მაშინ, როცა დიოკლეტიანე მეფობდა და ანთიპატები იყვნენ ლაოდიკე და მაქსიმე და ირგვლივ ყველგან ქრისტიანებს დევნიდნენ, მაკედონიის ქალაქ ამფიპოლისში ცხოვრობდა ქრისტიანი ხუცესი მოკიოსი.
იმ დროს, როცა წარმართები თავიანთი ბილწი ღმერთის დიონისეს, ანუ ბახუსის, დღესასწაულს მართავდნენ, ქრისტეს სახელის გულისთვის საღმრთო შურით აღძრული ეს ხუცესი დადგა წარმართთა შორის და ყველას გასაგონად თქვა:
- მისმინეთ, შემცდარნო და გზააბნეულნო! ასე უგუნურად ვიდრემდე უნდა დახეტიალებდეთ კერპთაყვანისცემის უკუნში? როდის შეიცნობთ თქვენს წარწყმედას? ბოლოს და ბოლოს, როდის მოიძაგებთ ყველა ამ სატანისეულ სიბილწეს? მოიქეცით და შეიცანით მეუფე ღმერთი, ჩვენთვის გამოცხადებული მისი მხოლოდშობილი ძე, უფალი ჩვენი იესო ქრისტე, რომელმაც ჭეშმარიტების ნათლით უმეცრების ბნელი გაფანტა.
ნეტარი მოკიოსი ყოველდღე მიდიოდა ხალხთან და ყველას გასაგონად ამხელდა კერპთაყვანისცემას და ქადაგებდა ქრისტეს, ჭეშმარიტ ღმერთს. მაგრამ, უგუნურებით დაბრმავებული მოქალაქენი ყურს არ უგდებდნენ მის სიტყვებს და თავიანთი უწმინდური წეს-ჩვეულებების შესრულებას განაგრძობდნენ. ამასობაში, ქალაქ აპოლონიიდან, რომელიც ასევე მაკედონიაში მდებარეობდა, ამფიპოლისში ანთიპატი (მხარის მმართველი) ლაოდიკე მოვიდა და ამ ქალაქის საკერპოში დიონისეს მსხვერპლი შესწირა. ლაო¬დიკეს მოახსენეს ქრისტეს მსახურ მოკიოსზე, რომელმაც თავისი ქადაგებით ბევრი ჩამოაცილა ღმერთ დიონისეს დღესასწაულს. წარმართები ცილს სწამებდნენ წმინდანს, ამბობდნენ: "აქ არის ქრისტიანების მასწავლებელი, რომელმაც სცადა ხალხი, რაღაც უცნაური სწავლებით ეცდუნებინა. ის ყველას არწმუნებს, იწამონ ჯვარცმული და მკვდარი კაცისა; და მართლაც ბევრმა ჩვენი ღმერთები მიატოვა და მისი რწმენა მიიღო. შენ თუ მას ამ სწავლების გავრცელება¬ში არ შეეწინააღმდეგები, მთელი ქალაქი მას გაჰყვება და მაშინ უკვე აღარავინ დარჩება, ვინც ღმერთებს მსხვერპლს შესწირავს".
ლაოდიკე ძალზე განრისხდა და წმინდანის ცემა ბრძანა. შემდეგ სამსჯავროში დაჯდა და ბრძანა, წმინდა მოკიოსი მიეყვანათ. როცა წმინდანი მის წინაშე წარადგინეს, ანთიპატმა ჰკითხა:
- რატომ არ გსურს ჩვენთან ერთად ჩვენს ღმერთებს მსხვერპლი შესწირო?
წმინდა მოკიოსმა უპასუხა:
- უბირო, რომელსაც ჭეშმარიტება არ შეგიცნია! რისთვის მეკითხები იმას, რასაც მაინც ვერ გაიგებ? ცოტა მაინც იფიქრე შენს თავზე და აღიარე ჭეშმარიტება, ვინაიდან მე შევისწავლე წმინდა წერილი და მისგან შევიტყვე, რომ წარმართთა ყველა ღმერთი ეშმაკია (ფს. 95:5) და მათზე დაიმედება ამაო არის.
ლაოდიკემ კი უთხრა:
- ვხედავ, რომ შენ მრავლისმეტყველებაში დაოსტატებულხარ.
მოკიოსმა მიუგო:
- მრავლისმეტყველებას ჩვენ ჭეშმარიტება გვასწავლის; თუ გსურს გაიგო ჭეშმარიტება, მისმინე, აი რას გეტყვი: ღმერთები, რომელსაც თქვენ თაყვანსა სცემთ, არსებით ეშმაკნი, ბრმანი და ყრუნი არიან.
ლაოდიკემ უთხრა:
- მსხვერპლი შესწირე ღმერთებს, თუ გსურს შეინარჩუნო სიცოცხლე, რომლის დაღუპვაც განგიზრახავს.
მაგრამ წმინდანმა უპასუხა:
- ჰოი, ანთიპატო, ქრისტესთვის სიკვდილი დიდი შენაძენი იქნება ჩემთვის!
მაშინ მრისხანებით ავსებულმა ანთიპატმა ბრძანა წმინდა მოკიოსი საწამებელ ხეზე ჩამოეკიდათ და მისი სხეული თავიდან ფეხებამდე რკინის იარაღებით გაერანდათ.
წამებისას წმინდანმა ღმერთს შეჰღაღადა და ეტყოდა: "უფალო, რომელიც უკუნისამდე მეფობ, და ბრწყინავ სიმართლის სხივებით! გამოაჩინე შენს მონებზე შენი ღმრთაებრივი ძალა და მომეცი მხნეობა, ბოლომდე ვიღვაწო შენი წმინდა მცნებების აღსასრულებლად".
ჯალათის მსახურები იმდენ ხანს აწამებდნენ წმინდანს, რომ თვითონაც ძალა გამოელიათ. მაშინ ანთიპატმა მათ სულ სუსტები და უქნარები უძახა და უბრძანა, იქაურობას გასცლოდნენ; მოწამეს კი კვლავ თავისთან უხმო დასაკითხად. მიუხედავად ამდენი ტანჯვა-წამებისა, წმინდანი ძლიერი სხეულით წარდგა ლაოდიკეს წინაშე, რათა უფრო მხნედ დაემოწმებინა ჭეშმარიტება. ჯალათთან რომ მიჰყავდათ, მოკიოსმა ხმამაღლა ადიდა ღმერთი.
ლაოდიკემ წმინდანს უთხრა:
- შესწირე მსხვერპლი ღმერთ დიონისეს, რათა მრავალი უბედურებისგან დაგიხსნას.
მაგრამ მოწამემ უპასუხა:
- ნუთუ შენ ღმერთად თვლი კაცის ხელით გაკეთებულ კერპს, რომელიც უტყვია და არ ინძრევა? ჰოი, ეშმაკის გზაშეცდენილო მსახურო! ნუთუ ვერ ხედავ, რომ ჩემი სხეული არ დაქანცულა შენი სატანჯველებისგან? განა ვერ ხედავ, რომ ჩემი იარების ტკივილს საერთოდ ვერ ვგრძნობ? არაფერია მთელი ეგ შენი ძალმოსილება.
მისი ნათქვამი როცა მოისმინა ლაოდიკემ, თქვა:
- ეგ შენი სიმტკიცე ტანჯვისას შენი ღმერთის ძალაზე კი არ არის დამოკიდებული, არამედ შენსავე ჯადოქრობაზე. აი ვუბრძანებ, ცეცხლში დაგწვან, მთელ შენს სხეულს ფერფლად ვაქცევ და ქარს გავატან.
ჯალათმა მაშინვე ბრძანა ღუმელი გაეხურებინათ. ღუმელი მოამზადეს, ფიჩხითა და ფისით გაავსეს; ცეცხლი წაუკიდეს; ღუმლიდან კვამლი ზემოთ სამოც წყრთამდე ავიდა, და გარშემო დიდ მანძილზე ჩამოაბნელა. მაშინ ლაოდიკემ წმინდანს უთხრა:
- მსხვერპლი შესწირე ღმერთ დიონისეს.
მოწამე დუმდა.
მაშინ ლაოდიკემ კვლავ უთხრა:
- სანამ იურჩებ? აგერ შენთვის გამზადებული ცეცხლი. შეხედე მას, გონს მოდი და გულისხმაჰყავ დიდებულება და ყოვლისშემძლეობა ჩვენი ღმერთის - დიონისესი და თაყვანი ეცი მას.
წმინდანმა უპასუხა:
- შენ უკვე გითხარი ანთიპატო, რომ არ ვცემ თაყვანს კაცთა სულების დამღუპველ ყრუს, ბრმას და მუნჯ კერპს. არ გინდა დარწმუნდე იმაში, რომ შენგან ღმერთად დასახელებული არ არის ღმერთი, არამედ კერპია?
ლაოდიკემ განრისხებულმა უპასუხა:
- ჰოი, წყეულო! განა შეიძლება კერპი იყოს ის, რომელსაც ღვთაებრივი ძალა აქვს? შენ თვითონ ხედავ, რომ მასში დავანებული ძალა ჩვენგან მსხვერპლს შეიწირავს და წყალობას გვაძლევს.
წმინდანმა უთხრა:
- განა არ გინდა, რომ მსხვერპლი შევწირო შენს ღმერთს, რათა ყველა, ვინც დაინახავს, რომ მე მსხვერპლი შევწირე დიონისეს, შეიცნონ მისი უდიდესი ძალა?
ლაოდიკეს გაუხარდა:
- თაყვანი ეცი, მსხვერპლი შესწირე და გულისხმაჰყავ მისი დიდებულება.
მოკიოსი შევიდა დიონისეს საკერპოში, ჯვრის ნიში გამოისახა, რათა ქრისტეს ნიშნით შებრძოლებოდა სატანას. შემდეგ დადგა იმ ადგილის სიახლოვეს, სადაც დიონისეს კერპი იყო და ღმერთს შესთხოვა: "მეუფეო, შენს ხელშია ყოველი ქმნილება და ყოველივე შექმენ შენი ქრისტეს მიერ, რომელმაც შეარცხვინა ეშმაკი, არამცნობელი შენი ჭეშმარიტებისა და ღვთისშემეცნების ნეტარება და უბიწოება უბოძა ყველა მოშიშს და პატივისმცემელს შენი წმინდა სახელისა! შენ, უფალო წმინდაო, რომელმან დაამხე ბაბილონის კერპები და ჭეშმარიტი რწმენა უჩვენე შენს წინასწარმეტყველ დანიელს; კერპის ბილწი საკურთხევლის გამაუქმებელო სამი ყრმის მიერ და ბაბილონის ღუმელში ცეცხლის ჩამაქრობელო (დან. 3); შენ, რომელმან დანთქე ზღვის სიღრმეში ფარაონი და შეისმინე მოსეს ლოცვისა და კლდიდან წყალი გამოადინე (გამოსვლ. 17:1-7); შენ, საუკუნო მეუფეო, რომელი ახლაც ხარ, ადრეც იყავი და საუკუნოდ იარსებებ, - ისმინე ჩემი, მონისა შენისა! გევედრები: მოვედ შეწევნად ჩემდა და გამოუჩინე ძალი შენი მათზე, რომელთაც ჭეშმარიტების ნაცვლად სიცრუე უპყრიათ, რათა შეიცნონ მათ, რომ შენ ხარ მხოლოდ ერთადერთი ჭეშმარიტი და საუკუნო ღმერთი, რათა შენმა ნათელმა განდევნოს კერპთაყვანისცემის ცდომილების ბნელი".
ამგვარად ლოცვის შემდეგ წმინდანმა ხმამაღლა მიმართა კერპს:
- უხმარო და ამაო, მუნჯო და უგრძნობო დიონისე! გიბრძანებ შენ ჩემი ქრისტეს წმინდა და დიდებული სახელით, რომელიც ცხოვრობს ცათა შინა: დაეცი და დაენარცხე მიწაზე, რათა ყველამ იხილოს შენი უღონობა და უძლურება.
მაშინვე იძრა მიწა და შეტორტმანდა საკერპო; დიონისეს კერპი დიდი ხმაურით დაენარცხა მიწაზე და ერთიანად დაიმსხვრა. ეს რომ იქ მყოფმა წარმართებმა იხილეს, შეშინებულნი მიმოიფანტნენ და უკვირდათ მომხდარი.
ამის მერე წმინდა მოკიოსმა ანთიპატ ლაოდიკეს უთხრა:
- შეხედე, რაოდენ ამაონი არიან შენი ეშმაკთა კერპები. წადი და მოაგროვე შენი ღმერთის ნარჩენები, რომლის იმედი გქონდა, და გულისხმაჰყავ, თუ რა წარწყმედის გზაზე დგახარ!
ლაოდიკე ძალზე შეწუხდა, დაენანა დიონისეს კერპის დამსხვრევა და მაშინათვე ბრძანა წმინდანი გახურებულ ღუმელში შეეგდოთ. როცა წმინდანი ღუმელში შეაგდეს, ის უშიშრად იდგა შუა ცეცხლში, თითქოს ამწვანებულ ბაღში მდგარიყო და ხმამაღლა, სახალხოდ ადიდებდა ღმერთს. ღუმელში ხედავდნენ კიდევ სამ მამაკაცს, რომლებიც მასთან ერთად გალობდნენ; ამ სამ მამაკაცს შორის ერთს ძალზე ნათელი სახე ჰქონდა, მზესავით უბრწყინავდა. მისი სახიდან მომდინარე ნათელი ცეცხლის ბრწყინვალებაზე ძლიერი იყო. შემდეგ წმინდანმა უთხრა ღუმელში მასთან ერთად მყოფ კაცებს:
- გმადლობ შენ, უფალო, ღმერთო მამათა ჩვენთაო, რომლის სიტყვასაც ყველა ემორჩილება; კურთხეულ ხარ შენ უფალო, შემოქმედო ყოველთა ზეციურ ძალთა, წმინდა მთავარანგელოზთა ბაგეთაგან განდიდებულო, რომელი ოდესღაც გამოუჩნდი სახმილში ჩაგდებულ სამ ყრმას (სამ ყრმათა შორის, შენ, მეოთხესაც გხედავდნენ). გევედრები, მაცხოვარო ჩემო, დაამსხვრიე და განაქარვე გახურებული ღუმელი და იმავ ცეცხლით მოსწვი ეს ანთიპატი. გვიჩვენე ჩვენ შენი რისხვა და აღმოფხვერი ის მიწისაგან პირისა, რათა ყველა გხედავდეს, რომ შენ მხოლო ხარ ჭეშმარიტი ღმერთი, რომელიც ზეცაში იმყოფება.
მაშინვე ღუმლის ცეცხლი ანთიპატს მისწვდა და ის და მისი ცხრა აბჯრისმტვირთველი ფერფლად აქცია ისე, რომ მათი სხეულებიდან აღარაფერი დარჩა - ღვთის რისხვამ გაანადგურა ისინი. ამის მხილველი შეშინებული ხალხი ღუმელს თავქუდმოგლეჯილი გასცილდა, ხოლო წმინდა მოკიოსი სრულიად ჯანმრთელი და უვნებელი გამოვიდა ცეცხლიდან.
ამ სასწაულის შესახებ რომ შეიტყო, ქალაქის თავი თალასე განრისხდა, წმინდა მოკიოსი შეიპყრო და საპყრობილეში ჩაამწყვდია. ოცი დღის მერე ქალაქში ჩამოვიდა სხვა ანთიპატი მაქსიმე. გაიგო, რაც მოიმოქმედა წმინდანმა, შეიტყო ლაოდიკეს დაღუპვაც და ცდილობდა, წმინდანი მოეკლა. მაქსიმე სამსჯავროში დაჯდა და ქრისტეს მოწამე დასაკითხად მოიხმო. როცა წმინდანი მოიყვანეს, ანთიპატმა ჰკითხა:
- მითხარი, რა გქვია და ვისი გვარისა ხარ?
წმინდანმა უპასუხა:
- თუ გსურს ჩემი სახელის და წარმოშობის შეტყობა, მისმინე: მამაჩემს ევფრატე ერქვა, დედას კი ევსტათეა; როცა მოინათლნენ, მაშინ მოკიოსი მიწოდეს. ჩემმა მშობლებმა ღვთისმოშიშად გამზარდეს, და ჩემი ქრისტეს ეკლესიაში სამღვდელო ხარისხის ღირსი შევიქენი. და, აი, ჩემი ცხოვრება უკვე სიბერეს მიუახლოვდა.
მაქსიმემ ჰკითხა:
- ვინ იყვნენ შენი მშობლები?
წმინდანმა უპასუხა:
- მამაჩემი იყო დიდებული ქალაქის, რომის მოქალაქე და სამხედრო მოვალეობას ასრულებდა; დედა კი ქალიშვილი იყო ანთიპატ ლამპადიოსის.
მაქსიმემ უთხრა:
- თუ ასეთი დიდებული გვარიდან ხარ, შენთვის ასე უკადრის საქმიანობას - ჯადოქრობას რატომ მოჰკიდე ხელი? რატომ გაანადგურე დიდებული ღმერთი დიონისე და რატომ დაწვი მეფის მეგობარი ანთიპატი ლაოდიკე? რატომ შეუშალე ხელი ღმერთისადმი სადღესასწაულო მსხვერპლშეწირვას?
წმინდა მოკიოსმა უპასუხა:
- მე კი არა, ჩემმა ყოვლად ძლიერმა ღმერთმა, უფალმა იესო ქრისტემ გაანადგურა და დაამსხვრია უსულო ღმერთი დიონისე და მრისხანების ცეცხლით მოსწვა ლაოდიკე. მე მხოლოდ შიშით და სიყვარულით ვემსახურები ჩემს ღმერთს და ჩემი ბაგეებით აღვიარებ მის წმინდა სახელს.
მაქსიმემ ამაზე უთხრა:
- დაუტევე შენი უგუნურება და მსხვერპლი შესწირე აპოლონს, თუ არადა, საშინელი სიკვდილით მოკვდები.
მაშინ წმინდანმა უპასუხა:
- მე საშინელი სიკვდილით მოვკვდები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დავივიწყებ ჩემი უფლის კეთილმოწლეობას და მოწყალებას; და თუ თაყვანისვცემ და პატივს მივაგებ მათ, რომლებიც არსებით ღმერთები კი არა, არამედ კერპები არიან.
მაქსიმეს ბრძანებით, მოწამე ორ ბორბალს მიაბეს, რათა მათი ბრუნვისას წმინდანის სხეული დაფლეთილიყო.
შუა ტანჯვისას წმინდანმა დაიძახა:
- რაოდენ ტკბილია უფლის სიყვარული!
შემდეგ ჯალათს მიუბრუნდა და უთხრა:
- გულმოდგინედ აასრულე შენი მამის, ეშმაკის ნება. მე, ჩემი უფლის წმინდა სახელისათვის, მზად ვარ ტანჯვისა და თვით სიკვდილისთვის.
მერე წმინდანმა ლოცვა დაიწყო:
- მეუფეო, წყაროო სიწმინდისაო, მცველო და გამათავი-სუფლებელო ჩემო! გმადლობ, რომ მე, უღირსი, ღირსმყავ ამ ღვაწლისა და დამეხმარე ეშმაკის ძლევაში. შენ მხოლო ხარ ღმერთი, რომელსაც ჩემი გონება სიწმინდეში გიპყრია და იცავ მას არაწმინდა გულისთქმებისგან. შენ იმგვარად მოიმოქმედებ, რომ ჩემი გონება დატკბეს შენში, შემოქმედო ჩემო, რამეთუ დიდებულია სახელი შენი მათთვის, ვისაც უყვარხარ.
წმინდანის ამგვარად ლოცვის მერე, უეცრად საწამებელი ბორბალი დაიმსხვრა და წმინდანი სავსებით უვნებელი წამოდგა მიწიდან.
ყველა გაოცდა ამ სასწაულის მხილველი, ხოლო ჯალათი, სირცხვილეული, თითქოს მოწამისაგან ძლეული, კიდევ უფრო განრისხდა წმინდანზე, ბრძანა, იგი საპყრობილეში ჩაეგდოთ. გავიდა სამი დღე და მანვე ბრძანა, წმინდანი საპყრობილიდან გამოეყვანათ და მხეცებისთვის დასაგლეჯად მიეგდოთ. წმინდანზე ორი მშიერი ლომი მიუშვეს. მხეცები ღრიალით მიუახლოვდნენ წმინდა მოკიოსს, და მის წინ მიწაზე დაწვნენ, თითქოს თაყვანსსცემენ და მუხლებზე ეამბორებიან წმინდანსო და ფეხების ლოკვა დაუწყეს. ამის მხილველმა ხალხმა ერთხმად ყვირილი დაიწყო.
- დაე, გათავისუფლდეს ეს მართალი კაცი, რომელსაც თვით მხეცები სცემენ თაყვანს და რომელიც ღმერთს უყვარს!
ანთიპატმა მაქსიმემ წმინდანი თრაკიის ქალაქ პერინთოსში გააგზავნა მმართველ ფილიპიოსთან, რომელსაც ყველაფერი მისწერა მოწამეზე. ამ მმართველმა წმინდანი რვა დღეს დატოვა საპყრობილეში, შემდეგ კი ბრძანა, ბიზანტიაში წაეყვანათ, რათა მისთვის იქ თავი მოეკვეთათ. როცა წმინდანი საჯალათო ადგილას მიიყვანეს, წმინდა მღვდელმთავარმა თვალნი ზეცისკენ აღაპყრო და თქვა:
- კურთხეულ ხარ შენ, უფალო, შემოქმედო საუკუნეთაო და წმინდათა ღვაწლის ბოლომდე მიმყვანო, მშვიდობით მიიღე სული ჩემი! და უეცრად ზეციდან ხმა მოესმა:
- გიხაროდენ, ჩემო კეთილად მოღვაწეო, მოკიოს, რომელმაც ყველას წინაშე ცხადად სძლიე ჯალათის ძალას. მოვედ და დაივანე სხვა მოღვაწეებთან ერთად ზეციურ სასუფეველში. შენ საკმარისად იშრომე სოფელში; ახლა კი დაისვენე და გაიხარე სასუფეველში.
შემდეგ ქრისტეს მოწამეს თავი მოჰკვეთეს. წმინდა მოკიოსი დაახლოებით 295 წლის 11 მაისს აღესრულა. შემდგომში იმპერატორმა კონსტანტინემ წმინდა მოკიოსის სახელზე ტაძარი ააშენა და მოწამის წმინდა ნაწილები ამ ეკლესიაში დაასვენა, ხოლო წმინდა მოკიოსის ხსენების დღედ 11 მაისი დააწესა.
კონდაკი
შეიწირე ფარითა სარწმუნოებისათა და განეწყვე უღმრთოთა, და განისრენ იგინი, მღვდელმოწამეო მოკიოს, და ქრისტეს მიერ გვირგვინი მოიხვენ შენ; ამისთვისცა ანგელოზთა თანა იხარებ, იხსნენ ჭირთაგან მგალობელნი შენი და ევედრე ღმერთსა დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი