წმინდა აკაკი ქრისტესთვის მაქსიმიანე პირველის ჟამს ევნო. ტომით კაპადოკიიდან იყო, მეომარი იყო, ასისთავი და ე.წ. მამაცთა პოლკში მსახურობდა, პოლკოვნიკ ფირმის მეთაურობით.
იმ ხანებში მეფემ ბრძანება გამოსცა, მთელ ქვეყანაში მოეძებნათ ქრისტიანები, მეომრებიც კი, და სასამართლოსთვის გადაეცათ. თუ რომელიმე ქრისტიანი მეფის განკარგულებას არ დაემორჩილებოდა, მას სიკვდილით დასჯიდნენ.
ამის გამო პოლკოვნიკმა ბრძანა, თითოეული მეომარი მასთან გამოცხადებულიყო და ეღიარებინა რომელ აღმსარებლობას მიეკუთვნებოდა. თუ გაირკვეოდა, რომ რომელიმე მათგანი ქრისტეს აღიარებდა, პოლკოვნიკი ფირმი ყველა შესაძლო ხერხებით, მუქარითა თუ ტკბილი სიტყვით, აიძულებდა კერპებისთვის ეცა თაყვანი. ასეთი მოქმედებით მრავალი ქრისტიანი, სუსტი ნებისყოფისა და მცირე რწმენის მქონე, აქცია კერპთაყვანისმცემლად.
ფირმმა აკაკიც იხმო, რომელმაც განაცხადა:
-ქრისტიანების გარემოში დავიბადე და ქრისტიანად დავრჩები სიცოცხლის ბოლომდე. ამის მოწმე თავად ღმერთია. მხოლოდ ჩემი მშობლები კი არა, ბებიები და ბაბუებიც ქრისტიანები იყვნენ.
ამ სიტყვების შემდეგ პოლკოვნიკმა მისი დაყოლიება ლიქნით სცადა, მერე მუქარაზეც გადავიდა, მაგრამ ვერა გააწყო რა. წმინდანის სიმტკიცე რომ იხილა, ბრძანა, მისთვის ბორკილები დაედოთ და მხედართმთავარ ვივიანესთან გაეგზავნათ.
იმ დროს ვივიანე სხვა ქრისტიანებს კითხავდა. მასთან საპყრობილის უფროსი ანტონინი მივიდა და უთხრა:
-გუშინ პოლკოვნიკმა ფირმმა ასმეთაური აკაკი დაატუსაღა და შენთან გამოგზავნა, რადგან აკაკი არ დაემორჩილა მეფის ბრძანებას და არ უარყო ქრისტიანობა.
წმინდა აკაკი ვივიანეს წინაშე წარადგინეს.
მხედართმთავარმა შეხედა და ჰკითხა:
-რა გქვია?
-ჩემს ნათესავებსაც და მეც ერთი სახელი-ქრისტიანი გვქვია, რომელიც ქრისტეს სახელიდან მოდის. ისე კი აკაკის მეძახიან,-უპასუხა წმინდანმა.
ვივიანემ უთხრა:
-შენი სახელიდან და რწმენიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ, ურჯულო და ბოროტი ყოფილხარ, რადგან მეფის ბრძანებას არ ემორჩილები!
- ბატონო! შენ ცრუობ და არასწორად განმარტავ ჩემს სახელს, რადგან აკაკი ,,უბოროტოს" ნიშნავს ბერძნულად. მიტომაც, ჩემი სახელიდან გამომდინარე, არ მინდა, ეშმაკს შევეკრა, რომელიც ადამიანების სისხლით ვერ ძღება
-მაინც, სად ისწავლე ასეთი უაზრო ლაპარაკი?
-ტომით კაპადოკიელი ვარ,-თქვა წმინდანმა,-სადაც მრავალი ადამიანი ეწამა ქრისტესთვის. ჩემი თვალით მაქვს ნანახი, მათი საფლავებითა და წმინდა ნაწილებით უამრავი განმრთელებული. ამიტომაც მინდა, მოწამეთა მსგავსად, არ დავემორჩილო ურჯულო კანონებს, რომლებიც თქვენთან ერთად გაცამტვერდა.
-შენი თავხედობისთვის დიდ სასჯელს იმსახურებ. მაგრამ თუ თავის ხსნა გსურს, ქრისტე უარყავ და მეფის ბრძანება აღასრულე კერპებს თაყვანი ეცი, სხვებზე უკეთესად ნუ მოგაქვს თავი, ნუ იქნები იმ კაცის იმედად, რომელსაც ქრისტე ჰქვია და როგორც ამბობენ, წამების შემდეგ დამსახურებულად დასაჯეს სიკვდილით.
-დიდად შემცდარხარ, მსაჯულო და დიდადა სცოდავ. სატანას დაუბრმავებიხარ, მეფენი გამარჯვებას თქვენი ღმერთების წყალობით კი არა, ჭეშმარიტი ღმერთის ნებით აღწევენ. უფალი იესო ქრისტე ჩვენი გადარჩენისთვის მოვიდა დედამიწაზე ადამიანის სახით და, ამავე დროს, ჭეშმარიტ ღმერთად რჩებოდა. ჩვენმა ღმერთმა საკვირველი და შეუცნობი ძალით ადამიანური ბუნება მიიღო. ეს როგორ მოხდა, შენ ვერც გაიგებ და ვერც მიხვდები, თუ ქრისტიანი არ გახდები. უფალმა ჩვენი ცოდვები თავის თავზე აიღო და ეშმაკის საუკუნო მონობისგან გაგვათავისუფლა.
- თუ ქრისტე ჩვენს მეფეებს არ წყალობს, მაშინ რატომ არ დახოცავს მათ?
წმინდანმა უპასუხა:
- ამიტომაც უნდა დაინახო მისი უსაზღვრო გულმოწყალება და განუსაზღვრელი ძალა. განრისხებული მუსრს არ გავლებთ. მშვიდად ელოდება, რომ თქვენ, ელინები, მოინანიებთ და აღიარებთ არა ეშმაკებს, არამედ ჭეშმარიტ ღმერთს. იმიტომაც ითმენს, რომ მისმა რჩეულმა მსახურებმა შეძლონ ადამიანების წინაშე თავიანთი ღვთისადმი სიყვარული და დიდებული გმირობა გამოამჟღავნონ. ღმერთმა რომ დაგხოცოთ, საუკუნოდ დაიღუპებით. თქვენ კი მისი მოთმინებით სარგებლობთ და ჩვენზე, მორწმუნეებზე, ძალადობთ. თუ არ მოინანიებთ, საუკუნო სასჯელს გაიმზადებთ და თქვენივე უკანონობაში დაინთქმებით. ჩვენ კი, ვინც ღმერთის უძლეველობის შესახებ კარგად მოგვეხსენება, მოთმინებით გავუძლებთ ყველანაირ განსაცდელს მის გამო და საუკუნო სასუფეველს დავიმკვიდრებთ მისგან. ის დიდ წყალობას მიაგებს მათაც, ვინც დროზე აღიარებს თავის ცოდვებს და ცხოვრების წესს შეიცვლის.
მისი გონივრული პასუხით გაოცებულმა ვივიანემ თქვა:
- როგორც ჩანს, ბევრი წიგნი წაგიკითხავს, ასე ბრძნულად რომ მპასუხობ. მართალს ამბობ, რომ ადამიანის ცხოვრება უფლის ხელშია.
წმინდანმა უთხრა:
- არანაირი სიბრძნე არ მისწავლია. ჩემი პასუხიც იმას მოწმობს, რამდენად დიდია ძალა უფლისა. თავად უფალი ღაღადებს თავისი მონების ბაგეებით, თქვენ კი მათი სიბრძნე გაოცებთ. თავდაპირველად, როდესაც ღმერთმა გადაწყვიტა წმინდა სახარება ყველასთვის ემცნო, თავის მოციქულებად ცნობილი და განათლებული, ფილოსოფოსი და ტკბილმოუბარი რიტორები კი არ შეარჩია, არამედ უბრალო და უპოვარი ადამიანები, რომ ეჩვენებინა თავისი უსაზღვრო ძალა და სიბრძნე, რომელიც ყველაფერს აღემატება. სულიწმიდის ძალით მოციქულები უხილავად იღებდნენ საჭირო ცოდნას და სწავლებას.
-თავი დაანებე ფუჭ მეტყველებას და მიპასუხე: იცნობ თუ არა მეფის ბრძანებას, რომლის მიხედვითაც ქრისტიანებმა თაყვანი უნდა სცეთ კერპებს ან წამებით დაასრულოთ სიცოცხლე? მიპასუხე, დაემორჩილები თუ არა მეფის განკარგულებას და კერპებს მსხვერპლს შესწირავ თუ არა?
-პოლკოვნიკ ფირმს ვუთხარი, თანაც არა ერთხელ, რომ ქრისტიანი ვარ. იმას, რაც მას ვუთხარი, შენც გაგიმეორებ: მე ქრისტიანი ვარ და წყეულ ავსულებს მსხვერპლს არ შევწირავ,-უპასუხა წმინდანმა.
მაშინ მსაჯულმა თქვა:
- შენს სიჭაბუკეს დავინდობ, რადგან ჯერ ოცდახუთი წლისაც არ ხარ. როგორც ასისთავსაც პატივს გცემ, ამიტომ არ გაწამებ. მაგრამ თუ კვლავ გააგრძელებ ურჯულობას, იძულებული ვიქნები, სასტიკად დაგსაჯო.
წმინდანმა უთხრა:
-იმაზე დიდი სიბრძნე რა არის, რომ უფალი იესო ქრისტეს, ძე ღმრთისას, ერთგული დარჩე მარად?
ვივიანემ თქვა:
-შენ ამბობ, რომ ქრისტე ძე ღვთისა არის. თუ თქვენს ღმერთს ძე ჰყავს, მაშინ ორი ღმერთი გყოლია. თუ ეს ასეა, მაშინ რატომ აღიარებ მხოლოდ ერთ ღმერთს? ახლა კი ვხედავ, თუ როგორ შემცდარხარ და მეც მატყუებ.
წმინდანმა უპასუხა:
- მე მწამს ღმერთი ჩემი იესო ქრისტე, რომელიც პილატე პონტოელმა ჯვარზე გააკრა. სულიწმიდა შთამაგონებს იმას, რაც უნდა გიპასუხო. ერთ ღმერთად რატომ მოვიხსენიებთ ძე ღმერთსა და მამა ღმერთს-მართლაც რთული კითხვაა. მაგრამ გეტყვი, რომ ჩვენ, ქრისტიანები სული წმინდასაც ჭეშმარიტ ღმერთად ვაღიარებთ. წმინდა სამებაში სამი სახება ერთ ღმერთად სახიერდება. უკეთესად რომ აგიხსნა, გეტყვი: მეფეს, რომელსაც შენ მბრძანებელს უწოდებ, მე კი-ადამიანს, მაქსიმიანე ჰქვია. მას ჰყავს ვაჟი მაქსენცი. ისინი ორნი არიან, თუმცა, ორივეს ადამიანის ბუნება აქვს, მათი სამეფო განუყოფელია. ვაჟს მამის გამო სცემენ თაყვანს, მამა კი ძის გამო იდიდება. ამის მგავსად, ჩვენ ვამბობთ, რომ მამა ღმერთი, ძე ღმერთი და სული წმინდა განუყოფელი და ერთია.
მსაჯულმა წმინდანს უთხრა:
-უკანასკნელად გეუბნები: ჩვენს ღმერთებს მსხვერპლი შესწირე. თუ ამას არ გააკეთებ, მეტად აღარ მოგითმენ!
წმინდანმა თქვა:
-წამებით ვერ შემაშინებ. შენ წინაშე ვარ და ნებისმიერი ტანჯისთვის მზად ვარ. ჩემი სხეული, როგორც გინდა, ისე ჯიჯგნე, მაგრამ ჩემს გონებას და რწმენას ვერც შენ და ვერც შენი დემონები ბოროტებით ვერ ჩაანაცვლებთ!
მხედართმთავარი ძლიერ განრისხდა და ბრძანა, წმინდანი ძელზე გაეკრათ და დაუნდობლად გაეშოლტათ; ჯერ ზურგზე, შემდეგ კი მუცელზე, თან დაამატა: ,,ვნახოთ, ღმერთი თუ დაეხმარება".
წმინდანს დიდხანს აწამებდნენ, ჯალათები რამდენჯერმე შეცვალეს, მიწა სულ სისხლით მოირწყა, მაგრამ წამებული მხოლოდ ამ სიტყვებს იმეორებდა: ,,უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისავ, ნუ მიმატოვებ შენს მონას და გადამარჩინე!"
მხედართმთავარმა კვლავ ჰკითხა:
-იქნებ ახლა მაინც შესწირო ღმერთებს მსხვერპლი?
-მწამს უფალი იესო ქრისტესი და დემონთ მსხვერპლს არ შევწირავ! ტანჯვამ კიდევ უფრო გამაძლიერა, წამების მოლოდინში შეშინებული ვიყავი. მაგრამ ახლა ქრისტეს შეწევნით სიმტკიცე მომემატა და მზად ვარ, მეტ განსაცდელს გავუძლო. იცოდე, რაც უფრო მეტ ტანჯვას შემამთხვევ, უფრო დიდ სარგებელს მომიტან და უფლის დიდ წყალობას მივიღებ!
ამ სიტყვებმა გააცოფა მხედართმთავარი და ბრძანა, კალის დაფები ერტყათ ბაგეებზე. როდესაც წმინდანს სახე სულ დაუსახიჩრდა, მსაჯულმა უთხრა:
-ღმერთებს მსხვერპლი შესწირე და უარესი ტანჯვისგან გათავისუფლდები!
-ვერანაირი ტანჯვა-წამებით ვერ შემაშინებ,-უპასუხა წმინდანმა.
-მეომარი ხარ და განათლება არ მიგიღია. როგორ ახერხებ, ასე ბრძნულად რომ მპასუხობ?
-სულიწმიდით! ჩვენმა მაცხოვარმა იესო ქრისტემ თავის მოწაფეებს უთხრა: ,,ხოლო როცა გადაგცემენ თქვენ, ნუ იზრუნებთ, რა ვთქვათ ან როგორ ვთქვათ, ვინაიდან მოგეცემათ, რაც უნდა თქვთ. ვინაიდან თქვენ კი არ ილაპარაკებთ, არამედ თქვენი მამის სული ილაპარაკებს თქვენში" (მათ. 10:19-20).
მაშინ საპყრობილის უფროსმა ანტონინმა წმინდანს უთხრა:
-წყეულო, რა სარგებელი გაქვს შენი მჭერმეტყველებიდან, როცა მეფის ბრძანების შეუსრულებლობის გამო ასე იტანჯები? აი, ახლა კიდევ უფრო სასტიკად დაისჯები და მაშინ აუცილებლად დაემორჩილები მეფის ბრძანებას.
წმინდანმა უპასუხა:
-გამშორდი, თუ აქამდე არავის სიტყვა არ ვიწამე, შენ რატომ მოგისმენ და დაგემორჩილები?
მის შემდეგ მსაჯულმა ბრძანა, წმინდანი თრაკიის (ახ. თურქეთის ტერიტორიაზე) დილეგში ჩაეგდოთ. იქ მოწამემ შვიდი დღე გაატარა.
სიხარულევანი აკაკი კი ბნელ ჯურღმულშიც უფალს განადიდებდა და ჰმადლობდა.
მალე ვივიანემ თრაკიის მმართველი ფლაკინიუსისაგან შეტყობინება მიიღო, სადაც ეწერა, რომ ვივიანე სასწრაფოდ ბიზანტიაში გამგზავრებულიყო და თან ყველა ტუსაღი წაეყვანა. მხედართმთავარი მართლაც მაშინვე გაემგზავრა. მასთან ერთად იყო აკაკი, სხვა ტყვეებთან ერთად.
მძიმე ბორკილების, ჭრილობებისა და წყლულების გამო ძლიერ დასუსტდა, შიმშილისა და წყურვილისგან დაუძლურებული გზას ძლივს აგრძელებდა. ამას ისიც ემატებოდა, რომ მეომრები, რომლებიც წმინდანს მიჰყვებოდნენ, მეტად სასტიკნი იყვნენ და ხშირად სცემდნენ, რომ სწრაფად ევლო. ამის გამო არც ეგონა, ცოცხალი თუ გადარჩებოდა და ფიქრობდა, რომ ყველაფერი მალე დამთავრდებოდა.
ის დიდხანს ევედრებოდა მეომრებს, შეჩერებულიყვნენ და ლოცვის საშუალება მიეცათ, თუმცა, მისი თხოვნა არაფრად ჩააგდეს. ღამის გასათევად ერთ ადგილას რომ შეჩერდნენ, წმინდანმა თვალები ზეცად აღაპყრო და ლოცვა იწყო: ,,დიდება შენდა, ღმერთო ჩემო! გმადლობ, რომ მე, ცოდვილი, ასეთი ღვაწლისთვის გამამზადე. დიდება, უფალო იესო ქრისტე, ძალა რომ შემმატე, განსაცდელის გადასატანად. მაცხოვარო, ხედავ, რომ ყველა მხრიდან მტერი მყავს ჩასაფრებული. იმდენად დავიქანცე, რომ ჩემი სული მზად არის ხორცთან გასაყრელად. მომივლინე შენი ანგელოზი, რათა იარები მომიშუშოს და ტანჯვა შემიმსუბუქოს. ან ჩემს მტარვალს უბრძანე, რომ მალე მომიღოს ბოლო და შენ წინაშე წარვსდგე.
იმ დროს, როცა წმინდანი ლოცულობდა, ღრუბელი გამოჩნდა და ხმა გაისმა: ,,აკაკი, მტკიცედ დეგ!"
ეს ხმა ყველამ გაიგო, ვინც კი იქ იმყოფებოდა. გაოცებულები ერთმანეთს ეუბნებოდნენ:
-ნუთუ ღრუბელს მეტყველება ძალუძს? ოდესმე ვინმეს მსგავსი რამ გაუგონია?
ბევრმა ტუსაღმა, ვინც ხმა მოისმინა, ქრისტეს სჯული იწამა, წმინდა აკაკის ფეხებში ჩაუვარდნენ და სთხოვდნენ, ქრისტიანობის მრწამსი ესწავლებინა. მარტვილი მათთან ერთად მიაბიჯებდა და თან ესაუბრებოდა:
-მართალია, წიგნიერი არ ვარ და მეომრის ხელოვნებას ვეუფლებოდი, მაგრამ მღვდლის ოჯახში გავიზარდე. სასულიერო პირებიდან მახსოვს, რომ ღმერთმა სამოთხიდან გაძევებული ადამიანის გადარჩენა და ჯოჯოხეთის ცეცხლიდან გათავისუფლება გადაწყვიტა და ამის გამო თავისი ძე დედამიწაზე გამოგზავნა. ძე ღმერთმა სულიწმიდისა და ქალწული მარიამისგან ხორცი შეისხა და ადამიანის სახით გამოგვეცხადა. შემდეგ ჯვარზე გაკრული ეწამა, რათა ადამის ცოდვისგან გამოესყიდა კაცობრიობა.
ჯვარცმულმა ღმერთმა თავისი სიკვდილით ჩვენი სიკვდილი დაამარცხა, ჯოჯოხეთის ბჭენი შემუსრა და ეშმაკი გააცამტვერა. ამის შემდეგ მესამე დღეს მკვდრეთით აღსდგა და ადამის მოდგმას შესაძლებლობა მისცა, რომ საუკუნო სასუფეველი დაიმკვიდროს. ხილული სამყარო უბადრუკობაა და ამასთანავე დროებითი.
მის სიტყვებს ტუსაღები დიდი ყურადღებით ისმენდნენ და სიხარულით იწამეს ქრისტეს სჯული.
როდესაც დაღამდა, მახლობელ სოფელში შეჩერდნენ. ღამით კი სასწაული იხილეს:-რამდენიმე ჭაბუკი თეთრ სამოსში გამოწყობილები, რომლებიც წმინდა აკაკის ესაუბრებოდნენ. ტუსაღებს ეგონათ, რომ აკაკის ნათესავები და მეგობრები მოვიდნენ მის სანახავად.
დილით ყველანი გზას გაუდგნენ. ძალიან სწრაფად მიდიოდნენ და საღამო ხანს ბიზანტიაში ჩავიდნენ. იმ ღამეს ერთ სახლში გაჩერდნენ ღამის გასათევად. ტუსაღებმა კვლავ იხილეს იგივე ჭაბუკები, რომლებიც წმინდა აკაკის ესაუბრებოდნენ. ტყვეებმა ისიც შენიშნეს, რომ მოწამეს თბილი წყლით ჩამობანეს იარები და განკურნეს. მაშინ კი გაიფიქრეს, რომ ჭეშმარიტად ღმერთის მიერ გამოგზავნილი ანგელოზები იყვნენ.
დილით ყველანი საპყრობილეში წაიყვანეს. წმინდა აკაკი ცალკე დილეგში მოათავსეს და რკინის ბორკილები შეაბეს. არავის აკარებდნენ, წყალს და საკვებსაც არ აწვდიდნენ, რადგან მისი მოდრეკა სურდათ.
ღამით ტყვეებმა ისევ იხილეს დილეგის სიღრმეში კაშკაშა სხივი, დილეგის სარკმლიდან კი-რამდენიმე ნათელსახიანი ჭაბუკი შენიშნეს, რომლებმაც მოწამე ბორკილებისგან გაათავისუფლეს, იარები მოუშუშეს, თოვლივით თეთრი საკვები მიაწოდეს და წყალიც შეასვეს.
ეს ყოველ ღამე მეორდებოდა. ტუსაღებმა ეს ამბავი საპყრობილის დარაჯს უამბეს. დარაჯმაც იხილა ფანჯრიდან უცხო ჭაბუკები, მაგრამ მოწამის დილეგში რომ შევიდა, იქ წმინდა აკაკის გარდა ვერავინ იხილა და ამის გამო ძლიერ შეშინდა.
შვიდი დღე რომ გავიდა, ვივიანემ დაკითხვაზე წმინდა აკაკი იხმო. როდესაც ნახა, რომ ჯანმრთელი და უვნებელი იყო, დიდად გაოცდა, რადგან ეგონა, რომ დაუძლურებულს იხილავდა. ვივიანემ გაიფიქრა, რომ წმინდანს მეომრებმა შეუმსუბუქეს მდგომარეობა, საშინლად გაუბრაზდა და უთხრა:
-ხომ ვბრძანე, რომ ეს კაცი ჯურღმულის დილეგში ჩაგეგდოთ, ბორკილები დაგედოთ და პური და წყალი არ მიგეწოდებინათ. თქვენ კი თავისუფლად გყავთ და იარებიც მოგიშუშებიათ?!
საპყრობილის უფროსმა მიუგო:
- მსაჯულო, რაც გვიბრძანე, მოუკლებლად აღვასრულეთ, მთელი გზა მძიმე ბორკილებით გამოიარა. ქალაქში ბნელ ჯურღმულში მოვათავსეთ და არანაირი საკვები და წყალი არ მიგვიცია. დილეგის დარაჯს ჰკითხე და ყველაფერს დაგიდასტურებს!
მხედართმთავარმა დარაჯს მრისხანედ უთხრა:
-შე წყეულო, რატომ არ შეასრულე ჩემი ბრძანება და რატომ მიეცი უფლება აკაკის, იარები მოეშუშებინა და საკვები მიეღო, სხვაგვარად ხომ ასე მხნედ ვერ იქნებოდა?!
წმინდა აკაკიმ ამაზე თქვა:
- ძალას და სიმხნევეს იესო ქრისტე მანიჭებს. სწორედ მან განმკურნა!
მსაჯულმა ბრძანა:
-სახეში ურტყით, რომ ვერ გაბედოს ხმის ამოღება, სანამ ამის ნებას არ დართავენ!
მსახურებმა უმოწყალოდ გვემეს აკაკი, მსაჯულმა კი დარაჯს ჰკითხა:
-წყეულო, არაფერს მიპასუხებ?
-ვფიცავ შენს ძალაუფლებას, რომ ყოველივე ისე აღვასრულე, როგორც მიბრძანე. მეტად მკაცრად ვექცეოდი, მაგრამ იყვნენ ისეთნი, ვინც მკურნალობდა და საკვებსა და წყალს აწვდიდა. ეს ყველა ტუსაღმა იცის. ხშირად დაგვინახავს, როგორ მიდიან მასთან ვიღაც მეომრები, ზოგი ბორკილებს ხსნის, ზოგი-წყლულებს უამებს, სხვებს კი საკვები და წყალი მოაქვთ და მეგობრულად ესაუბრებიან. ეს ამბავი მომახსენეს ტუსაღებმა, რომლებმაც მასთან ერთად გამოიარეს გრძელი გზა. ისიც თქვეს, რომ მსგავსი რამ გზაშიც ხდებოდა. მე არ დავუჯერე და გადავწყვიტე, ჩემი თვალით მეხილა. მართლაც, დილეგის კარი რომ გავხსენი და შიგნით შევედი, აკაკის გარდა არავინ იყო.
ამის გაგონებაზე მსაჯულმა თქვა:
-წყეულო, ნამდვილად აკაკის ნათესავებმა მოგისყიდეს და შენც საკვებითა და წამლებით უშვებდი პატიმართან.
მსაჯულმა ბრძანა, დარაჯი სასტიკად დაესაჯათ და უმოწყალოდ გაეროზგათ.
დარაჯმა საწყალობლად შეჰყვირა:
-გევედრები, მხედართმთავარო, ჯერ გულდასმით გაარკვიე რაშია საქმე. თუ ყველაფერი ისე არ იქნება, როგორც გიამბე, მაშინ თუ გინდ, მომკალი.
მსაჯულმა უთხრა:
-იმის თქმა გინდა, რომ ეს კაცი ჯადოქარია?
დარაჯმა უპასუხა:
-მე მხოლოდ ის გიამბე, რაც ჩემი თვალით ვნახე. ჯადოქარია თუ არა ის კაცი, ეს ნამდვილად არ ვიცი.
მსაჯულმა ბრძანა, მეტი გამეტებით გაეჯოხათ დარაჯი, რომელიც მარტვილის გამო უდანაშაულოდ დაისაჯა.
ამის მხილველმა აკაკიმ მხედართმთავარს დასცინა, რამაც უფრო გააცეცხლა მსაჯული და უთხრა:
-ჩემს დასაცინად მოსულხარ?
წმინდანმა უპასუხა:
-არ გეგონოს, რომ დაგცინი და შენი დაღუპვა მიხარია, არამედ დიდად განვიცდი შენ საუკუნო დაღუპვას. თავად დაგვცინი, რადგან ჭეშმარიტ ღმერთს არ აღიარებ და ქვასა და ხის ნაჭრებს ეთაყვანები!
ამ სიტყვებმა ისე განარისხა მსაჯული, ბრძანა, მუხის როზგებით აეჭრელებიათ მისთვის ზურგი და მუცელი. წამებული უხმოდ უძლებდა განსაცდელს და გულში იმეორებდა: ,,უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე ცოდვილი". ციდან კი მის საპასუხოდ ხმა ისმოდა წმინდანის გასამხნევებლად.
ამ დროს მეომრები თითქოსდა ქვავდებოდნენ და ხელს ვეღარ წევდნენ დასარტყმელად. მხედართმთავარმა აღარ იცოდა რა ექნა და გადაწყვიტა, წმინდანი თრაკიის მმართველთან გაეგზავნა, რომელიც იმ დროისთვის ბიზანტიაში იმყოფებოდა. წერილიც აახლა, სადაც ეწერა: ,,დიდად პატივცემულ და ღირსეულ მსაჯულს, თრაკიის მმართველს ფლაკინიუსს, მხედართმთავარ ვივიანესგან. მოგახსენებთ, რომ აკაკი მრავალი წამების მიუხედავად, ქრისტიანული მრწამსის დამცველია. ოცი დღის წინათ პოლკის მეთაურმა ფირმმა ჩემთან გამოგზავნა, რადგან მეფის ბრძანებას არ დაემორჩილა. სამწუხაროდ, მეც ვერ შევძელი მისი დამორჩილება. ვიცი, რომ შენ კიდევ უფრო ძლიერად შეგიძლია მისი დასჯა, ამიტომაც შენთან ვაგზავნი ამ წერილთან ერთად".
მმართველმა ვივიანეს წერილი რომ წაიკითხა, ბრძანა, ტუსაღი დილეგში ჩაეგდოთ, ბორკილების და დარაჯების გარეშე. ეს იმიტომ გააკეთა, რომ ცოლი ქრისტიანი ჰყავდა. ქალმა მრავალი თხოვნის შემდეგ შეძლო ქმრის დარწმუნება, სასტიკად არ ეწამებინა ქრისტიანები და თუ მათ გათავისუფლებას ვერ შეძლებდა, მაშინ წამების გარეშე დაესაჯა სიკვდილით.
ხუთი დღის შემდეგ მმართველმა მოწამე იხმო, თან ბრძანა, მისთვის ვივიანეს წერილი წაეკითხათ, სადაც აღწერილი იყო, თუ როგორ აწამეს წმინდანი.
მმართველი დიდად გაოცდა, როდესაც აკაკის წამების შესახებ შეიტყო და ვივიანეზე განრისხდა, რომელიც ასე ხანგრძლივად და სასტიკად აწამებდა. იმასაც მიხვდა, რომ წმინდა აკაკი ქრისტეს არასოდეს განუდგებოდა. ამიტომ ბრძანა, მისთვის ქალაქგარეთ მოეკვეთათ თავი. წმინდანი დასასჯელად რომ წაიყვანეს, ღმერთს შეჰღაღადა:
-დიდება შენდა, უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისა, რადგან შემიწყალე მე ცოდვილი და მოწამეობის ღირსი გამხადე!
წმინდანმა სიკვდილით დასჯის წინ მეომრებს ლოცვისთვის დრო სთხოვა, შემდეგ თავი მორჩილად მოიდრიკა და სული უფალს შეჰვედრა.
ეს 303 წელს მოხდა. მოწამის წმინდა ნაწილები ჯერ იმპერატორ კონსტანტინეს მიერ აგებულ მისივე სახელობის ტაძარში დააბრძანეს, ხატმებრძოლობის წლებში კი უსაფრთხოების მიზნით იტალიის ქალაქ სქილაქსში გადააბრძანეს.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი