რომის წარმართი მეფე დეციუსი ცდილობდა, იმპერიის ყველა მკვიდრი გაეწარმართებინა და ბრძანებაც გამოსცა, რომლის თანახმადაც ყველა ქრისტიანი ვალდებული იყო, სარწმუნოება შეეცვალა.
ხოლო ვინც ურჩობას გაბედავდა, გასამართლება და მკაცრი სასჯელი ელოდა.
როდესაც აფრიკის მმართველი ფორტუნატიანე მსაჯულის სკამზე დაჯდა, მთელი მოსახლეობა იხმო და განაცხადა:
- ღმერთებს მსხვერპლი შესწირეთ, თორემ უმოწყალოდ გაწამებთ და საშინელ სიკვდილს მიგცემთო, თან დასაშინებლად წამების ნაირ-ნაირი იარაღიც გამოფინა.
მრავალი მართლაც შეშინდა და ქრისტეზე უარი თქვა. ორმოცმა კაცმა კი, რომლებმაც გადაწყვიტეს, ქრისტეს¬თვის ეერთგულათ, ერთურთს უთხრეს:
- ძმებო, სიმტკიცე შევინარჩუნოთ, არ უარვყოთ ჭეშმარიტი სარწმუნოება და ისიც არ უარგვყოფს ჩვენ.
გვახსოვდეს, რა დაგვიბარა უფალმა: "ნუ გეშინიათ მათი, ვინც სხეულს კლავს, სულის მოკვლა კი არ ძალუძთ. უფრო მეტად მისი გეშინოდეთ, ვისაც სულის დაღუპვაც შეუძლია გეენაში და სხეულისაც" (მათ. 10:28).
ამგვარად განამხნევებდნენ ნეტარნი ერთურთს.
მაშინ ფორტუნატიანემ უთხრა მათ:
- თქვენი ასაკის, ასე გონიერი ხალხი ჭკუიდან რამ გადაგიყვანათ?! ღმერთად მას აღიარებთ, ვინც იუდეველებმა, როგორც ავაზაკი, ჯვარს აცვეს.
წმინდა ტერენტიმ ყველას ნაცვლად უპასუხა:
- მმართველო, შენ რომ კერპთაყვანისმცემლობაზე უარი თქვა და ჯვარცმული ქრისტეს ძალა შეიგრძნო, აუცილებლად აღიარებდი მას და თაყვანსაც სცემდი. ის არის ძე ღმრთისა. სწორედ მამა ღმერთის ნებით განკაცდა, გარდამოხდა ზეცით ჩვენს გამოსახსნელად და თავისი ნებით ევნო ჯვარზე!
მმართველმა უთხრა:
- შესწირეთ ღმერთებს მსხვერპლი, თორემ ცეცხლს მიგცემთ!
- გგონია, ამით შეგვაშინებ? - უპასუხებდა წმინდა ტერენტი, - არც ისეთი სუსტები ვართ, რომ მარადიულ სიცოცხლეზე ვთქვათ უარი კერპების გამო. რაცა გსურს, აღასრულე, ჩვენ, ქრისტეს მონები, მზად ვართ, მის გამო სიცოცხლე გავიღოთ!
განრისხებულმა მმართველმა ბრძანა, მარტვილნი გაეშიშვლებინათ და წარმართულ ტაძარში შეეყვანათ.
კერპები ოქროთი და ვერცხლით უხვად შეემკოთ. ტაძარში მმართველმა წმინდანებს კვლავ გაუმეორა:
- მსხვერპლი შესწირეთ უძლეველ ჰერკულესს, რამეთუ დიდია მისი ძალა.
- შემცდარხარ, - უპასუხა წმინდა ტერენტიმ, - შენი ღმერთები მხოლოდ ოქროთი შემკული ქვა და ხე, სპილენძი და რკინაა, რომელთაც არც თვალისჩინი აქვთ, არც - ესმით, ვერც მოძრაობენ, რადგან ადამიანის ხელით არიან შექმნილნი. გვითხარით, თქვენს ღმერთებს ძალუძთ ადამიანთა შეწევნა, ან ვინმეს დასჯა?
ამ სიტყვებმა უარესად გააღიზიანა მმართველი და ბრძანა, ტერენტი, აფრიკანე, მაქსიმე და პომპიოსი ბნელ დილეგში ჩაეყარათ და ფხიზლად ედარაჯათ.
ღირსი ზენონი, ალექსანდრე, თეოდორე და სხვები, სულ ოცდათექვსმეტი კაცი, წარმართულ ტაძართან მიაყვანინა და უთხრა:
- გიბრძანებთ, დიდ ღმერთს, ჰერკულესს მსხვერპლი შესწიროთ!
წმინდანებმა უპასუხეს:
- მრავალჯერ დავამოწმეთ, რომ ქრისტიანები ვართ. ამიტომ, ვერასოდეს გვაიძულებ, უწმინდურ კერპებს ვეთაყვანოთ!
მმართველმა ამაზე თქვა:
- თუ ნებაყოფლობით არ გინდათ დამმორჩილდეთ, მაშინ გაიძულებთ! - იღრიალა უსჯულომ და მათი დაუნდობელი გაროზგვა ბრძანა.
წმინდა მარტვილებმა ცისკენ აღაპყრეს ხელნი და უფალს შეჰღაღადეს:
- ღმერთო ჩვენო, მოგვხედე შენს მონებს და გვიხსენ მტერთაგან!
ამის გაგონებაზე მმართველმა ბრძანა, უფრო სასტიკად გაეროზგათ.
ილაჯგაწყვეტილი ჯალათების რამდენჯერმე შეცვლაც კი მოუხდათ, ისე გამეტებით სცემდნენ წმინდანებს.
მიუხედავად სასტიკი წამებისა, წმინდანებს სახეზე ღიმილი და ნათელი გადასდიოდათ და სიხარულით დაით¬მენდნენ საშინელ ტანჯვას.
მმართველი კი კვლავინდებურად უმეორებდა:
- ღმერთებს მსხვერპლი შესწირეთ და თავისუფლებას და სიცოცხლეს მიიღებთ!
წმინდანები დუმდნენ. მაშინ მმართველმა მრისხანედ ბრძანა, ცხელი რკინებით დაედაღათ, ჭრილობებზე კი მარილიანი ძმარი დაესხათ და ჩვრებით დაეზილათ.
წმინდა წამებულებმა ზეცას აღაპყრეს თვალნი და შეჰღაღადეს:
- უფალო ჩვენო, რომელმან სამი ყრმა - ანანია, აზარია და მიქაელი ცეცხლისგან, დანიელი - ლომთაგან, მოსე - ფარაონისგან, წმინდა თეკლე - ცეცხლისა და ლომთაგან იხსენი, შენ, რომელმაც მკვდრეთით აღადგინე უფალი ჩვენი იესო ქრისტე, შენ, სამყაროს შემქმნელი ხარ და ვინც დაიანგარიშებს ვარსკვლავთა რიცხვს, ყველას თავის სახელს უწოდებს, ისმინე ჩვენი ვედრება და გვიხსენ უბედურებისგან, რამეთუ შენი არს სუფევა და ძალი და დიდება უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ლოცვა ჯერ დასრულებული არ ჰქონდათ, გააფთრებულმა მმართველმა ბრძანა, ჩამოეკიდათ და რკინის მარწუხებით სასტიკად ეტანჯათ. წმინდანებს სისხლი ღვარად სდიოდათ, მაგრამ არაადამიანური ტკივილის მიუხედავად, ოდნავაც არ შემდრკალან, რამეთუ ღმერთი მათ ძალას ჰმატებდა. მაშინ მტარვალმა თქვა:
- ახლა მაინც თუ იტყვით უარს თქვენს სიგიჟეზე?
პასუხი რომ ვერ მიიღო, მმართველმა კვლავ გაიმეორა:
- თქვენ მოგმართავთ, ცოდვილნო!
მაშინ მოწამეებმა კვლავ ზეცას ახედეს და წარმოთქვეს:
- ღმერთო ძლიერო, ოდესღაც უზნეობის გამო სოდომს ცეცხლი მოუვლინე. ახლაც დაამხე ეს ბილწი ტაძარი შენი სიმართლის დასტურად!
ესა თქვეს და წარმართულ სალოცავს ჯვარი გამოსახეს. კერპები მყისვე დიდი ხმაურით დაიმსხვრა და მტვრად იქცა.
- ახლა ხომ ხედავ, რანი არიან შენი ღმერთები? სად არის მათი ძალა? ნუთუ ფიქრობ, რომ მათ შენი დაცვა შეეძლოთ?
ცოტა ხანში ტაძარიც ერთიანად ჩამოიქცა, რამაც უარესად განარისხა მმართველი და ბრძანა, წმინდანებისთვის თავები მოეკვეთათ. წამებულები სიხარულით შეხვდნენ განაჩენს, უფალს ადიდებდნენ და მხნედ გაემართნენ სიკვდილის შესახვედრად, ჯალათთ მორჩილად დაუხარეს თავნი და მოწამებრივი სიკვდილი მიიღეს.
მორწმუნეებმა ცხედრები წმინდა ადგილას მიაბარეს მიწას. ამის შემდეგ მმართველმა წმინდა ტერენტის, აფრიკანეს, მაქსიმეს და პომპიოსის მიყვანა ბრძანა.
- მსხვერპლი შესწირეთ ღმერთებს, თორემ თქვენც იგივე ხვედრი გელით, - ღრიალებდა ცოფქმნილი.
- ჩვენ ოდენ ქრისტეს ვესავთ, ეშმაკთ არ ვეთაყვანებით და არც შენს ღმერთებს მოვუდრეკთ ქედს! - იყო პასუხი.
ტანჯვის არ გვეშინია. როგორცა გვსურს, ისე გვტანჯე, ჩვენი ღმერთის შეწევნით, ისე გძლევთ, როგორც ქრისტემ გაანადგურა ეშმაკი. უფალი განგვამტკიცებს, რომ შენი ბოროტება გავაცამტვეროთო!
მმართველმა კვლავ მათი დილეგში ჩაყრა და ხელ-ფეხშებორკილების იატაკზე დამაგრებულ სამკბილაზე დაწვენა ბრძანა, თან საკვების მიწოდებაც აკრძალა, თუმცა, მარტვილთ ლოცვა არ შეუწყვეტიათ.
შუაღამისას დილეგი განათდა, მოწამეთ უფლის ანგელოზი გამოეცხადა და უბრძანა:
- ტერენტი, აფრიკანე, მაქსიმე და პომპიოს, უფლის მონებო, მტკიცედ დეგთ და გამხნევდით!
ეს თქვა თუ არა, წმინდანებს ბორკილები დასცვივდათ და მათ წინაშე სხვადასხვა კერძით სავსე ტაბლა გაჩნდა.
ანგელოზმა მათ უთხრა:
- სული მოითქვით და იხმიეთ, რაც ქრისტემ წარმოგიგზავნათ!
წმინდანებმა უფალი ადიდეს, საზრდელით მოძლიერდნენ და ღმერთს მადლობა შესწირეს. მცველებმა დილეგში შუქი რომ შენიშნეს, შეიხედეს და გახარებული ტუსაღები იხილეს.
ეს ამბავი მყისვე მმართველს მოახსენეს. ამ უკანასკნელმა დილაუთენია უხმო ტყვედქმნილთ და უთხრა:
- გონს მოხვედით? მზად ხართ, უარი თქვათ თქვენს სიგიჟეზე? მოდით და ეთაყვანეთ ღმერთებს!
წმინდა ტერენტიმ უპასუხა:
- ღმერთმა დაგვიფაროს სიგიჟისგან, რამეთუ "უგუნური ღმრთისა უფრო ბრძენია, ვიდრე კაცნი" (I კორ. 1:25), ხოლო ადამიანის სიბრძნე უფლის წინაშე სიგიჟეა. მართლაც შეშლილნი ვიქნებით, თუ ღმერთს უარვყოფთ და ეშმაკს ვეთაყვანებით შენს მსგავსად!
განრისხებულმა მმართველმა ბრძანა, მოწამენი სახრჩობელაზე ჩამოეკიდათ და რკინის შანთებით ეწამებინათ, თუმცა, ნეტართ ღვთისადმი ვედრება ამ ყოფაშიც არ შეუწყვეტიათ:
- იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, ქრისტიანების მტკიცე იმედო და ნათელო, არ მიგვატოვო და შეგვეწიე შენთვის ვნებულთ!
ლოცულობდნენ და უფლის შეწევნით, საშინელ ტკივილებს ვეღარც გრძნობდნენ.
მაშინ მმართველმა კვლავ მათი დილეგში ჩაყრა ბრძანა, თან ჯადოქართ და გრძნეულთ უხმო, რომლებსაც თვით მხეცთა ამეტყველება შეეძლოთ და უბრძანა, საში¬ნელი შხამიანი გველები დილეგში შეეტყუებინათ.
მაგრამ მოხდა სასწაული და ასპიტნი მარტყვილთ ფეხებზე ეხვეოდნენ და არას ერჩოდნენ. ტყვედქმნილნი კი უფალს გალობით ადიდებდნენ.
სამი დღე-ღამის შემდეგ მმართველმა ამბის გასაგებად მცველები გაგზავნა. დილეგის კარს რომ მიუახლოვდნენ, მარტვილთა გალობა გაიგონეს. მაშინ კართან ახლოს მივიდნენ, შეიხედეს და იხილეს, რომ ღვთის ანგელოზი წმინდანებთან გველებს ახლოს არ უშვებდა.
ამის დანახვაზე, შეძრწუნებულები უკან დაბრუნდნენ და ყველაფერი მმართველს მოახსენეს.
ინათა თუ არა, მმართველმა ჯადოქრებს უბრძანა, დილეგიდან გველები გაეყვანათ, წმინდანები კი სასამართლოში წარედგინათ. გრძნეულები დილეგში შევიდნენ და შელოცვათმოთქმა იწყეს, მაგრამ გველები არამცთუ დაჰმორჩილდნენ, მათკენვე გასრიალდნენ და სასიკვდილოდ დაგესლეს.
მოწამენი მმართველს მიჰგვარეს. როდესაც უვნებელნი იხილა, ბრძანა, მათთვის თავები წარეკვეთათ.
წმინდანები სიხარულით აღივსნენ და სიკვდილთან შესახვედრად გალობით გაეშურნენ:
- ღმერთო, შენ გვიხსენ მტერთაგან! - შეჰღაღადეს ზეცას.
ჯალათებმა ბრძანება შეასრულეს და ქრისტეს მსახურნი მოწამებრივად აღესრულნენ.
ღვთისმოყვარე ადამიანებმა მათი სხეულები მიწას ქალაქის სიახლოვეს მიაბარეს.
კონდაკი
მოწამეთა პატიოსანი სახსენებელი მოვიდა დღეს, მხიარულ მყოფელი ყოველთა დაბადებულთა ტერენტი ბრძნისა და მოყუასთა მისთა, მოსწრაფედ უკუე მივრბიოდეთ, რაითა მოიღოთ კურნებაი, რამეთუ ამათ ღმრთისა მიერ მოიღე მადლი სულისა წმიდისა კურნებად სენსა სულთა ჩუენთასა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი