ქრისტეს ეს მოწამენი წარჩინებული და ფრიად შეძლებული ოჯახის შვილნი იყვნენ, წარმომავლობით - ლუკიელნი.
წმინდა ამფიანემ (სხვაგვარად - აფიანე) განათლება ბეირუთში მიიღო და იქვე გაქრისტიანდა (მოგახსენებთ, რომ ორივე ძმა, მსგავსად მშობლებისა, მოქცევამდე წარმართი გახლდათ), სამშობლოში მობრუნებულმა კი გარკვეულ ხანს კვლავ ერში იცხოვრა, შემდგომ კი, ღვთის ნებას მინდობილი, წუთისოფელს დაეხსნა, მამისეული სახლი დატოვა და პალესტინის კესარიას მიაშურა.
იქ წმინდა პამფილე (ხსენება 16 თებერვალს) გაიცნო, რომელიც შემდეგ მოწამებრივად აღესრულა. ამ ღვთისკაცმა ამფიანეს ისეც სიყვარულით აღვსილი გული ღვთისთვის ცხოვრებისთვის აღანთო...
მალე, მაქსიმინეს ხელმწიფებისას, ქრისტიანთა ახალი დევნა (306 წელი) დაიწყო, ავსულმა იმპერატორმა მთელ იმპერიაში დაგზავნა შიკრიკნი ყველასათვის საუწყებლად, - "ღმერთებისათვის" მსხვერპლის შეწირვის ჟამი დადგა და გიხმობთო!
ის იყო, კესარიის მმართველი, ურბანოსი, სამსხვერპლოსკენ უნდა დაძრულიყო, ამფიანემ, თითქოსდა, უჩინარიაო, მის დაცვას შეუმჩნევლად ჩაუარა, მმართველს მარჯვენა ხელში სწვდა და მშვიდი, მაგრამ საღვთო კადნიერებით აღვსილი ხმით შეაჩერა:
- არ ეგების ჭეშმარიტი შემოქმედისაგან განდგომა და კერპთა და ეშმაკთა თაყვანისცემა!
მოულოდნელობისაგან გაშეშებული მცველები ამ ხმამ თითქოს გამოაფხიზლა, მსწრაფლ ეცნენ ნეტარს და ჯერ ჯოხებით გვემეს უმოწყალოდ, შემდეგ კი - ზედ შესდგნენ და ჯერ პირი წარკვეთეს, შემდეგ - ყურები, ბოლოს კი - ფეხებშეკრული საპყრობილეში გამოკეტეს.
მეორე დღეს ამფიანე ურბანოსის სამსჯავროს წარუდგინეს, მმართველმა მისი საშინელი ტანჯვა ბრძანა: - რკინის კავებით მანამდე უჯიჯგნეს ნეკნები, სანამ ძვალნი და შიგნეულობა არ განუშიშვლეს, ნეტარი კი, ღვთის მადლით განმტკიცებული, როდესაც მტარვალი ეკითხებოდა, - ვინ ხარო? მშვიდად პასუხობდა:
- მონა ვარ ქრისტესი!
ამ სიტყვებმა თითქოს ცეცხლი შეუგზნო ისეც გააფთრებულ ურბანოსს და გონდაკარგულმა მარტვილს ჯერ ზეთიანი ტილოები შემოახვია ფეხებზე, შემდეგ - თოკით ჩამოკიდა და ცეცხლი შეუგზნო, მაგრამ ცოცხალ კელაპტრად ქცეული ამფიანე, სხეული მიწაზე ცვილად რომ ეღვრებოდა, თითქოს ვერც გრძნობდა საზარელ ტანჯვას, ღვთის შეწევნით რომ დაითმენდა, რაც უარესად აცოფებდა წარმართთ.
დაიქანცნენ ჯალათები ამფიანეს წამებით და კვლავ ციხეს უკრეს თავი. მეორე დღეს კი, ხელახალი დაკითხვის შემდგომ მოთმინებადაკარგულმა ურბანოსმა მისთვის ფეხებზე ქვების შებმა და ზღვაში დახრჩობა ბრძანა, მაგრამ როგორც კი ეს აღასრულა, საშინელი გრიგალი ამოვარდა, რასაც არანაკლები სიძლიერის მიწისძვრა მოჰყვა, წმინდა მამის სხეული კი ტალღებმა ქალაქის კარიბჭესთან გამორიყეს, სადაც მალე ქრისტიანები შეგროვდნენ და ამის მხილველთ ადიდეს უფალი.
რაც შეეხება წმინდა ედესს, იგი ამფიანეზე უადრეს შეუდგა ქრისტეს. ძმასავით ისიც წმინდა პამფილეს მოწაფე გახლდათ და ამფიანეს გარდაცვალების შემდგომ მისივე ბედი გაიზიარა: - წარმართულ სამსჯავროზე დაუფარავად აღიარა ქრისტე და საშინელი ტანჯვის შემდგომ პალესტინას, სპილენძის მაღაროებზე გადაასახლეს სამუშაოდ.
ღვთის შეწევნით, იქაურობას თავი მშვიდობით დააღწია და მალევე მიაშურა ალექსანდრიას.
იქაური მმართველი, იეროკლე სასტიკად დევნიდა ქრისტიანთ, რამაც ედესის ყურამდეც მიაღწია, განრისხებული ედესი მმართველს ეახლა და ისეთი ალიყური უთავაზა, მიწას განართხა...
ძნელი წარმოსადგენი არ არის, თუ რა ბედს სწევდნენ, - მხნედ დაითმინა ენით უთქმელი სალმობანი, რის შემდეგაც, მსგავსად ამფიანესი, მისი ქვებგამობმული სხეულიც ზღვას მისცეს.
წმინდა მამანო, ევედრეთ ღმერთსა ჩვენთვის!
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი