ხსენება 20 სექტემბერს (ბერძ.), ათონელ ღირსთა კრებულში და კონსტანტინოპოლის აღების შემდეგ წამებულ ახალმოწამეთა კრებულში (ბერძ.)
ერისკაცობაში იოანე, დაიბადა კუნძულ კრეტაზე, ქ. მეგალო-კასტროში (ხანდაკსი, ამჟამად ირაკლიონი). მამა ფრანჩესკო და დედა ეკატერინე ზრდიდნენ მას ოთხ სხვა შვილთან ერთად ქრისტიანული მცნებების შესაბამისად. კონსტანტინოპოლში ჩასვლისას, ის 10 წელი ცხოვრობდა თავის ბიძასთან, ექიმთან. შემდეგ დაიწყო მუშაობა ქიოსელ ვაჭართან და ეხმარებოდა მაღაზიის საქმეების მართვაში, პატრონის კუნძულზე მოგზაურობის დროს.
ერთხელ ვაჭარმა, კონსტანტინოპოლში დაბრუნებისას, თქვა, რომ მაღაზიაში ფულის დანაკლისი (30 გროსი) აღმოჩნდა, დაადანაშაულა იოანე და დასჯით დაემუქრა. სასოწარკვეთილი იოანე წავიდა სასახლეში სულთნის დედისგან დახმარების საძიებლად (ოსმალეთის იმპერიაში ვალიდე-სულთანი ქრისტიანთა მფარველი იყო). იქ ის შეხვდა ეთიოპიელ ბაშ-აღას (აღათა უფროსს) სახელად მერდანს, რომელმაც დაარწმუნა ის ისლამის მიღებაში.
მალე იოანემ იგრძნო სინდისის ქენჯნა, გაიქცა სასახლიდან და გემით გაემგზავრა ყირიმში, სადაც 10 თვე იცხოვრა. სურდა რა რწმენისთვის ეწამა, იოანე დაბრუნდა კონსტანტინოპოლში, თუმცა მქადაგებელ სიმეონისა და ბერ იერემიას რჩევით ათონზე გაემგზავრა.
თავდაპირველად ის ივერთა მონასტერში მოღვაწეობდა, შემდეგ კი - წმ. ანას მცირე სკიტში, იმყოფებოდა რა მღვდელმონაზონ ბესარიონის მორჩილებაში (მან მოწამებრივი ღვაწლისთვის მოამზადა წმინდა ლუკა მიტილინელი), რომელმაც ის ბერად აღკვეცა ილარიონის სახელით. სულიერი მოძღვრისგან მოწამეობრივი ღვაწლის კურთხევის მიღების შემდეგ, ილარიონი მასთან ერთად გაემგზავრა კონსტანტინოპოლში.
წმინდა საიდუმლოთა ზიარების შემდეგ, ის მივიდა სასახლეში და იქ შეხვდა ეთიოპიელ მერდანს. ილარიონმა განაცხადა თავისი მონანიების შესახებ, აღიარა ქრისტე და დაგმო მუსულმანთა რელიგია. ბაშ-აღამ სასტიკად სცემა ილარიონს, ბრძანა მისი წამება, შემდეგ კი ციხეში ჩაგდება. სამი დღის შემდეგ ის წარსდგა თურქი მმართველის წინაშე, რომელმაც, დაინახა რა მოწამის შეუვალობა, ბრძანა მისი სიკვდილით დასჯა.
ღირსი მოწამე ილარიონს თავი მოჰკვეთეს 1804 წლის 20 სექტემბერს კონსტანტინოპოლში, 26 წლის ასაკში.
ქრისტიანებმა გამოისყიდეს მოწამის ნეშტი, გადაიტანეს კუნძულ პროტიზე და დაკრძალეს უფლის ფერისცვალების ეკლესიაში მოწამე დიმიტრი ქიოსელის (+ 1802) საფლავის გვერდით. სიკვდილის შემდეგ ღირსი მოწამე ილარიონი განდიდებულ იქნა მრავალი სასწაულით.
ღირსი მოწამე ილარიონის ცხოვრება, რომელიც ინახება ათონის წმ. ანას მცირე სკიტის ხელნაწერში, გადაწერილ და ლიტერატურულად დამუშავებულ იქნა ბერ გერასიმე მიკრაიანნანიტის მიერ; გამოცემულია "დიდ სვინაქსარში", რომელიც შეადგინა კათიღუმენმა ვ. მატთეოსმა.