წმინდა იაკინთე X-XI საუკუნეთა მიჯნაზე ცხოვრობდა და წარმოშობით კესარიის კაპადოკიიდან იყო.
თვრამეტი წლისამ იმპერატორ ტრაიანეს (96-116 წლები) კარზე იწყო სამსახური.
ერთხელ, დიდი ნადიმისას, ხელმწიფემ "ღმერთთა" პატივად და მათთვის მორიგი მსხვერპლის შესაწირად რომ გამართა, იაკინთე ფარულად განმარტოვდა სალოცავად, რაც ერთ-ერთ მსახურს არ გამორჩენია და მყისვე დაასმინა.
ამ ამბავმა ისე განარისხა ტრაიანე, ნადიმის დასრულებას აღარ დაელოდა, მაშინვე ინება იაკინთეს შეპყრობა და კერპთათვის მსხვერპლის შეწირვა უბრძანა.
ყმაწვილმა წმინდა ჯვარი გამოისახა და იქით მოუწოდა ტრაიანეს, ჭეშმარიტი შემოქმედი მიეღო.
მთლად გაშლეგებულმა უსჯულომ ბრძანა, მისთვის ამ კადნიერი სიტყვების წარმომთქმელი ბაგეები დაეთეთქვათ, შემდეგ უმოწყალოდ ჩააწიხლვინა, პირი გააღებინა, რომ ნამსხვერპლი საკვები ძალით ჩაეყლაპინებინა, მაგრამ ამაოდ.
მაშინ მთლად ცოფქმნილმა იმპერატორმა ნადიმი დატოვა და ბრძანა, იაკინთე დილეგში გამოემწყვდიათ და ფეხები მძიმე ჯაჭვებით შეებორკათ.
მომდევნო დღეს ამფითეატრში, სამსჯავროზე, იაკინთემ ტრაიანეს განუცხადა:
- არანაირი მიწიერი არ აღემატება ჩემს უფალს და ეგ თქვენი მუქარა და სატანჯველიც არ მაშინებსო!
ჯალათებმა ისე უმოწყალოდ გვემეს, სიქა გასძვრათ, შემდეგ კი მუხის ხეზე დაკიდეს და ნეკნებიდან ტყავის აძრობა უწყეს.
იაკინთე კი ამას ეტყოდა იმპერატორს:
- ჰოი, ტრაიანე, თავადაც არ უწყი, თუ რამხელა სიკეთეს იქმ ჩემთვის! რაც მეტად დამტანჯავ, მით გაძლიერდება ჩემი რწმენა!
ნეტარი 7 საათს ტანჯეს, შემდეგ კი - კვლავ დილეგს უკრეს თავი.
იმპერატორმა ბრძანა, იაკინთესთვის არც საზრდელი მიეტანათ, არც - წყალი, ოდენ - ნამსხვერპლი ხორცი, მაგრამ მარტვილი ზიზღით უკუაგდებდა და ძალას ოდენ ლოცვით იკრებდა.
ოცდამეთვრამეტე დღეს დაცვის უფროსმა, ტყვედქმნილს ყოველდღე რომ უზიდავდა ნაკერპავ ხორცს, იაკინთეს დილეგიდან გამომავალი ნათელი იხილა, მოწამეს სახე არამიწიერად უბრწყინავდა, გვერდით კი ორი ანგელოზი ამოსდგომოდა.
შიშით თავზარდაცემულს საზრდელი ხელიდან გაუვარდა და ყოველივე მაშინვე ამცნო იმპერატორს, რომელმაც ჩათვალა, რომ ყოველივე ოდენ ჰალუცინაცია იყო და იაკინთე ახალ საწამებელს მისცა.
მეორმოცე დღეს, როდესაც იაკინთეს ციხის მცველებმა იმპერატორთან წარსადგენად მიაკითხეს, მარტვილი გარდაცვლილი დახვდათ, მის გარშემო კი ანგელოზნი შემოკრებილიყვნენ, ხელში ანთებული სანთლებით...
ტირანმა ბრძანა, მოწამის სხეული გარეულ მხეცთათვის მიეგდოთ საჯიჯგნად.
ღვთის ანგელოზმა იაკინთეს ნათესავი, მღვდელი ტიმოთე იმ ადგილას მიიყვანა, სადაც მოწამის წმინდა ნაწილები განისვენებდნენ და პატივით მიაბარა მიწას, გარდაცვალებამდე კი ეს სიწმინდე ერთ კეთილმორწმუნე ქვრივს მიაბარა.
მრავალი წლის შემდგომ ნეტარი იაკინთე ადგილობრივ სენატორს გამოეცხადა, მცირე ხნის წინ თვალისჩინი რომ დაეკარგა, განკურნა, აუწყა, თუ სად ინახავდა ღვთისმოყვარე ქვრივი მის წმინდა ნაწილებს და მათი სამშობლოში დაბრუნება ინება.
თუმცა, განკურნების შემდგომ სენატორს დაპირება მიავიწყდა, რის გამოც კვლავ დააკლდა თვალს.
ნეტარმა კვლავ აღუხილა თვალნი, რის შემდგომაც სენატორმა პირობა შეასრულა და წმინდა იაკინთეს ნაწილნი კესარიას გადააბრძანა.
ხატის წყარო
კონდაკი
ხედ ცხორებად სულსა შორის თვისსა სარწმუნოებაი შენი მოიგო, ქრისტე, მოწამემან შენმან და ხე გველისა საცთურისა წარსწყმინდა კადნიერებითა სულისათა, ამისთვისცა გვირგვინოსან-ჰყავ დიდებითა შენითა, მრავალმოწყალე.
* * *
ხსენება ღირსისა ანატოლისა (ბისტროვი), არხანგელსკის მთავარეპისკოპოსისა (+1931)
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი