იმპერატორ ტრაიანეს მიერ ქრისტიანთა დევნას თვით მისი ქალიშვილი დროსიდაც კი ემსხვერპლა.
რომის იმპერატორი ტრაიანე, რომელსაც წარმართები კეთილ და სამართლიან მმართველად მიიჩნევდნენ, II საუკუნის დამდეგს (98-117 წწ.) განაგებდა რომის იმპერიას. ის ქრისტიანების მიმართ არ იჩენდა გულმოწყალებას, სდევნიდა როგორც მეამბოხეებს და უმკაცრესად ეპყრობოდა. წარმართებსა და იუდეველებს სძულდათ ქრისტიანები და ყოველი საშუალებით ცდილობდნენ, მათ წინააღმდეგ განეწყოთ იმპერატორი. მსაჯულები ქრისტიანებისგან ითხოვდნენ წარმართული რიტუალების შესრულებას იმპერატორის გამოსახულების წინ, იმპერატორის გენიუსის (იმპერატორის გენიუსი - წარმართთა აზრით ღვთაება, რომელიც იმპერატორს მფარველობდა) თაყვანისცემას ან მის დაფიცებას. ქრისტიანები, რა თქმა უნდა, ამას არ ეთანხმებოდნენ და ეს უარი იმპერატორისადმი უპატივცემულობად აღიქმებოდა. თავისი მმართველობის დასაწყისში ტრაიანემ გამოსცა კანონი, რომლის თანახმად, იკრძალებოდა ყველა საიდუმლო შეკრება. ამ ბრძანების საშუალებით ადვილი იყო ქრისტიანთა წინააღმდეგ მოქმედება, რადგან ეს უკანასკნელნი მოუნათლავებს საიდუმლოთა აღსრულებაზე დასწრების ნებას არ რთავდნენ და სალოცავად ხშირად იკრიბებოდნენ ღამღამობით. დაიწყო დაუნდობელი დევნა, ყველგან ატყვევებდნენ ქრისტიანებს და სამსჯავროზე მიჰყავდათ. სხვების დასაშინებლად მოკლული ქრისტიანების გვამებს ხშირად დაუმარხავად ტოვებდნენ.
ერთხელ ხუთმა ქრისტიანმა ქალწულმა: აგლაიდამ, აპოლინარიამ, დარიამ, მამთუსამ და ტაისიამ გადაწყვიტეს, დაეკრძალათ ქრისტიანობისთვის აღსრულებულები. მათ საიდუმლოდ მიჰქონდათ ქრისტიანთა ცხედრები, ნელსაცხებლებს სცხებდნენ და მარხავდნენ. როცა ეს ამბავი გაიგო ტრაიანეს ასულმა დროსიდამ, ქალწულებს სთხოვა, თან წაეყვანათ. როსიდა, მართალია, მონათლული არ იყო, მაგრამ ქრისტეს რწმენა ფარულად ჰქონდა გულში. მშვენიერ დროსიდას საქმრო ჰყავდა, იმპერატორის სასახლის წარჩინებული კარისკაცი დროიანე. დროიანე ეჭვობდა, რომ ქრისტიანები ფარულად აპატიოსნებდნენ და მარხავდნენ თავიანთ მოძმეებს, ამიტომ გარდაცვლილი ქრისტიანების ცხედრებ-თან დარაჯები დააყენა. კარისკაცი ასე სხვა ქრისტიანების შეპყრობასაც გეგმავდა. პირველსავე ღამეს წმინდა დროსიდა და ხუთივე ქალწული შეიპყრეს. ტრაიანეს ბრძანებით, დროსიდა ცალკე შენობაში გამოკეტეს. იმპერატორს იმედი ჰქონდა, რომ ქალიშვილი თავის შეც¬დომას მიხვდებოდა და მოინანიებდა, პატიებას სთხოვდა მამას.
აგლაიდა, აპოლინარია, დარია, მამთუსა და ტაისია ცოცხლად დაწვეს სპილენძის სადნობ ღუმელში.
ქალწულთა წმინდა ნეშტგარეული სპილენძისგან სამფეხები ჩამოასხეს ტრაიანეს ახალი აბანოსათვის, მაგრამ სანამ ეს სამფეხები აბანოში იდგა, შიგ ვერავინ შედიოდა - ყველა, ვინც ზღურბლს გადააბიჯებდა, უსუ¬ლოდ ეცემოდა. ქურუმები მიხვდნენ, რატომაც ხდებოდა ეს სასწაული და ურჩიეს, სამფეხები გაეტანათ.
კარისკაცმა დროიანემ იმპერატორს ურჩია, სამფეხები გადაედნოთ, ქალწულმოწამეთა მსგავსი შიშველი ქალის ძეგლი ჩამოესხათ და აბანოს შესასვლელთან დაედგათ. როდესაც ძეგლები აღმართეს, იმპერატორმა ძილში იხილა სამოთხეში მობალახე ხუთი კრავი და მწყემსი, რომელმაც უთხრა: "უსჯულო და უწმინდურო მეფეო! კეთილმა და მოწყალე მწყემსმა წარგგვარა შენ მიერ შეურაცხყოფილთა სულები და დააწესა იქ, სადაც მოვა წმინდა კრავი დროსიდა, ასული შენი". გამძვინვარებული ტრაიანეს ბრძანებით გაახურეს ორი უზარმაზარი ღუმელი და იქვე ჩამოჰკიდეს იმპერატორის ბრძანება: "გალილეველნო, ჯვარცმულის თაყვანისმცემელნო, თავი აარიდეთ აუტანელ წამებას, ჩვენ კი აგვარიდეთ შრომას - მსხვერპლი შესწირეთ ღმერთებს, თუ ეს არ ძალგიძთ, ნებაყოფლობით შედით ღუმელში". ბევრი ქრისტიანი საკუთარი სურვილით ეწამა ქრისტესთვის.
წმინდა დროსიდამაც გადაწყვიტა, ქრისტესთვის შეეწირა თავი და უფალს შეევედრა, შეუმჩნევლად გაეყვანა საპყრობილიდან. ღმერთმა შეისმინა მისი ვედრება: დარაჯებს ჩაეძინათ. მოუნათლავი ასული მდინარისაკენ გაეშურა, სამჯერ ჩაეფლო წყალში და ნათელიღო. შვიდი დღე იმალებოდა წმინდანი, ლოცვასა და მარხვაში ატარებდა დღეებს. წმინდა ქალწული ქრისტიანებმა იპოვეს და მისი მონათხრობიდან გაიგეს ყოველივე. მერვე დღეს წმინდა მოწამე დროსიდა საკუთარი ნებით შევიდა გახურებულ ღუმელში და უფალს შეჰვედრა სული. ეს მოხდა 104 წლის 22 მარტს.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი