წმინდა დიდმოწამე მარინე (IV) - 17 ივლისი (30 ივლისი)
წმინდა დიდმოწამე მარინე (IV) - 17 ივლისი (30 ივლისი)
წმინდა დიდმოწამე მარინე მცირე აზიაში, პისიდიის ქალაქ ანტიოქიაში დაიბადა, დიდებულთა ოჯახში. მისი მშობლები წარმართები იყვნენ, მამამისი ედესიოსი ქურუმი იყო. გოგონას დედა ადრე გარდაეცვალა და დაობლებული შვილი მამამ ქალაქიდან 16 კილომეტრში დაშორებულ სოფელში ძიძას მიაბარა. როცა გოგონა მოიზარდა, არამარტო გარეგნობით დამშვენდა, სულითაც გალამაზდა. მარინე ზნეკეთილობითა და გონიერებითაც გამოირჩეოდა. III ს-ის დასასრულსა და IV ს-ის დასაწყისში, მაშინ როცა ქრისტიანების დევნა დაიწყეს, მრავალმა სამღვდელო პირმა, უდაბნოებს, მღვიმეებს, შეაფარა თავი. ზოგი სოფლებში უბრალო ადამიანებს შორის დასახლდა გლახაკთა სახით და სადაც მოუხერხდებოდათ, ქრისტეს უქადაგებდნენ და მოაქცევდნენ წარმართობიდან მრავალს.

წმინდა მარინე თორმეტი წლის იყო, როცა ერთი ღვთის კაცისგან მოისმინა იესო ქრისტეს შესახებ, ჭეშმარიტ ღმერთზე, რომელიც სულიწმიდისა და მარიამისაგან ქალწულისა განკაცდა, მრავალი სასწაული აღასრულა, საკუთარი ნებით ევნო კაცთა ცხონებისთვის, მოკვდა, მესამე დღეს აღდგა მკვდრეთით, ამაღლდა ზეცად და თავის მორწმუნეებსა და მოყვარულებს საუკუნო ცხოვრება და დიდება განუმზადა ზეციურ სასუფეველში. ეს რომ მოისმინა, კეთილგონიერმა გოგონამ ირწმუნა ქრისტე და უფალი მთელი გულით შეიყვარა. მხოლოდ იესო ქრისტეზე ფიქრობდა, მხოლოდ უფალზე საუბრობდა და სხვა არაფერი სურდა. სმენად იყო გადაქცეული, როცა ჭეშმარიტ ღმერთზე ქადაგებას ისმენდა. როგორც კი მთელი გულით იწამა ქრისტე, მარინე თავის რწმენას ბაგეებითაც აღიარებდა და მაცხოვრის შესახებ უშიშრად ქადაგებდა და მისთვის ვნება, სისხლის დაღვრა სწყუროდა. მას სურდა საკუთარი სისხლით მონათლულიყო, მაგრამ სოფელში ქრისტიანი მღვდელი არ იყო. მას გაგონილი ჰქონდა, მრავალი ქრისტიანი მოწამის შესახებ, რომლებიც საკუთარი სისხლით მოინათლნენ და სული თვისი დადეს უფლის რწმენისთვის, ამიტომაც მათი მიბაძვა უნდოდა.

როდესაც მამამ გაიგო ქალიშვილის გაქრისტიანების ამბავი, შეიძულა იგი, მის მამობაზე უარი თქვა და როგორც უცხოს, ისე ეპყრობოდა. ქალწულმა კი მთელი თავისი სასოება ზეციურ მამაზე დაამყარა. როცა თხუთმეტი წლის გახდა, ერთხელაც მინდორში თავისი მამის ცხვრის ფარის დასახედად გავიდა. ამ დროს ის შეხვდა ქრისტიანთა ჯალათს, აღმოსავლეთის ქვეყნების ეპარქ ოლიმბრის, რომელიც პისიდიას ანტიოქიაში მიდიოდა; ეპარქს ულამაზესი ქალწული მოეწონა და მისი ცოლად მოყვანა მოუნდა. შეაჩერა ქალწული და ჰკითხა:

- ქალიშვილო, ვისი შვილი ხარ, სიმართლე მითხარი. თუ შენი მშობლები თავისუფალი მოქალაქეები არიან, შენზე კანონიერად დავქორწინდები, ხოლო თუ ვინმეს მონა ხარ, გამოგისყიდი და თან წაგიყვანო.

ქალიშვილმა თავმდაბლად უპასუხა, ვისი შვილიც იყო, რა ერქვა. არც ის დამალა, რომ ქრისტიანი იყო და სწამდა ერთი ჭეშმარიტი ღმერთი, ცისა და ქვეყნის შემოქმედი. რომ იგი ქრისტეს მონა იყო, მასთან გულწრფელი სიყვარულით შეერთებული და მის გარდა სხვა სასიძო არა სურდა. ეპარქმა მისი ქრისტიანობა რომ გაიგო, თავის მეომრებს უბრძანა, ქალიშვილი ქალაქში პატივით წამოეყვანათ; ქალიშვილი მისი გონიერი საუბრის შემდეგ უფრო შეუყვარდა და იმედი ჰქონდა, რომ მუქარით სწრაფად დაავიწყებდა იესო ქრისტეს და ქორწილზე დაითანხმებდა. როცა ჯარისკაცებს მიჰყავდათ, ქალიშვილი ღმერთს ხმამაღლა შეწევნასა და სიბრძნეს შესთხოვდა.

როცა ქალაქში მივიდნენ, ეპარქმა თავის ღმერთებს მსხვერპლი შესწირა და სადაც კი ქრისტიანებს წააწყდა, შეიპყრო და ციხეში ჩაყარა, რათა შემდეგ ეწამებინათ. წმინდა მარინე კი ვიღაც დიდებულ ქალბატონებს ჩააბარა.

მეორე დღეს ეპარქმა ოლიმბრმა, სახალხო სასამართლო მოაწყო და თავდაპირველად სამსჯავროზე წმინდა მარინე მოაყვანინა. როცა ქალწული მოიყვანეს, ეპარქმა მას ვნებიანად შეხედა და უფრო და უფრო აენთო მისადმი ხორციელი სიყვარულით. თავიდან კი მზაკვრულად უთხრა:

- ღმერთებმა იციან, მშვენიერო ქალწულო, როგორ მებრალება შენი სიყმაწვილე და შენი ნორჩი სხეული, სილამაზით გაფურჩქნილი. ამიტომაც გთხოვ, დამიჯერო, მსხვერპლი შესწირე ღმერთებს, და კარგად იქნები: მაშინვე უამრავ ქონებას მიიღებ, გამდიდრდები, ყველა თანატოლზე ბედნიერი გახდები და ამ ქალაქის ყველა ქალზე უპირატეს პატივში იქნები.

წმინდა მარინემ კი უპასუხა:

- მე მისწავლია ზეციური მამის და მისი მხოლოდშობილი ძის და სულიწმიდის, ერთარსება, ყოვლადწმინდა სამების, ცხოველი და ჭეშმარიტი ღმერთის აღიარება, ვიცი, რომ მას უნდა ვცემდეთ თაყვანს და მას, ერთადერთს ვწირავდეთ ქების მსხვერპლს. მე არ ვცემ თაყვანს უცნობ ღმერთებს, და არც მსხვერპლს შევწირავ მათ: ისინი უსულონი და უგრძნობელნი არიან და ისიც არ იციან, თაყვანს სცემენ მათ თუ შეურაცხყოფენ. მე არ მივაგებ კერპებს იმ პატივს, რაც ჩემს შემოქმედს შეეფერება.

- კიდევ ერთხელ გთხოვ მარინე, მისმინე. იციან ღმერთებმა, რომ თუ ჩემს რჩევას შეისმენ, მაშინ ყველა მოქალაქის თვალწინ დიდი პატივის ღირსი შეიქნები: ცოლად მოგიყვან, და ყველა პატივს გცემს, როგორც ჩემს საყვარელ მეუღლეს, მოგცემ პატივსა და დიდებას, შენ კი მომიტან სიხარულსა და დაატკბობ ჩემს ცხოვრებას! თუ არ დამიჯერებ და უარყოფ ჩემს შენდამი სიყვარულს, მაშინ იცოდე, რომ ბევრი ცუდის დათმენა მოგიწევს. შენ მაიძულებ, თუმცა კი არ მინდა გაწამო და დავღუპო შენი სილამაზე, ჯანმრთელობა და ტკბილი ცხოვრება; შენ საშინელ, დაუთმენელ სატანჯველს მიეცემი და ცეცხლისა და რკინისაგან ეწამები და მოიკვლები.

წმინდანმა უპასუხა:

- იმედი არ გქონდეს ეპარქო, რომ ჩემს ქრისტესადმი რწმენას შენი ურწმუნოებით შევცვლი ან ალერსის, ანდა მუქარის გამო: მე ერთგული მხევალი ვარ ჩემი უფლისა, რომელიც საკუთარი ნებით ევნო ჩემთვის. თუ მან ჩემთვის ჯვარცმა და სიკვდილი დაითმინა, და არ დაინდო თავისი უწმინდესი სხეული, მაშინ მეც უნდა ყველანაირად ვეწამო და მოვკვდე, და მცირედითაც არ დავინდო, ჩემი ცოდვილი სხეული და ჯანმრთელობა. ნუ ფიქრობ, თითქოს შენი მუქარით შემაშინებდე: მე მზად ვარ ყველანაირი წამებისა და სიკვდილისათვის. გამაძლიერებს ის, ვისი იმედიც მაქვს! ხოლო რასაც მეუბნები ქორწინებაზე, პატივსა, დიდებასა და სიმდიდრეზე, მე ის მეზიზღება და მძაგს. ნუთუ შენ ფიქრობ, რომ უკვდავ სასიძოს, ზეციურ მეუფეს - იესო ქრისტეს მივატოვებ და სულით მკვდარს გავყვები ცოლად? - არასოდეს.

წმინდა მარინეს თამამი სიტყვები რომ მოისმინა, ეპარქი საშინლად განრისხდა ყმაწვილი ქრისტიანისადმი, მისი სიყვარული სიძულვილითა და მტრობით შეიცვალა. მან ბრძანა, ქალწული გაეშიშვლებინათ, მიწაზე დაეწვინათ და უმოწყალოდ გაეწკეპლათ. წმინდა მარინეს დიდხანს და სასტიკად სცემდნენ წკეპლით ისე, რომ მისი ქალწულებრივი სხეული ღრმა ჭრილობებით დაიფარა, საიდანაც სისხლი ნაკადულებად სდიოდა და მიწა გადააწითლა, ხალხი სიბრალულით უყურებდა მოწამეს და ბევრი მათგანი ტიროდა. ზოგიერთი კი უყვიროდა:

- მარინე, მსხვერპლი შესწირე ღმერთებს, ტყუილუბრალოდ ნუ დაღუპავ შენს სილამაზეს და უდროოდ ნუ მოაკლდები ამ ტკბილ ცხოვრებას!

მაგრამ წმინდანმა სულიერი თვალნი ზეცისკენ აღაპყრო და ღმერთს განმტკიცებას სთხოვდა; ქრისტეს მადლით გაძლიერებული ის ტკივილებს ვერ გრძნობდა, თითქოს ჭრილობები მას კი არა, სხვის სხეულს დააჩნდა. ხალხიდან ზოგიერთი ეტყოდა:

- გოგონა, რატომ ღუპავ შენს სილამაზეს? რატომ არ ნებდები? ხედავ, როგორ სასტიკი მსაჯულია, მოგკლავს და მიწაზე შენი ხსენება გაქრება; გვეცოდები!

წმინდანმა მათ საყვედურით უპასუხა:

- მზაკვარო მრჩევლებო, ბოროტო დამხმარენო, ჩემს შეცდენას ცდილობთ! როგორც ძველად გველმა ევას სამოთხეში მზაკვრულად ურჩია, თქვენც ასევე ჩემი ღმერთის ღალატს მირჩევთ; განვედით, ურჯულონო, თქვენ ვერ შემაცდენთ, რადგან მთელი სულით ქრისტეს ერთგული ვარ!

შემდეგ, როცა მისი ცემა შეწყვიტეს, ჯალათმა უთხრა მოწამეს:

- ეს შენი ტანჯვის დასაწყისია მარინე, თუ გაჯიუტდები და არ დამემორჩილები, მაშინ უფრო საშინელი სატანჯველი შეგემთხვევა.

წმინდანმა უპასუხა:

- ყველაფერი გააკეთე, რაც შენ და შენს მამას, ეშმაკს უნდა; მე არად მიღირს თქვენგან ტანჯვა, რამეთუ ქრისტე შემეწევა, რომელიც შეარცხვენს თქვენს მზაკვრობას.

ეპარქი უფრო განრისხდა და უზარმაზარი ლურსმნებით მისი ბოძზე მიჭედება და რკინის კაუჭებით სხეულის დაფლეთა ბრძანა. სხეულის ნაფლეთები მიწაზე სცვიოდა და შიშველი ძვლები ჩანდა. ამ საშინელ სისხლიან სანახაობას უმოწყალო ეპარქმაც კი ვერ გაუძლო, თვალებზე ხელები აიფარა და შებრუნდა.

შემდეგ ჯალათმა კვლავ უთხრა:

- ვიდრემდის გაჯიუტდები მარინე? სხეული დაგეფლითა, ახლა მაინც შესწირე ღმერთებს მსხვერპლი, რათა საბოლოოდ არ დაიღუპო.

რაზეც წმინდანმა უპასუხა:

- საძაგელო ძაღლო! ღორო! ადამიანის ხორცსა ჭამ და თავი გულმოწყალედ მოგაქვს, თითქოს გებრალებოდე! მე საკუთარ თავს არ ვიბრალებ ქრისტეს გულისთვის, რამეთუ მან არ შეიბრალა საკუთარი თავი და ჩემთვის უფრო დიდ სატანჯველს მიეცა. თუ მე ვუსმენ შენს უგუნურ რჩევას და დავინდობ საკუთარ სხეულს, მაშინ როგორ დაიდგამს გვირგვინს სული ჩემი ზეციურ სასუფეველში.

ამის მერე ეპარქმა წმინდა მოწამე ბოძიდან ჩამოხსნა და ბრძანა, სიკვდილმისჯილთა ღრმა და ბნელ დილეგში ჩაეგდოთ. წმინდანი მარტო იჯდა დილეგში, რადგან იმ დროს სხვა სიკვდილმისჯილი არავინ იყო. წმინდა მარინემ გულის სიღრმიდან უფალს შეჰღაღადა:

- ღმერთო მაღალო, შენ წინაშე ძრწოლით დგანან ყოველნი ზეციური ძალნი, და შენი ყოვლისშემძლე ძალით ყოველი ქმნილება იცვლება და ახლდება! მეუფეო, მომხედენ ზეციური სიმაღლიდან, შენი დიდების ტახტიდან, მე შენს მდაბალ, უხმარსა და უღირს მხევალს: შენდამი მოვილტვი, შენი იმედი მაქვს და შენი სახელის გულისთვის ვევნები. მომხედე, კეთილმოწლეო და განკურნე ჩემი სხეული, დაწყლულებული, როგორც დაფლეთილი სამოსი; განაახლე სული ჩემი და შეინახე შენი სასუფევლისათვის. მომეც ძალა, რათა გავთელო ჩემი მტერი. რათა ჩემით განდიდდეს შენი ყოვლადწმინდა სახელი უკუნისამდე.

დაღამდა, ხოლო წმინდანი არ წყვეტდა ლოცვას. მაშინ ეშმაკი გაკადნიერდა და წმინდანის შეშინება გადაწყვიტა, უფალმაც დაუშვა ეს, რათა წმინდა მარინე უფრო განდიდებულიყო. მისი გამზრდელი თეოტიმი გასაჭირში არ ტოვებდა აღზრდილს და სარკმლიდან აწვდიდა პურსა და წყალს. იგი ისმენდა და იწერდა ყოველ მის სიტყვასა და ლოცვას და მომსწრე გახდა ქალწულმოწამის ეშმაკთან შებრძოლებისა, რაც სიტყვასიტყვით აღწერა. მოკლედ, ეშმაკმა განიზრახა საშინელი ჩვენებით შეეძრწუნებინა ქალწული, და გამოეცხადა ჭრელი, ვეებერთელა საზარელი გველეშაპის სახით, რომელსაც გარს უამრავი მომცრო გველი და იქედნე ეხვია.

წმინდა მარინეს შიშით ფერი ეცვალა, თუმცა, ლოცვა არ დაავიწყდა და მუხლმოდრეკით უფლისა მიმართ ღაღადყო: "უფალო, უხილავო, რომლისაგან ზღუა და ყოველნი უფსკრულნი ძრწიან, რომელმან დაამყარე ქუეყანა და ზღუასა საზღვარი დაუდევ, რათა არა გარდახდეს შენსა ბრძანებას, და შეკრულნი გახსენ და ეშმაკი შეჰკარ, რომელმან დასთრგუნე ხელმწიფება დიდისა მის გველისა, შენვე, უფალო, დაამხე ძალი ამ გველისა, მოიხილე ჩემდა და შემიწყალე მე ობოლი და მძაფრ შეპყრობილი სული და ნუ მოუშვებ მხეცსა ამას ძლევად ჩემდა, რამეთუ ეს არის ჭეშმარიტად ყოველთა კაცთა მაცთური. არამედ მე მომეც ძალა, რათა ვსძლიო ჩემ წინააღმდეგ მებრძოლს, რომელსაც ჩემი შთანთქმა ჰნებავს და თავის ბუდეში ჩემი წაყვანა უნდა".

წარმოთქვა თუ არა ეს წმინდანმა, გველეშაპმა ხახა გააღო, იქიდან სიმყრალე ამოსდიოდა. ხახადაღებული მიიწევდა და მზად იყო გოგონა გადაეყლაპა. მარინემ იგრძნო, რომ თავი უკვე ამ აყროლებულ ხახაში ჰქონდა მოქცეული. მთელი ძალა მოიკრიბა, ღმერთს შეჰღაღადა, ჯვარი გამოისახა - და უეცრად გველეშაპის შიგნეული მის თვალწინ გასკდა და მარინე გათავისუფლდა. მიწა გაიპო და გველეშაპი, მთელი თავისი ქვეწარმავლებით, ჯურღმულში ჩაიკარგა.

ამ დროს წმინდა მარინემ საპყრობილის მარცხენა კუთხეში დაინახა კაცივით მჯდომარე შავი არსება, რომელსაც ხელები მუხლებზე ჰქონდა შემოხვეული და ლოცვა დაიწყო: "გაქებ და გადიდებ, მხიარული ვარ და განვსცხრები, მეუფეო უკვდავო, რამეთუ ვიხილე გველი მიწაზე დამხობილი, ვიხილე ჩემი მკვლელი შენ მიერ მოკლული, ვიხილე იგი შენი მადლისაგან დათრგუნვილი და რამეთუ გესლი მისი მასვე ექმნა მაკვდინებელი, ვიხილე საშინელება მისი დამხობილი, ვიხილე ჯუარი შენი აღყვავებული. რომლისა ძალითაც მოვკალ მაშინებელი ჩემი და დავთრგუნე და ვპოვე კადნიერება ძლევისა. ამისთვის გმადლობ შენ, წმინდაო მეუფეო საუკუნეო, რომელსა მხოლოსა გშუენის დიდება უკუნითი უკუნისამდე".

ამ დროს ადგა ეშმაკი, მიუახლოვდა, ფეხები შეუკრა და უთხრა: "ჰოჲ, ქალო, ახლა უკვე გეყოფა ლოცვა". მაშინ წმინდა მარინემ თმით დაითრია და ძირს დაახეთქა, მერე მარჯვენა ფეხი დაადგა ქედზე. და იქვე, კუთხეში ნაპოვნი ხის ნაპობით შუბლში ძლიერ ურტყამდა და ეტყოდა: "თავი მანებე და ნუ მებრძვი, რამეთუ მე ღმერთი მყავს ჩემი ქალწულების მცველად; თავი მანებე, ჰოჲ, ბოროტო არსებავ, კაცთა მკლველო და მაშინებელო, რამეთუ შემწე ჩემდა არს, ქრისტე, ძე ღმრთისა. მე ვარ მხევალი მისი, რომლისა სახელი მისი კურთხეულ არს".

ღვთისადმი - თავისი მხსნელისადმი მადლიერებით სავსე მარინემ ზევით აიხედა. ცაზე მბრწყინავი ოქროს ჯვარი დაინახა. ჯვრის თავზე თოვლივით თეთრი მტრედი იჯდა.

- გიხაროდენ, მარინე, - გონიერო მტრედო ქრისტესო! შენ ბოროტ მტერს სძლიე, გიხაროდენ და ილხენდი, ასულო ზეციური სიონისაო! შენი ლხენის დღე დადგა: ბრძენ ქალწულებთან ერთად უხრწნელი და უკვდავი სასიძოს, ზეციური მეუფის, იესო ქრისტეს ზეციურ პალატში შეხვალ!

მტრედის ნათქვამმა წმინდა მარინეს გული გამოუთქმელმა სიხარულმა და სიტკბოებამ მოიცვა და ამ სიხარულში უეცრად იგრძნო, რომ მის თავს სასწაული ხდებოდა. დაფლეთილი სხეული ერთ წამში გაუმრთელდა, ჭრილობები შეხორცდა და წყლულები ახალი კანით დაიფარა. გაჰქრა ტკივილი და უძლურება და იგი ძველებურად ჯანმრთელი და ლამაზი გახდა. უფლისადმი სიყვარულითა და მადლიერებით აღსავსემ მხურვალე ლოცვა დაიწყო. ამგვარ ხილვებსა და გამოცხადებებში მიილია ღამე, გათენდა და დადგა ჟამი მისი უკანასკნელი ღვაწლისა.

დილით ეპარქი ოლიმბრი კვლავ დაჯდა თავის უსამართლო და უწმინდურ სამსჯავროზე. მან დიდმოწამე მარინე დასაკითხად საპყრობილიდან მოაყვანინა. უამრავი ხალხი შეიკრიბა სეირის საცქერლად. და იმედიც არ გაუცრუვდათ: ქრისტიანი მარინე, გუშინ სული ძლივს რომ ედგა, ახლა ნათელი სახით, ლამაზი და სრულიად ჯანმრთელი წარდგა მათ წინაშე, სხეულზე გუშინდელი ჭრილობების კვალიც კი არ ემჩნეოდა. მმართველიც და ხალხიც გაოგნებისაგან გაქვავდნენ, ვერ ხვდებოდნენ დაწყლულებული მოამე ერთ ღამეში როგორ განიკურნა. გაოცებული ხალხი ზოგი იესო ქრისტეს ძალას ადიდებდა, და სხვები კი ამას ჯადოქრობას ეძახდნენ. გაოგნებულმა ეპარქმა სიტყვა ძლივს წარმოთქვა:

- ხედავ, მარინე, ჩვენი ღმერთები როგორ ზრუნავენ შენზე! შეიწყალეს შენი სიყმაწვილე, სილამაზე და გაგკურნეს. სამადლობელოდ ღმერთებს მსხვერპლი უნდა შესწირო და ემსახურო მათ როგორც მისანი, სიცოცხლის ბოლომდე.

წმინდანმა უპასუხა:

- არ შემფერის დავუტევო ჩემი ჭეშმარიტი და ცოცხალი ღმერთი და ვემსახურო თქვენს ცრუ და მკვდარ ღმერთებს. პირიქით, შენ უნდა შეიცნო ერთადერთი ზეციური ღმერთი, მას მერე რაც ჩემს სხეულზე მოიმოქმედა: რომელიც შენ გუშინ ნაფლეთებად აქციე, მან ახლა, წამისყოფაში აღადგინა! იგია ყოვლისშემძლე მკურნალი ადამიანების სულისა და სხეულისა!

გულგასასტიკებულმა ეპარქმა ბრძანა, წმინდანი კვლავ ეწამებინათ. იგი ბოძზე მიაბეს, ანთებული სანთლებით მკერდი და მხარი მოუწვეს; წმინდანი კი, ამ დროს ლოცვაში ჩაღრმავებული, გულში ღმერთს ესაუბრებოდა და ყველაფერს მდუმარედ დაითმენდა; ჰაერში დამწვარი ხორცის სუნი დატრიალდა. წმინდანი ნახშირივით გაშავდა. როცა ბოძიდან გადმოხსნეს, ცოცხალ-მკვდარმა მოწამემ ხმამაღლა აღმოთქვა:

- უფალო, რადგან ღირსი გამხადე შენი სახელისათვის ცეცხლში გამევლო, ახლა წმინდა ნათლისღების წყალიც მაღირსე და ცოდვებისაგან განბანილი შენს განსასვენებელში შემიყვანე.

ჯალათმა რომ გაიგო, წყალი ახსენაო, თქვა:

- წყლის დალევა უნდა უბედურს; მოდი და დავარწყულოთ!

ბრძანა, წყლით სავსე კასრი მოეტანათ და ხელებშეკრული წმინდანი შიგ ჩაეხრჩოთ. როცა ეპარქის მსახურებმა კასრში ჩაგდება დაუპირეს, წმინდანმა ხმამაღლა თქვა:

- უფალო იესო ქრისტე, შენ დახსნი სიკვდილის და ჯოჯოხეთის საკვრელებს და შენი ღვთაებრივი ძალით საფლავებიდან მკვდრეთით აღადგენ! მოხედე შენს მხევალს და განხეთქენ ჩემი საკვრელნი! დაე ეს წყალი იქცეს ჩემთვის სასურველი წმინდა ნათლისღებად, რათა ვიშვე საუკუნო სიცოცხლეში, რათა გავიძარცვო ძველი კაცი და შევიმოსო ახალი და საქორწინო სამოსით შემოსილი შევიდე შენს პალატში!

ვიდრე მოწამე ლოცულობდა, მსახურებმა ის კასრში ჩააგდეს და ახრჩობდნენ. უეცრად მიწა იძრა და თოკები, რომლითაც მარინე იყო შეკრული, დაწყდა, ხოლო შეძრწუნებული მსახურები აქეთ-იქით მიმოიფანტნენ. წმინდანის თავზე არაამქვეყნიური ნათლის სხივები გამობრწყინდა და კვლავ გამოჩნდა თეთრი მტრედი, რომელსაც ნისკარტით ოქროს გვირგვინი ეჭირა. იგი წმინდანის თავზე ლივლივებდა, ნელა ეხებოდა მას და კვლავ მაღლა მიფრინავდა. ხალხში ბევრი ფარული ქრისტიანი იყო, რომლებიც გახდნენ ამ გამოცხა¬დების ხილვის ღირსნი. მარინე ღრმა წყალში იდგა, მაგრამ არ იძირებოდა, გალობდა, აკურთხებდა ყოვლადწმინდა სამების დიად სახელს: მამასა და ძესა და წმიდასა სულსა. უცებ წმინდანს თავზე ზეცამდე ასული ცეცხლოვანი სვეტი დაადგა. მის თავზე გამჭვირვალე, ბროლივით ჯვარი ბრწყინავდა, მტრედი აფრინდა და ამ ჯვარზე დაჯდა და ამ დროს ზეციდან მოისმა ხმა, რომელიც ყველამ გაიგონა:

-- მშვიდობა შენდა, მარინე! უფლის ხელიდან მიიღე უჭკნობი გვირგვინი და წმინდანებთან ერთად ცათა სასუფეველში განისვენე!

როცა ყველამ დაინახა წყლიდან ამოსული წმინდა მარინე, რომელსაც საშინელი დამწვრობებისაგან კვალიც არ დარჩენოდა და არამიწიერი სილამაზით გაბრწყინებული იდგა მრავალმა იქ მყოფმა, მამაკაცმა და დედაკაცმა იწამა ჭეშმარიტი ღმერთი, ხმამაღლა აღიარეს ქრისტიანად თავი და მზად იყვნენ, ქრისტესთვის სიკვდილი დაეთმინათ. ეპარქი გააფთრდა და ბრძანა, ამოეჟლიტათ ყველა, ვინც ქრისტეს აღიარებდა. მიუსია მახვილებით შეიარაღებული ჯარისკაცები და ისინი უმოწყალოდ ხოცავდნენ ყველა ქრისტიანს. ზოგი შეშინებული გაერიდა იქაურობას, ზოგიც უშიშრად ეძიებდა მახვილს და ქრისტესთვის სიკვდილს. იმ დღეს 15.000-მა წარმართმა სისხლით იღო ნათელი და მოწამეთა დასს შეუერთდა.

შემდეგ წმინდა მარინესაც მიუსაჯეს თავის მოკვეთა. სასჯელის წინ დიდმოწამემ ჯალათებს სთხოვა ცოტა ხანს მოეცადათ. ჯერ იქ შეკრებილ ხალხს უკანასკნელად უქადაგა ქრისტე, შემდეგ დაემხო და დიდხანს ლოცულობდა ყველასათვის, რათა შეემეცნათ ჭეშმარიტი ღმერთი. უცებ მიწა იძრა, ხალხი შეძრწუნდა. შეშინებული ჯალათი მიწაზე დაეცა. ამ დროს ზეციდან თვით უფალი იესო ქრისტე ჩამობრძანდა, ანგელოზებთან ერთად, და თავის სასძლოს, საუკუნო განსასვენებელში მოუხმო და ხელები გაუწოდა, რათა მიეღო მისი სული. წმინდანმა უზომოდ გაიხარა, გამოაფხიზლა ჯალათი და მოუწოდა ბრძანება სასწრაფოდ აესრულებინა - სიკვდილით დაესაჯა. მერე კი ქედი წარუპყრა მახვილს და მოჰკვეთეს მისი პატიოსანი თავი, სული კი უფალმა მიირქვა და შეიყვანა ზეციურ სასუფეველში. ჩვიდმეტ ივლისს დაასრულა მოწამებრივი ღვაწლი წმინდა მარინემ. მისი მარტვილობა კი იხილა და აღწერა მონა ღვთისა თეოტიმემ.

წმინდა მარინე III საუკუნის ბოლოს და IV საუკუნის დასაწყისში აღესრულა, წმინდა მარინეს უხრწნელი ნაწილები 908 წლამდე ანტიოქიაში ესვენა, ამის შემდეგ კი კონსტანტინოპოლში, პანტეპონტის (ქრისტე ყოვლისმხედველი) მონასტერში იმყოფებოდა, სანამ 1204 წელს ქალაქს ჯვაროსნები აიღებდნენ. შემდეგ დასავლეთში გადააბრძანეს და იტალიაში, მონტეფიასკოში (ტოსკანა) დაასვენეს. დასავლეთის ეკლესია წმინდა მარინეს წმინდა მარგარიტას სახელით მოიხსენიებს. ათონზე, ვათოპედის მონასტერში ინახება წმინდა მარინეს პატიოსანი მკლავი, მეორე მკლავი კი დაცულია ზუგდიდის ისტორიულ მუზეუმში, რომელსაც აკლია ცერა და საჩვენებელი თითის სახსარი. როგორც სხვადასხვა წყაროდან ირკვევა, წმინდა მარინეს მკლავი ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის კვართთან და სხვა სიწმინდეებთან ერთად მუზეუმში ხობის ღმრთისმშობლის მიძინების მონასტრიდან (XII ს.) გადაუტანიათ.

საქართველოში დიდად ჰყვარებიათ წმინდა დიდმოწამე მარინე და მის სახელზე მრავალი ეკლესია აუგიათ. წმინდა დიდმოწამე მარინეს სახელზეა ნაკურთხი გურიაში - ნაგომრის ეკლესია; ასევე მარაბდის უძველესი ეკლესია, ახალციხის - რაბათის ეკლესია (XX ს.) და მონასტერი; საფარის (ახალციხის რ-ნი); გარეჯის (XVI-XVII სს.); ქ. გურჯაანის წმინდა მარინეს საყდარი (ქალაქის სასაფლაო); გუდალეთის, ხოვლეს (კასპის რ-ნი); სურამის; ბიჯნისის, მცხეთიჯვრის, ბუღაურას, წრომის, ცოცხნარის, დიდი ხოვლეთის, ქვიშხეთის (ხაშურის რ-ნი); ბრეძის, აბისის, ატოცის ორი ეკლესია, რუისისა და აბანოს (ქარელის რ-ნი); ჭორვილის (საჩხერის რ-ნი); ყორნისის (ზნაურის რ-ნი); კულბითის, ქვემო დმენისისა და ბელოთის (ცხინვალის რ-ნი); სოფელ დიღმის წმ. მარინეს XIV ს-ის ეკლესია; კარბის, ხურვალეთის (გორის რ-ნი); "მარილის ეკლესია"; სეფის სამლოცველო, ოძისის, შარახევის (დუშეთის რ-ნი); თმოგვის (ასპინძის რ-ნი); ნულის (ზნაურის რ-ნი); მატანის, ბაბანეურის, ხევისჭალის (ახმეტის რ-ნი); დმანისის; ახალგორის; იკოთის, ზემო ბოლის, თოხთის, ქვემო ალევის (ახალგორის რ-ნი); წავკისის; ატოცის (მცხეთის რ-ნი); მუხლის (ამბროლაურის რ-ნი VIII ს.) ეკლესიები. კახეთში, გურჯაანის რაიონში, სოფელ ზეგაანის მახლობლად, ხშირ ტყეში მდებარეობს სამონასტრო კომპლექსი, რომელშიც შედის V ს-ის წმ. მარინეს ეკლესია. გურჯაანის რაიონის, სოფელ ვაჩნაძიანის წმ. მარინეს ეკლესიაში, კედელში ჩატანებული მოწამის ძვლები აღმოჩნდა, ფოტოკამერამ ზეაპყრობილი ხელი დააფიქსირა. წმ. მარინეს ძვლების ფრაგმენტები პირველად აღმოჩნდა 2013 წელს ვეჯინის ღვთაების ეკლესიაში (XIV-XV სს.) მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოების დროს. ჭიათურაში, სოფ. შუქუთში, ხელახლა ააშენეს წმ. მარინეს დანგრეული ეკლესია. თმოგვის ციხის შიგნით ხელოვნურად ამოყვანილ სუბსტრუქციაზე, მიუვალ კლდეზე დგას მეტად დაზიანებული წმ. მარინეს გუმბათიანი ეკლესია (1303 წ). ხაშურის წმ. მარინეს სახელობის დედათა მონასტერი; წავკისის წმინდა მარინეს სახელობის ეკლესია; ავლაბრის წმინდა მა¬რინეს ეკლესია და სხვა.

დასასრულს კი წმინდა მარინეს მიერ მოხდენილ სასწაულს მოგითხრობთ, რომელიც "საპატრიარქოს უწყებანში" დაიბეჭდა 2006 წლის #6-ში: ამ ორიოდე წლის წინ, კვიპროსელი ვასილიუსების ოჯახი მძიმე განსაცდელის წინაშე აღმოჩნდა. მათ ლეიკოზით დაავადებული მცირეწლოვანი ანდრიასათვის ზურგის ტვინის გადასანერგად დონორი ესაჭიროებოდათ. ინფორმაცია ტელევიზიით გადაიცა. დონორი გამოჩნდა და ოჯახი აშშ-ში გასამგზავრებლად მოემზადა, რადგან სწორედ იქ უნდა ჩატარებულიყო ურთულესი ოპერაცია. თუ როგორ ევედრებოდა უფალ იესო ქრისტეს შვილის გადარჩენას ვასილიუსის ოჯახი, სატელევიზიო სიუჟეტშიც ჩანდა. გამგზავრებამდე კი მათ წმინდა მარინეს სასწაულების შესახებ შეიტყვეს და გადაწყვიტეს, მისი სახელობის მონასტრიდან ლოცვა-კურთხევა აეღოთ. კუნძულ ანდროსის წმ. მარინეს სახელობის მონასტრის იღუმენს, არქიმანდრიტ კვიპრიანეს ტელეფონით ესაუბრნენ. არქიმანდრიტი შეჰპირდა, რომ მათთვის ილოცებდა და უსურვა, ოპერაციის დროს წმინდა მარინე ყოფილიყო მათი ბავშვის შემწე. მართლაც, მამა კვიპრიანეს ლოცვითა და წმინდა მარინესადმი უსაზღვრო რწმენით მშობლები პატარა ანდრიასთან ერთად აშშ-ში გაემგზავრნენ. წინასაოპერაციო გამოკვლევისა და მომზადების შემდეგ პატარა ანდრია საოპერაციოდ შეიყვანეს. ოპერაციის დაწყებამდე ქირურგთან ერთი ქალი მივიდა - პატარა პაციენტის პირადი ექიმი ვარ და ოპერაციაზე დასწრება მსურსო. საუბარში ქალმა ისეთი სამედიცინო ცოდნა გამოამჟღავნა, რომ ქირურგი არც დაეჭვებულა, თუმცა აუხსნა, - ასეთ რთულ ოპერაციაზე უცხო ექიმის დასწრება დაუშვებელია და ჩვენი საოპერაციო ბრიგადის პრაქტიკაში მსგავსი რამ არც მომხდარაო. ქალის დაჟინებულ თხოვნას ქირურგი დაჰყვა. ოპერაციაზე შესვლამდე მან ქალი მდივანთან გაგზავნა, სადაც თავისი მონაცემები უნდა ჩაეწერა. უცნობი არა მარტო დაესწრო, არამედ ენერგიულად ჩაერთო პატარა ანდრიას ოპერაციის მსვლელობაში და მას რამდენჯერმე ძალზე მნიშვნელოვანი მიმართულება მისცა. ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ქირურგმა ექიმს მადლობა გადაუხადა და საოპერაციოდან გამოვიდა. პატარა ანდრიას მშობლებმა როგორც კი ქირურგი დაინახეს, ოპერაციის შედეგის გასაგებად მიეჭრნენ. "ყველაფერმა ძალზე კარგად ჩაიარა, - უთხრა მათ ქირურგმა და დაამატა: - თუმცა, ვერ გამიგია, რატომ მომმართეთ მე, თუკი ბავშვისათვის ასეთი ექიმი გყავდათ?" გაოცებულმა მშობლებმა უთხრეს, - ექიმი არ ჩამოგვყოლია, ასეთ ვინმეს არც კი ვიცნობთო. ქირურგმა ურჩია, - ცოტაც მოითმინეთ, ვიდრე უცნობი ექიმი სხვებთან ერთად საოპერაციოდან გამოვაო... ამაოდ უცდიდნენ და ამაოდ ეძებდნენ ყველგან უცნობ ექიმ ქალს - იგი გაუჩინარდა. პატარა ანდრიას მშობლებმა ივარაუდეს, - ალბათ რომელიმე ექიმი თანადგომისათვის, ოპერაციაზე დასასწრებად საბერძნეთიდან ან კვიპროსიდან ჩამოვიდაო. მდივანთან მივიდნენ, რათა უცნობის მისამართი მაინც გაეგოთ და მადლობა მოგვიანებით გადაეხადათ. ყველასათვის გასაოცრად, უცნობ ექიმ ქალს ჟურნალში ჩაეწერა თავისი სახელი - მარინე ანდროსელი. მშობლები თვალებს არ უჯერებდნენ, კარგა ხანს გაოგნებულები იდგნენ. თვალები სიხარულისა და წმინდა მარინესადმი მადლიერების ცრემლებით აევსოთ. მაშინ გაიხსენეს მონასტრის იღუმენის სიტყვები: "წადით ამერიკაში, დაე, წმინდა მარინე გყავდეთ შემწედ საოპერაციოში".

უსაზღვრო სიხარულითა და მადლიერებით აუწყა ვასილიუსთა ოჯახმა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს პატარა ანდრიას გამოჯანმრთელებისა და ნამდვილი სასწაულის შესახებ. ამ ამბის შემდეგ ოჯახმა აღთქმა დადო, რომ კუნძულ ანდროსზე, წმინდა მარინეს მონასტერში, ყოველწლიურად დასწრებოდნენ ამ სასწაულმოქმედი დიდმოწამის დღესასწაულს. ღვთის მადლით, მართლმადიდებელ ეკლესიაში ყოველთვის მრავლად აღესრულება წმინდანთა სასწაულები, რომელთა მეშვეობით, ყოვლადმოწყალე უფალი იესო ქრისტე, თითოეული ჩვენგანის რწმენაში განმტკიცებას ცდილობს.

ტროპარი

ტარიგი შენი, იესუ, მარინე ხმობდა ხმითა მაღლითა, შენდა მსურის, სიძეო ჩემო, და შენითა ძიებითა დავსთხევ სისხლთა ჩემთა, და თანა ჯვარს ვეცმი, და თანა დავეფლვი შენდა ნათლისღებითა და მელმის შენთვის, რათა ვსუფევდე შენთანა და მოვსწყდები სახელისა შენისათვის, რათა ვიდიდოცა შენ თანა, არამედ ვითარცა მსხვერპლი უბიწო მიმითვალე, რომელი სურვილით მოვივლტი შენდა, მისითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნენ სულნი ჩუენნი.

სხვა ტროპარი

ბრწყინვალედ განაშუენე ლამპარი შენი სისხლითა ზეთითა ბრძენთა მათთანა ქალწულთა, სიძისა მომლოდნელთა, ქალწულთა შორის დიდებულო მოწამეო მარინე, მეოხ-გვეყავ ჩუენ.

კონდაკი

ქალწულებისა სიკეთითა განშვენებულმან, ქალწულო, და წამებისა ღვაწლითა გვირგვინოსანმან, მარინე, სისხლითა ღვაწლთათა სხურებულმან, და კურნებათა საკვირველებითა განბრწყინვებულმან, კეთილ-მსახურებით მიითვალენ, მოწამეო, ძლევისა ნიჭნი ღვაწლთა შენისათანი.
.........................................

აქვე წაიკითხეთ:

წამება და ღვაწლი წმიდისა დიდისა მოწამისა მარინესი

წმიდა დიდმოწამე მარინე (IV)

წმინდა მარინემ ბერძნების ოჯახს ბავშვი გადაურჩინა

შეგვეწიოს წმინდა დიდმოწამე მარინეს მადლი

"მე რაღად მომმართეთ, თუ შვილისთვის ასეთი ექიმი გყავდათ?!"

30 ივლისს წმინდა მარინეს ხსენებაა - შეგვეწიოს წმინდა მარინეს მადლი!








ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
15.11.2024
უწყვეტი ტრადიცია: წმინდა მოწამე ვინიფრედა უელსელი და მისი წმინდა წყარო ჰოლიუელში.

19.10.2024
წმინდა ნეკტანი, რომლის ერთადერთი გადარჩენილი ცხოვრება თარიღდება მე-12 საუკუნით, დაიბადა მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში უელსში.
13.10.2024
თებეს (ან თებაიდის) ლეგიონი რომის არმიის, კაპიტან მავრიკიუსის მეთაურობით, შედგებოდა ქრისტიანებისგან.
12.10.2024
წმინდა რიფსიმეს (რიფსიმია; ბერძნულად: Ριψιμία, Ριψίμη; სომხურად: Հռիփսիմէ) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
22.09.2024
წმინდა ლამბროსი იწამა მაკრიში, ევროსის ოლქში, 1835 წლის 2 ივლისს.
22.09.2024
ანგელისი და მანუელი იყვნენ ღვიძლი ძმები, იოანე რეცეპის ვაჟები. გიორგი იყო კონსტანტინე რეცეპის ვაჟი. ნიკოლოზი იყო სხვა იოანე რეცეპის ვაჟი.
22.09.2024
დაიბადა ატალიის (ამჟამად ანტალია, თურქეთი) მიდამოებში მდიდარ და ღვთისმოსავ ქრისტიანულ ოჯახში.
22.09.2024
ძმები სტამატი და იოანე, ასევე მათი მეგობარი ნიკოლოზი წარმოშობით იყვნენ ბერძნული კუნძულ სპეცედან. სტამატისა და იოანეს მშობლები იყვნენ ანეზო და თეოდორე გინისი.
21.09.2024
წმინდა ღირსმოწამე ქრისტეფორე, ერისკაცობაში ქრისტოდულე, წარმოშობით ადრიანოპოლიდან იყო, დაიბადა 1795 წელს.
21.09.2024
წმინდა მოწამე აკაკი, ერისკაცული სახელით ათანასიოსი, წარმოშობით იყო ნეოხორიდან, დღევანდელი ასვესტოხორი თესალონიკის მახლობლად, და დაიბადა 1792 წელს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat