ხსენების დღე 10 ივლისი (ალბ., ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია), 11 ივლისი (ბერძ., ბულგ., სერბ., ჩეხოსლოვ., მაკედ., ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია საზღვარგარეთ);
ასევე იხსენიება ახალი მოწამეების კრებულში, კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ წამებულთა, ათონის ღირსთა და ბულგარეთის წმინდანთა კრებულებში.
დაიბადა XVII საუკუნეში სოფელში კორიცის მახლობლად, ჩრდილოეთ ეპირში (ამჟამად ქალაქი კორჩა, ალბანეთი), ოსმალეთის იმპერიაში. წარმოშობით იყო ღვთისმოსავი მართლმადიდებელი ოჯახიდან.
მსახურობდა მკერავად ქალაქ ბერატში. როდესაც მისი მესამე ცოლი გარდაიცვალა, მან ერთ-ერთ თურქს სთხოვა ნებართვა, რომ მეოთხედ დაქორწინებულიყო მის ახალგაზრდა მსახურ ქრისტიან ქალზე. თურქმა პირობად დაუდო, რომ ნიკოდიმს ისლამი მიეღო. და მანაც, ვნების დაბრმავებულმა, საჯაროდ უარყო მამაპაპური რწმენა და აიძულა ცოლი და შვილები, რომლებიც ამ ქორწინებაში დაიბადნენ, მის მაგალითს მიჰყოლოდნენ. მხოლოდ ერთი მისი ვაჟი გახდა გამონაკლისი - ქრისტიანებმა მოახერხეს მისი საიდუმლოდ გადაყვანა ათონზე. თუმცა ნიკოდიმოსმა როგორღაც შეიტყო ეს ამბავი და ათონზე გაემგზავრა, რათა შვილი მოეძებნა და შური ეძია მთაწმინდელებზე.
მაგრამ კაცთმოყვარე ღმერთმა, რომელსაც ყველას მოქცევა სურს, ნიკოდიმოსის ბედი სხვანაირად განაგო. შვილის ისლამზე მოქცევის ნაცლად ნიკოდიმოსი დიდ სინანულში ჩავარდა და დაუბრუნდა ქრისტეს. ათონის მთაზე ნანახმა შეძრა ქრისტესგან განდგომილის სული. მყუდროებამ, წმინდა მამათა მარხვა-ლოცვამ განაცვიფრა იგი: გაიხსენა ის დრო, როცა ქრისტიანი იყო. მწარედ ატირდა თავის მდგომარეობაზე. სინანულით მიმართა ღმერთს და შენდობა სთხოვა. მან ათონი აღარ დატოვა. წმინდა ანას სკიტში დღესაც გაჩვენებენ წმინდა ღირსმოწამე ნიკოდიმოსის მღვიმეს. ამბობენ, რომ მასში მოსაგრეობდა ღირსმოწამე ნიკოდიმოსი. იგი ამაღლების კალივაში აღკვეცეს მონაზვნად და იქ სამი წლის მანძილზე, მკაცრი მარხვით და ჭეშმარიტი სინანულით ყოველდღიურად დაიტირებდა საკუთარი განდგომილების ცოდვას. იგი თითქმის ყოველდღე მოდიოდა ამ მღვიმეში, მარხვით, ლოცვით და ცრემლთა დენით მოაუძლურებდა თავის სხეულს. ბოლოს ზოგიერთი მამებისგან ასეთი რამ გაიგონა: ვინც ქრისტეზე უარი თქვა კაცთა წინაშე, მათთვის ძალზე სასარგებლოა, რომ ისევ მათ წინაშე აღიაროს თავისი რწმენა და მანაც გადაწყვიტა მოწამებრივი სიკვდილით გამოესყიდა თავისი ცოდვა. ერთხელ ღამით მას ყოვლადწმინდა ღვთოსმშობელი გამოეცხადა, მას ხელთ ბროლის ჭურჭელი ეპყრა. უფლის დედამ უთხრა, რომ ცოდვები შეენდო, ამასთან ახალი ბრძოლისკენ მოუწოდა, რათა მოწამის მადლის მიღების ღირსი შექნილიყო. და ვიდრე უჩინო შეიქნებოდა, ბროლის ჭურჭლიდან ნიკოდიმოსს მწარე სასმელი შეასვა.
სულიერმა მოძღვარმა დაუდასტურა ხილვის ჭეშმარიტება და აკურთხა მოწამებრივ ღვაწლზე. მაგრამ, ნიკოდიმოსს ათონის დატოვება ღირსი აკაკი კავსოკალიველის უნახავად არ უნდოდა. წმინდა აკაკის სიტყვას დიდად აფასებდნენ იმდროინდელ ათონზე. ნიკოდიმოსი დაემხო ღირსი მამის ფერხთით, დიდხანს ტიროდა და სთხოვდა მისთვის ელოცა და ასევე ღვთის ნება გაემჟღავნებინა - რა ექნა თავისი სულისთვის, რომელსაც მოწამებრივი სიკვდილი ეწადა. ღირსმა მამამ ნიკოდიმოსი წამოაყენა და სახელით მიმართა, თუმცა ადრე არასოდეს ენახა. შემდეგ კი ლოცვა დაიწყო. იქ მყოფმა მონაზვნებმა დაინახეს თუ როგორ გადმოვიდა ზეციური სინათლე წმინდა აკაკიზე და სახე ხელთუქმნელი ნათლით გაუბრწყინდა. შემდეგ შემობრუნდა და ნიკოდიმოსს ჩუმად ყურში რაღაც უჩურჩულა. მაგრამ ნიკოდიმოსი მაინც რომ არ დაცხრა და ტირილს განაგრძობდა, ღირსმა აკაკიმ მას ბერდიდის კვერთხი გადასცა და უთხრა:
- წარვედ მშვიდობით, ღმერთი შეგეწიოს: ღვაწლს აღასრულებ და შენთვის მოწამის გვირგვინი უკვე იწნება ზეცაში.
ამგვარად, ღირსი მამისგან კურთხევამიღებული ნიკოდიმოსი გზას გაუდგა, მარხვისგან დაუძლურებული ძლივს მიდიოდა. წასვლის წინ მღვიმეში უფალი გამოეცხადა, გააძლიერა და უჩვენა სატანჯველნი, რომელშიც აგარიანნი შთაიყრებიან. უჩვენა ის განსაცდელები, რომელიც ნიკოდიმოსს ქრისტესთვის უნდა დაეთმინა. უჩვენა ის ადგილიც, სადაც მას თავს მოჰკვეთდნენ. უფლისგან ნუგეშინისცემულმა ნიკოდიმოსმა ათონის მთა დატოვა და სამშობლოში, ალბანეთში ჩავიდა. და იქ თავისი ნაცნობი თურქების წინაშე ხმამაღლა აღიარა ქრისტე ჭეშმარიტ ღმერთად, ხოლო მაჰმადს ცრუ და მატყუარა უწოდა. თურქებმა ის ფაშას წარუდგინეს. აქ წმინდა ნიკოდიმოსმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა თავისი სარწმუნოება და დაამცირა ისლამი. გამძვინვარებულმა ფაშამ ბრძანა გიაური თავის სახლის მაღალ ტერასებზე დაეგორებინათ. იმედი ჰქონდა, რომ ცოცხალი არ დარჩებოდა. პირიქით კი მოხდა,წმინდა ნიკოდიმოსს არაფერი ევნო და კვლავ ფაშას წინაშე წარდგა. ფაშა ათრთოლდა, არ მოელოდა ამას. მერე გამძვინვარებულ ბრბოს გადასცა, რომელსაც წმინდა ნიკოდიმოსის სიკვდილი სწყუროდა. მათ წმინდა ნიკოდიმოსი სამი დღე აშიმშილეს და სხვადასხვანაირად აწამეს, ბოლოს კი როცა მიხვდნენ, რომ ვერ მოდრეკდნენ, თავი მოჰკვეთეს. წმინდა ნიკოდიმოსი 1722 წლის 11 ივლისს ეწამა.
ქრისტიანებმა შეძლეს წმინდანის ნეშტის მოპოვება და მისი დაკრძალვა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძარში. წმინდა ნაწილები მალევე განდიდდა სასწაულებით და წმინდა ნიკოდიმის თაყვანისცემა სწრაფად გავრცელდა.
წმინდანის საგალობელი ("᾿Αχολουθία τοῦ ῾αγίον ὁσιομάρτυρος Νικοδήμου, τοῦ μαρτυρήσαντος ἐν τῆ πόλει Βελαγράδων") შეადგინა მღვდელმონაზონმა გრიგოლმა (კონსტანტინიდისმა), მოსხოპოლეს (ამჟამად ვოსკოპოია) სტამბის მმართველმა, და გამოიცა 1742 წელს ამ ქალაქში. შესწორებული საგალობელი ხელახლა გამოქვეყნდა ვენეციაში 1781 წელს.
ღირსმა პაისი ხილანდარელმა თავის "*სლავურ-ბულგარულ ისტორიაში*" ჩართო წმინდა ნიკოდიმი, - რომელსაც უწოდა "ოხრიდის მხარის მირონმდინარე", - ბულგარელ წმინდანთა რიცხვში და გვაუწყა მისი წმინდა ნაწილების ბერატში გადატანის შესახებ. წმინდანის ნაწილების დასვენება ბერატის ღვთისმშობლის ტაძარში მანგალემში მიეკუთვნება 1762 წელს.
წმინდა ნიკოდიმის "წამების" ორი რედაქცია, რომლებიც ცნობილია XXI საუკუნის დასაწყისისთვის, მიეკუთვნება XVIII საუკუნეს: ერთი შედის ათონის წმინდა ანას სკიტის ხელნაწერში № 398, მეორე კი - ხელნაწერშიAth. Vatop. 758. უკანასკნელი გახდა საფუძველი ცხოვრებისა, რომელიც გამოაქვეყნა წმინდა ნიკოდიმ ათონელმა "ახალ მარტიროლოგში" 1799 წელს.
1939-1943 წლების იტალიური ოკუპაციის პერიოდში ღვთისმშობლის ტაძარი მანგალემში დაინგრა, რის გამოც წმინდანის ნაწილები გადატანილ იქნა წმინდა მიქაელის ტაძარში. კომუნისტების მიერ 1967 წელს ეკლესიების დახურვის შემდეგ წმინდა ნაწილები მორწმუნეთა ხელში გაიფანტა. კერძოდ, წმინდანის პატიოსანი თავი საიდუმლოდ შეინახა მგალობელმა ილია კოჩიმ. 1991 წლის 10 ივლისს ილიას ვაჟმა, ლაზარე კოჩიმ, ამოიღო სიწმინდე საიდუმლო ადგილიდან და გახსნა თაყვანისსაცემად. მას შემდეგ ყოველწლიურად ამ დღეს პატიოსანი თავი გამოიფინება წმინდა მიქაელის ტაძარში, რის შემდეგაც ბრუნდება შესანახად ლაზარე კოჩის სახლში.
წმინდანის წმინდა ნაწილების ნაწილი ასევე ინახება წმინდა ანას სკიტში ათონზე. წმინდანის თაყვანისცემა განსაკუთრებით გავრცელებულია ალბანეთის, ბულგარეთისა და საბერძნეთის მართლმადიდებელ ეკლესიებში. სოფელ ვიტკუჩში კორჩის მახლობლად აღმართულია ტაძარი წმინდანის სახელზე.
ხატის წყარო
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი