კაენის ბოროტმა საქმემ უდიდეს მწუხარებაში ჩააგდო ადამი და ევა. მრავალმოწყალე ღმერთმა ნუგეშად მესამე ვაჟი - სეითი მისცათ. სეითი ღვთისმოყვარე, ღვთისმოშიში, კეთილმსახური, სათნო და მშობლების ნუგეშისმცემელი იყო.
კაენისა და სეითისგან სწრაფად გამრავლდა კაცობრიობა. კაენის შთამომავლობა უკეთურებისკენ მიიდრიკა. სრულიად დაივიწყეს ღმერთი და კეთილი საქმეები. ცხოვრობდნენ ბიწიერებით, მხოლოდ ქვეყნიური სიამოვნებისა და კეთილდღეობის მოპოვებაზე ზრუნავდნენ...
როგორ აგრძელებენ სამოთხიდან გამოდევნილი ადამი და ევა ცხოვრებას? რატომ იდო ადამის ცოდვაში ყველა ცოდვა კაცობრიობისა? რატომ იწირავს უფალი აბელის მსხვერპლს, კაენისას კი არა? რამ განაპირობა კაცთა მოდგმის ცხოვრების გაუკუღმართება? - ამჯერად სწორედ ამ საკითხებზე გვესაუბრება არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):
ადამის ცოდვაში იდო ყველა ცოდვა კაცობრიობისა
- ადამმა თითქოს ერთი ცოდვა ქმნა - იხმია აკრძალული ნაყოფი, თუმცა ამ ერთ ცოდვაში იდო ყველა ცოდვა კაცობრიობისა...- ერთი შეხედვით, ადამმა თითქოს ერთი მცნება - მარხვა დაარღვია, მაგრამ ეს არ იყო მხოლოდ ერთი ცოდვა; მან პირველ ყოვლისა სცოდა ამპარტავნებით. რატომ იხმევს ადამი აკრძალულ ნაყოფს? - ეგონა, ღვთის მსგავსი გახდებოდა და სურდა კიდეც, ასე მომხდარიყო. ამპარტავნების შემდეგ სცოდა ურჩობით. ეს იყო შინაგანი, ადამიანის სულში მიმდინარე ცოდვები, რაც ხილულად აკრძალული ნაყოფის ჭამით გამოიხატა. ამის შემდეგ ადამი ღვთის გმობამდეც კი მივიდა - დაემალა ღმერთს. ფიქრობდა, ღმერთი ყველგან კი არა, მხოლოდ ერთ კონკრეტულ ადგილას იმყოფებოდა. როდესაც უფალს ისეთად არ ვაღიარებთ, როგორიც არის, ღვთის გმობაა.
კაცობრიობის გამრავლების კვალდაკვალ თანდათან გაჩნდა სხვა ცოდვებიც.
ადამის ცოდვა, ფაქტობრივად, ნებისმიერ ცოდვას შეიცავს, რადგან ადამიანი ნებისმიერ ცოდვასთან ამპარტავნებითა და ურჩობით მიდის.
- როგორ აგრძელებენ ცხოვრებას ადამი და ევა სამოთხიდან გამოდევნის შემდეგ? ჰქონდა თუ არა ადამს სინანული?
- სამოთხიდან გამოდევნილი ადამი და ევა შრომობდნენ, მიწას ამუშავებდნენ, მოსავალი მოჰყავდათ ანუ ასრულებდნენ ღვთის წყევლას: ოფლითა შენითა ჭამდე პურსო. რაც შეეხება სულიერ მდგომარეობას, ბიბლიაში არ წერია, როგორ სინანულში იყო ადამი სამოთხიდან გამოდევნის შემდეგ, მაგრამ ფაქტია, რომ მას უდიდესი სინანული ჰქონდა. ეს იქიდან ჩანს, რომ მისგან, შემდეგ კი სეითისგან დაედო საფუძველი კაცობრიობის გადარჩენას. ადამი რომ სინანულში არ ყოფილიყო, არც აბელი და არც სეითი ღვთის მადიდებლები არ იქნებოდნენ, ადამიანები მხოლოდ კაენს დაემსგავსებოდნენ. მათში ღვთის მადიდებლობა სწორედ ადამმა ჩადო. ადამი იყო კაცობრიობის პირველი მღვდელი, პირველი მასწავლებელი ღვთის მადიდებლობისა. დღეს რომ ქრისტიანები ვართ, უფალს რომ ვადიდებთ, ადამიანები მაცხოვარს რომ ელოდნენ და მხსნელი რომ მოვიდა დედამიწაზე, - სწორედ ადამის სინანულის გამო მოხდა.
პირველი მართალი ადამი იყო. სამოთხიდან გამოდევნის შემდეგ ის მარადის ადიდებდა ღმერთს. სწორედ ამიტომ შეიქმნენ ღირსნი ის და ევა მაცხოვრის ცხოველმყოფელი სისხლით განწმენდისა და ჯოჯოხეთიდან გამოხსნისა.
პირველი შვილები და სეითი
ადამისა და ევას პირველი შვილები იყვნენ კაენი და აბელი, რომლებიც სამოთხიდან გამოდევნის შემდეგ მალევე შეეძინათ. ბიბლიაში წერია - ედემის ბაღიდან გამოდევნის შემდეგ შეიცნო ადამმა დედაკაცი თვისი და შვა კაენი. შემდეგ შეეძინათ აბელი. სეითი გაცილებით გვიან შეეძინათ. როდესაც სეითი დაიბადა, ადამი 230 წლის იყო. ამ დრომდე მათ სხვა შვილებიც ჰყავდათ, მაგრამ სეითის დაბადება იმიტომაა ხაზგასმული, რომ იგი მართალი კაცობრიობის მამამთავარი გახდა.კაენი კლავს აბელს...
- რატომ შეიწირა უფალმა აბელის მსხვერპლი, კაენისა კი არა?- აბელმა ნათავარი - საუკეთესო ნაწილი შესწირა უფალს, რადგან სწამდა ჭეშმარიტი ღმერთი, მომავალი მაცხოვარი და მხურვალედ ლოცულობდა. კაენმა კი უარესი ნაწილიდან შესწირა, ის, რასაც თვითონ ვერ გამოიყენებდა. ფიქრობდა, მაინც უნდა დაიწვასო.
ცხადია, თავად მსხვერპლს არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია, მსხვერპლშეწირვა როგორი გულით აღესრულება - შემუსვრილი და წმინდა გულით შეწირული მსხვერპლია ღვთისთვის სათნო. სწორედ ეს არ ჰქონდა კაენს და ამიტომაც არ მიიღო მისი მსხვერპლი უფალმა. მსხვერპლის შეწირვამდეც დაესადგურებინა კაენის გულში ამპარტავნებას და ურჩობას, რაც ღვთისთვის არასათნო მსხვერპლის შეწირვით გამოიხატა. როდესაც მისი მსხვერპლი არ მიიღო, უფალმა ამით ამხილა კაენი, რათა სინანული გასჩენოდა და გამოსწორებულიყო, მან კი, პირიქით - ცოდვას ცოდვა დაუმატა და ძმა მოკლა, თითქოს აბელი ყოფილიყო დამნაშავე. კაენმა ძმა თავისი დანაშაულის დასაფარად მოკლა.
ცხადია, უფალს ჩვენი არაფერი სჭირდება - არც პირუტყვი, არც პურის მარცვალი; ისედაც ყველაფერი მისია. ბრძანებს კიდეც უფალი დავით წინასწარმეტყველის პირით: ჩემი არს ქვეყანა და სავსება მისიო. რაც არ უნდა შევწიროთ უფალს, მისას ვწირავთ და არა ჩვენსას, მის მიერ მოცემული სისავსიდან ვიღებთ მცირედ ნაწილს და მასვე ვუბრუნებთ. ამით გამოვხატავთ მადლიერებას ღვთის მიმართ. სწორედ ეს მადლიერებაა მთავარი უფლისთვის. აბელმაც სწორედ ეს მადლიერება გამოხატა, როდესაც თავისი ფარის ნათავარი - საუკეთესო ნაწილი შესწირა უფალს სარწმუნოებით.
- ძველ აღთქმაში აღსრულებული ნებისმიერი ქმედება წინასახე იყო ახალ აღთქმაში მოსახდენი მოვლენისა. საინტერესოა, რას მოასწავებდა ძველაღთქმისეული მსხვერპლშეწირვა...
- ძველი აღთქმა თავად არის აჩრდილი ახალი აღთქმისა. ძველი აღთქმის მსხვერპლშეწირვაში მაცხოვარი იგულისხმება - რომ მოვიდოდა მესია და თავის თავს გაიღებდა მსხვერპლად კაცობრიობის ცოდვების გამოსახსნელად.
"ძენი კაცთანი" და "ძენი ღვთისანი"
კაენისა და სეითისგან სწრაფად გამრავლდა კაცობრიობა: როდესაც მოკლა აბელი, კაენი განიდევნა იმ მიწიდან, სადაც მშობლებთან ერთად ცხოვრობდა - ედემის ბაღის მახლობელი ტერიტორიიდან. სამოთხესთან ახლოს ყოფნის, მისი შორიდან ჭვრეტის უფლებაც კი წაერთვა, რათა უკეთ დაენახა თავისი ცოდვა და სინანული აღძვროდა. თუმცა კაენს სინანული არ უგრძნია, პირიქით, კიდევ უფრო დაშორდა ფიზიკურად ედემს და სულიერად უფალს. სწორედ კაენმა დაუდო საფუძველი კაცობრიობის იმ შტოს, რომელიც მხოლოდ მიწიერებაზე ზრუნავდა. ბიბლიიდან ვიცით, რომ პირველი სამკაულები, პირველი საკრავი, პირველი ქალაქი კაენის შთამომავლებმა შექმნეს. როგორიც იყო თვითონ კაენი, ისეთივე უკეთურებისკენ მიდრეკილი შთამომავლობა ჰყავდა. მათ სრულიად დაივიწყეს ღმერთი და მხოლოდ ქვეყნიური სიამოვნებისა და კეთილდღეობისთვის ზრუნავდნენ. ამიტომ ეწოდათ "ძენი კაცთანი" ("კაცთა შვილები").სეითის შთამომავლობა უფრო სულიერებაზე ზრუნავდა, ცხოვრობდნენ კეთილმსახურებითა და ღვთის დიდებით, მუდამ ახსოვდათ ღმერთი და ჰქონდათ რწმენა მომავალი მაცხოვრისა. ზრუნავდნენ მხოლოდ არსებობისთვის აუცილებელ საჭიროებათა მოსაპოვებლად, დანარჩენ დროს კი სულიერებაზე ზრუნვას უთმობდნენ. უყვარდათ ერთმანეთი და ერიდებოდნენ უკეთურ საქმეებს. ამიტომაც ეწოდათ "ძენი ღვთისანი" ("ღვთის შვილები").
- რატომ იწოდებოდნენ მხოლოდ სეითის შთამომავლები ადამის შთამომავლებად, კაენიც ხომ მისი შვილი იყო?
- რადგან კაენმა სულიერადაც მიატოვა მამა - არ გააგრძელა ადამის გზა, მისი ღვთისმადიდებლური სწავლება უარყო, რაც აბელმა და სეითმა მიიღეს. კაენი თვითონ მოსცილდა კაცობრიობის ჭეშმარიტ შტოს. სეითისგან კი, როგორც ვთქვით, საფუძველი დაედო მართალ კაცობრიობას.
ადამიანთა ცხოვრების გაუკუღმართება
კაენისა და სეითის შთამომავლები თავიდან ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ, მაგრამ როდესაც გამრავლდნენ, მათი საცხოვრებელიც დაუახლოვდა ერთმანეთს.სეითის შთამომავლებმა ნახეს, რომ "კარგები იყვნენ ასულნი კაცთა" (კაენის ტომის ქალები), მოეწონათ და მათი ცოლად მოყვანა იწყეს. ამის შემდეგ სეითის შთამომავლები კაენის ნაშიერთან გადასახლდნენ. "ღვთის ძეებმა" ნელ-ნელა იწყეს დაცემა. მიწიერი სიამეებისთვის ტოვებდნენ ჭეშმარიტი უფლის თაყვანისცემას და კაენის შთამომავალთ უერთდებოდნენ. ასე ნელ-ნელა მცირდებოდა "ღვთის ძეთა" რაოდენობა. სეითის შთამომავალნიც კაენის შთამომავალთ დაემსგავსნენ... კაცობრიობა უკეთურებასა და გარყვნილებაში ცხოვრობდა, ყველამ დაივიწყა ღმერთი, აღთქმული მაცხოვარი.
ერთადერთი კაცი - ნოე დარჩა ღვთის მადიდებელი. მას ღვთისგან ეუწყა, რომ კაცობრიობა წარღვნის გზით განადგურდებოდა. ეს მოხდა წარღვნამდე 120 წლით ადრე. არ უნდა ვიფიქროთ, რომ იმხანად არ ცხოვრობდნენ მართალი, ღვთის მადიდებელი ადამიანები, თუგინდ მამამთავარი მათუსალა გავიხსენოთ, მაგრამ იგი უკვე ღრმად მოხუცი იყო და წარღვნამდე ერთი წლით ადრე გარდაიცვალა. ერთადერთი კაცი, რომელსაც საფუძველი უნდა დაედო კაცობრიობის ახალი შტოსთვის, ნოე იყო, სეითის შთამომავალი...
წარღვნის დროს ნოეს უფროსი შვილი 100 წლის იყო. ამდენად, უფლის გამოცხადებამდე ნოეს ცოლი არ ჰყავდა. წარღვნის დროს კი მამამთავარი 500 წლის გახლდათ, რაც იმას ნიშნავს, რომ პირმშო 480 წლისას შეეძინა. ეს ცხადად მიანიშნებს, რომ ნოე უფალს ადიდებდა, თავი მთლიანად ღმერთს შესწირა.
შესაძლოა ვიფიქროთ, რომ მას არ სურდა, ოჯახი ჰყოლოდა, რადგან ხედავდა, რომ კაცობრიობა დაღუპვისკენ მიექანებოდა. სწორედ უფლის უწყების შემდეგ შეირთო ცოლი და ეყოლა შვილები. ნოემ ოჯახი ღვთის ნებით შექმნა, რასაც მანამდე არ აპირებდა.