უღმერთო მაქსიმიანე გალერუსის (305-311 წლები) ჟამინდელი დევნისას, ეგვიპტის მმართველმა, ამპლიანემ საიმპერატორო დეკრეტის განსაკუთრებული სისასტიკით აღსრულება იწყო.
მაშინ ოცდათექვსმეტი ქრისტეს მხნე მხედარი თავად წარდგა უსჯულო მსაჯულთა წინაშე.
დაკითხვისას, კარგად უწყოდნენ, თუ რა ელოდათ, ამპლიანეს ოცდათექვსმეტივემ განუცხადა: - ქრისტეს ვესავთ და ამქვეყნად ვერა ძალა ვერ განგვაშორებს მასო!
ნეტარ მარტვილთ რკინის კავებით ჰგლეჯდნენ ხორცს, თუმცა, ამით მათი რწმენა ოდენ ახალი ძალით შეიმოსა.
მაშინ ამპლიანემ, მიხვდა რა, თავად ვერას გახდებოდა, ახალი და უარესი სასჯელისთვის მოწამენი თესალონიკს, თვით იმპერატორს წარუდგინა, რომელმაც მართლაც არ დაიშურა ძალა და საზარლად ტანჯა ისინი, ყველაზე დაუძლურებულთ - სიკვდილი განუჩინა, ხოლო იმათ, ვისაც ჯერ კიდევ შერჩენოდა ფეხზე დგომის ძალა, ახალ და ახალ სატანჯველს უმზადებდა.
მათგან ოცდათორმეტს თავი წარკვეთეს, პავლე, ბილონი, თეონი და ირონი კი ბნელ ჯურღმულს გამოკეტეს.
მომდევნო დღეს ოთხივე იმპერატორის წინაშე წარდგნენ, სადაც პავლემ ოთხივეს სახელით მტკიცედ იუარა საიმპერატორო, უგნური დეკრეტის აღსრულება.
მაქსიმიანემ მათი დაყოლიება ჯერ სიტყვით და საშინელ სატანჯველთა შეხსენებით სცადა, მაგრამ რა დარწმუნდა, ვერას გახდებოდა, ოთხივეს მუხის ხეზე დაკიდება და გატყავება, ფეხებს შუა კი - კოცონის შეგზნება ბრძანა.
წმინდა მამანი უხმოდ დაითმენდნენ საშინელ ტანჯვას და უფალს შესთხოვდნენ შემწეობას და აჰა, თავად უფალი ეჩვენათ და განამხნევათ!
- ნუ გეშინით, რამეთუ მე თქვენთანა ვარ!
ჯალათთ მაშინვე მოუმდოვრდათ ხელნი, კოცონი კი ჩაქრა...
იმპერატორმა იფიქრა, - ყოველივე რაღაც ჯადოსნობით აღსრულდაო და მარტვილნი ახლა გარეულ მხეცთ მიუგდო, მათმა სიწმინდემ მშიერ ნადირთა მძვინვარებაც დაამდოვრა.
მაშინ ხალხმა იხუვლა:
- ჭეშმარიტად დიდ არს ქრისტიანთა ღმერთი!
გაშლეგებულმა მაქსიმიანემ მათზე შური იძია, ათასობით ახალი აღმსარებელი გამოასალმა სიცოცხლეს, მათი გვამები კი ნადირთ მიუგდო, თუმცა, არც მათ მიჰკარებიან პირუტყვნი.
მაშინ ტირანმა მხეცნიც მოაკვდინა, ხოლო სასჯელის აღსრულების ადგილისკენ მავალ პავლეს, ბილონს, თეონს და ირონს ზეცით ხმა ესმათ:
- ისმინა უფალმა თქვენი, სასუფევლის კარი ღიაა თქვენ თვის, ხოლო ისინი, ვინაც ლოცვისას მოგიხმობთ, კურნებას მიიღებს!
ასე შეჰვედრა უფალს სული მოწამეებმა, ერთმა ქრისტიანმა, სახელად - სპანიოსმა, ნეტართა სხეულების გამოსასყიდად დიდძალი თანხა გაიღო, გააპატიოსნა და საიდუმლოდ დამარხა.
რამდენიმე წლის შემდეგ წმინდა ნაწილნი სამშობლოში, ქალაქ ტანისში გადააბრძანა, სადაც მათი მეოხებით უამრავი სასწაული აღსრულდა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი