ერთ დღეს მოწაფეებმა ჰკითხეს ქრისტეს, თუ ვინ იქნება ყველაზე დიდი ცათა სასუფეველში. ქრისტემ მზერა მოავლო გარშემო მყოფთ. ბევრი მათგანი შვილებთან ერთად იყო მოსული.
უფალმა იხმო ერთი ბიჭუნა და თქვა: "რომელმან დაიმდაბლოს თავი თვისი, ვითარცა ყრმაჲ ესე, იგი უფროჲს იყოს სასუფეველსა ცათასა" (მათ. 18,4).
გავიდა წლები, უკვე დაიქუხა მიწაზე ქრისტეს სიტყვამ და გააბრწყინა მთელი ქვეყანა, მოციქულებმაც მსოფლიოს ყოველ კუთხეში იქადაგეს უფლის სიტყვები.
ბიჭუნა, რომელიც ერთ დღეს იუდეაში უფალმა იესო ქრისტემ დალოცა, სირიელი გახლდათ და სახელად ეგნატე ერქვა. მას კარგად ახსოვდა ის დალოცვილი დღე, როდესაც ქრისტემ მას ხელი დაადო... ეგნატე ყმაწვილობაშივე დაემოწაფა იოანე ღვთისმეტყველს. ბევრი ღვთაებრივი რამ უამბო მას უფლის რჩეულმა მოწაფემ. მოგვიანებით ეგნატე მოციქულთა კრების გადაწყვეტილებით, ანტიოქიის ეპისკოპოსად იქნა დადგენილი (წმინდანი ანტიოქიის მეორე მღვდელმთავარი იყო - სამოცდაათთაგანი მოციქულის, ევოდის შემდგომ). უფლის რჩეული ოთხი ათეული წლის მანძილზე მოციქულებრივი მოშურნეობით იღვწოდა ქრისტეს ეკლესიისათვის.
ანტიოქია - სირიის დედაქალაქი - რომის იმპერიის ერთ-ერთი შესანიშნავი, ფუფუნებით, სახალხო თამაშებითა და გასართობებით განთქმული ქალაქი იყო. აქ იღვაწეს წმინდა მახარებლებმა: პავლემ, ბარნაბამ და პეტრემ. პირველად იქაური მრავალრიცხოვანი კრებულის წევრები შეიქნენ ღირსნი, წოდებულიყვნენ ქრისტიანებად. წმინდა ეგნატე გულმოდგინედ ასრულებდა ეპისკოპოსის მოვალეობას, ცდილობდა, დაეცვა თავისი სამწყსო ცრუსწავლებათა გავლენისაგან, დაემოძღვრა და საკუთარი ცხოვრებით მიეცა მაგალითი. იგი ორმოცი მშფოთვარე და რთული წლის განმავლობაში იყო ეპისკოპოსი. მას დომიციანე სდევნიდა. მრავალი ერეტიკოსი ლამობდა მორწმუნეთა გადაცდენას ჭეშმარიტი სწავლებიდან, მაგრამ ეგნატე "ლოცვითა და მარხვით, დაუღალავი სწავლებით, სულიერი მოშურნეობით ეწინააღმდეგებოდა მღელვარებას, რათა მას რომელიმე სულმოკლე ან გამოუცდელი არ ჩაეძირა". უკვე ღრმად მოხუცებული ერთს ნატრობდა მხურვალედ - სიცოცხლე გაეღო უფალ იესო ქრისტესთვის. ეგნატეს მთელი ქრისტიანული სამყარო მიაგებდა პატივს წმინდა და შეუბღალავი ცხოვრებისთვის და უწოდებდნენ ღმერთშემოსილს - ამ სახელდებით გამოიხატებოდა მისი მგზნებარე სიყვარული უფლისადმი.
ერთხელ წმინდა ეგნატე ზეცად იქნა აღტაცებული და საღვთო ჩვენებით იხილა ანგელოზთა ორი დასი, რომელიც მონაცვლეობით აქებდა ყოვლადწმინდა სამებას. ამის შემდეგ მან ანტიოქიის ეკლესიაში შემოიღო ანტიფონური გალობა, რაც თანდათან სხვა ქრისტიანულ ეკლესიებშიც დამკვიდრდა.
ამ პერიოდში, ქრისტესშობიდან მეორე ასწლეულის დამდეგს რომის იმპერიას მართავდა იმპერატორი ტრაიანე. მას წარმართები კეთილ და სამართლიან მმართველად მიიჩნევდნენ. ტრაიანე ქრისტიანების მიმართ არ იჩენდა გულმოწყალებას, სდევნიდა, როგორც მეამბოხეებს და უმკაცრესად ეპყრობოდა. წარმართებსა და იუდეველებს სძულდათ ქრისტიანები და ყოველი საშუალებით ცდილობდნენ, მათ წინააღმდეგ განეწყოთ ხელისუფალი. მსაჯულები ქრისტიანებისგან ითხოვდნენ წარმართული რიტუალების შესრულებას იმპერატორის გამოსახულების წინ, იმპერატორ გენიუსის (წარმართთა აზრით, ღვთაება, რომელიც იმპერატორს მფარველობდა) თაყვანისცემას ან მის დაფიცებას. ქრისტიანები, რა თქმა უნდა, ამას არ ეთანხმებოდნენ და ეს უარი იმპერატორისადმი უპატივცემულობად აღიქმებოდა.
თავისი მმართველობის დასაწყისში ტრაიანემ გამოსცა კანონი, რომლის თანახმად, იკრძალებოდა ყველა საიდუმლო შეკრება. ამ ბრძანების საშუალებით ადვილი იყო ქრისტიანთა წინააღმდეგ მოქმედება, რადგან ეს უკანასკნელნი მოუნათლავებს საიდუმლოთა აღსრულებაზე დასწრების ნებას არ რთავდნენ და სალოცავად ხშირად იკრიბებოდნენ ღამღამობით. დაიწყო დაუნდობელი დევნა, ყველგან ატყვევებდნენ ქრისტიანებს და სამსჯავროზე მიჰყავდათ. მაგალითად, წმინდა კლიმენტი გადაასახლეს ტავრიკეს ქერსონესში, სადაც მოწამებრივად აღესრულა. წმინდა სვიმეონი, იერუსალიმის ეპისკოპოსი, სასტიკად აწამეს...
106 წელს ანტიოქიაში იმპერატორი ტრაიანე ჩავიდა. მან ის-ის იყო, მოიპოვა უდიდესი გამარჯვება დაკებზე და ახალი ომისთვის ემზადებოდა. ანტიოქიელებმა იგი სიხარულით მიიღეს, რითაც ერთგულება დაუდასტურეს. მის საზეიმო მსვლელობას ქალაქში თან სდევდა მსხვერპლშეწირვები ღმერთებისა და იმპერატორების პატივსაცემად. ქრისტიანები, რა თქმა უნდა, ამგვარ ზეიმებში არ მონაწილეობდნენ. ეს რისხვას ჰგვრიდა წარმართებს და მათ ტრაიანესთან ასმენდნენ, როგორც სახელმწიფოს მტრებს - მოახერხეს კიდეც მისი დარწმუნება. როდესაც ეს ეგნატემ შეიტყო, თავისი ნებით მივიდა იმპერატორთან, რათა დაეყოლიებინა, უარი ეთქვა ქრისტიანთა დევნაზე. ტრაიანემ ცივად მიიღო იგი.
- შენ ხარ ის ბოროტი სული, რომელიც ეწინააღმდეგება ჩემს ნებას და ხალხს ჩვენი კანონებისადმი დაუმორჩილებლობას ჩააგონებს? - ჰკითხა მან.
- ჯერ არავის უწოდებია ღმერთშემოსილისთვის ბოროტი სული; ღვთის მონებს ავსულები გაურბიან, მათგან მე ზეციური მეფის, ქრისტეს, სახელი მიცავს! - მიუგო ეგნატემ.
- ეს ღმერთშემოსილი ვინღა არის? - გაიკვირვა იმპერატორმა.
- ის, ვინც ქრისტეს გულით ატარებს!
- შენ ფიქრობ, რომ ჩვენს სულებში არ მკვიდრობენ ღმერთები, რომლებიც მტრების წინააღმდეგ ბრძოლაში გვეხმარებიან?!
- შენ შეცდომით უწოდებ ღმერთებს წარმართულ დემონებს. ღმერთი ერთია - შემოქმედი ცათა და ქვეყანისა; ერთია ქრისტე, ძე ღვთისა მხოლოდშობილი, რომლის სასუფეველში შესვლასაც ვნატრობ.
- ეს ის არის, პილატე პონტოელის დროს რომ გააკრეს ჯვარზე?
- დიახ, ის, რომელმაც ჯვარს აცვა ჩემი ცოდვა და მისი მიზეზი, და თავის მონებს მისცა ძალა ეშმაკისეულ ძალაუფლებასთან გამკლავებისა.
- და ამ ჯვარცმულ ქრისტეს ატარებ გულით?
- დიახ, რამეთუ წერილ არს: "დავიმკვიდრო და ვიქცეოდი მათ შორის" (2 კორ. 6,6).
ტრაიანემ, რომელიც გააგულისა ეპისკოპოსის სიმტკიცემ, მას სიკვდილი მიუსაჯა, თან ბრძანა, - ბორკილდადებული წაეყვანათ რომში და იქ ხალხის გასამხიარულებლად მხეცებისთვის მიეგდოთ. აღსრულდა ეგნატეს დიდი ხნის ოცნება. პეტრე და პავლე მოციქულთა მსგავსად, მას ქრისტესთვის ბორკილები დაადეს. ქრისტიანები მას ტირილით აცილებდნენ, თავად ეგნატე კი ზეიმობდა. მას მხოლოდ იმისი ეშინოდა, რომაელ ქრისტიანებს ხელი არ შეეშალათ მისი სიკვდილით დასჯისათვის. თავის შთაგონებულ ეპისტოლეში იგი სიკვდილის სიხარულზე საუბრობს:
"ქრისტესთვის ბორკილდადებული ვიმედოვნებ, მოგეგებოთ თქვენ, თუ უფლის ნებით მივაღწევ დასასრულს. დასაწყისი კარგია, ნეტავ გავხდები თუ არა ღირსი დაუბრკოლებლად მივიღო სანატრელი ხვედრი? თქვენი სიყვარულის მეშინია, რათა მან ხელი არ შემიშალოს. არასოდეს მომეცემა ასეთი ხელსაყრელი საშუალება, ღმერთს შევუერთდე. ნურაფერს გააკეთებთ იმისთვის, რომ ხელი შეუშალოთ ჩემს აღსასრულს ველური ნადირების მიერ. სამსხვერპლო უკვე მზად არის... ვუგალობ ღმერთს, რომ მან ინება აღმოსავლეთიდან სირიის ეპისკოპოსის დასავლეთში მიყვანა... ვლოცულობ, რომ ჩემთვის გამზადებული ნადირები ხარბად მეცნენ. მე ვაიძულებ მათ, შემჭამონ და არ მოხდეს ისე, რომ ხელი არ მახლონ, როგორც ეს ზოგჯერ ხდება ხოლმე, რომ მხეცები მსხვერპლს არ ეკარებიან. ცეცხლი და ჯვარი, ველური ნადირების დაღებული ხახა, ჩემი სხეულის მოკვეთილი და დაგლეჯილი ნაწილები - აი რა მწყურია, ოღონდ ქრისტეს შევუერთდე!"
ნეტარი ეგნატე, სხვა პყრობილ აღმსარებლებთან ერთად, ათი მეომრის თანხლებით გაამგზავრეს სასჯელის აღსრულების ადგილისკენ. მეომრები სასტიკად ექცეოდნენ მღვდელმთავარს. წინ ძნელი გზა ედოთ... ტანჯვით სავსე ამ მოგზაურობაში მას სასიხარულოც ბევრი შეხვდა. მთელ მცირე აზიაში გავარდა ხმა, რომ დიდი ეპისკოპოსი რომში მიჰყავდათ სიკვდილით დასასჯელად. ქრისტიანები ყველგან სიყვარულითა და ცრემლით ხვდებოდნენ ეგნატეს. ქალაქ სმირნაში მან რამდენიმე დღე დაჰყო იოანე ღვთისმეტყველის მოწაფესთან - ეპისკოპოს პოლიკარპე სმირნელთან და დიდად გაიხარა იმ სიყვარულით, რაც მცირე აზიის ეკლესიებმა გამოხატეს მის მიმართ. მათ სმირნაში მოავლინეს ეპისკოპოსები, პრესვიტერები და დიაკვნები, რათა ეგნატესგან კურთხევა და დამოძღვრა მიეღოთ. ეგნატე ამშვიდებდა დანაღვლიანებულ ქრისტიანებს და უმტკიცებდა, რომ ქრისტესთვის მოწამებრივი სიკვდილი ყველაზე სასიხარულო და სასურველი ხვედრი იყო მისთვის. მაგრამ მას ერთი რამ აშფოთებდა - დაინახა, თუ როგორ ძლიერ წუხდნენ მის გამო, ამიტომ შიში შეეპარა, რომაელ ქრისტიანებს არ ეცადათ სიკვდილისგან მისი გადარჩენა. ეგნატემ მათ სმირნიდან მისწერა ვედრებით სავსე წერილი, ხელი არ შეეშალათ ქრისტესკენ მოწამებრივი გზით სვლაში:
"უფალმა ამისრულა ვედრება და მომანიჭა ბედნიერება თქვენი ხილვისა. მე ქრისტესთვის ვარ ტუსაღი და ღმერთს ვევედრები, შემეწიოს, ბოლომდე ვიტვირთო ჩემი ხვედრი. მაგრამ ვუფრთხი თქვენს სიყვარულს... მე მწადია განსვლა უფალთან... ნუ დამაბრკოლებთ თქვენი სიყვარულით... მხოლოდ შესთხოვეთ ღმერთს ჩემთვის შინაგანი და გარეგანი ძალა, რათა არა ოდენ ვისაუბრო, მეწადოს კიდეც, რომ მარტო სახელი არ მერქვას ქრისტიანისა, სინამდვილეშიც ასეთი ვიყო. მე ვწერ ყველა ეკლესიას, რომ ნებით ვკვდები ღვთისთვის, თუ ამაში ხელს არ შემიშლით. გევედრებით, ნუ დამაყოვნებთ უდროო სიყვარულით. დაე, დამგლიჯონ მხეცებმა - მე ხორბალი ვარ ღვთისა; დაე, დამფქვან ნადირთა კბილებმა, რათა ღვთის სუფთა პური გავხდე... მე ჯერ მონა ვარ, ქრისტესთან კი თავისუფალი აღვდგები... მხოლოდ ახლა ვიწყებ მოწაფეობას, როდესაც აღარ ვნატრობ რაიმე ხილულსა თუ უხილავს - მხოლოდ ქრისტემდე მიღწევა მწადია... მსურს უფალი, ძე ჭეშმარიტი ღმერთისა და მამისა; ვეძებ მას, ვინც ჩვენთვის მოკვდა და აღდგა!.. შემინდეთ, ძმანო! ნუ დამაბრკოლებთ, მივიღო სიცოცხლე, ნუ მისურვებთ სულიერ სიკვდილს! საშუალება მომეცით, ვიხილო წმინდა ნათელი, ტანჯვით მივემსგავსო ჩემს ღმერთს!.. გამიგებს ის, რომელშიც ღმერთი მკვიდრობს... თუ თქვენთან შეხვედრისას სხვა რაიმე გთხოვოთ, ყური არ მათხოვოთ, მხოლოდ იმის გჯეროდეთ, რასაც ახლა ვწერ. მე ამჟამად სიცოცხლით სავსე, ქრისტესთვის სიკვდილის სურვილით ვარ აღვსილი. ჩემი სიყვარული ჯვარცმულია და სულში ამა სოფლისადმი სიყვარულის ნაპერწკალიც კი არ ღვივის. ჩემში მოედინება წყალი ცხოველი და მიხმობს: გაემართე მამისკენ! დაე, თავად მამა ღმერთმა და უფალმა იესო ქრისტემ გამოგიცხადოთ, რომ მე სიმართლეს მოგახსენებთ. ილოცეთ ჩემთვის"...
რომაელებისადმი ამ წერილის გარდა, ეგნატემ ისევ სმირნიდან, შემდეგ კი ტროადიდან ექვსი სხვა წერილი მისწერა მცირე აზიის ეკლესიებს და პოლიკარპე სმირნელს.
მეომრები რომში მიიჩქაროდნენ. მათ ნაბრძანები ჰქონდათ, ეგნატე დეკემბრისთვის ჩაეყვანათ ეგრეთწოდებული სატურნალიების ზეიმის დროს. ამ დღესასწაულზე ისინი იხსენებდნენ ოქროს საუკუნეს, რომელიც, თითქოსდა ღმერთების მამამთავრის, სატურნის, დროს იდგა. ამისთვის მზადდებოდა გასართობი - რომაელთა საყვარელი სისხლიანი სანახაობები. ცოტა ხნის წინ ასეთი თამაშებისთვის აიგო ფართო და ბრწყინვალე ნაგებობა, რომლის ნანგრევებიც დღევანდლამდე შემორჩა. მისი მშენებლობა დაიწყო ვესპასიანემ და დაამთავრა ტიტუსმა. მას ეწოდა "ვესპასიანეს ცირკი", კოლიზეუმი, რომლის აგება ოცდაათი ათასამდე ტყვე იუდეველმა დაასრულა. შენობა იმდენად უზარმაზარი იყო, რომ ასი ათასამდე კაცს იოლად იტევდა. დაბალი კედლით გარშემორტყმულ შუაგულში მონიშნული იყო წრე, ანუ არენა, სისხლიანი სანახაობისთვის. ერთი ძველი დროის მწერალი დიონ კასიუსი გადმოგვცემს, რომ დომიციანეს დაბადების დღეს კოლიზეუმის საზეიმო გახსნაზე ცხრა ათასამდე მხეცი და ამდენივე საცოდავი სიკვდილმისჯილი გამოიყვანეს. სისხლის ღვრის შემდგომ არენა აავსეს წყლით და საზღვაო ბრძოლების ამსახავი სცენებით ახალისებდნენ მაყურებლებს.
ამ ყოველივემ შეიძლება გარკვეული წარმოდგენა შეგვიქმნა, თუ რაოდენ უზარმაზარი იყო შენობა და რა წარმოუდგენელი სახსრები იხარჯებოდა ამ გართობებისთვის. რაღაც დროიდან კოლიზეუმში ტრადიციად დამკვიდრდა, მხეცებისთვის ქრისტიანები მიეგდოთ დასაგლეჯად.
როდესაც ხომალდმა, რომელზეც ეგნატე იყო, მიაღწია ნეაპოლის მახლობლად მდებარე ნავსადგურ პუტეოლს, ეპისკოპოსმა მოისურვა ნაპირზე გადასვლა და იმ გზის გავლა, რომლითაც ოდესღაც მიემართებოდა რომში უფლისთვის დატყვევებული მეორე უდიდესი პიროვნება - პავლე მოციქული. მაგრამ ძლიერი ქარის გამო იძულებული გახდნენ, გადმომსხდარიყვნენ პორტოში, ოსტიის მახლობლად მდებარე ქალაქში. ეგნატე თანამგზავრებთან ერთად დაადგა გზას რომისკენ - უამრავი ქრისტიანი გამოვიდა მის დასახვედრად, ცრემლმომდგარნი გამოხატავდნენ თავიანთ სიყვარულსა და მწუხარებას. მღვდელმთავრის ვარაუდი გამართლდა - რომაელი ქრისტიანები ნამდვილად ეძებდნენ საშუალებას, ეხსნათ იგი. მაგრამ ეგნატემ კიდევ ერთხელ დაარწმუნა - ხელი არ შეეშალათ სიკვდილით მისი დასჯისთვის. ყველამ მუხლი მოიყარა და მხურვალე ლოცვა აღუვლინა ღმერთს - მშვიდობა მიეცა ეკლესიისთვის და მოძმეთა გულები ურთიერთისადმი სიყვარულით განემტკიცებინა. ცრემლმორეული ქრისტიანები გადაეხვივნენ ეგნატეს და გამოეთხოვნენ, რის შემდეგაც მეომრებმა იგი კოლიზეუმისკენ წაიყვანეს. დასასჯელად მიმავალი ეგნატე ლოცულობდა და ქრისტეს უხმობდა. "რატომ იმეორებ სულ ამ სახელს?" - ჰკითხეს მეომრებმა. - "იგი ჩემს გულშია, ამიტომაც თავისთავად იმეორებენ ბაგენი" - მიუგო ეპისკოპოსმა.
წმინდა მოხუცის წამებამ დიდხანს არ გასტანა. არენაზე გასულმა ძლივს მოასწრო სარწმუნოების აღიარება, რომ ორი ლომი ეცა და თვალის დახამხამებაში დაგლიჯა. ეს მოხდა 107 წლის 20 დეკემბერს. ქრისტიანებმა მოწიწებით შეაგროვეს მოწამის ძვლები და ანტიოქიაში ჩაასვენეს. ამას თან აახლეს თვითმხილველების - ფილონისა და აგათოპოდეს - მიერ აღწერილი მისი მოწამებრივი აღსასრულის ამბავი. ისინი თავიანთ თხრობას შემდეგი სიტყვებით ამთავრებდნენ:
"ჩვენ, რომლებმაც ეს საკუთარი თვალით ვიხილეთ, მთელი ღამე სახლში ტირილსა და მუხლმოდრეკაში გავატარეთ; ლოცვით შევთხოვდით ღმერთს, ვენუგეშებინეთ. როდესაც ჩაგვეძინა, ზოგიერთმა იხილა ნეტარი ეგნატე, რომელიც ახლოს იდგა და გვეხვეოდა; სხვებმა ნახეს, თუ როგორ ლოცულობდა ჩვენთვის; ზოგმაც ოფლგადამდინარე - უდიდესი ჯაფის შემდგომ უფლის წინაშე წარდგომილი იხილა. სიხარულით შევადარეთ ერთმანეთს სიზმრისეული ხილვები, ქება აღვუვლინეთ ღმერთს, სიკეთეთა მომნიჭებელს, შევნატრეთ წმინდა მამას და ჩავწერეთ თქვენთვის მისი აღსასრულის დღე და წელიწადი, რათა მისი მარტვილობის დღეს შევიკრიბოთ და თანაზიარ-ვეყოთ ქრისტესთვის მოღვაწესა და მამაც მოწამეს. - ჩვენ ვუგალობთ მის ცხოვრებასა და წამებას, რომელთა გახსენებისას განვადიდებთ უფალს ჩვენსას, იესო ქრისტეს".
ეს ეპისტოლე ანტიოქიის ეკლესიამ სხვა ეკლესიებსაც გაუგზავნა. ასევე შემოინახა პოლიკარპე სმირნელის ეპისტოლე, სადაც იგი სთხოვს ფილიპელებს, შეატყობინონ, თუ რაიმე იციან ეგნატეზე. ამ თხზულებიდან ვიგებთ, რომ ქრისტიანებს ჩვეულებად ჰქონდათ მოწამის აღსასრულის წლისთავზე შეკრება, რათა ერთად ელოცათ მისთვის, მოეხსენიებინათ იგი, მოეთხროთ მის ცხოვრებასა და სიკვდილზე. თავის ეპისტოლეებში ეგნატე სწერდა ქრისტიანებს, ელოცათ მისთვის, რადგან დარწმუნებული იყო, რომ ეს განუმტკიცებდა ძალებს, აგრეთვე შეახსენებდა, ელოცათ მისი გარდაცვალების შემდეგაც. ქრისტესთვის აღსრულებულთა მოხსენიების დღეს მორწმუნეები მიიჩნევდნენ არა გლოვისა და დარდის თარიღად, არამედ მისი შობის დღედ. ხარობდნენ, რომ მოძმემ მიაღწია ამქვეყნად ყოფნის დროს დასახულ მიზანს და აღორძინდა მარადიულ ცხოვრებაში. ლოცვის შემდეგ გარდაცვლილის საფლავზე ჩვეულებრივ სიყვარულის სერობას აწყობდნენ, შემდეგ კი გაჭირვებულებს ურიგდებოდა შემწეობა.
ამრიგად, ღირსი ეგნატე ღმერთშემოსილის მოწამებრივი აღსასრულიდან ერთი წლის შემდეგ, 108 წელს წმინდანის უხრწნელი ნაწილები, ანტიოქიის ერთ-ერთ გარეუბანში გადაასვენეს. დაახლოებით სამი საუკუნის შემდეგ, 438 წელს ღირსი მღვდელმთავრის წმინდა ნაწილები ქალაქ ანტიოქიაში გადააბრძანეს. როცა ეს ქალაქი სპარსელებმა დაიპყრეს, 540 წელს. მღვდელმთავრის ნეშტი რომში დააბრუნეს და წმინდა პაპ კლიმენტის სახელობის ტაძარში დაასვენეს.
...............
აქვე ნახეთ:
ქრისტეს მიერ კურთხეული ყრმა - წმიდა ეგნატე ღმერთშემოსილი
ეპისტოლენი წმიდისა ეგნატი ღმერთშემოსილისანი
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი