უსჯულო იმპერატორ მაქსიმიანეს ჟამს ქრისტიანებს შავი დროება დაუდგათ, - დევნამ არნახული მასშტაბები შეიძინა, მრავალი საკერპო აღიმართა,
რომელთათვისაც ყველას მსხვერპლის შეწირვა დაევალა.
ერთ დღეს ტრიბუნმა ტიბერიანემ თავის ჯარისკაცთ უხმო და განუცხადა:
- დღეს მეფესთან ერთად ტაძარში მსხვერპლი უნდა შესწიროთო!
ჯარისკაცებმა, რომელთაც შეიტყვეს, - უცეზარესი უკვე ტაძრისკენ მიემართებაო, მაშინვე მის შესახვედრად და მსხვერპლის შესაწირად გაცვივდნენ, მხოლოდ ერთმა ჯარისკაცმა, სახელად ალექსანდრემ, ქრისტიანმა, ბავშვობიდან ღვთისმოშიშებით რომ იზრდებოდა, ტრიბუნს უთხრა:
- ტრიბუნო, კარგი იქნებოდა, მაგ სიტყვის ნაცვლად გეთქვა, - წადით და ჭეშმარიტ ღმერთს შესწირეთ მსხვერპლიო!
- დღეს სწორედ ერთ ღმერთს უნდა ვეთაყვანოთ და არა ყველას, - უპასუხა ტრიბუნმა.
- ყველა ეგ "ღმერთი" ეშმაკნი არიან, თავიანთ მიმდევართ დაღუპვას რომ უქადიან! ჩვენი ღმერთი კი სიყვარულია და არც სისხლიან მსხვერპლს ითხოვს!
- გონს მოდი, ალექსანდრე, თორემ თუ იმპერატორმა შეიტყო, რომ ჩემს ასეულში მსახურების ნებას გრთავდი, სასჯელს მე მწევს!
თუმცა, სულმოკლე ტიბერიანე შიშმა არ მოასვენა და ალექსანდრე მეფესთან დაასმინა...
ალექსანდრეს ეძინა, მის შესაპყრობად მაქსიმიანეს ჯარისკაცები რომ მივიდნენ... სიზმრად წმინდა ანგელოზი გამოეცხადა და აუწყა - ალექსანდრე, განძლიერდი, რამეთუ შენთვის უკვე გამზადებულია საშინელი ტანჯვა, შენს შესაპყრობად უკვე მოდიან, ადექი და ილოცე, რომ უფალმა განგაძლიეროს და არც მე დაგიტევებ!
გამოღვიძებული ალექსანდრე წამოდგა, ლოცვა ჰყო და როდესაც ეზოში გავიდა, მის შესაპყრობად მომავალი თანამოძმენი იხილა, რომელნიც მის დანახვაზე ძირს განერთხნენ, რამეთუ სახე ისე უელავდა, თვალი ვერ გაუსწორეს...
- წამოდექით, ძმანო და ისა ჰქმენით, რაც დაგავალეს!
- საიდან უწყი, რომ შენს შესაპყრობად მოვედით? - გაიოცეს ჯარისკაცებმა, - მხოლოდ ერთს გეტყვით, - მოწამეობის ადგილისაკენ ვისწრაფვი და ვუწყი, რომ რომიდან ბიზანტიას მომიწევს ჩასვლაო!
შემდეგ მუხლებზე დაეცა და უფალს შეევედრა:
- ღმერთო მამათაო, გთხოვ, განმამტკიცო და შენი წმინდა ანგელოზი გამომიგზავნო, რომ მიკარნახოს, რა ვუპასუხო ჩემს ჯალათს!
დედამისმა, პიმენიამ, არაფერი უწყოდა შვილის შეპყრობის შესახებ. იმ დროისათვის ალექსანდრე სრულიად ნორჩი გახლდათ - თვრამეტიოდე წლისა, ახოვანი, ძლიერი და პირმშვენიერი.
- ეს შენ ხარ, ჩვენი ღმერთების და ჩემი შეურაცხმყოფელი? - დაეკითხა მაქსიმიანე,
- მე ჭეშმარიტ ღმერთს, - ქრისტეს ვაღიარებ, ამიტომ შენი ცრუ ღმერთების შესახებ ნურაფერს მეტყვი, არც შენი მუქარის მეშინია და არც - წამებისო! - მიახალა ალექსანდრემ.
გამძვინვარებულმა მაქსიმიანემ მრისხანედ ჰკითხა:
- და რა შეუძლია შენს ღმერთს?
- არაფერია მისთვის შეუძლებელი, - იყო პასუხი.
- როგორ შეიძლება ღმერთი იყოს ის, ვინც კაცთაგან გაეკრა ჯვარზე და აღესრულა? - იქედნურად იკითხა მტარვალმა,
- დადუმდი, სატანავ! - შესძახა ალექსანდრემ, - შენს ბილწ ბაგეთაგან ნუ აღმოთქვამ მის უწმინდეს სახელს, ჩემი უფლისას, ნებით რომ დაითმინა კაცთა ცოდვათათვის წამება, ჯვარცმა და სიკვდილი! და თუ მის სიკვდილს ახსენებ, მის აღდგომაზე რატომ არაფერს იტყვი?!
- შენი სიჭაბუკე მენანება და მსურს, დაგინდო, - უპასუხა იმპერატორმა,
- სჯობს, საკუთარი თავი დაინდო, ეშმაკის ხლართებში რომ გახვეულხარ!
- მიუგო ნეტარმა.
- უკვე გითხარ, რომ შენი სიჭაბუკის დანდობა მსურს, ძალზე ახალგაზრდა ხარ, ამიტომ წარვედ და ღმერთებს მსხვერპლი შესწირე! მაშინ ჩემს კარზე დაგადგენ და დიდი პატივითაც შეგმოსავ! - გაუმეორა მაქსიმიანემ. - რომელი ღმერთის თაყვანისცემას მიბრძანებ? - დაეკითხა ნეტარი, - ჩვენი ღმერთების!
- მიკვირს, შენ, რომელიც თავს ჭკვიანად თვლი, ამ საშინელი დემონების გავლენის ქვეშ მოქცეულხარ და სულს იღუპავ! სჯობს, მოიქცე და ჭეშმარიტ ღმერთს შეუვრდე, რომ სული სამუდამო დაღუპვისგან იხსნაო! - უპასუხა ალექსანდრემ.
ამ სიტყვით გაცოფებულმა მაქსიმიანემ მისი და ყოველი ქრისტიანის წამება ბრძანა, ტრიბუნე ტიბერიანე მათ მოსაძებნად და შესაპყრობად ფრაკიას წარგზავნა. მას ბიზანტიამდე თან გაჰყვა ალექსანდრეც...
მალე ტიბერიანემ ნეტარი ხეზე დააკვრევინა და რკინის წვეტიანი ჩანგლებით დაასერინა.
ერთხელაც არ დაუკვნესია ნეტარს, მხოლოდ თვალნი ზეცად აღაპყრო და უფალს მადლობა შესწირა.
შემდეგ რკინის საკვრელებით შეაბოჭვინა და თრაკიას წაიყვანა.
ალექსანდრე თრაკიისკენ მიმავალ გზას ადგა, უფლის ანგელოზი დედამისს, პიმენიას ძილში გამოეცხადა და აუწყა:
- ადექ და შენს ვაჟს, ალექსანდრეს გაჰყევ, თრაკიას საწამებლად რომ მიჰყავთ... მსახურნი გაიყოლე და შენც იქით წარვედ, რომ ალექსანდრეს მოწამებრივი აღსრულების შემდგომ მისი პატიოსანი სხეული მიწას მიაბაროო!
დედა მწუხარების ნაცვლად დიდი სიხარულით აღივსო და ვაჟს დაეწია.
მან იხილა, თუ რა მორჩილებით და სიხარულით დაითმენდა საშინელ წამებას ალექსანდრე და ხმამაღლა ჰმადლობდა უფალს.
- ვისი ხმა იყო? - იკითხა ტიბერიანემ, თუმცა, პასუხი ვერვინ გასცა.
- თავად არ ამბობდი, ჩემი ღმერთი არავითარ მსხვერპლს არ ითხოვსო? - იკითხა ტიბერიანემ, - ჩემი ღმერთი მართლაც არ ითხოვს იმ მსხვერპლს, თქვენს ბომონებს რომ სწირავთ, არამედ იგი სიწმინდესა და სიმართლეს ითხოვს, რამეთუ თავადაა წმინდა და მართალი, - მიუგო ნეტარმა.
მაშინ ტიბერიანემ მისი სანთლით დაშანთვა ბრძანა და დააყოლა:
- ვნახავთ ერთი, მოვა თუ არა მის საშველად ალექსანდრეს ღმერთი!
წმინდა ალექსანდრემ კი, სანთლით სხეულდამწვარმა კვლავ ადიდა და ჰმადლობდა უფალს.
რა იხილა, ამით ნეტარს ვერაფერს აკლებდა, ბრძანა, შეებოჭათ და გზა გაეგრძელებინათ.
პიმენიამ, რა იხილა, შვილი კვლავ გზას გაუყენეს, მის მცველ ჯარისკაცებს სთხოვა, საშუალება მიეცათ, შვილს მცირე ხნით შეხვედროდა და არც ჯარისკაცები შეწინააღმდეგებიან.
ალექსანდრემ, იხილა რა დედა, ფრიად განიხარა და უთხრა:
- კარგია, რომ გამომყევით, მშობელო ჩემო და აღსასრულამდე ნუ დამიტევებ!
მეომართაგან ზოგიერთმა კი ნეტარის მოთმინებით აღფრთოვანება ვერ დამალა და ალექსანდრეს უთხრა:
- ნეტარ ხარ შენ, ალექსანდრე, რამეთუ დიდია შენი რწმენა და დიდია ღმერთი ქრისტიანთა. რახანია, აუტანელ ტანჯვას ითმენ და ძალა არ წაგრთმევია...
გზად წყარო შემოხვდათ, მეომრები ჩამოქვეითდნენ და ტრაპეზს შეუდგნენ, თან ნეტარს სთხოვდნენ, დასწვეოდათ, რადგან მეთოთხმეტე დღე იყო, რაც პირში ლუკმა არ ჩასვლოდა, მაგრამ ალექსანდრემ, რომლის საზრდელიც ლოცვა იყო, მუხლნი მოიყარა და უფალს კვლავ შემწეობა სთხოვა.
რა განასრულა ვედრება, უფლის ანგელოზი გამოეცხადა და აუწყა:
- ნუ გეშინინ, ალექსანდრე, რამეთუ უფალმა შენი ლოცვა ისმინა და შენს გასამხნევებლად და შესაწევნად წარმომგზავნა!
იქვე მყოფმა ჯარისკაცებმა ეს ხმა კი ისმინეს, მაგრამ ვერავინ იხილეს, ამიტომ შიშისზარდაცემულები პირქვე დაემხნენ და წამოდგომას ვეღარ ბედავდნენ...
- რა იხილეთ, ძმანო, რომ ასე შეშინდით? - იკითხა ნეტარმა,
- შენი ღმერთის ხმა გვესმა, თავზარი დაგვეცა და მიწასაც ამიტომ განვერთხეთო!
ამ დროს იმ ადგილს ტიბერიანე მიუახლოვდა და ნეტარის წამება ბრძანა, მანამ კი ჰკითხა:
- ნუთუ ძველი უგუნურება არ დაუტევე და კვლავ არ შესწირავ მსხვერპლს ღმერთებს?
- უფალმა უწყის, რომ უდანაშაულოს მტანჯავ, ამის გამო მე მის სასუფეველს მივიღებ, შენ კი - მარადიულ ტანჯვას, - მიუგო ალექსანდრემ.
ამით გაშმაგებულმა ტიბეარიანემ მიწაზე ლურსმნებიანი საგები დააგებინა და ნეტარი ზედ დააწვენინა, თუმცა, მალე დარწმუნდა, რომ ვერც ამით ავნო ვერაფერი და უარესად გამწარებულმა ოთხ მეომარს მისი გაშოლტვა უბრძანა.
ნეტარი კი კვლავ ადიდებდა უფალს და მოუკლებლად ჰმადლობდა.
- შენს სხეულს ნაწილ-ნაწილ დავჭრი, ცეცხლს მივცემ და ნაცარს ქარს გავატან, მაშინ კი ვნახავ, მოვა თუ არა შენი ღმერთი შენს გადასარჩენად!
- უფალი ჩემი მაშინვე დაგანაცრებს და ვერც რომს იხილავ და ვერც შენს იმპერატორს! - მიუგო ნეტარმა.
ძილში ტიბერიანეს მახვილიანი უფლის ანგელოზი გამოეცხადა და მრისხანე სახით უთხრა:
- უღირსო! აი, მე მოვედ, რადგან უფლის მონა საშინელ სატანჯველს მიეცი, შემიძლია, ამ მახვილით განგგმირო, მაგრამ მოვიცდი, იჩქარე და ბიზანტიას ჩადი, რადგან ღვთის მონის, ალექსანდრეს აღსასრული მოახლოვდა!
ტიბერიანეს ზარდაცემულს გამოეღვიძა... ისე შეაძრწუნა ამ ჩვენებამ, მთელი სხეული უკანკალებდა, მაშინვე უხმო თავისიანებს და ყოველივე უამბო, მათ კი უპასუხეს, რომ დიდი ხანია, უნდოდათ, ეთხოვათ, რომ ალექსანდრე ასე არ ეწამებინა, რადგან მისი ღმერთი ყოვლადძლიერი იყო და ყველას სამუდამო ტანჯვას უქადდა, ვინც მის ერთგულთ ვნებას მოუტანდა.
ამან უარესად შეაძრწუნა ტიბერიანე და მსახურთ უბრძანა, სასწრაფოდ გზა გაეგრძელებინათ...
თუმცა, ცოტა ხნის შემდეგ ტიბერიანეს შიში მიავიწყდა და მარტვილს კვლავ ჰკითხა:
- ალექსანდრე, ნუთუ კვლავ არ აპირებ კერპთათვის მსხვერპლის შეწირვას?
- სატანის გონებადაბნელებულო ნაშიერო, ნუთუ არ გითხარ, რომ დემონებს მსხვერპლს არ შევწირავ? - მიუგო ნეტარმა.
- წაიყვანეთ, დილეგში შთააგდეთ და თვალით მანამ არ დამანახვოთ, სანამ ქალაქში არ დავბრუნდები, - ბრძანა მტარვალმა და ქალაქი დატოვა.
როდესაც იქაურმა ქრისტიანებმა ნეტარი ალექსანდრეს ქალაქის საპყრობილეში დატყვევების შესახებ შეიტყვეს, მივიდნენ, მცველებს სთხოვეს, რომ ქრისტეს მოწამესთან შეეშვათ. ჯარისკაცები არც ამჯერად შეწინააღმდეგებიან და საპყრობილის კარი გაუღეს.
როდესაც ალექსანდრე იხილეს, ფეხებზე ეამბორნენ და სთხოვეს, უფლის წინაშე მათი სულების საოხადაც ელოცა.
- ძმანო, თქვენც ილოცეთ ჩემთვის, - უპასუხა ნეტარმა.
ამასობაში ტიბერიანემ ქალაქის თავს ალექსანდრეს შესახებ მოახსენა და აუწყა, - მრავალგზის წამების შემდეგაც ვერას გავხდი, ალექსანდრეს თავის ღმერთზე უარი ვერ ვათქმევინეო!
კვლავ მოუწოდეს ნეტარს ქალაქის თავთან წარსადგენად, კვლავ გაუმეორა ტიბერიანემ ძველი კითხვა და ისევ მტკიცე პასუხი მიიღო.
რკინის ქამრებით შებოჭილი ალექსანდრე კვლავ გზას გაუყენეს.
როდესაც ერთ ადგილას მიაღწიეს, ტიბერიანემ ალექსანდრეს შესთავაზა:
- მართალია, ქალაქის თავთან ღმერთებისათვის მსხვერპლის შეწირვაზე უარი განაცხადე, მაგრამ თუ მე დამთანხმდები, ტანჯვისაგან გიხსნიო!
- რაც ქალაქის თავის თანდასწრებით გითხარი, ყველგან იმავეს გავიმეორებ და ქრისტეს არასოდეს უარვყოფო!
მაშინ ტიბერიანემ იგი ოთხ ბოძზე გააკვრევინა და შოლტით სასტიკად გვემა.
მარტვილს არც ახლა დაუკვნესია, მხოლოდ ადიდებდა და ჰმადლობდა უფალს.
ამ დროს ცა გაიხსნა და ნეტარს ხმა მოესმა:
- გამხნევდი, ალექსანდრე, რამეთუ წამება ხანმოკლეა, მე შენთან ვარ მარად!
ამ ხმამ ძლიერ შეაშინა ტიბერიანე, მარტვილის წამება მაშინვე შეწყვიტა და გზა დაუყოვნებლივ განაგრძო.
ერთ-ერთ ქალაქთან შეჩერდნენ, ალექსანდრემ წყალი ითხოვა, თუმცა, ჯარისკაცებმა უთხრეს, რომ წყალი თავადაც ძალიან სწყუროდათ, თუმცა, ვერსად იშოვეს. მაშინ მუხლნი მოიყარა ნეტარმა, მხურვალედ ილოცა და იქვე ცივმა, სუფთა წყარომ ამოხეთქა...
კიდევ არაერთგზის შეეცადა ტიბერიანე ალექსანდრეს ხან მუქარით და ხან დაყვავებით გადმობირებას, თუმცა, უშედეგოდ. ბოლოს, მოთმინებადაკარგულმა მისთვის კისერზე ადუღებული ზეთის დასხმა ბრძანა.
თუმცა, უფლის ანგელოზმა ჭურჭელი გატეხა და მდუღარე ზეთი მტანჯველთ შეესხათ.
განრისხებულმა ტიბერიანემ მუხის ხეზე გააკვრევინა ნეტარი და ჯარისკაცებს იქამდე აგვემინა, სანამ არაქათი გამოეცალათ.
- უფალო, გმადლობ ყოველივესთვის და გთხოვ, ჩემი ტანჯვის სანაცვლოდ ამ ხეს კურნების მადლი მიანიჭე, - შესთხოვა ალექსანდრემ.
იმ დროიდან ხემ და მისმა ფოთლებმა მართლაც შეიძინეს კურნების ძალა და მრავალი გაათავისუფლეს სულიერ თუ სხეულებრივ უძლურებათაგან.
მალე ტიბერიანემ კვლავ გაუმეორა, - მრავალგზის შემოგთავაზე, ღმერთთათვის პატივი მიგეგო, რისთვისაც სიცოცხლეს შეგინარჩუნებდი, მაგრამ უარჰყავ, ამიტომ სასიკვდილო სასჯელი არ აგცდებაო!
მერე ჯარისკაცთ ალექსანდრესთვის თავის მოკვეთა უბრძანა, თავად კი ქალაქი დატოვა.
სასჯელის ადგილას შეხვდა ნეტარი დედამისს, რომელიც ტირილით ჩაუვარდა შვილს ფეხებში და ეამბორა.
ალექსანადრემ დედა დაამშვიდა და ანუგეშა, ჯარისკაცთ კი სთხოვა, თავის წარკვეთამდე ლოცვის საშუალება მიეცათ, მუხლნი მოიყარა და უფალს შესთხოვა, სადაც უნდა დაფლულიყო მისი სხეული, კურნების მადლი მიენიჭებინა.
მყის ხმა ესმა ზეციდან: - იყავნ ასე!
ნეტარი ჯარისკაცებს მიუბრუნდა და სთხოვა, სწრაფად აღესრულებინათ ის, რაც დაავალეს.
- ქრისტეს მოწამეო, გთხოვ, უფალს ევედრო, ცოდვად ნუ ჩამითვლის იმას, რომ სიცოცხლეს გართმევ!
- გთხოვ, დროულად აღასრულე ის, რაც გევალება, რადგან ჩემს უფალთან მიმეჩქარება, ცოდვა კი მისია, ვინც ეს დაგავალა, - მიუგო ალექსანდრემ.
- უფლის მონავ, მეშინია, რადგან შენ გარშემო საკვირ¬ველ, ბრწყინვალე კაცთ ვხედავ!
მაშინ ალექსანდრემ ილოცა:
- უფალო, ღირსმყავ, ბოლომდე აღვასრულო ეს ღვაწლი!
მაშინ ღვთის ანგელოზნი მცირე მანძილზე განეშორნენ ნეტარს და ჯალათმა შეძლო განაჩენის აღსრულება.
წმინდანის გვამი, როგორც მისმა მტანჯველმა ინება, მდინარეს მისცეს, მაგრამ ოთხმა ძაღლმა ხმელეთზე ამოიყვანა იგი და მხნედ უდარაჯა, სანამ დედამისი არ მივიდა და მდინარის ნაპირას პატივით არ დაფლა შვილის მრავალვნებული სხეული.
მოკლე ხანში ნეტარი დედამისს, პიმენიას გამოეცხადა, მოახლოებული აღსასრულის შესახებ აუწყა და ანუგეშა.
წმინდანის საფლავთან, როგორც თავად სთხოვა უფალს, უამრავი კურნება აღესრულებოდა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი