წმინდა სტამატი XVII საუკუნეში ცხოვრობდა. ის ვოლოსის გარეუბანში, სოფელ აიოს იორგში დაიბადა.
ერთხელ, როგორც ეს ხშირად ხდებოდა ხოლმე ოტომანთა მმართველობისას, მათ სოფელში გადასახადის ასაკრეფად აღა გამოგზავნეს, რომელმაც ქრისტიანებს დაწესებულზე მეტის გადახდა მოსთხოვა და ყველანაირად ავიწროებდა მათ და ბევრ უწესობას მოიმოქმედებდა. სოფლის მცხოვრებლებმა კონსტანტინოპოლში ვეზირთან დელეგაცია გააგზავნეს პროტესტის გამოსათქმელად. მაგრამ ვეზირმა აღას მეგობრების ზეწოლით დელეგაცია ლანძღვითა და მუქარით გარეთ გამოყარა და რადგანაც დელეგატებს შორის სტამატი უფრო მკვეთრად გამოხატავდა თავის უკმაყოფილებას, ვიდრე მისი თანამგზავრები, დააპატიმრეს. თურქებმა ის ვეზირთან მიიყვანეს და მას დააბრალეს, რომ ვოლოსში ისლამი მიიღო და კვლავ დაუბრუნდა ქრისტიანობასო. წმინდანმა ვეზირს უთხრა, რომ ასე არასოდეს მოქცეულა. ვეზირმა ის მსაჯულთან გააგზავნა, წმინდანმა მასაც უთხრა, რომ ის ცილისწამების მსხვერპლი იყო. მსაჯულმა უთხრა, რომ გვიანი არ იყო ისლამს შეერთებოდა და თუ ასე მოიქცეოდა, ბევრ მატერიალურ სიკეთეს მიიღებდა. "ამქვეყნად ვერაფერი მაიძულებს, რომ ჩემი ქრისტე უარვყო! - უპასუხა წმინდანმა, - მირჩევნია, ათასჯერ მოვკვდე ქრისტესთვის, ვიდრე იმ სიკეთეებით დავტკბე, რასაც შენ მთავაზობ!" მაშინ მსაჯულმა ის ისევ ვეზირთან გააგზავნა. მან კი თანამდებობის შეთავაზებით სტამატის დაყოლიება სცადა, მაგრამ მან მტკიცედ განუცხადა უარი ისლამის მიღებაზე. მაშინ ვეზირმა ბრძანა, ციხეში წაიყვანეთ და იმდენხანს აწამეთ, ვიდრე არ დაიყოლიებთო.რამდენიმე დღის შემდეგ მოწამე ისევ მიიყვანეს ვეზირთან, მაგრამ მიუხედავად მუქარისა, ვერ გატეხა. მაშინ გაბრაზებულმა თურქმა ქალაქის თავს გაუგზავნა სიკვდილის განაჩენის გამოსატანად. სიხარულით ავსებული წმინდანი წმინდა სიფიას ტაძრის მეზობელ სასახლეში მიიყვანეს და თავი მოჰკვეთეს. ეს მოხდა 1680 წლის 15 აგვისტოს. წმინდა სტამატის საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესია მოიხსენიებს.