წმინდა მოწამე იუსტინე სირიაში, სამარიის მახლობლად, ქალაქ სიქემში იშვა. მამამისი, ფრისკი, ცნობილი წარმართი გახლდათ. იუსტინეც წარმართი იყო, სანამ მოინათლებოდა.
ჭეშმარიტების დიდი მოყვარული ჭაბუკობიდანვე ბევრს კითხულობდა. გონიერების წყალობით წარმატებით სწავლობდა ბერძნულ წარმართულ სკოლაში. რიტორიკაში დიდად დახელოვნებულმა, ფილოსოფიის შესწავლა გადაწყვიტა და ერთი ფილოსოფოსის მოსწავლე გახდა. მას დიდი სურვილი ჰქონდა, გარკვეულიყო ღმერთის არსებობაში, თუმცა, მასწავლებლისგან ვერაფერი გაიგო ღმერთის შესახებ და სხვა პედაგოგი მოძებნა, რომელიც არისტოტელეს მიმდევრად ითვლებოდა და ხალხი ბრძენს უწოდებდა.
მცირე ხანში პედაგოგმა იუსტინეს სწავლის საფასური მოსთხოვა. მასწავლებლის ვერცხლმოყვარეობა რომ იხილა, მის მიმართ ყოველგვარი პატივისცემა დაკარგა, ჩათვალა, რომ ფილოსოფოსად წოდების ღირსიც კი არ იყო და ახლა სხვა ფილოსოფოსს დაემოწაფა.
ფილოსოფოსი პითაგორას სწავლებით ხელმძღვანელობდა. მან იუსტინეს ურჩია, თავდაპირველად ასტრონომია, გეომეტრია, არითმეტიკა, მუსიკა და სხვა მეცნიერებანი შეესწავლა, რაც, მისი აზრით, აუცილებელი იყო მიწიერი ცხოვრებისთვის. მაგრამ იუსტინემ იფიქრა, რომ ამისთვის მრავალი წელი დასჭირდებოდა, რაც მის სულს არ წაადგე¬ბოდა და მისგანაც წავიდა.
ხანი გამოხდა და პლატონის მიმდევარს დაემოწაფა, რომლის სწავლებაც იმ ხანებში დიდად ფასობდა. მასთან საკმაო ხანს სწავლობდა პლატონის დოგმებსა და წესებს. სრულყოფილებასა და დიდებასაც კი მიაღწია ელინი ფილოსოფოსის მსგავსად. თუმცა, ქრისტიანული მრწამსის მიხედვით, ღვთის შემეცნებისგან ჯერ შორს იყო, რადგან ბერძენი ფილოსოფოსები ღმერთს ადამიანების, ფრინველების, ოთხფეხა ცხოველებისა და ქვეწარმავლების სახით მოიაზრებდნენ და, შესაბამისად, მათი შეხედულებებიც მცდარი იყო.
მიუხედავად ამისა, იუსტინე ერთგვარ სულიერ ნუგეშს პოულობდა და ღვთის შემეცნებას სწავლობდა.
ერთხელ, ქალაქგარეთ, ზღვის პირას სეირნობისას, გონებაში სხვადასხვა ფილოსოფიურ სწავლებებს რომ აანალიზებდა, ერთ მოხუცებულს მოჰკრა თვალი. უცნობმა მისი დაკვირვებული მზერა შეამჩნია და ჰკითხა:
- ასე ყურადღებით რომ მიცქერ, განა მიცნობ?
- არ გიცნობ, - უპასუხა იუსტინემ, - მაგრამ მიკვირს, ამ უდაბურ ადგილას რომ გხედავ!
- ჩემი ახლობლები იმ მხარეს წავიდნენ და მათ დაბრუნებას ველი. შენ რასა იქმ? - დაინტერესდა მოხუცი.
- მიყვარს მარტო სეირნობა და ფილოსოფიაზე ფიქრი.
- რა სარგებელია მაგ ფილოსოფიაში? - დაეკითხა უცნობი.
იუსტინემ უპასუხა:
- ფილოსოფია გონებას ავითარებს და კარგი მეგზურია. ვინც ფილოსოფიაში კარგად ერკვევა, როგორც სარკეში, ისე ჭვრეტს სხვების შეცდომებს. ფილოსოფიური სწავლებისა და გონების სწორი მართვის გარეშე არ არსებობს სიბრძნე. ამიტომ თითოეულმა ადამიანმა უნდა შეისწავლოს ფილოსოფია, რათა იცოდეს, რა არის სასარგებლო და რას მოაქვს ზიანი, რა უნდა მივიღოთ და რაზე ვთქვათ უარი.
- მოაქვს კი ფილოსოფიას ადამიანისთვის ბედნიერება? - იკითხა მოხუცმა.
- რა თქმა უნდა,
- მაშ, მიპასუხე, რა არის ფილოსოფია და რაგვარი ბედნიერების მოტანა ძალუძს?
- ფილოსოფია, - უპასუხა იუსტინემ, - ჭეშმარიტების შემეცნებაა. სიბრძნისა და აზროვნების შემეცნება კი - ის ბედნიერებაა, რაც ფილოსოფიას მოაქვს.
- თუკი ჭეშმარიტების შემეცნება ფილოსოფიური აზროვნებით არის შესაძლებელი, ღმერთზე რაღას იტყვი? - კვლავ დაეკითხა მოხუცი.
- არსება, რომელიც მარად უცვლელია, ყოველთვის ერთსა და იმავე მდგომარეობაში იმყოფება, ყოველგვარი ყოფიერების საწყისია, - აი, ასე ვფიქრობ ღმერთზე.
მოხუცს მოეწონა მისი პასუხი და ჰკითხა:
- ერთი და იგივე არის თუ არა: შეიმეცნო ღმერთი ან შეიმეცნო მუსიკა, არითმეტიკა, ასტრონომია, ან სხვა რამე?
- სრულიად არა. ერთია ღმერთის შემეცნება და მეორე - რაიმე ხელოვნების დაუფლება.
- კარგად მპასუხობ, - უთხრა მოხუცმა, - გარკვეულ ცოდნას ვიღებთ მოსმენით, შესწავლით ან საკუთარი თვალით დანახვის შედეგად. თუ, მაგალითად, ვინმე გეტყვის, რომ ინდოეთში ასეთი და ასეთი მხეცი ბინადრობს, რომელიც არც ერთ სხვა ცხოველს არ ჰგავს, საკუთარი თვალით არ გინახავს და არ შეგეძლო მასზე გცოდნოდა, მის შესახებ რომ არ ეთქვათ და ვერც სხვას უამბობდი შემდგომში. ახლა კი გეკითხები: თქვენს ელინელ ფილოსოფოსებს შეუძლიათ ღმერთის სწორად შემეცნება თუკი არასოდეს უნახავთ იგი, არც სმენიათ მის შესახებ და შესაბამისად არც არანაირი შემეცნება არა აქვთ მასზე?
იუსტინემ უპასუხა:
- მოხუცო, ღმერთის ძალა თვალისგან უხილავია, მხოლოდ გონებით არის შესაძლებელი ჩასწვდე ღმერთის არსებობას, ასე ამბობს პლატონი, რომლის მიმდევარიც ვარ.
მოხუცმა ჰკითხა:
- გონებას იმის შესაძლებლობა თუ აქვს, შეიმეცნოს უხილავი იმაზე სწრაფად, ვიდრე რომელიმე გრძნობით აღვიქვამთ რაიმე ნივთს?
იუსტინემ უპასუხა:
- ნამდვილად არის ასეთი შესაძლებლობა. პლატონი ამას გონების თვალს უწოდებს, რომელიც, მისი სწავლებით, ადამიანს იმისთვის მიეცემა, რომ შეიმეცნოს ღვთიური ჭეშმარიტება. ჭეშმარიტებას არა აქვს გარკვეული სახე, ასაკი ან რაიმე თვალით ხილული თვისება. ჭეშმარიტება ეს არის უხილავი, ამოუცნობი, სილამაზისა და სიკეთის ერთობლიობა. ეს არის ყველა არსებაზე მაღლა მდგომი. მხოლოდ კეთილშობილ სულში იბადება ჭეშმარიტების შეცნობის სურვილი.
მოხუცი სიამოვნებით უსმენდა იუსტინეს, თუმცა ბოლომდე მაინც არ იყო კმაყოფილი მისი მსჯელობით. ის არ იზიარებდა პლატონის აზრებს, რადგან შორს იყო ქრისტიანული მრწამსისგან.
- თუკი პლატონი ასე ასწავლის, როგორც შენ ამბობ, თავად რატომ ვერ შეიმეცნე ღმერთის ჭეშმარიტება? ამტკიცებ, რომ ღმერთი უხილავი და მიუწვდომელია, ყველა ხილული არსება - ღმერთს ეთაყვანება, მაშინ რატომ აქცია ადამიანმა ჭეშმარიტება სიცრუედ და რატომ იქცა კერპთაყვანისმცემლად. არა მგონია, პლატონი და სხვა დანარჩენი ელინი ფილოსოფოსები სწორად აზროვნებდნენ, რის გამოც ვერ შეძლეს ჭეშმარიტი ღვთის შემეცნება: {"ამაონი იქმნენ თავიანთი ზრახვით, და დაბნელდა მათი უგონო გული; ბრძენკაცებად მოჰქონდათ თავი და შლეგებად იქცნენ" (რომ. 1:21-22).
მოკლედ გეტყვი: ადამიანის გონება, რომელსაც არ ასაზრდოებს სულიწმიდა და არ არის განათებული რწმენით, ღმერთის აღიარებას და შემეცნებას ვერ შეძლებს.
კიდევ დიდხანს ესაუბრა მოხუცი იუსტინეს, რომელიც გაოცებული უსმენდა, შემდეგ კი ჰკითხა:
- სად ვიპოვნო ისეთი მოძღვარი, რომელიც ჭეშმარიტებას დამანახვებს, თუკი პლატონმა და სხვა ფილოსოფოსებმა ვერ შეძლეს ეს?
მაშინ მოხუცმა წმინდა წინასწარმეტყველების შესახებ უამბო:
- უძველეს დროში ცხოვრობდნენ წმინდა, მართალი, ღვთისმოშიში ადამიანები. სულიწმიდით აღსავსენი წინასწარ განსაზღვრავდნენ მომავალს. მათ წინასწარმეტყველებს უწოდებდნენ. მათ ყველაზე ადრე შეიცნეს ჭეშმარიტება და ადამიანებსაც უქადაგებდნენ, არავის შიში არ ჰქონოდათ და ერთი ნაბიჯითაც არ იხევდნენ უკან, არც ამაო დიდებას ელტვოდნენ. ყველაფერს, რასაც ღმერთისგან იგებდნენ, გასაგებად, გულწრფელად, და უშიშრად ავრცელებდნენ ხალხში.
მათი სწავლებები ახლაც არსებობს და ვინც რწმენით წაიკითხავს, ჭეშმარიტების შეცნობას შეძლებს. არავითარი მზაკვრული და სოფისტური მტკიცებულებებით არ ადასტურებენ თავიანთ ნააზრევს. უბრალო საუბრით, ყოველგვარი სიყალბის გარეშე განმარტავენ ჭეშმარიტებას; თავად ერთი ღმერთის, სამყაროს შემოქმედის მორწმუნენი, დედამიწაზე ძე ღმერთის, უფალი იესო ქრისტეს მოსვლა იწინასწარმეტყველეს.
ისინი კი ნდობას ნამდვილად იმსახურებენ, რადგან მათ მიერ ნაწინასწარმეტყველები ბევრი რამ უკვე ასრულდა, ბევრიც უკვე სრულდება. ნათქვამს მრავალი სასწაულით განამტკიცებდნენ, რასაც ღვთისგან ბოძებული ძალით ახდენდნენ.
მოხუცი დიდხანს ესაუბრა იუსტინეს, ბოლოს კი უთხრა:
- ილოცე ჭეშმარიტი ღმერთის წინაშე და ისიც გაგიხსნის სინათლის კარს. ვინც უფალს აღიარებს, მისთვის ყველაფერი დაფარული გაცხადდება, რადგან ვინც ღმერთს ეძებს, ლოცვებითა და რწმენით აუცილებლად მიუახლოვდება და ჰპოვებს უფალს.
ეს თქვა თუ არა, მოხუცი წავიდა და გაუჩინარდა. მას შემდეგ იუსტინეს აღარსად უნახავს. თავისი განსაცდელის შესახებ იუდეველ ტრიფონთან თქვა:
- თითქოს რაღაც ცეცხლი აგიზგიზდა ჩემში, რომელმაც ჩემი სული ღმერთისადმი სწრაფვით აღანთო და წმინდა წინასწარმეტყველების სიყვარულით აავსო. მოხუცის სიტყვებს რომ ჩავუღრმავდი, დავინახე მის მიერ ნაქადაგები ფილოსოფიის ჭეშმარიტება და წინასწარმეტყველთა და მოციქულთა წიგნების კითხვა დავიწყე. სწორედ მას შემდეგ ვიგრძენი თავი ფილოსოფოსად, ესე იგი, ნამდვილ ქრისტიანად.
იუსტინე ქრისტიანულ წიგნებს და წმინდა წერილს ჩაუღრმავდა. ის რომაელი და ბერძენი წინასწარმეტყველებისა და წმინდა წინასწარმეტყველების ნათქვამებს - ქრისტეს დაბადებას ქალწულის მიერ, მისი წამების, მეორედ მოსვლისა და ხილული სამყაროს აღსასრულის შესახებ - ერთმანეთს ადარებდა.
გაოცებული იყო მსგავსებით და სულიწმიდის შეგონებით თანდათანობით ღმერთის შეცნობამდე მიდიოდა. იმ დღიდან გულში ღვთისმოშიშობის გრძნობა უძლიერდებოდა, ქრისტიანული მოძღვრებისკენ იხრებოდა და თავს კიცხავდა ელინური ფილოსოფიური აზროვნების გამო.
იმ დროს ხშირი იყო ქრისტიანების დევნა, აგრეთვე ათასგვარ საშინელ ჭორსა და ბიწიერებებს ავრცელებდნენ მათ შესახებ. თითქოს ქრისტიანები ღამ-ღამობით ვითომდა ლოცვისთვის იკრიბებოდნენ, სინამდვილეში კი სიწმინდის მქადაგებლები, შუქს აქრობდნენ და სიბნელეში ათასგვარ უწმინდურობას სჩადიოდნენ, თან მხეცებივით კაცის ხორცს ჭამდნენ.
ასეთი საშინელი ბრალდებებით წარმართები და იუდეველები უდანაშაულო ქრისტიანების სახელს ლაფში სვრიდნენ მთელი ხალხის წინაშე. შეშლილი და წარმართი ადამიანების სიცრუეს იჯერებდნენ და ამის გამო ქრისტიანებს, წმინდა და მართალ ადამიანებს, ზურგს აქცევდნენ, მათ მიმართ სიძულვილით ივსებოდნენ და, შედეგად, მრავალი განსაცდელის შემდეგ სიკვდილით სჯიდნენ. ამის გამო იუსტინე თავდაპირველად თავს იკავებდა, რომ ქრისტიანებს შეერთებოდა. თუმცა თავად არ სჯეროდა იმ ბრალდებების, რასაც ქრისტიანებს უყენებდნენ და ისიც კარგად იცოდა, რომ ხშირად უდანაშაულო ადამიანები ცოდვილებად და დამნაშავეებად იყვნენ გამოცხადებულები შეშლილი ხალხის მიერ.
იმასაც კარგად ხედავდა, რა უშიშრად და მორჩილად უძლებდნენ ათასგვარ ტანჯვა-წამებას ქრისტესთვის და სასიკვდილოდ ისე მიეშურებოდნენ, თითქოს ნადიმზე მიუხაროდათ. იუსტინე ფიქრობდა:
- არასწორია, ქრისტიანებზე რომ ამბობენ, თითქოსდა ისინი რაიმე უკანონობას სჩადიოდნენ. ვითომდა ხორციელ სიამოვნებაში არიან ჩაფლულნი და ადამიანის ხორცით იკვებებიან, რომ ვერ უძლებენ ტანჯვას და ყველანაირად ცდილობენ თავის გადარჩენას.
მსაჯულის წინაშე მყოფნი თითქოსდა ათასგვარ საშუალებას იყენებენ, სასჯელისგან რომ გათავისუფლდნენ, რათა შემდეგ კვლავ გააგრძელონ ავხორცული ცხოვრება. სინამდვილეში ასეთები არ არიან ქრისტიანები: მათ სწამთ ქრისტე და მისთვის თავს სწირავენ.
ეს მტკიცედ სწამდა იუსტინეს, გულით შეიყვარა ქრისტიანები და თავადაც მოინათლა. მას შემდეგ ქრისტიანული მრწამსის ერთგული დამცველი გახდა, თავისი მართალი სიტყვით იბრძოდა ელინებისა და იუდეველების წინააღმდეგ. ის ქრისტეს მეომარი, ძლიერი და მამაცი მოღვაწე იყო.
ადამიანების სულის გადასარჩენად სხვადასხვა ქვეყნები შემოიარა. ქრისტეს სახელით ქადაგებდა და ურჯულოებს ღმერთისკენ შემობრუნებას ურჩევდა. რომშიც ჩავიდა როგორც ფილოსოფოსი, თავის მოწაფეებთან ერთად. მასთან იმდენად ბევრი ადამიანი მიდიოდა ცოდნის მისაღებად, რომ სასწავლებელი ჩამოაყალიბა და სიბრძნისმეტყველების ნაცვლად ჭეშმარიტ ქრისტიანულ ფილოსოფიას ასწავლიდა.
იქ შეხვდა ცნობილ ერეტიკოსს მარკიონს, რომელსაც წინ აღუდგა და წიგნებიც კი დაწერა მისი მოძღვრებების საწინააღმდეგოდ. იმხანად რომში ცნობილი წარმართი ფილოსოფოსი ქრისკენტიც იმყოფებოდა, რომელიც ქრისტიანების დაუძინებელი მტერი იყო. მის წინააღმდეგ დაუღალავად იბრძოდა წმინდა იუსტინე და მრავალი ნაშრომიც დაწერა ფილოსოფოსის სწავლების გასაცამტვერებლად.
ქრისკენტი, თავად მეტად ურჯულო და ცოდვილი ადამიანი, ქრისტიანებს ვერ იტანდა, ამასთანავე შურით იყო აღვსილი იუსტინეს მიმართაც, რომელიც ხალხში დიდი სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობდა და რომელიც რომაელებში ცნობილი იყო თავისი უმწიკვლო ცხოვრებით. გაბოროტებული ცინიკოსი ქრისტიანებს მრავალ საქმეში სდებდა ბრალს, ასევე ყველანაირად ცდილობდა, რომ იუსტინეს კეთილი სახელი ლაფში ამოესვარა. ამას რომ ხედავდა, წმინდა იუსტინე ამბობდა:
- მზად ვარ, თავი გავწირო ქრისტესთვის და სიკვდილს მამაცურად შევხვდე. რადგან ჩემს დაღუპვას ცდილობს შეშლილი ქრისკენტი, ცინიკოსი, რომელსაც სიბრძნეზე მაღლა თავის სიამაყეს აყენებს და რომელიც ნამდვილად არ იმსახურებს, რომ ფილოსოფოსი ერქვას. ის ბედავს და ამბობს იმას, რაც არ იცის. ამასთანავე მრავალ ცოდვას სჩადის. ქრისიანებს უღმერთოებს უწოდებს და თავისი ბოროტებისა და სიძულვილით აღავსებს უბრალო ადამიანებსაც.
იმ ხანად რომში ანტონინუსი მეფობდა, რომელიც ქრისტიანების წინააღმდეგ არ იყო განწყობილი, თუმცა, წინა, წარმართი მმართველების მიერ გამოცემული ბრძანებების თანახმად, ქრისტიანებს დევნიდნენ, აწამებდნენ და კლავდნენ, მათ ქონებას კი იტაცებდნენ.
ათასგვარი ცილისწამების გამო ასამართლებდნენ და სიკვდილით სჯიდნენ. იმ დროს რომში ასეთი რამ მოხდა: ერთმა წარმართმა ქალმა, რომელიც ურჯულოდ ცხოვრობდა, ქრისტიანებისგან ჭეშმარიტი ღმერთის შესახემ შეიტყო, მოინანია თავისი ცოდვები და მთელი არსებით იწამა ქრისტეს სჯული. მისი ქმარი გულმოდგინე კერპთაყვანისმცემელი და ცოდვებით დამძიმებული იყო.
ქალი ცდილობდა, ისიც ჭეშმარიტების გზაზე დაეყენებინა როგორმე. როდესაც მიხვდა, რომ არ შეეძლო მისი გამოსწორება, გადაწყვიტა, მასთან აღარ ეცხოვრა და გაშორებოდა, რათა მისი თანამოაზრე არ გამხდარიყო. ქმარმა გაარკვია, რომელმა ქრისტიანმა მოაქცია მისი ცოლი და ქალაქის თავთან წავიდა საჩივლელად.
ის ქრისტიანი, სახელად პტოლომე, შეიპყრეს და დიდი ხნის მანძილზე დილეგში ჰყავდათ გამომწყვდეული. შემდეგ სასამართლოს წინაშე წარდგა და სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. იმ დროს სასამართლოში ერთი კაცი იყო, სახელად ლუკა, რომელმაც დაინახა, რომ პტოლომე უსამართლოდ უნდა დაესაჯათ და თქვა:
- რა დანაშაულისთვის მიესაჯა სიკვდილი? ის არც მკვლელია, არც მოძალადე, არც ქურდი და არც სხვა რაიმე დანაშაულში არის მხილებული. ერთადერთი ბრალდება ის არის, რომ ქრისტიანია.
მსაჯულმა მკაცრად ჰკითხა:
- შენც ქრისტიანი ხომ არ ხარ?
ლუკამ უპასუხა:
- დიახ, ქრისტიანი ვარ.
მაშინ მსაჯულმა მისი სიკვდილით დასჯა ბრძანა. სიკვდილმისჯილებს მესამეც შეუერთდა და სამივემ სიცოცხლე ქრისტეს სჯულს შესწირა.
ნეტარმა იუსტინემ ამის შესახებ რომ შეიტყო, დიდად დამწუხრდა და თავისი ერთ-ერთი აპოლოგია მიუძღვნა მათ, სადაც დამტკიცებული იყო ქრისტიანების უდანაშაულობა და მეფეს, მის ვაჟებსა და სენატს გადასცა უშიშრად. მეფემ ყურადღებით წაიკითხა მისი ნაშრომი, გაოცდა ქრისტიანი ფილოსოფოსის სიბრძნით. ის არ განრისხებულა და არც მისი სიკვდილით დასჯა მოუთხოვია, პირიქით, შეუქო კიდეც გამჭრიახობა.
ნაშრომში იუსტინე წარმართთა ცრუ ღმერთებსა და ქრისტეს ყოვლისშემძლეობაზე წერდა. თან ამტკიცებდა, რომ ის ბრალდებები, რაც ქრისტიანების წინააღმდეგ იყო წაყენებული, ყოვლად უსაფუძვლო იყო.
მეფემ ბრძანა, ქრისტიანები თავიანთი რწმენის გამო აღარ გაესამართლებინათ და არ ეწამებინათ, მათი ქონება არ მიეთვისებინათ, თუ მართლა არ ჩაიდენდნენ დანაშაულს.
წმინდა იუსტინემ მეფის ბრძანება ჩაიწერა და მეფისვე ნებართვით აზიაში გაემგზავრა, სადაც განსაკუთრებული სისასტიკით იდევნებოდნენ ქრისტიანები. ფილოსოფოსის სამოსში გამოწყობილი ეფესოში ჩავიდა და ყველას გააცნო მეფის ბრძანება.
ქრისტიანების დევნა მცირე ხნით შეწყდა, რამაც მორწმუნეები დიდად გაახარა. ეფესოში ყოფნისას პაექრობა ჰქონდა იუდეველ ბრამენთან, ტრიკონთან და გამარჯვებას მიაღწია, რადგან მისი მსჯელობა წმინდა წერილიდან გამომდინარეობდა.
ეფესოდან კვლავ იტალიაში დაბრუნდა და მოციქულთა მსგავსად ქრისტეს მოძღვრებას ქადაგებდა. რომში დაბრუნებულს სიძულვილითა და შურით აღვსილი ქრისკენტი დაუპირისპირდა. წმინდანი ხშირად ეპაექრებოდა მას და მუდამ ამარცხებდა ყველას თვალწინ. სხვაგვარად რომ ვერ დაამრცხა წმინდანი, ქრისკენტი შეეცადა ცილისწამებით გაენადგურებინა მეტოქე და სასამართლოში უჩივლა.
წმინდანი შეიპყრეს, დიდხანს აწამებდნენ, მაგრამ ბრალი ვერ წაუყენეს. მის მტრებს ეშინოდათ, რომ იუსტინეს გაასამართლებდნენ და გაათავისუფლებდნენ. ამიტომ სასიკვდილო შხამი მოტყუებით დაალევინეს და სიცოცხლე მზაკვრულად მოუსწრაფეს.
ასე აღესრულა ქრისტიანი ფილოსოფოსი წმინდა იუსტინე, რომელსაც მრავალი ნაშრომი ეკუთვნის, ქრისტეს ეკლესიისთვის მეტად ღირებული. წმინდანი აღესრულა 165 ან 166 წელს.
წმინდა მოწამე იუსტინე ფილოსოფოსის კონდაკი
საღმრთოთა მათ ბრძენთა სიტყუათას შენთა მიერ, იუსტინე, ყოველნი ეკლესიანი ღმრთისანი შეიმკვებიან და ცხოვრებისა შენისა ბრწყინვალებითა სოფელი განათლდების, ხოლო სისხლთა დათხევითა გვირგვინი მოიღე და ანგელოზთა თანა სდგა წინაშე ქრისტესა, ევედრე მას დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის.
............................
ხატის წყარო.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი