წმინდა მარკოზს არეთუსიის ეპისკოპოსად ხელი დაასხეს მოციქულთასწორ კონსტანტინე დიდის დროს. სწორედ ამ უკანასკნელის ბრძანებით წმინდა მარკოზმა დაანგრია წარმართული სამსხვერპლო.
მაშინ წმინდა არეთუსი ვერაფრით წარმოიდგენდა, რომ გავიდოდა დრო და ბიზანტიის სხვა იმპერატორი მას იმავე წარმართული სამსხვერპლოს აღდგენისათვის თანხას მოსთხოვდა.
კონსტანტინე დიდის სიკვდილის შემდეგ იმპერატო¬რებად გამოაცხადეს მისი სამივე ვაჟი. იმპერატორთაგან უფროსს, კონსტანტინეს, წილად ხვდა გალია, ესპანეთი და ბრიტანეთი - ოლქები, კონსტანტინე უმცროსი (337-340 წწ.) ცოტა ხანს იყო იმპერატორი - იგი ბრძოლაში მოკლეს. მეორე ძმა, კონსტანსი (337-350 წწ.), მართავდა იტალიას, აფრიკასა და ილირიას, ძმის სიკვდილის შემდეგ კი მთელ დასავლეთს. მესამე ძმა, კონსტანციუსი (337-361 წწ.), აღმოსავლეთს მართავდა. ის მუდამ ერეოდა ეკლესიის საქმეებში და ამით გაუთავებელ უთანხმოებასა და მღელვარებას იწვევდა. მოციქულთასწორი იმპერატორის კონსტანტინე დიდის სხვა დანარჩენი ნათესავები მეომრებმა ამოხოცეს მცირეწლოვანი ძმისშვილების - გალუსისა და იულიანეს - გარდა. ისინი ღირსმა მარკოზ არეთუსიელმა გადაარჩინა და ეკლესიაში დამალა.
კონსტანციუსის ბრძანებით, ყმაწვილები იზრდებოდნენ ქრისტიანი დამრიგებლის მეთვალყურეობით კაპადოკიის ერთ-ერთ ციხესიმაგრეში, სადაც პატივით ეპყრობოდნენ, მაგრამ თითქმის ტყვეობაში ჰყავდათ. ისინი მონათლეს და მოგვიანებით ეკლესიაში მედავითნეებად დაადგინეს; მათგან მოითხოვდნენ ქრისტიანული რჯულის მკაცრად დაცვას, მარხვას, სიარულს მარტვილთა საფლავებზე, შესაწირის მიტანას ტაძრებში. შემდგომ ამ ჭაბუკებმა თავადაც ააგეს ტაძარი წმინდა მოწამე მამანტის სახელზე. მაგრამ ძმებს გარს ეხვივნენ არიანელი მასწავლებლები, რომლებიც ქრისტიანული სათნოებების მაგალითებად ნამდვილად ვერ გამოდგებოდნენ. მათი უსინდისობა, ქიშპობა და ხრიკები ეკლესიაში, კონსტანციუსის უსამართლო და სასტიკი მოპყრობა - ეს ყოველივე ყმაწვილების თვალში ქრისტიანებს მეტად არასახარბიელოდ წარმოაჩენდა. უმცროსმა, იულიანემ, ადრეული ასაკიდანვე შეიძულა ჭეშმარიტი სარწმუნოება.
იულიანემ განათლების დასასრულებლად მოინახულა საბერძნეთი და მცირე აზიის ზოგი ოლქი, სადაც დაუახლოვდა წარმართობის მიმდევრებს. მან უარყო ნათლობა, შეასრულა განწმენდის წარმართული რიტუალი სამსხვერპლო სისხლის სხურებით და შეემატა კერპების მსახურთა რიცხვს.
კონსტანციუსის უეცარი გარდაცვალების შემდეგ. 361 წელს, იულიანე ტახტზე ავიდა. მის მთავარ მიზნად იქცა ქრისტიანობის დამხობა და წარმართობის აღდგენა, რისთვისაც დაუყოვნებლივ გამოაცხადა თავი ბერძენთა და რომაელთა ღმერთების თაყვანისმცემლად და ბრძანა, ყველა ქალაქში წარმართული ბომონები დაედგათ; სადაც ისინი ქრისტიანებმა დაანგრიეს, ამ უკანასკნელთა ხარჯზე ახალი აეგოთ. არეთუსაში ამის საფასური მოსთხოვეს ღრმად მოხუცებულ მარკოზ ეპისკოპოსს - მას, რომელმაც ოდესღაც იულიანე გადაარჩინა სიკვდილს.
ეპისკოპოსმა უპასუხა, რომ ფული არ აქვს და რომც ჰქონდეს, წარმართული ბომონის ასაგებად არ გაიღებს. ქალაქის მმართველობამ იცოდა, რომ ის ნამდვილად ღარიბი იყო და თანდათანობით შეუმცირეს გადასახდელი, ბოლოს მზად იყვნენ, უმცირესი თანხითაც დაკმაყოფილებულიყვნენ, რის გადახდასაც მარკოზი შეძლებდა. მაგრამ ეპისკოპოსისთვის ფული არაფერს ნიშნავდა - მას მოთხოვნა უსამართლოდ მიაჩნდა და მზად იყო, მომკვდარიყო, ვიდრე ბომონის აგებისთვის შეეწყო ხელი. მოთმინებადაკარგული წარმართები გააფთრებით მისცვივდნენ მარკოზს, დაუწყეს ცემა, ათრიეს ქუჩებში, წამებით კინაღამ მოკლეს, მაგრამ მისი სიმტკიცე ვერ გატეხეს.
შემდეგ თაფლი და ქონი წაუსვეს ტანზე. მოწამეს ფუტკრების გუნდი დაესია. ნეტარი ტკივილებს ვერ გრძნობდა, უფალი სასწაულებრივად იცავდა თავის ერთგულ მღვდელმთავარს, რაც კიდევ უფრო აღიზიანებდა მტანჯველებს. წმინდა მარკოზის წამებაზე მოგვითხრობს წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი. არეთუსიის მცხოვრებლებმა ეპისკოპოსი გაათავისუფლეს. გათავისუფლებულმა მარკოზმა ბევრი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. ეკლესია მის ხსენებას ძველი სტილით 29 მარტს (ახ.სტ. 11 აპრილს) აღასრულებს.
იმავე ეპოქაში ღაზაში, ასკალონსა და იერაპოლში წარმართები სასტიკად არბევდნენ ქრისტიანებს. ფინიკიის ქალაქ ილიოპოლში მოღვაწეობდა დიაკონი კირილი. მანაც წმინდა მარკოზის მსგავსად მოციქულთასწორი კონსტანტინე დიდი დროს დაანგრია წარმართული სამსხვერპლოები. იულიანეს დროს წარმართებმა შეიპყრეს კირილი, მუცელი გამოფატრეს და მისი ღვიძლი უმად მიირთვეს. ამ უმსგავსო საქციელის გამო ისინი დაისაჯნენ, ზოგს კბილები დასძვრა, ზოგს ენა დაუსნეულდა, ზოგმაც მხედველობა დაკარგა.
პალესტინის ქალაქებში - ასკალონსა და ღაზაში, სადაც წარმართობა უფრო ძლიერი იყო. კერპთაყვანისმცემლებმა შეიპყრეს ქრისტიანი ღვთისმსახურები და ქალები, რომლებმაც უფალს მიუძღვნეს ცხოვრება. ისინი სასტიკად აწამეს: მათ შიგნეულობა გამოუღეს და ღორებს აჭამეს, მოწამეების ცხედრების მუცლები კი შვრიით ამოავსეს.
მიუხედავად ქრისტიანთა ამგვარი სასტიკი დევნისა, იულიანემ კერპთა თაყვანისცემის აღდგენა მაინც ვერ მოახერხა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი