაფლესასი. მან დიდი წვლილი შეიტანა დიდი ეროვნული სკოლის რეორგანიზაციაში და მის გადატანაში ფანარიდან ქსიროკრინში. გრიგოლი ლაპარაკობდა ალბანურ, თურქულ და ფრანგულ ენებზე.
გრიგოლ დერკონი მართლმადიდებელი ეკკლესიის მიერ წმინდანად არის შერაცხული და მისი ხსენების დღე აღინიშნება 3 ივნისს და ბრწყინვალე შვიდეულის შაბათს.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი