პირველი თავი
შეკრებილ ღვთისმსახურთა მიმართ უწყება, მარტვილთმოყვარეთათვის სწავლება და ამ ახალი მოწამის, წმინდა აბოს ხსენება.
მამისთვის საყვარელნო, და ქრისტეს მეგობარნო და მონანო, და სულიწმინდის სამკვიდრებელნო, გხედავთ თქვენ როგორც ღვთისგან შეცნობილთ და ღვთის შემცნობელთ. მიტომაც გიწოდეთ თქვენ ქრისტეს მონებად და მეგობრებად; "მონებად" იმის გამო, რომ "მისი პატიოსანი სისხლით ხართ თქვენ ნაყიდი" (Iკორ. 6.20), ხოლო "მეგობრებად" იმიტომ, რომ მისი შექმნილები და დაბადებულები ვართ და მისი სიყვარულით მოვნათლულვართ.
ახლა, გევედრებით თქვენ ქრისტეს მიმართ, რომ წადიერი გულით მომაპყროთ თქვენი ეგ ხილული ყურთასმენა, უფრო კი თქვენი გულისა და გონების ეგ გრძნობადი ყურნი გახსნათ მოსასმენად და უმასპინძლოთ ამ ჩემს სიტყვებს, რადგან [ეს სიტყვები] ქრისტესთვის არის და მისი სანატრელი მოწამეებისთვის, რომ მიიღოთ ისინი თქვენი სხეულის კარავში და სამყოფელი მოუმზადოთ მათ, რადგან უფალს ნებავს დამკვიდრება თქვენი [სხეულის] ნაწილებში, როგორც თქვა ეს წმინდა პავლე მოციქულმა, ეკლესიათა მოძღვარმა: "ტაძრები ხართ ღვთისა და სულიწმინდაა დამკვიდრებული თქვენში" (კორ. 3.16). უფალიც ამბობს წინასწარმეტყველის მიერ: "მე მოვალ და დავმკვიდრდები თქვენში" (ზაქარ. 2.10), და წმინდა სახარებაში კი ამბობს: "ღვთის სასუფეველი თქვენს გულებშია" (ლკ. 17.21).
ამიტომ, საყვარელნო, ნუ მოგეწყინებათ ამ სიტყვათა სმენა, რომ ფუჭად არ დავშვრეთ, - მე სიტყვით, თქვენ კი სმენით, - რათა ერთად მოგვცეს ჩვენ უფალმა ჩვენი გარჯის საზღაური.
ამასთან, არათუ მარტოოდენ ჩემთვის არის საშური წმინდა მოწამის ამ საწადელი მარტვილობის სმენა, არამედ, ასევე, მართებს ყველა თქვენგანს, რომ გაკვირვებაში იყოს ჩემთან ერთად, რომლებიც კი "მეშვიდე ათასწლეულში", - ამ "შემოკლებულ დროში", - ვდგავართ, რა დროისთვისაც უფალი ამბობს: "ბევრი შეცდება და ბევრს შეაცდენენ" (მთ. 24.5.11), და მოციქული პავლე მისწერს ტიმოთეს: "მოვა დრო, როდესაც ამ მაცხოვნებელ მოძღვრებას აღარ განიკუთვნებენ, არამედ საკუთარი სურვილისამებრ თვითონვე შეიკრებენ მოძღვრებას ყურთა ქავილით, როდესაც ჭეშმარიტებისგან მიაბრუნებენ ყურთასმენას და ზღაპრებს მიუბრუნდებიან" (II ტიმ. 4.3-4), რაც ხდება კიდეც ახლა ამ დროს ჩვენს შორის, რადგან მრავალი ჩვენგანი, რომლებიც მიწის ამ კიდეში ვართ, ამ ჩვენმა ზედამხედველებმა, ამჟამინდელმა ბატონ-პატრონებმა, თავიანთი თვითრჯულობითი მოძღვრების მზაკვრობით ქრისტესგან განდგომილებმა, სასტიკისა და სივერაგის გზით და საცთურების ხრიკით შეაცდინეს და გადადრიკეს ჭეშმარიტების გზისგან, და ისინი, რომლებიც ხუთასი წლის განმავლობაში და უფრო ადრეც ნათლისღების წმინდა მადლით არიან რჯულდებულნი, ქრისტეს სახარების ჭეშმარიტებას აცდნენ. იმ დროიდან დღემდე ქრისტიანთა შვილები გადააგვარეს, ნაწილი – ძალადობით, ნაწილი – მოტყუებით, ნაწილი – ახალგაზრდული უმეცრებით, ნაწილი – მზაკვრობით, სხვები კი, რომლებიც ვართ-ღა მორწმუნეები, ძალადობის ქვეშ დამონებულნი და სინაკლულითა და სიგლახაკით, როგორც რკინით, შეკრულები, მათი ხარკის ქვეშ გვემულები, დატანჯულები და მეტად მძიმედ ვნებულნი, შიშით ვილევით და ვირხევით, როგორც ლერწმები - ძლიერი ქარისგან, მაგრამ, ჩვეულებისამებრ მამაპაპეული მსვლელობისა, ქრისტეს სიყვარულითა და შიშით, და ჭირთა მოთმენით, არ შორდებიან ღვთის მხოლოდშობილ ძეს.
ასეთ დროს გამოჩნდა ახოვნად ეს წმინდა მოწამე, რომელიც არათუ თავიდანვე ჩვენგანი იყო, არამედ მოვიდა იგი, უცხო უცხო რჯულით, უმეცარი ჩვენი სარწმუნოებისა, და ქრისტეს, ჩვენს ღმერთს, შეემეცნა, რის გამოც დღეს წმინდა და ახალი მოწამის ამ ახალმა დღესასწაულმა და ზეიმმა კვლავ გვირგვინი დაადგა ეკლესიას და ქრისტიანთა მთელი კრებული ერთბაშად გაანათა. ყველა პიროვნება ღირსი გახდა ამ დღეს ქრისტეს, ჩვენი ჭეშმარიტი ღვთის, მიმართ მეტისმეტი მადლიერების შეწირვისა, რადგან გაორმაგდა ღვთისგამოცხადების ეს დღესასწაული და მამაღმერთის მადლმა თავისი საყვარელი ძის ჩვენდამი გამოჩინებით და მისი წმინდა სულის გადმოსვლით სარწმუნოებისგან დაწნული გვირგვინი თავის მარტვილებს დაადგა ეკლესიის თავზე, რის გამოც დღესასწაულთა ეს სიმრავლე, როგორც გვირგვინი, გარშემო ადგას მას და ღვთისმოყვარეებს ჩვეულება აქვთ ყოველჟამს მასში შეკრებისა საღვთო დიდებისათვის, რადგან თავიანთი ერთად შეკრებით მრავალ ღვთისმსახურებას აჩვენებენ, თუმცა არათუ ფუჭ განცხრომათა და საჭმელთა ნაყროვნების განუძღომლობა იჩენს თავს მათში, არამედ ყველა გემრიელი საჭმლის სანაცვლოდ საღვთო სიტყვათა ძალა ტკბილად გამოდის მათი პირიდან, ვინაიდან წინასწარმეტყველის სიტყვა ხმოვანებს მათში: "ტკბილია ჩემს სასაში შენი სიტყვები, უფალო, თაფლზე მეტად – ჩემს პირში" (ფს. 118.103). მართლაც, საჭმელთა შეკრებას განძღომაც ახლავს, ხოლო ღვთის სიტყვათა გახსენებას არ ახლავს განძღომა ღვთისმოყვარე სულებისთვის, და კიდევ, "მის წმინდა მარტვილთა ხსენებით ვინ განძღება მარტვილთმოყვარე?". ამასთან, მათ ერთგულებაც აქვთ უფლისადმი, რადგან ასე ეუბნება უფალი თავის წმინდანებს: "ვინც თქვენ მიგიღებს, მე მიმიღებს" (მთ. 10.40). ამიტომ, უფრო გულმოდგინედ იმ საღვთო [საქმეებისთვის] ხდება მათი შეკრება: იქ წარმოადგენენ ისინი ცხონების სიტყვებს, იქ იზრდება წმინდა სამების სარწმუნოება, იქაა სიტკბოების სწავლებანი, მადლის მოძღვრებანი, მამათმთავართა მშვენიერება, წინასწარმეტყველთა დიდება, მოციქულთა ქადაგებანი, მოწამეთა მოღვაწეობა, ქრისტეს თავდებობა ჩვენთვის – ვნება, რადგან სიმტკიცე და სიხარული ხდება ჭაბუკებისთვის თხრობა ქრისტეს მოღვაწეთა სიმხნის შესახებ, სიამაყე და მხიარულება მოხუცებულთათვის – ხსენება მარტვილთა ღვაწლისა, საწადელი და სასურველი მღვდელთათვის და ეკლესიის ყრმათა, მოწაფეთა და შვილთათვის – წმინდანთა დღესასწაულის ზეიმი, და ემსგავსება მათი ხმები ეკლესიის შიგნით გალობისშემსხმელ ანგელოზებს, და სულიწმინდა, თაყვანცემული, ხარობს მათ შორის, და მამა იდიდება, და ძის ქველმოქმედება და კაცთმოყვარეობა იქადაგება, რადგან ყოვლისმპყრობელმა ღმერთმა და მეტად უხვმა უფალმა, რომელმაც არ უგულებელყო ადამიანთა ურვა და კაცთა სიყვარულის გამო წმინდა ქალწულისგან ხორცი შეიმოსა, თავისი წმინდა ხორცით სამოთხიდან გამოვარდნილი ადამიანი, დაცემული, ზეცისკენ აიხმო, და აღირსა მას მიუწვდომელი საიდუმლო, - იესო ქრისტეს ქვედადაბლება ჩვენთვის, ის, რაც [აქამდე] არ არსებობდა, და შენარჩუნდა ის, რაც არსებობდა – ჩვენი მაცხოვრის, იესო ქრისტეს დიდება, რადგან ქვედადაბლდა იგი, გვიხსნა ჩვენ, ამაღლდა ზეცად, საიდანაც გადმოვიდა, თან აიყვანა ჩვენი ეს მიწისაგანი კაცება და [ეს კაცება] მჯდომარეა მამის მარჯვნივ, რაც საკვირველად შეიერთა [მისმა] ღმრთეებამ განგებულებით, რომელიც ამ ორივე ბუნებით იქადაგება ერთ ძედ, ღმერთად და ადამიანად განყოფის გარეშე, იგივე არის რა სახელით "ემმანუელი – ღმერთი და ადამიანი ჩვენთან" (შდრ. მთ. 1.23), "რათა მისი სახელის მიმართ მოდრკეს ყველა მუხლი ზეცისათა, ამქვეყნისათა და ქვესკნელის [მკვიდრთა] და ყველა ენამ აღიაროს" მისი სახელი (შდრ. ფილიპ. 2.10-11), რადგან საშინელია, წმინდაა, ყოვლადძლიერია, საკვირველია, უფალია და ყოვლისმპყრობელია მისი სახელი. არ ძალგვიძს ჩვენ მივწვდეთ მისი სახელის სიმდიდრეს, მაგრამ, ჩემი უძლურებისა და თქვენი გულმოდგინების შესაბამისად, შევუდგები იმის უწყებას თქვენთვის, საყვარელნო, რომ არის იგი კარი, გზა, ტარიგი, მწყემსი, ლოდი, მარგალიტი, ყვავილი, ანგელოზი, კაცი, ღმერთი, მატლი, მიწა, მარილი, მატლი, მდოგვის მარცვალი, სიმართლის მზე, უკვდავი მამის ძე, ერთი ღმერთი – გარდაუქმნელი, განუქარვებელი, შეუცვლელი, რადგან გარდაუქმნელი და განუქარვებელია ღმრთეების ბუნება [მისი] ხორცშესხმისა და [ადამიანურ ბუნებასთან] შეერთების შემდეგ, რომლის შესახებაც, თუკი შევძლებ, თითოეულ ამ სახელდებასთან დაკავშირებით ჭეშმარიტს გაუწყებთ თქვენ, თუმცა კი გაუწყებთ მისივე მადლით თქვენ, ქრისტესმოყვარეებს:
"კარი" ეწოდა, რადგან თქვა: "მე ვარ კარი ცხვრებისა" (ი. 10.7), ვინაიდან ჭეშმარიტად მის მიერ, როგორც სასუფევლის კარში, შევდივართ მისდამი მორწმუნეები.
"გზა" ეწოდა, რადგან თქვა: "მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და ცხოვრება" (ი. 14.6), ვინაიდან გზა ხდება იგი ჩვენთვის, ზეცად ამსვლელთათვის.
"ტარიგი" ეწოდა, "რადგან ჩვენთვის დაიკლა" (Iკორ. 5.7) და მარადის ცოცხალია და საუკუნო ცხოვრებას გვანიჭებს თავისი ხორცისა და სისხლის ჩვენდამი განაწილებით.
"მწყემსი" ეწოდა, რადგან თქვა: "მე ვარ კარგი მწყემსი" (ი. 10.14). ჭეშმარიტად ასეა, რადგან მოგვაქცია მან გზასაცდენილი ცხვრები, ამასთან, ლომი, ჩვენი მტერი, ჯვრის კვერთხით მოკლა, ხოლო ამ ლომისგან განადგურებული სხეული პირველქმნილი [ადამიანისა] თავისი ღმრთეების ძალით კვლავ გააცოცხლა და შხამიანი მგლის ნაკბენი თავისი ჭრილობით განკურნა, მომაკვდინებელი შხამი კი თავისი ღმრთეების წამლით გააქარწყლა, აღასრულა რა წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამი სიტყვა: "დაიჭრა იგი ჩვენი ცოდვების გამო და მისი ჭრილობით ჩვენ განვიკურნეთ" (ეს. 53.5).
"თავსაკიდური ლოდი" ეწოდა წინასწარმეტყველის მიერ (ფს. 117.22), რადგან იგია, რომელიც შეურაცხყოფილი და უკუგდებული გახდა , მღვდელთმოძღვართა და მწიგნობართა მიერ, ებრაელთა ტომისგან იერუსალიმში, თუმცა მთელი ცისქვეშეთის თავი გახდა იგი.
"მარგალიტი" ეწოდა (შდრ. მთ. 13.45-46), რადგან იგი, როგორც მარგალიტი, ღმრთეებით ბრწყინდება ორ ფიცრს – სულსა და ხორცს – შორის, რომელსაც სასუფევლის ღვთისმოყვარე ვაჭრები სარწმუნოებით ეძიებენ არა როგორც ღმერთს შიშველს და ადამიანს ლიტონს, არამედ როგორც ღმერთსა და ადამიანს, და ისინი მთელი საუნჯის დახარჯვით და თავიანთი სისხლის დანთხევითაც კი სარწმუნოებით ყიდულობენ მხოლოდ მას, დიდფასიანს.
"მარილი" ეწოდა, რადგან ჩვენს ამ ცოდვით შერყვნილ ხორცს მიეახლა, კერპთმსახურების სიმყრალე გაგვაშორა და ჩვენი სულები ღმრთისმსახურების სარწმუნოებით სურნელოვნად შეაზავა.
"ყვავილი" ეწოდა, რადგან იესეს ძირიდან ყვავილად აღმოცენდა (ეს. 11.1) ეკლესიაში წმინდა ქალწულ მარიამისგან ხორციელად, ხოლო ღმრთეების სურნელებით მადლის სული მოჰფინა ჩვენზე.
"ანგელოზი" ეწოდა, რადგან წინასწარმეტყველის მიერ სახელად აქვს მას "დიდი განზრახვის ანგელოზი, საკვირველი" (ფს. 9.6), რომელიც მამის მიერ მხსნელად მოვიდა ჩვენთან.
"ადამიანი" ეწოდა, რადგან წინასწარმეტყველმა თქვა: "ადამიანია და ვის ეცოდინება იგი" (იერ. 17.9). ჭეშმარიტად სრული ადამიანობა შეიმოსა მან ცოდვის გარეშე და თავისი ღმრთეება ჩვენ გამოგვიცხადა.
"ღმერთი" ეწოდა, როგორც თქვა ნეტარმა იოანე მახარებელმა: "ღმერთი იყო ის სიტყვა და ყველაფერი მის მიერ შეიქმნა, რამდენიც კი შეიქმნა" (ი. 1.3).
"სინათლე" ეწოდა მის მიერვე, რადგან თქვა: "იყო ჭეშმარიტი სინათლე, რომელიც ასინათლებს ყველა ადამიანს, ამქვეყნად მომსვლელს" (ი.1.9).
"მიწა" ეწოდა, როგორც თქვა დავითმა: "მიწამ გამოიღო თავისი ნაყოფი. გვაკურთხე ჩვენ, ღმერთო, ღმერთო ჩვენო" (ფს. 66.7). ჭეშმარიტად, მიწის დამბადებელი მიწაზე მოვიდა და მიწის მტვრით შექმნილთაგან აღმოცენდა მიწიდა ნ მიწამტვრის ბუნების მქონე ხორცი, როგორც მშვენიერი ჯეჯილი, და ნაყოფად გამოიღო თავისი წმინდანები: მოციქულები, მოწამეები, მართალნი, და ეს დაწყევლილი მიწა კურთხევის ნაყოფით აავსო.
"მდოგვის მარცვალი" ეწოდა, რადგან იმცირებს იგი თავის თავს და მიემსგავსება ჩვენს აღნაგობას, რომ ჩვენი სულის ხნულში დაირგოს, ღრმად გაიბას ძირი, თავისი ჯვრის რტოებზე შეგვკრიბოს, ამაღლდეს და თავის თავთან ერთად ჩვენც აგვამაღლოს.
"მატლი" ეწოდა, რადგან თქვა: "მატლი ვარ და არა ადამიანი" (ფს. 21.7), ვინაიდან ღმრთეების გამობრწყინებით თავისი ეს ღმრთეება როგორც ანკესი თავის სხეულში დაფარა ისე როგორც მატლში, ჩააგდო იგი ამ სოფლის ზღვაში და ამოიღო როგორც კეთილმა მეთევზემ, რის შესახებაც ამბობს: "შეიპყრობ დიდ ვეშაპს ანკესით და გააცვამ მას ყბებზე აღვირს და კაუჭს მის ცხვირში" (შდრ. იობ. 40.20-21). ეს არის ეშმაკი, რომელიც შეიპყრო მან და შემუსრა მისი მზაკვრობები, რის შესახებაც მოწმობს დავით მეფსალმუნე: "შენ შემუსრე იმ ვეშაპის თავები" (ფს. 73.13-14).
"სიმართლის მზე" ეწოდა, რადგან თქვა წინასწარმეტყველმა: "და გამოგიბრწყინდებათ თქვენ, მისი სახელის მოშიშთ, სიმართლისმზე, რომელსაც აქვს კურნება თავისი ფრთების ქვეშ" (მალაქ. 4.2), ვინაიდან სწორედ იგია, რომელიც იფარავს და ათბობს, და "არაფერია, რაც დაეფარება მის სიცხეს".
ხოლო არათუ მე თვითონ განგიმარტეთ თქვენ ამათგან რაიმე, საყვარელნო, ქრისტესმოყვარენო და სწავლისმოღვაწენო, არამედ ამას მოწმობს საწინასწარმეტყველო წიგნები, მოციქულთა ქადაგება, წმინდა სახარებათა ნაწერები და ნეტარ მამათა და მოძღვართა მიერ დადგენილი სარწმუნოება, რადგან უეჭველი სარწმუნოება დიდი საუნჯეა მორწმუნეებისთვის, რომლებიც მადლს იღებენ შენგან, ზეცათა მამაო, ღმერთო და უფალო ცხოვრებისმომცემელო, ვინაიდან ქრისტიანთა სარწმუნოება დიდი მოძღვრებაა . ამ მადლით გეთაყვანებიან შენ მართალნი, გაკურთხევენ შენ წმინდანნი, გაღიარებენ შენ მარტვილნი, ღირსნი ხდებიან რა დევნულებისა შენს გამო, რომელიც ევნე ჩვენთვის, ქრისტე ღმერთო. ისინი მოწმობენ შენს მიმართ, შენ გაფარებენ თავს და არაფრად აგდებენ ეშმაკის მაცთუნებლობასა და მის მსახურთა ძალადობას, რადგან არათუ მარტოოდენ ბერძნებმა მოიპოვეს ეს ღვთისმიერი სარწმუნოება, არამედ - ჩვენც, ამ შორეულმა მოსახლეებმა, როგორც მოწმობს უფალი და ამბობს: "მოვლენ აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან და დასხდებიან აბრაამის, ისააკისა და იაკობის წიაღში" (შდრ. მთ. 8.11). აჰა, ქართლის მოსახლეებსაც აქვთ სარწმუნოება და წოდებულია [ქართლი] წმინდანთა დედად, რომელთაგან ერთნი საკუთრივ აქაური მცხოვრებნი იყო, მეორენი კი – უცხონი და სხვა ადგილიდან მოსულნი დრო და დრო, მოწამეებად რომ ჩნდებოდნენ ქრისტე იესოს, ჩვენი უფლის მიერ, რომლისაც არის დიდება უკუნითი-უკუნისამდე. ამინ.
გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი